"წიგნის მოპარვის ცდუნება არაერთხელ მქონია" - გზაპრესი

"წიგნის მოპარვის ცდუნება არაერთხელ მქონია"

პრეამბულის მაგიერ

- თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლეა?

- აპრილის პირველ რიცხვებში, ბაქოს ნაციონალურ თეატრში სპექტაკლზე მუშაობას დავიწყებ, შემდეგ ცხინვალის თეატრში "ჯაყოს ხიზნების" დადგმას ვაპირებ. მაისში, თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, "რუსთაველის თეატრში" დიდი პროექტი - "მეფე პოეტები ბაგრატიონები" იქნება წარმოდგენილი. 7 პოეტი მეფის შემოქმედებას, მოწვეული და ამ თეატრის მსახიობები წარმოგვიდგენენ. ეს იქნება თეატრალიზებული პოეზია.

- რამდენად ახერხებ, აქტიური მკითხველი იყო?

- არ შემიძლია, დღე ისე გავატარო, არაფერი წავიკითხო. სხვა რომ არაფერი, კითხვას ძილის წინ, 2-3 საათით მაინც ვახერხებ, ეს ჩემი ჩვევაა.

- ახლა რას კითხულობ?

- აზერბაიჯანულ დრამატურგიაზე ვარ გადართული. რამდენიმე დღის წინ დავამთავრე დათო ტურაშვილის პიესების კრებული, რომელიც ახლახან გამოიცა.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ უბრუნდები?

- ხშირად ვუბრუნდები. დედა ამბობს, ნაწარმოები ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა წაიკითხო, სხვაგვარად აღიქვამო. ახლახან მიხეილ ჯავახიშვილის "უბის წიგნაკი" ხელახლა

წავიკითხე. ამბის, პერსონაჟების აღქმა მართლაც ყოველ ჯერზე სხვანაირია.

- დრამატურგებიდან, გამორჩეულად რომელი გიყვართ?

- ყველას ვერ ჩამოვთვლი, შექსპირი, ჩეხოვი მომწონს. თანამედროვე დრამატურგებიც მიზიდავენ. ახალგაზრდა ქართველი ავტორების შემოქმედებასაც კარგად ვიცნობ. ძალიან მომწონს რატი ამაღლობელის, დათო მაღრაძის პოეზია. საინტერესოდ წერს როსტომ ჩხეიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი...

- წიგნი მოგიპარავს?

- (იცინის) ბავშვობაში როგორ არ მომიპარავს.

- დიდობაში?

- მე მპარავენ. რა თქმა უნდა, წიგნის მოპარვის ცდუნება არაერთხელ მქონია, მაგრამ... წიგნს ვიმახსოვრებ და მერე ბუკინისტებში ვიძენ. წიგნებს ინტერნეტითაც ვიწერ, "ბიბლუსის" ქსელით ხშირად ვსარგებლობ.

- წიგნებს რომ გპარავენ, ამის გამო არ ბრაზდებით?

- რა თქმა უნდა, ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ, დავიბრუნო. ახლახან გამოვიდა გოდერძი ჩოხელის 5-ტომეული. შეიძლება მისი რომანის - "ცოდვილი მღვდელის" მიხედვით "რუსთაველის თეატრში" სპექტაკლი დაიდგას. რობერტ სტურუა დაინტერესებულია, ერთ-ერთი ტომი მოსკოვში გავუგზავნე. ტომეული რომ არ დამშლოდა, წავედი და ის ტომი სპეციალურად შევიძინე.

- რომელ გმირთან იმეგობრებდი?

- დოსტოევსკის "იდიოტის" თავადი მიშკინი ძალიან მიყვარს. მისი კარგად მესმის. ალბათ ამიტომაც მიყვარს.

- საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- 16-17 წლის ასაკში ეტელ ლილიან ვოინიჩის "კრაზანა" მომწონდა. საკუთარი თავს მეც ამ წიგნის პერსონაჟად წარმოვიდგენდი. ვიაზრებდი, იდეების, მეგობრების გამო თავი როგორ შეიძლებოდა გამეწირა.

