რაში ფლანგავს ფულს მარიამ გიორგობიანი - გზაპრესი

რაში ფლანგავს ფულს მარიამ გიორგობიანი

დავინტერესდით, რას საქმიანობს ტელეეკრანის მიღმა დარჩენილი ტელეწამყვანი, ვინ ეხმარება მატერიალური კრიზის დროს, როგორი "გემო" აქვს მისთვის ფულს და რა თანხა ჰყოფნის იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოს.

- ფული აუცილებელია იმისთვის, რომ უბრალოდ, ვიარსებოთ. რამდენიც უნდა ვიდაოთ ამ თემაზე, ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივალთ, რომ თუ ფული არ გაქვს, ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება. ამქვეყნად არ მეგულება ადამიანი, ვინც ბევრ ფულსა და სიმდიდრეზე არ ოცნებობს.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- ფული ძალიან ტკბილი და გემრიელია (იცინის).

- ალბათ ტკბილეულიც ძალიან გიყვარს, არა?

- ტკბილეული ნამდვილად მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, ზომიერად მივირთვა. ზოგადად, ბევრი ჭამა არ მიყვარს (იღიმის).

GzaPress

- ფულის შეგროვება თუ გეხერხება?

- ფულის შეგროვება არასოდეს გამომდის. ყოველთვის იმდენს ვხარჯავ, რამდენიც მაქვს და არასოდეს ვფიქრობ იმაზე, ხვალ რა იქნება. მთავარია, იმ წუთში რაც მინდა, ის შევიძინო. მოკლედ, თანხის ხარჯვა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე შეგროვება. სხვათა შორის, ბავშვობიდან არ მიყვარდა ფულის შეგროვება. ყულაბა რამდენჯერმე მომიტანეს, მაგრამ მის გავსებას ვერ ვახერხებდი, ყოველთვის დროზე ადრე ვტეხავდი.

- ოდესმე ბევრი ფული გქონია?

- იმდენი თანხა ნამდვილად არასოდეს მქონია, რამდენზეც ვოცნებობ(იცინის). თუმცა, ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როცა მართლა კარგი ანაზღაურება მქონდა.

- მაშინ სად მუშაობდი?

- ერთი კონკრეტული სამსახური არ მქონდა, რამდენიმე ადგილზე ვმუშაობდი. კავკასიისა და ილიას უნივერსიტეტებში ლექციებს ვკითხულობდი.

- იმ პერიოდში რამდენი წლის იყავი?

- 24-ის.

- თავს მატერიალურად დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევ?

- შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მართლაც, დამოუკიდებელი ვარ. ბევრი ვისწავლე და ვიშრომე იმისთვის, რომ მატერიალურად სტაბილური ცხოვრება მქონოდა.

- შენი აზრით, რა არის მთავარი იმისთვის, რომ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება ისე მოახერხო, რომ ეს მატერიალურად უზრუნველი ცხოვრების გარანტიაც იყოს?

- საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის პირველ რიგში, პროფესიის სწორად შერჩევაა აუცილებელი. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად გიყვარს შენი საქმე. მიზანდასახული, მებრძოლი და შრომისმოყვარე უნდა იყო - ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ! ადამიანი თავისუფალი იბადება, რაც ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა და უნდა ვეცადოთ, ეს თავისუფლება არ დავკარგოთ.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი ან ჰონორარი როდის აიღე და რაში დახარჯე?

- 18 წლის ვიყავი, პირველი ხელფასი რომ ავიღე. მახსოვს, იმ ფულით მეგობრები კაფეში დავპატიჟე და ამით ძალიან ბედნიერი, ამაყი ვიყავი.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით ფულს რაში ხარჯავ?

- როგორც უკვე გითხარით, ფულის ხარჯვა მიყვარს, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებულად მაშინ მსიამოვნებს, როცა ოჯახის წევრებისა და ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ. ასევე, მიყვარს შოპინგი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, საკუთარ თავს ამით სიამოვნება ხშირად მივანიჭო.

- უპირატესობას ბრენდულ სამოსს ანიჭებ თუ შესაძლებელია, იაფფასიანი რაღაცებიც ჩაიცვა?

- კარგი ჩანთა და ფეხსაცმელი ჩემი სუსტი წერტილია და შესაბამისად, მათში ფულის გადახდა არასოდეს მენანება. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ბრენდი ხარისხის გარანტიაა. რაც შეეხება ტანსაცმელს: ბრენდულსაც ვყიდულობ და იაფფასიანსაც. მთავარია, მომეწონოს და მომიხდეს.

- მატერიალური კრიზისის დროს ვინ გეხმარება?

