სწორად შერჩეული პროფესიის ხიბლი - გზაპრესი

სწორად შერჩეული პროფესიის ხიბლი

ამჟამად, თინა მახარაძის გმირის, ანკას გარდა, საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს მისი თაყვანისმცემელი - პოლიტიკოსი ცოტნე, რომელიც ახალი სეზონის სულ რამდენიმე სერიაში ვიხილეთ. ცნობისათვის, ამ როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობი, 24 წლის გიორგი ბახუტაშვილი მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობს.

- "ფორმულა კრეატივის" პირველი პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობდი, "ჩემი ცოლის დაქალი კინოში" იყო. მაშინ ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ კასტინგზე დამიბარა და მემონტაჟის როლზე ამიყვანეს. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა. შემდეგ, ჩემთვის მოულოდნელად დამიკავშირდნენ და სერიალშიც დამაკავეს.

- პოლიტიკოს ცოტნე ცოტაშვილს რით ჰგავხარ?

- ვფიქრობ, მას საერთოდ არაფრით ვგავარ. თუმცა, მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონდა და როლზე მუშაობისას ჩემი თვისებებიც "გადამყვა". ცოტნესგან განსხვავებით, ტყუილებისა და ინტრიგების გარემოში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. პოლიტიკა კი თავისთავად, უკვე ნიშნავს იმას, რომ გარშემო ინტრიგები და ტყუილები ბლომად იქნება. გარდა ამისა, როგორც ხედავთ, ჩემი გმირი პირად ცხოვრებაშიც არ იკლებს ინტრიგებს. ქალებთან ურთიერთობას რაც შეეხება: კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი თავს, თუ დავუშვათ, ცოლი არ მეყვარებოდა.

- რამდენად გაინტერესებს პოლიტიკის სფერო?

GzaPress- ჩვენს რეალობაში შეუძლებელია, პოლიტიკაში რაღაც დოზით მაინც არ ერეოდე. საერთოდ, გულგრილობის გამოჩენა სწორად არც მიმაჩნია. ყველგან პოლიტიკაა და მოვლენების განვითარების საქმის კურსში, ასე თუ ისე, ყოველთვის ვარ.

- მსახიობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ უწევს პარტნიორობას. რას იტყვი შენს პარტნიორებზე "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- არა მარტო პარტნიორს, არამედ სამუშაო გარემოს აქვს დიდი მნიშვნელობა და უნდა ვთქვა, რომ ამ მხრივ "ფორმულა კრეატივთან" მუშაობა კომფორტულია. საკუთარ საქმეზე შეყვარებული საზოგადოება კარგი ხარისხის პროდუქტს აკეთებს. ამ ჯგუფს კარგად შევეწყვე. პარტნიორებშიც ძალიან გამიმართლა, კმაყოფილი ვარ.

- თინა მახარაძემ აღნიშნა, რომ ამ სერიალში მონაწილეობას იმიტომ დათანხმდა, რომ შეხედულებებსა და თვალთახედვას, რომელსაც "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელები გადმოსცემენ, იზიარებს. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი?

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ხარ შეყვარებული შენს საქმეზე და კიდევ, ვინ და რას გთავაზობს. შეიძლება, საქმეს გულით აკეთებდე, მაგრამ მაინც, რაღაც ფაქტორების გათვალისწინებით, სასურველი ხარისხის პროდუქტი არ გამოვიდეს. იმას, რისი თქმაც გადამღებ ჯგუფს ხალხისთვის სურს, ყველაფერში ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ხარისხიანი პროდუქტია, რაც დღეს ქართულ ბაზარზე იქმნება და მიხარია, ამ ყველაფერში მეც ვმონაწილეობ.

- თემა შევცვალოთ. რამ განაპირობა შენი პროფესიული არჩევანი?

- პროფესიული არჩევანი თეატრისადმი ჩემმა სიყვარულმა განაპირობა. ერთ ამბავს გავიხსენებ: მყავს მეგობარი, რომელიც ბავშვობაში გაკვეთილების მომზადებაში მეხმარებოდა, რადგან ჩემზე უფროსია. ჰოდა, ახლა მეუბნება ხოლმე, - შენ არ გახსოვს, მაგრამ მე გითხარი, რომ მსახიობობა უნდა გეცადაო. ალგებრას ვერ ვსწავლობდი, მათემატიკასთან მწყრალად ვიყავი. მეგობარი მეუბნება: ძალიან ბევრი სამეცადინო გქონდა და ვერ ასწრებდი. ამ დროს ტირილი დაიწყე, მე კი გითხარი: რა გინდა, წადი და მსახიობობა სცადე, მშვენივრად ტირი; როცა გინდა, გადმოყრი ცრემლებს, როცა არ გინდა - არ გადმოყრი, არც ალგებრა სჭირდება მსახიობობასო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. საერთოდ, ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ბევრი რამით დავეინტერესებინეთ. ბადროს ტყორცნის გარდა, მგონი, ყველა წრეზე დავდიოდი (იცინის). თეატრალურ სკოლა "ბერიკებში" შემიყვანეს და თეატრიც შემიყვარდა. გადავწყვიტე, მთელი ცხოვრება ამ პროფესიისთვის მიმეძღვნა. სკოლის დამთავრებიდან პირველ წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი და ილიას უნივერსიტეტში, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ერთი წელი იქ მშობლების ხათრით ვიარე და ვისწავლე. მათ უნდოდათ, რომ მსახიობობაზე ფიქრი შემეწყვიტა, მე კი უკან არ დავიხიე, ფარ-ხმალი არ დავყარე, რადგან მსახიობის პროფესიაზე უგონოდ ვიყავი და ვარ შეყვარებული. ჰოდა, მომდევნო წელს თავიდან ვცადე ბედი და თეატრალურში ჩაბარება შევძელი.