- ლონდონში დრამატული აკადემიის შენობის კიბესთან დგას 2 პიროვნების ბიუსტი. დაასახელეთ ეს ადამიანები.

- ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად შექსპირი იქნება.

- ნამდვილად ასეა. მეორე?

- რომელიმე ცნობილი დრამატურგის იქნება. შესაძლოა, ბერნარდ შოუ, არა?

- გამოიცანი. "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო". ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს?

- ნოე ჟორდანიამ.

- რა ერქვა ოთარაანთ ქვრივს?

- უნდა გავიხსენო, მეწისქვილე რომ ამბობს, მატირეთო, სახელს ამბობს?

- საერთოდ, ჰქონდა სახელი?

- არ ჰქონდა, არა, რატომღაც დავიბენი.

- "სრულყოფილების ნუ გეშინიათ, თქვენ ის ოდნავადაც არ გემუქრებათ". ვინ არის ამ ცნობილი გამონათქვამის ავტორი?

- ძალიან მომეწონა, არ ვიცი.

- სალვადორ დალი.

- გენიალურია (იცინის).

- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, რომ სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?

- ვერცხლი წყალს გაფუჭებისგან იცავს. წყლის გაუვნებელყოფის მიზნით ინახავდნენ.

- "სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა". რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?

- "არსენა მარაბდელში".

- 1709 წელს ავღანეთში ღალატით მოკლეს ერთ-ერთი უმამაცესი ქართველთაგანი, რომელმაც თავისი სიმამაცე სამშობლოსთვის ვერ გამოიყენა და სხვა ქვეყანას ემსახურებოდა. გამაჰმადიანებულს მკერდზე დაკიდებული ჯვარი აღმოუჩინეს. ვინ იყო ეს ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი?

- ქართლის მეფე იყო, არა?

- რომელი მეფე?

- თუ სწორად მახსოვს, გიორგი XI-ზეა ლაპარაკი.

- დიახ. რა მეტსახელით შემორჩა ისტორიას ინგლისის მეფე, რიჩარდ I?

- ლომგული.

- ამერიკის რომელი პრეზიდენტის მკვლელობა უკავშირდება ჯონ ბუთის სახელს?

- თეატრში რომ მოკლეს. (ფიქრობს) აბრაამ ლინკოლნი.

- ვინ იყო რომის იმპერიის პირველი იმპერატორი?

- ავგუსტუსი.

- რა ერქვა გიორგი სააკაძის ვაჟს, რომელსაც შაჰის ბრძანებით თავი მოკვეთეს?

- პაატა.

- რომელ ბრძოლაში დაიღუპნენ ძმები ხერხეულიძეები?

- მარაბდის ბრძოლაში.

- რამდენი წელი იცოცხლა ალექსანდრე მაკედონელმა?

- ახალგაზრდა გარდაიცვალა, მგონი 35 წლამდე იქნებოდა.

- 33 წლის იყო. მსოფლიოს 7 საოცრებიდან, რომელი მდებარეობდა თურქეთის თანამედროვე ქალაქის, ბოდრუმის ადგილზე?

- ვერ ვიხსენებ, მითხარით.

- ჰალიკარნასის მავზოლეუმი. ყველას კარგად გვახსოვს ფრთიანი გამონათქვამი: "რელიგია - ეს ხალხისთვის ოპიუმია". რომელი სიტყვით შეცვალა სიტყვა "რელიგია" ამერიკელმა ნიქსონმა?

- არ ვიცი.

- "ტელევიზია - ეს ხალხისთვის ოპიუმია".

- ეგ ნამდვილად არ ვიცოდი.

- თქვენთვის რა არის "ოპიუმი"?

- არ ვიცი, არასდროს გამისინჯავს, ბანგია, ნირვანაა...

- ეს დაავადება უამრავ ადამიანთან ერთად იულიუს კეისარს, ალექსანდრე მაკედონელსა და ნაპოლეონსაც კი აწუხებდა.

- ეპილეფსია.

