როგორი ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს - გზაპრესი

როგორი ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი გიგი გაჩეჩილაძეს

- ამ ეტაპზე მარტო ვცხოვრობ, ისე კი მყავს დედა, მამა, ერთი ძმა და ერთიც - და. ჩემი და, როგორც იცით, ამერიკაში ცხოვრობს და ერთმანეთს იშვიათად ვხედავთ. მყავს დისშვილი ლევანი. ხანდახან პროექტები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთი ვნახოთ.

- მარტო ცხოვრება რატომ გადაწყვიტე?

- ბავშვობიდან დამოუკიდებლობას მიმაჩვიეს. 11 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში მარტო წავედი. რაღაც პერიოდი დასთან ვცხოვრობდი, 13 წლისა კი ცალკე გადავედი. დიდი ხანია, მშობლებისთვის ფული არ მითხოვია. მანქანა, სახლი და ის ყველაფერი, რაც მჭირდება, საკუთარი შრომით მაქვს შეძენილი. მიყვარს, როცა წარმატებას დამოუკიდებლად ვაღწევ, არასოდეს არავის იმედად არ ვარ.

- და მაინც, მშობლებმა არ გააპროტესტეს, საცხოვრებლად ცალკე რომ გადახვედი?

- პირიქით, ეს ძალიან გაუხარდათ (იცინის).

- რატომ გაუხარდათ?

GzaPress- იმიტომ, რომ სახლში აუტანელი ვარ. გამოვიკეტებოდი ხოლმე ჩემს ოთახში და გარეთ არ გავდიოდი.

- დეპრესიულიც ხომ არ ხარ?

- დეპრესიული არ ვარ. უბრალოდ, მარტო ყოფნა მიყვარს.

- ოთახში გამოკეტილი რას აკეთებ?

- ვკითხულობ, ფილმებს ვუყურებ, მეგობრებს ვეკონტაქტები და ა.შ. მთელი დღე სტუდიაში, უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, სახლში "სკუჩნად" ყოფნა მომწონს.

- მიზანდასახული ხარ?

- დიახ. ვფიქრობ, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც მიზანი და ამ მიზნისკენ ისწრაფვოდეს. პირველად "ახალგაზრდული ცეკვების კავშირი" მე ჩამოვაყალიბე. იმ პერიოდში ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ არსებობდა, ახლა კი მსოფლიო ცეკვების ორგანიზაციაშიც გაიხსნა "ახალგაზრდული ცეკვების კავშირი", რაც ძალიან მიხარია. ამით იმის თქმა მინდა, რომ მიყვარს ჩემი საქმე და არჩეული გზიდან არ გადავუხვევ.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- სასწორი.

- რით გამოირჩევა სასწორი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან?

- სასწორი პირველ რიგში, ხასიათდება იმით, რომ სამართლიანია და გადაწყვეტილებას ძნელად იღებს. ამ თვისებით მეც გამოვირჩევი: გადაწყვეტილებას მანამ არ მივიღებ, ვიდრე ყველაფერს არ გავთვლი.

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- იმას, რომ ძალიან ფიცხი ხასიათი მაქვს. ბოლო დროს კიდევ არა მიშავს, ცოტა ჭკუა ვისწავლე და ვცდილობ, ჩემი სიფიცხე ჩავახშო, რადგან რაღაცებში მიშლიდა ხელს. საერთოდ, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. ვეძებ ჩემს უარყოფით თვისებებს და მერე მის გამოსწორებასაც ვცდილობ. კიდევ, ჩემს ერთ უარყოფით თვისებას გამოვყოფ: ძალიან მერყევი ვარ. ზოგჯერ ვერ ვხვდები, რა მინდა.

- მეგობრები როგორ გახასიათებენ?

- როცა ჩემზე ლაპარაკობენ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ "ადამიანი გული" ვარ. თუ ვინმე ჩემ მიმართ ცოტაოდენ სითბოს გამოამჟღავნებს, შემიძლია, თან გადავყვე.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა, მაგრამ დაკვირვებული ვარ: რატომღაც, ყოველთვის ისე ხდება, რომ ვინც გულს მატკენს და მაწყენინებს, მას ჩემი ჩარევის გარეშეც, აუცილებლად მიეზღვევა სამაგიერო.

- მორწმუნე ხარ?

