კომკავშირიდან გარიცხული დიმიტრი ტატიშვილი - გზაპრესი

კომკავშირიდან გარიცხული დიმიტრი ტატიშვილი

თავის დროზე, კომკავშირიდანაც გაურიცხავთ "ცუდი საქციელისთვის" და შესაძლებელი იყო, ამის გამო კარიერა ვეღარასდროს აეწყო. თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა...

- პირველი დუბლი მიყვარს! ხშირად, გადასაღებ მოედანზე რეპეტიციას გავდივართ, პირველ დუბლს ვიღებთ, შემდეგ კი თითქმის ყოველთვის გვეუბნებიან, - მოდი, აბა, კიდევ ერთი გადავიღოთო. ხანდახან რამდენიმესაც ვიღებთ, მერე კი ფილმსა თუ სერიალში მაინც პირველი შედის. პირველი დუბლი კარგი მაშინ არის, როცა რეპეტიციის დროს მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან ყურადღებიანი და მობილიზებულია.

- სცენაზე პირველად როდის გახვედით?

GzaPress- მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და პიონერთა სასახლეში, "პოეზიის თეატრში" დავდიოდი. პირველად ფილარმონიის დიდ სცენაზე გავედი. სცენა როგორი დიდიც უნდა იყოს, დარბაზიდან მაყურებლისთვის კომფორტულად ჩანს, მე კი, როცა სცენაზე გავედი, ასე მეგონა, დარბაზი თავზე დამემხობოდა; მღელვარებისგან გული ისე ძლიერ მიცემდა, ვფიქრობდი, - გულისცემა მიკროფონში ისმოდა. ლექსს ვკითხულობდი (გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო იყო). კიდევ კარგი, სცენაზე მარტო არ გახლდით. ლექსის კითხვის დროს ვნანობდი, - ეჰ, დღეს ყველაფერი გავაფუჭე, ჩემი გულის ბაგაბუგის ხმა ვის რაში ანტერესებს-მეთქი? მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, გულისცემა მიკროფონში არ ისმოდა (იცინის).

- პირველი როლი...

GzaPress- პიონერთა სასახლეში მხოლოდ საღამოებზე კი არ გამოვდიოდით, სპექტაკლებსაც ვდგამდით. პირველი სპექტაკლი "ბედი ქართლისა" იყო, რომელშიც ერეკლე მეორე გახლდით... თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ, უკვე რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე...

- პირველი სიყვარული...

- მე ვინც შემიყვარდა (მაია ცხვედიანი), ცოლად შევირთე. მანამდე შეყვარებულები არ მყოლია. ჯარში წავედი და როცა დავბრუნდი, შემიყვარდა. რაც ყველაზე უცნაურია, მაიას მანამდეც ვიცნობდი - ჩემი დის კურსელი გახლდათ. ეტყობა, ჯარიდან რომ დავბრუნდი, ერთმანეთს სხვა თვალით შევხედეთ და ცოტა ხანში ვიგრძენით, რომ ერთად ყოფნა მოგვწონს. რამდენიმე კვირაში მივხვდი, - ეს სიყვარულია-მეთქი. ჩვენი "ხელმეორედ ნაცნობობა" 2 წელიწადში ქორწინებით დაგვირგვინდა, ზუსტად 9 თვის მერე კი ტყუპი გოგონა გვეყოლა.

- პირველი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ...

- პირველად საქართველოს საზღვრებს გარეთ ჯარში, ბელორუსიაში წავედი. ეს 2-წლიანი იძულებითი მოგზაურობა იყო (იღიმის). ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი - ეს ამბავი არ მომწონდა. ბელორუსიას კი არაფერს ვერჩი, მაგრამ მისი საზღვრები, საჰაერო სივრცე რატომ უნდა დამეცვა? ეს რა ჩემი საქმეა (იცინის)?Aასე რომ, თუკი ამას "პირველ მოგზაურობას" დავარქმევთ, დიდად შესაშური არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა.

- რა მხრივ?