- 1815 წელს ამისთვის განიხილებოდა დიდი ბრიტანეთის 3 კუნძული: ტრინიდატი, სენტ-ლუსია და მესამე, რომელიც საბოლოოდ ცნობილი სწორედ ამიტომ გახდა. დაასახელეთ ეს კუნძული.

- რომელიმე ისტორიულ პირთან კავშირშია?

- ნაპოლეონთან.

- წმინდა ელენეს კუნძული, სადაც ის გადაასახლეს.

- "იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო. ჩაუწერია კიდეც: - თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო". - ვკითხულობთ ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთ წიგნში. რომელ პოეტს ეძღვნება იგი?

- ვაჟა-ფშაველას?

- არა. ვახტანგ ჯავახაძე...

- (მაწყვეტინებს) გამახსენდა, გალაკტიონს ეძღვნება. და ამ წიგნს "უცნობი" ჰქვია.

- რა სიტყვები წერია ქართულ გერბზე?

- ერთი სიტყვა მითხარი და გამოვიცნობ.

- "ძალა...

- ...ერთობაშია".

- ქრისტეს 10 მცნებიდან რომელია პირველი მცნება?

- არა კაც ჰკლა.

- "მე ვარ უფალი ღმერთი შენი... და არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თვინიერ ჩემსა". ეს რა შუაშია ამ კითხვასთან ვერ მივხვდი? ვინ არის კომპოზიტორი ილია ჭავჭავაძის ლექსზე შექმნილი სიმღერისა "ჩემო კარგო ქვეყანავ"?

- რეზო ლაღიძე.

- "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ..."

- "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

- II მსოფლიო ომის დროს რომელმა გმირმა დაიმსახურა იტალიის ეროვნული გმირის წოდება?

- ფორე მოსულიშვილმა.

- ვინ მიუძღვნა მას ფილმი - "ალპური ვარსკვლავი"?

- რეზო თაბუკაშვილმა.

- რა ერქვა აპოლონის ტაძრის ახლოს მდებარე ადგილს, სადაც არისტოტელეს გაკვეთილები მიმდინარეობდა?

- კონსერვატორია? არ ვიცი.

- ლიცეუმი. რამდენ სართულადაა განლაგებული ვარძიის სამონასტრო კომპლექსი?

- 7-8 სართულია.

- 13. ამ მეფეს მონღოლი ასული ჯიგდა-ხათუნი შერთეს ცოლად, რომელიც ქრისტიანულად მონათლეს და თამარი დაარქვეს. რომელ მეფეზეა ლაპარაკი?

- მინიშნებას მეტყვით?

- ორმეფობის პერიოდი უნდა გაიხსენოთ.

- დავით ულუ.

- დაასახელეთ მოგზაური, რომლის სახელსაც ატარებს ზღვა, სრუტე და კუნძული.

- ბერინგი.

- ტემპერამენტი ეს არის ადამიანის თვისება, რომელიც პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია ტემპერამენტის 4 ტიპი. რომელმა მეცნიერმა აღწერა იგი პირველად?

- ქართველია?

- არა.

- ფროიდმა აღწერა?

- მიგანიშნებთ, მას მედიცინის მამას უწოდებენ.

- ჰიპოკრატე.

- თავად რომელ ტიპს განეკუთვნებით?

- სანგვინიკი (ამ ტიპის ადამიანებში გრძნობები ადვილად აღმოცენდება, მაგრამ ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ოპტიმისტია, უფრო კარგს მოელის, ვიდრე - ცუდს. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა) უფრო ვარ.

- 1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ, ერთ-ერთი უბნის ტერიტორია 2 ნაწილად გაიყო. რკინიგზის აღმოსავლეთ ნაწილში მუშახელი მიწებს უნებართვოდ იკავებდა და სახლდებოდა. რა ეწოდა ახალ უბანს?

- ნაძალადევი.

- დაბოლოს, დაასრულეთ ჯონ კენედის ცნობილი გამონათქვამი: "გამარჯვებას ათასი მამა ჰყავს დამარცხება კი..."

- დამარცხებას კი ერთი.

- "...დამარცხება კი ობოლია".

თამუნა კვინიკაძე