ტორტისა და "პონჩიკის" მოძულე მხატვარი, რომელმაც ლოთების სამოთხე შექმნა - გზაპრესი

ტორტისა და "პონჩიკის" მოძულე მხატვარი, რომელმაც ლოთების სამოთხე შექმნა

მწვანე ლობიო - ზალიკოს "დელიკატესი"

- დიდი "პურისმჭამელი" არ ვარ, ყველანაირი საჭმელი მიყვარს და ერთადერთია "პონჩიკი", რომელსაც ცოცხალი თავით არ ვეკარები, მძაგს. ახლა უკვე - ტორტსაც. ბავშვთა გასართობ ცენტრში ყოველდღე იმდენაირ ტორტს ვხედავ, მომბეზრდა. მოგეხსენებათ, ადამიანს შივდება ხოლმე და ჭამა კარგი რამეა, გამორჩეულად მიყვარს რაღაცები. მწვადი, ხიზილალა, ძვირფასი საჭმელი ხომ ყველას უყვარს, მაგრამ გაგიკვირდებათ და ჩემთვის ყველაზე გემრიელი მწვანე ლობიოა. რით იქნება შეზავებული, მნიშვნელობა არა აქვს. თუ გინდა, მაგრად გამახარო, უნდა მომიტანო (იცინის). მწვანე ლობიოს ბებიაჩემი ძალიან გემრიელად ამზადებდა და ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. ბაღჩაში მე თვითონაც დამიკრეფია, უცბად გამირჩევია და რაღაცნაირად, "ჩემია". დედის მხრიდან კახელი ვარ და რა თქმა უნდა, მწვადი და ხაშლამაც ძალიან მიყვარს. ერთხელ, მე და ჩემმა ძმაკაცმა - გიგა კეკელიამ მცხეთაში ისეთი კარგი მწვადი შევწვით, ეგეთი არსად გამისინჯავს. თუმცა, საჭმელების კეთება არ მეხერხება და როცა რომელიმე კულინარიულ გადაცემაში მეპატიჟებიან, ვეუბნები, კვერცხსაც ვერ ვწვავ-მეთქი. ეს კულინარიული საქმიანობა იმდენად მეზარება, მარტოც რომ ვიყო, მირჩევნია, მშიერი დავრჩე, ვიდრე რამე გავაკეთო.

- მეუღლე როგორი კულინარია?

GzaPress- დიდად არც ის იკლავს თავს... ხომ იცი, ალხანას ჩალხანა არ დაელევაო (იცინის). ერთხელ, სოფელში მარტო ვთოხნიდი სიმინდს, მაგრად დავიღალე, მზემ დააჭირა და ამასობაში მომშივდა კიდეც. ერთი ქილა მაწონი მქონდა, თუშური ყველი, მუჭში რომ ჩაგეტევა და თონის პური. ისე გემრიელად ვჭამე, ძვირფასი სუფრის საჭმელები ვერ შეედრებოდა. თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ, ჯანსაღი საკვები მიირთვით. ახლა ხოდაბუნებში სახლი ვიყიდეთ და იქ ნიორს, ხახვსა და სხვა ბოსტნეულს რომ დავთესავ და ჩემი ხელით მოვკრეფ, სულ სხვა გემო ექნება!

ალუდი - სასმელების "მეფე"

- ლუდი მაგრად მიყვარს. ნახე, როგორი ლუდის სახსნელი ბეჭედი მაქვს! გასაღებიც მაქვს ისეთი, რომლითაც ლუდს თავისუფლად გახსნი. თუში კაცი ვარ და თუშები ალუდს ვეძახით. სხვათა შორის, ზურიკომ თვითონ მოხარშა ლუდი, დღეობას რომ იხდიდა. ეტყობა, წინაპრებიდან მოყოლებული, მთელ ჩემს ჯიშში "მოკალულია", რომ სულაკაურები ლუდის მოყვარულები არიან. თუშეთში ღვინო სად არის, მაგრამ დედა ყვარლიდან მყავს და როგორ შეიძლება, ქართველ კაცს ღვინო არ გიყვარდეს? სპირტიანი სასმელი არ მიყვარს. სიცივის დროს, გათბობის მიზნით შეიძლება, მაგრამ საქეიფოდ თეთრი ღვინო ჯობია. ამას წინათ, ლუდი და არაყი შევურიე და ისე დავლიე... ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, დამიჯერეთ, არ გაბრიყვდეთ და ლუდსა და არაყს ერთად, ერიდეთ! კიდევ კარგი, ბევრი არ დავლიე და ორი ჭიქით სადღეგრძელო ვთქვი. გთიშავს, რაღაც მომენტში გახსოვს, რაღაც მომენტში - საერთოდ არ გახსოვს. ზოგადად, "მალალიტრაჟკა" არა ვარ, მაგრამ ოც ლიტრასაც ვერ ვსვამ. განსხვავებული თუ დამალევინეს, უმალვე კისერი მწყდება, ფსიქოლოგიურად ვთვრები (იცინის).

