"ცივსისხლიანი" ჟურნალისტისა და მსახიობის ტანდები - გზაპრესი

"ცივსისხლიანი" ჟურნალისტისა და მსახიობის ტანდები

მღელვარების მიზეზს ცოტა მოგვიანებთ გაგიმხელთ, მანამდე კი - რამდენიმე ცნობა მსახიობის ახალი ამპლუასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

- გიორგი, სატელევიზო საქმიანობაში ძალიან აქტიურად ხარ ჩართული. შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეები გაქვს?

- რეჟისორობა დავიწყე, ჩემს ფილმებზე ვმუშაობ. რეჟისორებს კი არ უყვართ გარეჟისორებულ მსახიობთან მუშაობა. მე რეჟისორებსაც ვათამაშებ არ მეშინია. ახალ ფილმზე ვმუშაობ. ჯერ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ.

- ეკრანს მიღმა შენი ცხოვრება როგორია? გიორგი, როგორი მამა ხარ?

- ჩემი შვილი 12 წლის არის. გარეგნულად ძალიან მგავს. რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება. მთელი ჩემი ფიქრები მისკენაა მიმართული.

GzaPress

- მსახიობობას ხომ არ აპირებს?

- ეს პროფესია მოსწონს, მაგრამ არტისტობის რთული მხარეებიც იცის. მსახიობობა მაინც დეპრესიული პროფესიაა. მსახიობები ქუჩაში იღიმიან და კარგად გამოიყურებიან. ამ ყველაფრის მიღმა კი ხშირ შემთხვევაში ბევრი პრობლემაა.

- ოჯახში, როგორც წამყვანს, შენიშვნებს გაძლევენ?

- კი. ოჯახის წევრები ხომ ყველაზე მეტად კრიტიკულები არიან ზოგჯერ ვკამათობთ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ძალიან მეხმარება.

- ახლა შენს ტელესაქმიანობას დავუბრუნდეთ...

- ძალიან მიყვარს "ლუპა", შვილივით მიყვარს ეს გადაცემა და დარწმუნებული ვარ, ასევე ძალიან შემიყვარდება "შუადღე" რომელიც 1-ელ ივნისს პირველ ნაბიჯს გადადგამს. პირდაპირ ეთერში მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვყოფილვარ, როგორც წამყვანისთვის ეს ჩემთვისაც სიახლეა. საერთოდაც, განსხვავებული იქნება.

- განსხვავებული რით იქნება?

- მე და ჟურნალისტი ნინო ახალაძე ვიქნებით ვართ წამყვანები და უკვე განსხვავებული არ არის? პირდაპირ ეთერში ყველა იმ საკითხზე ვილაპარაკებთ, რაც ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია, რაზეც ხალხი წუხს და ფიქრობს. გვექნება სოციალური თემებიც და "ყვითელი" ამბებიც. მსახიობი ვარ, ამა თუ იმ საკითხზე ჩემი პოზიციის გამოხატვისგან თავს არ შევიკავებ. ვილაპარაკებ ისე, როგორც ადამიანები ყოველდღიურ ურთიერთობებში ახლობლებთან ლაპარაკობენ. მე თამამი ვიქნები, ნინო ჟურნალისტია და შედარებით მკაცრი იქნება, ინფორმაციას მოგვაწვდის.

ნინო:

- მაყურებელს ვპირდებით, რომ ჩვენთან ერთად, 45 წუთს საინტერესოდ გაატარებს. ეს იქნება თავისუფალი გადაცემა. მე როგორც ჟურნალისტი ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, საკუთარი აზრი მაყურებელს თუ მკითხველს თავს მოვახვიო.

GzaPress

გიორგი:

- გადაცემაში აუცილებლად გვეყოლება სტუმარი, გვექნება ჩართვა. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს იქნება დინამიკური, საინტერესო, სასიამოვნო გადაცემა.

- ნინო, გიორგის "პალიტრა TV"-ს მაყურებელი კარგად იცნობს. შენს შესახებ გვიამბე, როგორ მოხვედი "პალიტრამედიაში"?

- უნივერსიტეტში მე-4 კურსზე ვსწავლობდი, როდესაც ჩვენთან ამერიკელი ლექტორი სემინარის წასაკითხად მოვიდა. მან გვთხოვა, - დაწერეთ ის თემა, რომელზე მუშაობაც ყველაზე მეტად გაგიჭირდებოდათო. იმ პერიოდში ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ახალი აღიარებული იყო. მე ეს თემა დავასახელე და, - ზუსტად მაგ თემაზე იმუშავებო, - მივიღე პასუხად. თემაზე 5 თვის განმავლობაში ვიმუშავე, რთული იყო, მაგრამ საინტერესო. ადგილობრივებთან კონტაქტი გავაბი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი სტატია "ჯორჯიან ჯორნალში" ("პალიტრამედიის" ინგლისურენოვანი გაზეთი. - რედ.) აღმოჩნდა, პირველ გვერდზე დაბეჭდეს და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ დღიდან დაიწყო ჩემი თანამშრომლობა "პალიტრამედიასთან". შემდეგ საიტის რედაქტორი გავხდი.