GzaPress- ბევრ რამეს მივხვდი: 18 წლისა აბსოლუტურად უცხო გარემოში, უცხო ადამიანებს შორის პირველად აღმოვჩნდი. უცნაური და ცოტა არ იყოს, სტრესული შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ რაღაცნაირად, გავუძელი. სხვაზე დამოკიდებული ვერ ვიყავი და საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება თავად მიხდებოდა. მაგალითად - ვისთან როგორი ურთიერთობა უნდა მქონოდა და საერთოდ, იმასაც მივხვდი, ადამიანები როგორები იყვნენ... ასეთ საკითხებზე პირველად დავფიქრდი. მაშინ მეგონა, რომ კაცი ვიყავი. ახლა რომ ვუფიქრდები, ბავშვი ვყოფილვარ... იქ ბევრნაირი ადამიანი გავიცნი, თან - სხვადასხვა ეროვნების. საბჭოთა ჯარის ძირგამომპალი სისტემა არ მომწონდა. საბჭოთა კავშირზე გადარეული არც მანამდე ვყოფილვარ, ჯარში კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ძალიან ცუდი, არაჯანსაღი გარემო იყო. კიდევ კარგი, ის პერიოდი დამთავრდა. საბჭოთა კავშირის შესახებ რეიგანმა თქვა, - ბოროტების იმპერიააო. ჩემს უფროს კოლეგას ვეთანხმები. ის კი არა, "კომკავშირს" რაღაცებში არ ვეთანხმებოდი და ერთხელაც დამემუქრნენ - კომკავშირიდან გაგრიცხავთ და ხომ ხვდები, რომ ვერც ინსტიტუტში ჩააბარებო? - გამრიცხეთ-მეთქი, - ვუპასუხე. სხვათა შორის, მაშინ 1985 წელი იყო. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ როცა კომკავშირიდან საჯაროდ გამრიცხეს, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, 5 წელიწადში ყველაფერი თავდაყირა თუ დადგებოდა. ასე რომ, მაშინ ცოტათი გავრისკე კიდეც, მაგრამ ჩემს პრინციპებს არ ვუღალატე.

- ეს თქვენს ცხოვრებაში პირველი რისკიანი გადაწყვეტილება იყო?

- ასეთი მასშტაბის - კი.

- პირველი ინტერვიუ...

- ვაიმე, ნამდვილად აღარ მახსოვს... ისიც კი არ მახსოვს, ინტერვიუ ტელევიზიას მივეცი, რადიოს თუ პრესას.

- პროტესტის პირველი გრძნობა...

- ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ, რომ დოგმების, სტერეოტიპების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს უნდა აჰყვე, დაუჯერო. მაგალითად, წითელი ყელსახვევის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ მოსწავლეები იძულებული ვიყავით, მაინც გაგვეკეთებინა. ამიტომ, როცა სკოლიდან გამოვდიოდით, ვიხსნიდით. მერე ამის გამო, გვტუქსავდნენ და მშობლებს იბარებდნენ. ეკლესიაში შესვლასაც გვიშლიდნენ. დიდუბის პანთეონთან ახლოს ვსწავლობდი და ძალიან ხშირად, ყელსახვევებს რომ ვიხსნიდით, მერე ეკლესიაში შევდიოდით ("აკრძალული ხილის" ფენომენი იყო). ჰოდა, ამის გამო დირექტორი გიჟს ჰგავდა... თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე, არასწორი და საშინელება იყო.

- პირველი დეპრესია ან სტრესი...

- კაცი იმიტომ არის კაცი, რომ დეპრესიასა და სტრესს გაუძლოს. 12 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა, 5 წლის შემდეგ - მამაც დავკარგე... სკოლა დავამთავრე, ბანკეტი გვქონდა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდები ბანკეტის შემდეგ დღეებშიც ქეიფობენ და ერთ-ერთ ასეთ საღამოს მამა გარდაიცვალა. მისი დაკრძალვიდან მეორე თუ მესამე დღეს თეატრალურ ინსტიტუტში პირველი ტური მქონდა. ის პერიოდი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვნად მახსოვს. ფაქტობრივად, გამოცდებთან დაკავშირებული ნერვიულობა არ შემხებია, რადგან მნიშვნელოვნად არ მიმაჩნდა. უბრალოდ, ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან აღარც დედა მყავდა, აღარც - მამა... გაოგნებული ვიყავი. საკუთარი გვარ-სახელი ინსტიტუტში ჩარიცხულთა სიაში რომ ვნახე, ეს არც გამკვირვებია და არც გამხარებია... არადა, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი, ეს კი დიდი წარმატება იყო... ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს დეპრესიული ვიყავი, მაგრამ მოვლენების მიმართ "გავცივდი"... ალბათ, ვფიქრობდი, - ამაზე უარესი რაღა უნდა დამემართოს-მეთქი? არ მაღელვებდა, ინსტიტუტში მოვხვდებოდი თუ არა, მაგრამ კიდევ კარგი, მოვხვდი.

GzaPress

- დამოუკიდებლობის პირველი შეგრძნება...

