"ჯინსების თაობის" ახალი სიცოცხლე - გზაპრესი

"ჯინსების თაობის" ახალი სიცოცხლე

ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ისტორიაში ახალი ფურცელი ეკერება - დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა" უკრაინულად გამოიცა. უცხოელები ამ ნაწარმოებით ძალიან დაინტერესდნენ და როგორც მწერალი ამბობს: "ისინი კარგი მკითხველები აღმოჩნდნენ. პრეზენტაციებზე ისეთი შეკითხვებით მომმართავდნენ, აშკარა იყო, წიგნი გულდასმით ჰქონდათ წაკითხული..."

- გილოცავთ "ჯინსების თაობის" ახალ სიცოცხლეს! ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

- ჩემთვისაც სასიხარულოა, რომ ამ წიგნისადმი ინტერესს არა მარტო საქართველოში იჩენენ: უკრაინა მეათე ქვეყანაა, სადაც "ჯინსების თაობა" გამოიცა.

- კიევში წიგნის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. გვიამბეთ ამის შესახებ.

GzaPress- ამ წიგნის მესამე პრეზენტაცია 15 მაისს, კიევის კულტურის ცენტრ "ღია უკრაინაში" გაიმართა. მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, უკრაინულ ენაზე "ჯინსების თაობის" პირველი პრეზენტაცია იყო ლვოვში და მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ მიხეილ უკლებას, რომელმაც მაშინ ჩვენი წიგნის გამო რამდენიმე ასეული კილომეტრი გამოიარა (ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ისეთი ელჩიც გვყოლია, რომელმაც კითხვა საერთოდ არ იცის). ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ქალბატონ თინა ბერაძეს, ქართველ ექიმსა და მეცნიერს, რომელიც დიდი ხანია, კიევში ცხოვრობს და უკრაინაში ჩემი წიგნის პოპულარობა მისი დამსახურებაც არის. "ჯინსების თაობის" მთარგმნელი წარმოშობით ქართველია - გიორგი არაბული. ამ შესანიშნავმა ახალგაზრდამ წიგნი უკრაინულად მაიდნის ცნობილი მოვლენების დროს თარგმნა.

- მეეჭვება, ჩვენს მკითხველს ისეთი საჭირბოროტო საკითხი მოაგონდეს, რომელსაც აქტიურად არ გამოეხმაურეთ. ამიტომაც, სულაც არ მიკვირს, რომ "ჯინსების თაობის" თარგმნა უკრაინისთის ამ მეტად დაძაბულ ვითარებაში მოხერხდა. რა იყო ამ ფაქტის წინა პირობა?

- როგორც თავად გიორგი არაბულისგან ვიცი, მან მაიდნის მოვლენების დროს, გაყინულ კარავში, ფანრის შუქზე კითხვისას გადაწყვიტა, რომ ჩემი რომანი ეთარგმნა, რადგან მისი აზრით, "ჯინსების თაობა" არის წიგნი, რომელიც დღეს ძალიან სჭირდება უკრაინელ მკითხველს, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. საპროტესტო აქციების დამთავრების შემდეგ მან გამომცემლობას მიმართა და უკრაინელებმაც სიამოვნებით დაბეჭდეს. სულ ბოლოს მე მომმართეს კითხვით: ხომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ წიგნის სათაური შეეცვალათ? რასაკვირველია, დავთანხმდი და უკრაინულად წიგნს "გაქცევა საბჭოთა კავშირიდან" ჰქვია. ძალიან კარგად მესმის, რატომაც შეცვალეს სათაური. უკრაინელები კარგი მკითხველებიც აღმოჩნდნენ და პრეზენტაციებზე ისეთი შეკითხვებით მომმართავდნენ, აშკარა იყო, წიგნი გულდასმით ჰქონდათ წაკითხული.

GzaPress

- როგორია ახლა კიევი?

- უკრაინაში რთული ვითარებაა ყველა თვალსაზრისით, რაც თვალში საცემია. გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც ომია, ძნელია პროგრესზე საუბარი, მაგრამ ისიც თვალში საცემია, რომ უკრაინელები კარგი ხალხია და ნამდვილად იმსახურებენ მშვიდობასა და თავისუფლებას. ომზე საშინელი რა უნდა იყოს, მაგრამ ზოგი ჭირი მართლაც, მარგებელია. თუ სულ რამდენიმე წლის წინ, თითქმის ყველა უკრაინელი მწერალი რუსულად წერდა, ახლა ყველა უკრაინელი უკრაინულად წერს. უკრაინელი მკითხველიც რადიკალურად შეიცვალა და კიევის წიგნების ფესტივალზე, რუსულად გამოცემულ წიგნებს ძლივს მივაგენი. ის ტაქსის მძღოლიც კი (ლვოვსა და კიევში) ისე ჯანსაღად აზროვნებს, რომ დაუფარავად შეგშურდება. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რეფორმის თვალსაზრისით, უკრაინელები აშკარად ჩამოგვრჩებიან, ტაქსების მიხედვით, აშკარად წინ არიან. თქვენ ვერ ნახავთ მანქანას, რომელიც ყარს და რომელიც ზებრაზე ქვეითად მოსიარულეს გზას არ დაუთმობს. უკრაინაში კაფეებსა და რესტორნებში აღარ ეწევიან, საქართველო კი არის უკანასკნელი ევროპული ქვეყანა, სადაც არამწეველების ინტერესები "ფეხებზე ჰკიდიათ" და ადამიანებისადმი სრულიად არაევროპული დამოკიდებულება აქვთ. ასევე, კიევში თვალში საცემია სიმწვანე და პარკების რაოდენობა, რის გამოც ჭარბად გრძნობ ჟანგბადს. ამ მხრივ ჩვენთან, ნამდვილი ჯოჯოხეთია და ამ თვალსაზრისით თბილისზე საშინელი ქალაქი მსოფლიოში მგონი, არც არის.