გიორგი:

- ნინო, შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ! ეგ ამბები კი არ ვიცოდი.

- და ახლა შენი დებიუტი ტელეეთერშიც შედგება...

- ასე გამოდის. რა დასამალია და, ძალიან ვნერვიულობ.

გიორგი:

- მე და შენ ერთმანეთს დავეხმარებით და ყველაფერი კარგად გამოგვივა.

ნინო:

- პასუხისმგებლობის გრძნობა "მანერვიულებს". საკმაოდ მრავალფეროვანი გადაცემა გამოვა, არაერთი ბლოკისგან შემდგარი და ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირო.

გიორგი:

- წინამოსამზადებელი პერიოდიც საკმაოდ საინტერესო იყო.

- რით იყო საინტერესო?

- 7 ულამაზეს, მაგრამ ცივსისხლიან ჟურნალისტთან მომიწია კასტინგის გავლამ. სიტყვა "გამოცვლას" არ ვიტყვი, ცუდი სიტყვაა.

- კიდევ ერთი "ცუდი სიტყვა" რომ თქვი, მე და ნინომ არ შევიმჩნიოთ?

- "ცივსისხლიანი ჟურნალისტი" (იცინის)? ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება, სადაც მივდივარ, ყველგან ნინო მხვდება. სახლში ნინო, სამსხურში ნინო... მოკლედ, ჩემთან ქასთინგის ჩატარებასაც კი აღარ აქვს აზრი. ეს სახელი ჩემს ბედისწერად იქცა.

- სახლში რომ გყავს, იმ ნინოზე გვიამბე.

- არაჩვეულებრივი ადამიანია, ინგლისური ენის სპეციალისტი.

- მახსოვს, ინგლისურ ენაში გამეცადინებდა.

- უკვე მასწავლა.

- ნინო, გიორგის იცნობდი თუ ახლა გაიცანი?

- მას ვიცნობდი, როგორც მსახიობს. აქ რომ ვხედავდი, შორიდან ვესალმებოდი. თავდაპირველად მეგონა, ცოტათი ეპატაჟური ადამიანი იყო, დაახლოების შემდეგ მივხვდი, თურმე ვცდებოდი. ამ ადამიანში ყველაზე მეტად შესამჩნევი იცი, რა არის? მამა, თბილი მეოჯახე. ასეთი წარმომიდგენია.

GzaPress

გიორგი:

- "ჩუსტებში"?

- მთლად "ჩუსტებში" - არა, მაგრამ მგონია, რომ ბოჰემური ცხოვრებით არ ცხოვრობ.

- შესაძლებელია, სახლშიც იცხოვრო ბოჰემურად.

- "შუადღე" რომელ საათზე გავა ეთერში?

- როცა ჩვენ მოგვინდება (იცინის)... ხომ შეიძლება, რამე მნიშვნელოვანი შუაღამესაც მოხდეს, სასწრაფოდ მოვიდეთ და გადაცემა დავიწყოთ?!.

ნინო:

- გადაცემა 2 საათზე დაიწყება.

- წარმოიდგინეთ, რომ ახლა 1-ლი ივნისის დღის 2 საათია. რას ეტყოდით მაყურებელს?

გიორგი:

- ზღვა ღელავს, ჩვენც ვღელავთ და მოგვეცით 1 წუთი, რომ დავწყნარდეთ. მერე ღრმად ამოვისუნთქავთ და დაიწყება...

ნინო.

- გიორგიმ ისე დაიწყო, ზღვის ღელვის ხმა გავიგონე. მე წყლის მეშინია, ამ ვირტუალური ზღვის - ორმაგად. "პალიტრაზე" წამლეკავი ემოცია იქნება.

გიორგი:

- მაყურებლისთვის სიურპრიზი მაქვს. ისეთ სასიამოვნო სიურპრიზს ვუჩვენებ, რომ ნინო არ დავაბნიო. ვიზუალურ მხარეს ვგულისხმობ.

- რა ჩაიფიქრე, დაგვაინტრიგე.

- ამის შესახებ ჯერ მხოლოდ პროდიუსერმა იცის. 1-ელ ივნისს 2 საათზე ყველანი გაიგებთ.

თამუნა კვინიკაძე