- საერთოდ, ჩემი ბავშვობა ადრე დამთავრდა. ალბათ, როცა დედა გარდაიცვალა, უკვე ბავშვი აღარ ვიყავი. იმას ვგულისხმობ, რომ ბავშვს ყოველთვის ეუბნებიან, - შეჭამე, ხელები დაიბანე, დაიძინე... ასეთი რაღაცები ცოტათი მომაკლდა და უფრო დამოუკიდებელი გავხდი: ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რასაც შვილების ნაცვლად, მშობლები აკეთებენ. საჭმლის გაცხელება და თეფშზე დასხმაც შემეძლო. ალბათ, კერძი აქეთ-იქითაც მესხმებოდა, მაგრამ ვახერხებდი, რომ მეჭამა... საკუთარი ტანსაცმლის დალაგებაც შემეძლო... თავდაპირველად, იძულებული ვიყავი, დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, შემდეგ ამას შევეჩვიე...

- პირველი ჰონორარი...

- მეოთხე კურსის სტუდენტი გახლდით, როცა გორის დრამატულმა თეატრმა ინსტიტუტთან ხელშეკრულება გააფორმა: კვირაში ერთხელ გორში უნდა ჩავსულიყავით და სპექტაკლში გვეთამაშა... ზუსტად რა თანხა მომცეს, აღარ მახსოვს, მაგრამ ჩვენთვის კარგი გასამრჯელო იყო. ძალიან გაგვიხარდა, კარგად ვიქეიფეთ... მოკლედ, პირველი ჰონორარი ეს იყო, თუკი იმ სტიპენდიას არ ჩავთვლით, რომელსაც ინსტიტუტში ვიღებდი.

- თქვენ მიერ გახმოვანებული პირველი ფილმი...

- პირველად ფილმი - "უღირსი წინადადება" გავახმოვანე, რომელშიც მაიკლ იორკი თამაშობდა... მაშინ ფილმების გახმოვანება ახალი და საპასუხისმგებლო საქმე იყო. ეთერში გასულ ჩემ მიერ გახმოვანებულ პირველ ფილმს დიდი ინტერესით და კრიტიკულად ვუყურე... ახლა ვერც დაგისახელებთ, რამდენი ფილმი მაქვს გახმოვანებული, მაგრამ პირველ ეტაპზე, ამ ფილმებს ეთერში ვუყურებდი, ახლა - აღარ...

GzaPress

- პირველი სასჯელი...

- უჰ, სკოლაში ამას შეჩვეული ვიყავი. ნაძლევებსაც ვიგებდი - მასწავლებელს ნერვებს რამდენ წუთში ავუშლიდი ისე, რომ კლასიდან გავეგდე. პედაგოგის სიტყვების - "გაეთრიე აქედან!" - წყალობით, ხაჭაპურებს ვიგებდი.

- ისეთს რას აკეთებდით, რომ მასწავლებელი კლასიდან გაგდებდათ?

- ვლაპარაკობდი ან შეიძლება, მემღერა, პატარა ქვა ამეღო და დაფისთვის მესროლა... ეს ინტერვიუ ბავშვებმა არ წაიკითხონ - სკოლაში ჩემსავით არ უნდა მოიქცნენ.

- პირველი უთანხმოება შვილებთან...

- აქეთ-იქით სიარული უყვართ. თუ საღამო ისე დაასრულეს, რომ მეგობრებთან ერთად სადმე არ წავიდნენ, მიაჩნიათ, ცხოვრებაში რაღაც დააკლდათ. არადა, ხომ შეიძლება, როცა საქმეს მორჩები, შინ მიხვიდე? ამით არაფერი დაშავდება.

- პირველი ავტოგრაფი...

- პირველი - არა, მაგრამ უცნაური ავტოგრაფები მახსოვს: გადაღება მთაწმინდის პანთეონში გვქონდა. ისე მოხდა, რომ 50 ბავშვი ექსკურსიაზე მოიყვანეს. მოსწავლეებმა მიცნეს და ფურცლით ხელში ჯერ ერთი მოვიდა, შემდეგ - მეორე, მესამე... მერე ფურცლები "დამაყარეს". ზოგს ფურცელი არ ჰქონდა და ავტოგრაფს მკლავებზე მაწერინებდნენ, რაც ცოტა უცნაური იყო: ვუწერდი, მაგრამ სამახსოვროდ დარჩებოდათ (იცინის)?.. გადაღება მანამ ვერ დავიწყეთ, ვიდრე ყველა ბავშვს არ მოვუწერე ხელი.

ეთო ყორღანაშვილი