- თეატრში მუშაობის შესახებ რას მეტყვი?

- პირველი ნაბიჯები თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე გადავდგი. გოგი თოდაძის ჯგუფში ვსწავლობდი. უნივერსიტეტში სწავლის დროს სამი სპექტაკლი ვითამაშეთ. პირველი საკურსო ნამუშევარი - "სამანიშვილის დედინაცვალი" იყო, სადაც პლატონ სამანიშვილს ვთამაშობდი; მეორე იყო წინასადიპლომო ნამუშევარი, "კალიგულა" და მთავარი როლი მერგო; მესამე კი - "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" გახლდათ. ეს სპექტაკლი მერე თავისუფალ თეატრში გადავიტანეთ და უკვე მეორე წელია, ყოველ ოთხშაბათს, ანშლაგით მიმდინარეობს... თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ დამიძახა დრამაში - "კარმენი" სათამაშოდ, მაგრამ მანამდე იყო დათო დოიაშვილის "ქეთო და კოტე". დოიმ მერე "შუა ზაფხულის ღამის სიზმარშიც" მომცა როლი და შტატშიც ჩამსვა.

- შეგიძლია გაიხსენო ის წინააღმდეგობები, რაც ამ გზაზე შეგხვდა?

- საერთოდ, რაღაც მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოგონილი არ არის, ის ნამდვილად არსებობს. რომ ვერ ჩავაბარე, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემთვის წინააღმდეგობა. ილიას უნივერსიტეტში გრანტი მქონდა და რთული იყო იმ ყველაფრის "მიყრა" მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ძალიან მინდოდა. საბედნიეროდ, თეატრალურშიც 100%-იანი გრანტი ავიღე და უფრო თამამად გადავდგი ეს ნაბიჯი და ძალიან რთულ პროფესიას შევეჭიდე. მარტო ერთ როლზე მუშაობისას უამრავი წინააღმდეგობა გხვდება; როგორი წარმატებული და კარგი არტისტიც უნდა იყო, ბარიერს მაინც აწყდები. ბევრ რაღაცაში უნდა გაგიმართლოს კიდეც. პირადად მე, ძალიან მიმართლებდა. ვფიქრობ, მაშინაც გამიმართლა, როცა პირველ წელს თეატრალურში ვერ მოვხვდი. ვეთანხმები გამონათქვამს: ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შემდეგ უკეთესი მოხდეს. ძალიან კარგ ჯგუფში მოვხვდი. თუ ახლა რამეს ვაკეთებ, სწავლის პერიოდს უკავშირდება, რადგან მაშინ მოვიკელი სხვა ცხოვრებისეული სიხარული და მარტო პროფესიულს "მივაწექი". ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, შეძენილი ცოდნის რეალიზება და გამოცდილების მიღება, ძალების მოსინჯვა. სწავლა რომ დავამთავრე, ამის საშუალებაც მაშინვე მომეცა, სხვადასხვა რეჟისორთან მომიხდა მუშაობა. მერე ყველაფერს ნათელი ეფინება, აღარ დგახარ სიბნელეში და ხელებს აღარ აცეცებ. თუმცა, არტისტმა ყოველ წუთას უნდა ამტკიცოს, რომ ნიჭიერია და ბევრის გაკეთება შეუძლია. ახალი პროექტი, ახალი გადასაღები დღე, რეპეტიცია - ეს ყველაფერი ახალი გამოცდაა და შენ, როგორი წარმატებულიც უნდა იყო, არ გაქვს უფლება, ყურადღება მოადუნო.

GzaPress

- შენთვის რით არის თეატრი კინოზე მეტად მომხიბლავი და რა უპირატესობა აქვს კინოს თეატრთან შედარებით?

- თეატრი გენიალური რამ არის. სცენაზე ვგიჟდები, რადგან ყოველი ახალი სპექტაკლი ახალი სიცოცხლეა. წინა დღეს რომ ითამაშებ როლს, მეორე დღესაც გიწევს უკვე გავლილი გზის ხელახლა გავლა, ამ დროს კი სიცოცხლე ახლიდან იბადება, ვითარდება და მთავრდება. უწყვეტი პროცესია და შეგიძლია, რაღაცები ცვალო კიდეც. მაყურებელთან ურთიერთობა, იმპულსების გაცვლა ძალიან მაგარი რამ არის და ჩემთვის ყველანაირ "კაიფზე" მაღლა დგას. რაც შეეხება კინოს: შეუძლია, ერთი კადრით, მსხვილი ხედით ადამიანის მთელი შინაგანი სამყარო გიჩვენოს, თეატრში კი ეს შეუძლებელია.