- უკრაინულად სხვა ქართველი თანამედროვე მწერლების ლიტერატურაც არის თარგმნილი?

- კიევში მკითხველებთან ბოლო შეხვედრა რომ მქონდა, სწორედ იმ ცენტრში ჩემამდე ნინო და ილიკო სუხიშვილებს უმასპინძლეს. შეიძლება, მათ არც კი უფიქრიათ ამაზე, მაგრამ მათი წარმატება, არა მხოლოდ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების წარმატებაა, არამედ ლიტერატურისაც, რადგან ეს ყველაფერი ურთიერთგადაბმული, გადაჯაჭვული და ურთიერთგამომდინარე პროცესია. ნებისმიერი ქართველის წარმატება სხვა ქართველის წარმატებას განაპირობებს და მით უმეტეს, უკრაინაში, სადაც ნიჭიერი ქართველი - ეს უკვე ბრენდია. ჩემი წიგნების გარდა, თანამედროვე ქართველი ავტორებიდან უკრაინაში უკვე გამოსცეს აკა მორჩილაძისა და ბასა ჯანიკაშვილის წიგნები. ვისურვებდი, რომ სხვა ქართველი მწერლებიც თარგმნონ, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის წიგნის უზარმაზარი ბაზარი.

- მწერლის მისიაზე მინდა გკითხოთ. საჭიროა თუ არა, რომ მან პოლიტიკოსის მისია იტვირთოს?

- რასაკვირველია, არა! მწერალმა წიგნები უნდა წეროს. თუმცა, არსებობს კონკრეტული ეპოქა და კონკრეტული მწერალი, რომელსაც სხვა ფუნქციაც აქვს ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია და ასეთი გამონაკლისი მაგალითად, ილია ჭავჭავაძის სახით ჩვენც გვყავდა.

- დათო ტურაშვილი ერთგვარი მოგზაურია - დროსა და სივრცეში. დროში თქვენი მწერლობით გვასეირნებთ (თუნდაც, "ტყეების მეფე" რად ღირს), სივრცეში კი დაუღალავად გადაადგილდებით და ყველა ნანახ ადგილს, გაცნობილ კულტურასა თუ საინტერესო ფაქტს ჩვენც გვიწილადებთ ხოლმე. ვიცი, კიევური პრეზენტაციის შემდეგ მოგზაურობა გააგრძელეთ.

GzaPress- უკრაინიდან ანკარაში ჩავედი, ლიტერატურულ სემინარზე, ქალბატონ მაყვალა ხარებავასთან ერთად, რომელმაც ჩემი მოთხრობები თურქულად თარგმნა. ანკარაში ჩვენ ერთად გავაკეთეთ მოხსენება ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ. ამავე კონფერენციაზე იყო "ჯინსების თაობის" პრეზენტაციაც თურქულ ენაზე (მთარგმნელი ფაჰრეთინ ჩილოღლუ გახლავთ). მიხარია, რომ თურქულად გამოვა კიდევ ერთი ჩემი რომანი "გურჯი-ხათუნიც", რომელსაც ბატონი ჰარუნ ჩიმქე თარგმნის. სამწუხაროდ, ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ, რომ სადაც დამპატიჟებენ, ყველგან წავიდე, მაგრამ წიგნებისა და ლიტერატურის გამო მოგზაურობას მაინც ვახერხებ. იმედია, გზაში არ მოვკვდები და ჩემი გადმოსვენების საკითხი დამატებითი პრობლემა არ გახდება ჩემი ოჯახისთვის. ისე, რა კარგი იქნებოდა, რომ სადაც მოვკვდები, იქვე დამმარხონ და საქართველოში (შოპენივით) მარტო ჩემი გული ჩამოიტანონ. სხვათა შორის, კიდევ უფრო კარგი ვერსიაც მაქვს: სადაც მოვკვდები, იქვე დამწვან და საქართველოში მოსაბნევად, მხოლოდ ფერფლი ჩამოიტანონ, მაგრამ დაწვას აბა, ვინ მაღირსებს?

- ეს რა ფიქრებია? დათო ტურაშვილმა შავი იუმორით დაუწყო ცქერა საკუთარ მომავალს? ცენზურას გიწესებთ მსგავს ფიქრებზე... და ახლა მომავალზე ვისაუბროთ. "ჯინსების თაობა" ნორჩი დათო ტურაშვილის თილისმა აღმოჩნდა, რა იქნება მოწიფულობაში ფეხშედგმული დათო ტურაშვილის ახალი თილისმა - "ტყეების მეფე" თუ სხვა რამ, რაც ჯერ არც თქვენ იცით?

- დრო და ჯანმრთელობა რომ მქონდეს, მართლა მაგარ წიგნებს დავწერდი. მწერლისთვის ასაკი, უპირველესად, იმაზე ფიქრია, კიდევ რამდენი წიგნის დაწერას მოასწრებს.

დეა ცუცქირიძე