- ამით ვერ დავიტრაბახებ, რადგან ეკლესიურად არ ვცხოვრობ, ტაძარში არ დავდივარ და არც არადროს მიმარხულია.

- ჯვარსაც არ ატარებ?

- ჯვარს ზურგით ვატარებ ანუ დახატული მაქვს. ეს არის ჩვენი საოჯახო ჯვარი, რომელიც ყველას გვაქვს ამოსვირინგებული. მე მაქვს, საკუთარი პრინციპები და არ მცხვენია იმის თქმის, რომ მორწმუნე არ ვარ. ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, ბოლომდე უნდა გავაკეთო. ჰოდა, მორწმუნე რომ გავხდე, არც ერთ კანონს არ დავარღვევ და ბოლოს აუცილებლად, ბერად აღვიკვეცები. არ მომწონს დღევანდელი ტენდენცია: ეკლესიაში სიარული მოდად რომ იქცა. ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები მაქვს და აქედან გამომდინარე, ეკლესიური ცხოვრებისგან თავს ვიკავებ. ისე არ გაიგოს ვინმემ, თითქოს სატანისტი ვარ. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის.

- მარტო ვცხოვრობო, - აღნიშნე. სახლის დალაგება და საკუთარი ნივთების მოწესრიგება გეხერხება?

- ყველაფრის გაკეთება მეხერხება, მაგრამ ამ მხრივ ძალიან ზარმაცი ვარ... როცა ჩემთან მეგობრები მოდიან, ვჭამთ, ვსვამთ, მერე კი დალაგება მეზარება და მომდევნო შეკრებამდე ხელს არაფერს ვკიდებ.

GzaPress

- მეგობრები გილაგებენ სახლს?

- დიახ, კვირაში ერთხელ მოდიან და ალაგებენ. თან, ყველა ოთახს არ ვურევ; ერთი კუთხე მაქვს ამოჩემებული, სადაც ჩემთვის, "სკუჩნად" ვარ. მეგობრები როცა მოდიან, მაშინ გავდივართ სხვა ოთახში.

- კერძების მომზადება თუ გეხერხება?

- ყველანაირი კერძის მომზადება ვიცი და გემრიელიც გამომდის, მაგრამ იშვიათად ვამზადებ ხოლმე. სახლში იშვიათად ვჭამ. მაცივარშიც არასდროს არაფერი მაქვს, თუ უკვე გაფუჭებულ რაღაცებს არ ჩავთვლით (იცინის).

- მავნე ჩვევები თუ მაქვს?

- სიგარეტს ვეწევი. ვცდილობ, მასზე დამოკიდებული არ ვიყო, მაგრამ არ გამომდის. რამდენჯერმე ვცადე თავის დანებება, თუმცა - ამაოდ (იცინი). ბავშვობიდან ვეწევი და ალბათ გადაგდებაც იმიტომ მიჭირს. ალკოჰოლიან სასმელსაც მივირთმევ, მაგრამ ხშირად - არა.

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- ძალიან კარგი სიმთვრალე მაქვს, მაგრამ კვირაში სამჯერ მაინც თუ დავლიე, მერე "ვჭედავ" (იცინის) და მეგობრებს ძლივს ავყავარ სახლში.

- ერთგული ხარ?

- ზედმეტად ერთგული ადამიანი ვარ და ამას ყველა ჩემი მეგობარი აღიარებს. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც იცის ყველამ, რომ 8 წელი ერთი ადამიანის ერთგული ვიყავი. მერწმუნეთ, შესაძლებელია, რჩეულს მთელი ცხოვრება უერთგული, მაგრამ მთავარია, საკუთარი მეგზური სწორად შეარჩიო. საქართველოში შეყვარებულების ერთად ცხოვრება მიზანშეწონილი არ არის მანამ, ვიდრე არ დაქორწინდებიან. აქედან გამომდინარეა სწორედ, ამდენი ოჯახი რომ ინგრევა. შეყვარებულობანა სხვა რამეა და ერთად ცხოვრება - კიდევ სულ სხვა... პირველ რიგში, მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს.

- რომანტიკული ხარ?