"ბოლის გასადენი" კერძები და თევზი თაფლით ანუ ტორტი - ტყემლით

- ცხარე საჭმელებსა და მეგრულ კერძებზე ვაფრენ - ბოლი უნდა გაგდიოდეს (იცინის). ერთხელ, გერმანიაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყველა ჯურის მხატვრები ვიყავით კონფერენციაზე ჩასულები და ჩინურ რესტორანში შევედით. რაღაც აჯიკისმაგვარი საჭმელი "გაიჩითა". ჩემ გვერდით, ერთი ამერიკელი გოგონა იჯდა და შევთავაზე, - ხომ არ გინდა-მეთქი? აჯიკაში მარილის კოვზი იდო - პატარა. ლოგიკა - ცოტა უნდა ჭამო, ცხარეაო. ავიღე, დავუდე, შეჭამა და ისეთი ცეცხლი გაუჩნდა, ერთი საათი ვაქრობდით (იცინის). მე რომ გავსინჯე, ძალიან ცხარეც არ იყო. ვიფიქრე, რა გემრიელია-მეთქი, დავიდგი, დიდი კოვზი ავიღე და მთლიანად შევჭამე. უფ, როგორ მესიამოვნა, საკაიფო შესაჭმელი იყო! ეს ქალი ისეთი გაფართოებული თვალებით მიყურებდა, იმის მერე აღარ დაჰპატარავებია. სხვათა შორის, ნაჭამი მაქვს თევზი თაფლით. ამაზე საზიზღრობა არაფერი გეჭამოთ, იგივეა, რაც ტორტი - ტყემლით. თევზეულზე ისედაც არ ვგიჟდები.

GzaPress

"გრუზინულად" დახვავებული საჭმელი, პარიზული "ფუჩეჩი" და "განუმეორებელი" "სალა"

- კვების სიტუაციებს მხატვრის თვალით ვუყურებ ხოლმე. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ, განა ჩვენსავით დაახვავებენ ხოლმე სუფრაზე ან თეფშზე? ცოტ-ცოტაა, თუმცა - საკმარისია. საზღვარგარეთ, სადაც ვყოფილვარ, კვების ობიექტები ძირითადად, ტურისტებისთვის ისეა, რომ უცებ შეხვიდე და რაღაც "მაიმუნობა" ჭამო. მაგალითად, ახლახან, პარიზში რომ ვიყავი, კანჭი მივირთვი და იმდენად უცნაური იყო, არ მომეწონა, ფუჩეჩის გემო ჰქონდა. აქ რომ გემრიელი კანჭი მიჭამია, რას ამბობ, სულ სხვაა. მაკარონი მიყვარს, იტალიელებს ვენაცვალე, "სპაგეწი", ჩანგალზე რომ ახვევ და ნელ-ნელა გემრიელად მიირთმევ. ერთხელ, უკრაინაში ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი და ბორშჩი, პელმენი და კიევური კატლეტი ხომ აუცილებლად უნდა ჭამო იქ? ერთგან შევედით, თვითმომსახურება იყო და საჭმელები როგორ "გრუზინულად" დავახვავეთ, იცი? ყველა ჩვენ გვიყურებდა. ერთი თვის ხორაგი დავიდეთ თეფშებზე. იქიდან 10% თუ შევჭამე, მაგრამ ხომ გავსინჯე? ძალიან მომეწონა კიევური ტორტი. "სალაზეც" ვაფრენ და ვინმე თუ წახვალთ კიევისკენ, წამომიყოლეთ (იცინის). 90-იან წლებში, არაფერი რომ არ იშოვებოდა, კინოსტუდიაში "სალას" და პურს რომ მივირთმევდით, უგემრიელესად გვეჩვენებოდა.

წითელი ხიზილალით სავსე პიცა

- ვენეციაში რომ ვიყავი, ერთ ბარში შევედი. მომიტანეს მენიუ და წერია: "პიცა - ასე", "პიცა - ისე", პიცა, პიცა, პიცა... მოკლედ, მილიონნაირი პიცა. ვიფიქრე, რა ავარჩიო-მეთქი? თვალები დავხუჭე, ჰაერში თითი დავატრიალე და რომელზეც დავადე, ის შევუკვეთე. პიცების ფასები 10-15 ევროში მერყეობდა, მეტი არა და იცი, როგორი პიცა მომიტანეს? საკმაოდ მოზრდილი, ორ ადამიანს რომ კარგად ეყოფა და წარმოიდგინე, სულ წითელი ხიზილალით იყო სავსე, მთლიანად. შიგნით ყველით გატენილი. აქ რომ ეგეთი პიცა იყიდო, 12 კი არა, 50 ლარი მაინც დაჯდება. ეგ კი მართლა უგემრიელესი რამ იყო. ისე, ვენეცია არ მომეწონა, ფლორენცია ჯობია.