- ასეთ დროს პირველ რიგში, მეუღლე მეხმარება. ისე კი, ამ მხრივ ბევრი დამხმარე მყავს. მაგალითად, ჩემი ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით კი მამა ცდილობს, გამანებივროს (იღიმის).

- ფულის ეკონომიური ხარჯვა არასდროს გიცდია?

- ეკონომია და მით უმეტეს - ფულის დაზოგვა საერთოდ არ შემიძლია. თუმცა, ამით არ ვამაყობ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდი თვისებაა. დიდი სურვილი მაქვს, მფლანგველი არ ვიყო...

- შვილები ხშირად გთხოვენ მათთვის რაღაცების შეძენას?

- რა თქმა უნდა (იცინის)! ისე, ყველაზე მეტ თანხას შვილების სწავლა-განათლებაში ვხარჯავ. მათ ბევრი რამ სჭირდებათ და შესაბამისად, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

- რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის საფულე?

- ჩემი აზრით, საფულე აუცილებელი აქსესუარია. უამრავი საფულე მაქვს, მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ, არც ერთი მათგანი თავად არ შემიძენია. საფულეს ძირითადად, მეგობრები მჩუქნიან.

- ოდესმე ფულის სესხება თუ დაგჭირვებია?

- სიმართლე გითხრათ, ფული მისესხებია, ოღონდ ვერ ვიხსენებ, რისთვის დამჭირდა.

GzaPress

- შენგან თუ უსესხებიათ?

- დიახ, ასეთი შემთხვევაც ყოფილა. როგორც ყველას, მეც მირჩევნია, ახლობელ ადამიანს ფული კი არ ვასესხო, არამედ ვაჩუქო, თუ რა თქმა უნდა, ამის საშუალება მაქვს. როცა სხვას ვეხმარები, ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც თავად შეიძინე.

- ერთადერთხელ მომინდა, საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებული საჩუქარი გამეკეთებინა, ამიტომ იმ კონკრეტულ მომენტში რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ის შევიძინე - ლეპტოპს ვგულისხმობ.

- საზოგადოების დიდ ნაწილს დღეს ბანკის ვალი აქვს, შენ თუ სარგებლობ საბანკო მომსახურებით?

- ამჟამად ბანკის ვალი არ მაქვს. ყოველთვის იმას ვცდილობ, რომ ვალი არ ავიღო, - ამ მხრივ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- მოგწონს, როცა ძვირად ღირებულ ნივთებს გჩუქნიან, თუ ასეთ დროს უხერხულობის განცდა გეუფლება?

- სიმართლე გითხრათ, ის უფრო მეტად მიყვარს და მსიამოვნებს, როცა საჩუქრებს სხვებს თავად ვუკეთებ. სხვის გასახარებლად ფული არასდროს მენანება.

- ამ ეტაპზე სტაბილური შემოსავალი გაქვს?

- ორ ადგილას - ილიას სახელობის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და პარალელურად, ჟურნალ "კულინარში" ვმუშაობ და აქედან გამომდინარე, ნორმალური შემოსავალიც მაქვს.

- მაინც, რამდენია შენი ყოველთვიური შემოსავალი?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, ამის მერიდება. მაქვს იმდენი შემოსავალი, რომელიც ყველაფერში თავისუფლად მყოფნის. მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავისუფალი დრო აღარ მაქვს.

- ყველაზე ძვირად ღირებული შენთვის რა უჩუქებიათ?

- ასეთ საჩუქრებს ძირითადად, მეუღლე მჩუქნის და იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც მას ჩემთვის აქვს მოტანილი, შორს წაგვიყვანს, მაგრამ მათ შორის გამოვყოფ საათს... ისე, საჩუქრის ღირებულებას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. უზომოდ მიხარია, როცა ახლობლები ჩემს მიმართ ყურადღებას გამოხატავენ.

- ოდესმე ფული თუ გიპოვია?

- პოვნით არასდროს მიპოვია, დაკარგვით კი ბევრჯერ დამიკარგავს, განსაკუთრებით - საზღვარგარეთ ყოფნისას. როგორც წესი, დაკარგულზე აღარ ვდარდობ.

- დაბოლოს, შენი აზრით, თვეში ადამიანს რამდენი ლარი უნდა დაერიცხოს ანგარიშზე, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვროს?

- დაახლოებით 3.000 ლარია საჭირო იმისათვის, რომ პატარა ოჯახმა იარსებოს. ძალიან მინდა, საქართველოში ყველას ნორმალური შემოსავალი ჰქონდეს, რათა იცხოვრონ ისე, როგორც თავად გაუხარდებათ.

სოფო ჭონიშვილი