გიორგი მახარაშვილის საქორწინო სამზადისი - გზაპრესი

გიორგი მახარაშვილის საქორწინო სამზადისი

პროექტში გიორგიმ ელტონ ჯონი ძალზე შთამბეჭდავად განასახიერა და "ლაივის" ლიდერიც გახდა, გასულ სამშაბათს კი ცუკეროს ენერგიული სიმღერა შეასრულა...

- ჩემი და ცუკეროს ხმის ტემბრი ერთმანეთს რაღაცით ჰგავს, მაგრამ ამ იტალიელ შემსრულებელს მეტყველების უცნაური მანერა აქვს...

- მის შემოქმედებას კარგად იცნობთ?

- მისი 2 სიმღერა ვიცოდი: ის, რომელიც "ლაივზე" შევასრულე და პავაროტისთან ცნობილი დუეტი.

GzaPress

- ელტონ ჯონად გარდასახვის შესახებ გვიამბეთ.

- ძალიან გამიჭირდა, რადგან გარეგნობის გარდა, ხმის ტემბრი და მანერებიც შევიცვალე. ბევრი ვიწვალე. კონცერტის დღეს, ლიფტში ძალიან ვინერვიულე, მაგრამ რაც მთავარია, გამომივიდა.

- ელტონ ჯონის როლის შესრულებისას, ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ?

- ხმის ტემბრის შეცვლა. ჩემი "ხრინწების" დაფარვას მთელი კვირა ვცდილობდი. ვწავლობდი, რომ რაღაც ტემბრისთვის მიმეგნო და "დამეჭირა".

- კონცერტზე ლიდერობას ელოდით?

- ყოველთვის მინდა, ჟიურისა და ხალხისგან მაღალი შეფასება მივიღო.

- პროექტში მონაწილეობას იოლად დათანხმდით?

- ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან მინდოდა, საკუთარი თავი აქაც გამომეცადა. მაინტერესებდა, როგორ ავითვისებდი სცენაზე მოძრაობას, ცეკვას, შევძლებდი თუ არა ხმის შეცვლას და ა.შ. ჩემს მეგობრებს გაუკვირდათ, ამ პროექტში მონაწილეობას რომ დავთანხმდი, რადგან სცენაზე არასოდეს მიცეკვია. ახლა ყველანი მგულშემატკივრობენ.

- ალბათ, პირველი გარდასახვისას განსაკუთრებულად ინერვიულეთ...

- სანერვიულო ნამდვილად იყო: უპირველეს ყოვლისა, სიმაღლის გამო, ბილი ჯოილის განსახიერებისას სასაცილო ვიყავი. თან, გრიმით დიდად ვერ დავემსგავსე... მგონია, რომ პირველ "ლაივზე" მაქსიმუმი ვერ გავაკეთე.

GzaPress

- თქვენ მიერ განსახიერებული ვარსკვლავებიდან, ყველაზე შთამბეჭდავად რომელს მიიჩნევთ?

- პირველ ადგილზე ბარი უაითი და ელტონ ჯონია, შემდეგ - გიო ხუციშვილი, ბოლოს კი - ბილი ჯოილი.

- გრიმი დისკომფორტს არ გიქმნით? სახის კანზე ცუდად არ მოქმედებს?

- ეს დიდი დისკომფორტია. გრიმის გარდა, სიმღერისას "კბილებიც" გვიკეთია. ფაქტობრივად, სამშაბათ დილას სიმღერას ხელმეორედ ვსწავლობთ: კბილებს რომ ჩაგვისვამენ, სიმღერის მანერა, გამოთქმა გვეცვლება... საწვალებელია, მაგრამ საინტერესო.

- ყველაზე იოლად შესაგუებელი "კბილები" რომელ ვარსკვლავს "ჰქონდა"?

- ელტონ ჯონის როლის შესრულებისას არაფერი მეკეთა, რადგან დაახლოებით ერთნაირი კბილები გვაქვს. ბარი უაითად გარდასახულს, დიდი "კბილები" ჩამისვეს, რის გამოც დისკომფორტს ვგრძნობდი.

- თავად რომელი მომღერლის განსახიერება გსურთ?