- შენი აზრით, რა არის შენი, როგორც მსახიობის ყველაზე ძლიერი მხარე და რა გაქვს დასახვეწი?

- სიძლიერესა და სისუსტეზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. საერთოდ, ცხოვრებაშიც ჩემთვის კრედოა, რომ გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. მსახიობი გულწრფელობის გარეშე, ვერაფერს გააკეთებს. რატომ მოგვწონს ისეთი არტისტები, როგორებიც არიან მაგალითად: დასტინ ჰოფმანი, ალ პაჩინო, ჯეკ ნიკოლსონი და ა.შ. მათი ინტერვიუ რომ წაიკითხო, მიხვდები, რომ ყოველთვის გულწრფელები არიან; თვალებში უყურებ და ხედავ, რომ შიშვლები დგანან შენს წინაშე და უფრო მეტიც, თუ კარგად დააკვირდები, მათ სულსაც დაინახავ. ვცდილობ, ამას მეც მივაღწიო. ადამიანის ბუნებაა, რომ რაღაცები უნდა დამალოს ან სხვანაირად მოგაჩვენოს. რაღაც თუ არ იცი, ჯობია აღიარო, რომ ამის შესახებ არაფერი გაგიგონია, ვიდრე თავი იმართლო: ვიცოდი და დამავიწყდაო. სცენაზე იქნება თუ ეკრანზე, ვცდილობ, გულწრფელი ვიყო, რადგან სიყალბე მაღიზიანებს.

- თქვი, რომ მშობლებს არ უნდოდათ, მსახიობი გამოსულიყავი. ხშირად, ახალგაზრდებს თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება არ სურთ იმ მოსაზრების გამო, რომ საქართველოში ეს პროფესია არ არის დაფასებული. ამაზე რას იტყვი ან რას ურჩევ იმ ახალგაზრდას, ვისაც ძალიან უნდა მსახიობობა?

- მგონია, რომ თავად ადამიანი ქმნის საკუთარ მომავალს. დაგეთანხმები, რომ მსახიობის გზა ეკლებითაა მოფენილი. შეიძლება, ტყავიდან გამოძვრე, მაგრამ ეს არ დაგიფასდეს. თუ ასე მოხდება, მაშინ ადექი და წადი იქ, სადაც შრომა დაგიფასდება. რას ვურჩევ მსახიობობის მსურველს? პირველ რიგში, იმ ადამიანებს ვურჩევ, ვინც აბიტურიენტებზე გავლენას ახდენს: ნუ ჩაერევით სხვის პროფესიულ არჩევანში. ცხოვრებაში არის ეტაპები, როცა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად უნდა მოახერხო. მაგალიტად, ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს პროფესია, მომავალი მეორე ნახევარი... არ შეიძლება, ადამიანის მთელი ცხოვრება სხვამ დაგეგმოს. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ როცა რამე არ გამოდის, მირჩევნია, ვთქვა, რომ ეს ჩემი მიზეზებით მოხდა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მიბიძგა. თავად ახალგაზრდებს კი ვურჩევ, თუ ფანატიზმამდე არ არიან მისულები, ჯობია, პროფესიად მსახიობობა არ აირჩიონ, თორემ ძალიან გაუჭირდებათ. ხოლო თუ რაღაცის გაკეთება ძალიან უნდათ, ეს უნდა გააკეთონ. ძალიან მიყვარს სცენა ფილმში - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", სადაც ნიკოლსონი წყლის ნიჟარის აწევას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის და შემდეგ ამბობს: "მე ვცადე მაინც". თუ რაიმეს მიღწევა გინდა, საქმის გაკეთება უნდა სცადო მაინც.

- შენთვის, როგორც მსახიობისთვის, რა არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი?

- ეს ყველაფერი ხომ ხალხისთვის კეთდება, მაგრამ რეალურად, ეგოისტური პროფესიაა ანუ რასაც აკეთებ, მაინც შენთვის აკეთებ. მე რომ ვთამაშობ, ეს თავადაც მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, ვიღაცის მიერ ნათქვამი კომპლიმენტი ძალიან კარგი მოსასმენია, მაგრამ ყველაზე მაგარი მაინც ის არის, სპექტაკლი რომ დასრულდება და საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ხარ; ტაშს ისმენ და შინაგანად ექსტაზში ხარ. ეს ყველაზე მაგარი რამ არის, მერწმუნეთ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ვიღაც აღფრთოვანებას გამოხატავს, ვიღაც კი ნამუშევარს დაგიწუნებს, მაგრამ მთავარია, შენ არ დაკარგო სცენაზე მეორედ გასვლის სურვილი. სხვის შენიშვნას და აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ ჩემთვის მაინც, ჩემი პირადი შეგრძნებებია უმთავრესი.

ეკატერინე აბაშიძე