- რომანტიკული ნამდვილად ვარ, მაგრამ ბანალური - არა. ფანჯრების წინ სერენადის სიმღერა, გულის შემოხაზვა და ცეცხლის დანთება, ყვავილების გაგზავნა არ მჩვევია. ჩემთვის მარტივი გიჟობები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ვითომ "დონე" რაღაცების კეთება.

- გასაგებია, რომ საკუთარი წესები და კანონები გაქვს, მაგრამ მაინც გკითხავ: ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ბევრ ქართულ ტრადიციასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს. არ მომწონს მაგალითად, ქართული ტრადიციული ქორწილი.

- შენ როგორ ქორწილს გადაიხდი?

- მომავალში გადავიხდი ისეთ ქორწილს, როგორიც დაგეგმილი მქონდა.

- გაგვიმხილე, როგორი ქორწილი გქონდა დაგეგმილი?

- ჩემი ქორწილი იქნება აუცილებლად, ბუნებაში, რადგან ბუნების მოყვარული ვარ და არც ქართული მუსიკა იქნება ფონად. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ ქართული არაფერი მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანები რაღაც ჩარჩოებით არ უნდა ვიზღუდებოდეთ საკუთარ არჩევანში. ქართული ტრადიციაა ისიც, რომ ბიჭებს ცოლები მშობლების სახლში მიჰყავთ და მერე ახალდაქორწინებული წყვილის რჩენაზე დედ-მამა ზრუნავს, ჩემთვის კი ასეთი რაღაცები მიღებელია.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- უპირატესობას შევგვრემან გოგონებს ვანიჭებ, თუმცა კარგი ქალი შეიძლება, ქერაც იყოს. არ მომწონს ზედმეტად ნაზი ქალები. ჩემთვის მარტო გარეგნობა არ არის მთავარი. პირველ რიგში, ჩემი რჩეული კარგი ადამიანი უნდა იყოს, ზრდილობა უნდა ჰქონდეს, უფროს-უმცროსის გარჩევა უნდა შეეძლოს.

- აუცილებლად უნდა ცეკვავდეს?

- არა, ეგ აუცილებელი არ არის. შეიძლება, სხვა პროფესიის ადამიანიც შემიყვარდეს.

- ეჭვიანი ხარ?

- ეჭვიანი ნამდვილად ვარ. რაც უფრო მეტად ვუახლოვდები ადამიანს, მით უფრო მკაცრი ვხდები მის მიმართ. მინდა, ჩემ გვერდით მყოფი ქალი უნაკლო იყოს. ყოველთვის ვეცდები, ჩემმა რჩეულმა სწორი ნაბიჯები გადადგას.

- საყვარელ ადამიანს პირველად ვის გააცნობ?

- მას აუცილებლად, დედას გავაცნობ. დედაჩემი ერთადერთი და შეუცვლელი ქალია ჩემს ცხოვრებაში.

- გიგი, თუ იმ 8-წლიან სიყვარულს არ ჩავთვლით, ბევრჯერ გყვარებია?

- ბევრჯერ ნამდვილად არ მყვარებია. ვიდრე სალომე შემიყვარდებოდა, ამერიკაში (ეს აქამდე არავისთვის მითქვამს) 4-წლიანი სიყვარული მაკავშირებდა ერთ გოგონასთან. მაშინ დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე. თუმცა, იმ 8-წლიან ურთიერთობაშიც ბევრი შეცდომა დავუშვი. ვფიქრობ, მესამე სიყვარული საბოლოოდ გამომასწორებს. ცხოვრება გრძელდება. გიყვარდა, აღარ გიყვარს და კიდევ გეყვარება.

- გოგონებს შენთვის სიყვარული ბევრჯერ აუხსნიათ?

- დიახ, მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. ჩემზე შეყვარებული ადამიანი მადლობით გამისტუმრებია, რაც გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან უხერხულია. ბოლო დროს ანუ მას შემდეგ, რაც პოპულარული გავხდი, რატომღაც მამაკაცებიც მიხსნიან სიყვარულს, რაც ნამდვილად არ მომწონს.

- საყვარელი ქალის განებივრება შეგიძლია?

- შემიძლია და თანაც, როგორ... მივხვდი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი უარყოფითი თვისებაა: ზედმეტი არაფერი ვარგა. მე კი ბოლო თეთრიც შეიძლება დავხარჯო საყვარელი ადამიანისთვის.

სოფო ჭონიშვილი