GzaPress- მინდოდა, რომ ლოტოტრონში ჯო კოკერი ან რეი ჩარლზი ამომსვლოდა ანუ ისეთი ვარსკვლავები, რომელთა ხმის ტემბრიც ჩემს ხმასთან "ახლოს" იქნებოდა.

- ჟიურის გარდა, თქვენი პირველი შემფასებელი ვინ არის?

- ხალხი. ელტონ ჯონის განსახიერების შემდეგ, "ფეისბუკი" აჭრელდა ჩემი ფოტოებითა და ვიდეოთი. ბარი უაითად გარდასახვაც მოეწონათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჟიურიმ ცოტა ნაკლებად შემიფასა ნამუშევარი. ალბათ, ასე იყო საჭირო.

- ძირითადად, ჟიურის შეფასებას ეთანხმებით ხოლმე?

- ერთადერთი, ეს შემთხვევა იყო, როცა არ დავეთანხმე. ვფიქრობ, ის ნომერი დაბალი ქულების ღირსი არ იყო... ყველაზე მეტად, საკუთარ თავს მე ვაკრიტიკებ. არის კონცერტები (არა მხოლოდ ამ პროექტში), რომელზეც ჩემი გამოსვლა არ მინახავს: არც ტელევიზორში გადამიხვევია და არც "იუთუბზე" მომიძებნია, რადგან ვიცი, არ მომეწონება. არის თითზე ჩამოსათვლელი სასცენო გამოსვლები, რაც მომწონს და ალბათ, ასეთი ვიდეოებით მთელი ცხოვრება ვიამაყებ... როცა ვიღაც შრომას არ დაგიფასებს, ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ გულისწყვეტა დიდხანს არ მიმყვება ხოლმე.

- კონკურსანტები ერთმანეთს რის მიხედვით აფასებთ?

- ერთმანეთს ფულს ვუხდით (იცინის). მთელი კვირის შრომის, რეპეტიციებისა და კონცერტის საფუძველზე ვაფასებთ კონკურენტს. იმას ვუწერ ქულას, ვისი გარდასახვაც ყველაზე მეტად მომწონს.

- თქვენ შორის დაძაბულობა იგრძნობა?

- მუსიკალური პროექტის ფინალშიც ვყოფილვარ, გამიმარჯვია კიდეც და ისეთ პროექტშიც ვმონაწილეობდი, საიდანაც დასაწყისშივე მომიხდა წამოსვლა. ჰოდა, არასდროს დავძაბულვარ, რადგან ვიცი, ეს ისევ მე შემიშლის ხელს. დინებას მივყვები.

- როგორც ვიცი, დანიშნული ხართ...

- დიახ, მე და ლეკა მიქაძე დანიშნულები ვართ, მალე დავქორწინდებით.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- ლეკა "ორი ვარსკვლავის" პირველ სეზონზე გავიცანი - პროდიუსერი გახლავთ.

- სიყვარული თქვენს საქმეზე როგორ მოქმედებს?

- დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ როცა ლეკა მეტყვის, - ამაზე უფრო მეტად მინდა, რომ იმუშაოო, სტიმული მემატება.

GzaPress

- სამსახურში საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა კონცენტრირებაში ხელს არ გიშლით?

- პირიქით, ეს ბევრ რამეში მეხმარება. მის სიახლოვეს თავს უკეთ ვგრძნობ.

- რაზე კამათობთ ხოლმე?

- ბევრ რამეზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ არასოდეს ვჩხუბობთ... სამწუხაროდ, ქორწილის შემდეგ თაფლობის თვეს აქ გავატარებთ. ალბათ,Mმეორე დღესვე მე რეპეტიციაზე მივალ, ლეკა კი - სამსახურში. მოუცლელები გახლავართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

- როგორი ქორწილის გადახდას აპირებთ?

- ჩვეულებრივის ანუ ისეთის, რომ მეგობრები კარგად გავერთოთ. უბრალოდ, ცოტა უფრო მასშტაბური, დაგეგმილი და რაც ყველაზე მთავარია, ლამაზი წვეულება იქნება.

ეთო ყორღანაშვილი