თუშური სამზარეულო და სმის კულტურა

- ყველა ქვეყანას ხომ თავისებური სამზარეულო აქვს, თუნდაც, ქართული ავიღოთ - ყველა კუთხეში სხვადასხვაა. მაგალითად, თუშური სუფრა ძალიან მრავალფეროვანი არ არის, მაგრამ კარგი ყველი ყოველთვისაა. მთაში ცხოვრება მკაცრია. თუშები ძირითადად ალვანში და შესაბამისად, თუშურს კახური სუფრის ტრადიციებიც შეერია, იქაურ სუფრას შეეჩვივნენ. როცა თუშეთში დღეობები იმართება, მთელ სოფელსა და მის სტუმრებზე უზარმაზარ სუფრას შლიან და წარმოიდგინე, რა მაგარია - კახეთიდან ამოტანილი ღვინო, ალუდი - შენ თვალწინ მოხარშული და უგემრიელესი, არაყი და რა გინდა, სულო და გულო, ჭამე, სვი, რამდენიც გინდა! ეს ყველაფერი გარეთ, მდელოზე ხდება ხოლმე და უსწორ-მასწორო სუფრაზე რამდენჯერ წაქცეულა მთელი ბოთლი არაყი და ჩვენს ბუნებას როგორი რაკრაკით შეუსვამს. ხანდახან მითქვამს, ეს რომ რუსებს დაანახვა, გულები წკაპ-წკაპით დაუსკდებათ-მეთქი. თუშებში სმის მომენტი უფრო დევს, ვიდრე - ჭამის. თუმცა, ხორცეული უყვართ. ბებიაჩემი ათასნაირ რამეს მიკეთებდა ხოლმე, მაგალითად - "მოსმულა". სუპია, მაგრამ შიგნით ცომიცაა, უცნაური და გემრიელი საჭმელია. ერთ-ერთი კერძია "ხავიწი". ფშავლები ხაჭო-ერბოს ეძახიან. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, დაბუხტუნავებული ხაჭოაო, რომელსაც ტაფაზე ერბოში შუშავენ. როგორც ღომში იწელება ყველი, ისეა ესეც, უფ, უგემრიელესია.

GzaPress

"ვირნაჭამი" და გველუჭმელი

- ცხვრის ხორცი მიყვარს და შესაბამისად, თურქულ კულინარიასაც პატივს ვცემ. შაურმაზე არ ვგიჟდები, მაგრამ ხანდახან ვჭამ. ამას წინათ, ჩემმა ძმამ ჩამოიტანა ფოტო კახეთიდან: შაურმა აწერია და ქვემოთ ორი ვირი ხატია. მოვკვდი სიცილით. კაცმა რომ თქვას, ამდენი ვირი სად არის, მაგრამ ამაში ალბათ სიმართლის ნატამალიც არის. ესე იგი, ვირი გვიჭამია ყველას (იცინის). გველი არ მიჭამია, მაგრამ მინდა. ცოცხალ მატლებს, ტარაკნებს ან ასეთებს ვერ შევჭამ, მაგრამ დანარჩენი, რა პრობლემაა? ვენაში რვაფეხა ვჭამე. თევზების მაღაზიაში ვიყავი შესული, დავინახე და დავეტაკე (იცინის). გემრიელი იყო. ისე, უზბეკური საჭმელებიც მიყვარს. მაგალითად, ფლავი. ჯარში რომ ვიყავი, უზბეკი მეგობარი მყავდა და აკეთებდა ხოლმე რაღაცებს, აქაურ რესტორანშიც ვიყავი ერთი-ორჯერ. ისე, საოცნებო ქვეყანა დიდი ბრიტანეთია. ალბათ იმიტომ, რომ "ბითლზი" მიყვარს და მაინტერესებს, საიდან არიან ეგ "ოხრები".

"ლოთების" სამოთხე" და ვახტანგურების "კოლექცია"

- ძმები ხშირად ვიკრიბებით, ქეიფები და მთელი ამბები გვაქვს ხოლმე, რაიმე განსაკუთრებულ თარიღებს არ ველოდებით. თუშეთში ერთი მაგარი მამაო გვყავს და იქ ერთი ოთახი აქვს, რომელსაც ხუმრობით "ლოთების" სამოთხეს" ეძახის, მთელი თუშეთი იქ იკრიბება ხოლმე. ჰოდა, ამ ლოთების სამოთხის ფილიალი გავაკეთე საბურთალოზე, რომელსაც მალე ხოდაბუნებში გადავიტან. ჩემი მეგობარი "ლოთები" მოდიან ხოლმე და გემრიელად ვქეიფობთ. ვიღაცა წაიკითხავს და იტყვის, ეს ზალიკო კარგი კაცი მეგონა და ლოთი ყოფილაო და წაუხდებათ შთაბეჭდილება ჩემზე. ნურას უკაცრავად. რა ხანია, არ დამილევია. სიგარეტსაც აღარ ვეწევი, "პარავოზი" ვიყავი და თავი დავანებე. მამაჩემი დღემდე ბურნუთს ეწევა, თუშების კოკაინს. ნიკოტინი არ არის სასურველი. კარგი ღვინო უნდა დალიოთ და მაიმუნობებს არ მიეტანოთ. სხვათა შორის, ცნობილ და უცნობ ადამიანებთან ერთად, "ვახტანგურების" ფოტოებს ვაგროვებ და ვისთან აღარ მაქვს გადაღებული. შარდენზე რომ თამადის ძეგლია, იმასთანაც კი.

თამთა დადეშელი