"კაცური ცხოვრება" ქალებმა ნაკლებად ვიცით" - გზაპრესი

"კაცური ცხოვრება" ქალებმა ნაკლებად ვიცით"

- ქალბატონო ქეთი, ნუნუკა მოგწონთ?

- ყველანაირად ვცდილობ, მომწონდეს, მაგრამ რაღაცებში არ ვეთანხმები.

- მაგალითად, რაში არ ეთანხმებით?

- იმაში, რომ შვილს ეწინააღმდეგება. სიყვარული ძალიან ფაქიზი გრძნობა გახლავთ და ფაქიზი მოპყრობა სჭირდება.

- ნუნუკას რაიმეთი ჰგავხართ?

- დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ... უბრალოდ, გარეგნობით მგავს (იცინის) და შეიძლება, ერთმანეთის ხასიათის გარკვეული შტრიხებიც გვაქვს.

- ასეთი სახასიათო პერსონაჟის შექმნა გაგიჭირდათ?

GzaPress- ნამდვილად გამიჭირდა! საერთოდ, ყველა როლი რთულია. მსახიობი ყოველთვის გრძნობს, მაყურებელი "მიჰყვება" თუ არა და ბედნიერია, როცა ხვდება, რომ ყველაფერი კარგად არის. მსახიობიც და მთელი შემოქმედებითი ჯგუფიც ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ პერსონაჟი აცოცხლონ...

- ქალბატონო ქეთი, თქვენი აზრით, ოჯახში ლიდერი ვინ უნდა იყოს - ცოლი თუ ქმარი?

- არა მგონია, საკითხის ასე დასმა სწორი იყოს, რადგან ვინც ძლიერია, ლიდერიც ის არის.

- ანუ ლიდერი მაინც საჭიროა?

- არა, მაგრამ ასე უნებურად ხდება: ოჯახსა თუ ადამიანთა სხვა ერთობაში ვიღაც უფრო ძლიერი ნატურა დანარჩენებს მართავს. ლიდერი სხვებს რაღაცით სჯობს. ამ შემთხვევაში, ღონეზე არ ვსაუბრობ, გონიერებასა და შინაგან ძლიერებას ვგულისხმობ. ზოგიერთს ბევრი რამის ატანა, უფრო მეტი შრომა შეუძლია, სხვებზე გონიერია და ცხადია, ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოირჩევა - ოჯახშიც და მის გარეთაც...

- როგორ ფიქრობთ, ქალი უფრო ძლიერი ბუნების არის თუ მამაკაცი?

- არ მესმის, რატომ ხდება გაუთავებელი შეჯიბრება ქალსა და მამაკაცს შორის. შეიძლება, რაღაც "ჭრილში" ქალი იყოს ძლიერი, რაღაცაში - კაცი. საერთოდ, გენეტიკურად მამაკაცი უფრო ღონიერია...

- როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პრობლემა რეალურია?

- ალბათ, პრობლემის არსი ის გახლავთ, რომ დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც საქრთველოში ქალი თანასწორუფლებიანი გახდა (სხვა ქვეყნებში კი ეს უფრო ადრე მოხდა), ამიტომ გენდერული თანასწორობის პრობლემა მაინც არსებობს. ჯერჯერობით, ჩვენი საზოგადოება ძალიან ჭრელია. რასაკვირველია, ზოგ ოჯახში შესაძლოა, ქალს დღესაც არ ჰქონდეს გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს "შემორჩენილი ამბავია" და ნელ-ნელა დალაგდება. ძალით არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ჩემი აზრით, დრო და განათლება ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

- ყველა კაცი ერთნაირია?

- (იცინის) კაცი კი არა, ყველა ფოთოლი არ არის ერთნაირი. ზოგი კაცი (ისევე, როგორც - ქალი) კეთილია, ზოგი - ბოროტი, სუსტი, ძლიერი და ა.შ.

- მაშ, ქალები რატომ ამბობენ ხოლმე, - ყველა კაცი ერთნაირიაო?

- ასე ხშირად, გაწბილებული, მოტყუებული, მიტოვებული ქალბატონები ამბობენ. სხვათა შორის, ასეთ სიტუაციაში მყოფი მამაკაცებიც მინახავს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავდაცვის უნარი ნაკლებად აქვთ გამომუშავებული და ძალიან მიმნდობები არიან. ისინი ასე აღზარდეს, რომ ყველას უნდა დაუჯერონ, ენდონ. ხშირად, ამ ნდობით სხვები სარგებლობენ; გულუბრყვილო ადამიანი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ტყუვდება და მეოთხედ უკვე ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია.

GzaPress

- მამაკაცებისთვის დამახასიათებელი უცნაური თვისება დამისახელეთ...

- მათში უცნაურს ჯერ ვერაფერს ვხედავ (იცინის). ყველას ინდივიდუალური თვისებები აქვს. ქვეყანაზე ათასნაირი ადამიანი არსებობს. საერთოდ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი გახლავართ (იცინის).

- შვილთან სერიოზული საუბრები ვინ უნდა აწარმოოს?

- ოჯახის ყველა წევრმა. ოჯახი სკოლა ხომ არ არის, რომ ბავშვს რჩევა დამრიგებელმა მისცეს?! არსებობს საკითხები, რაზეც შვილს დედა უნდა ესაუბროს, ზოგ საკითხზე - მამა. მაგალითად, "კაცური ცხოვრება" ქალებმა ნაკლებად ვიცით და ეს არც გვაინტერესებს. ეზოში მოთამაშე ბიჭუნებს რომ დააკვირდე, იქ უკვე ნათლად ჩანს, ვინ უფრო ღონიერია: პატარებიც კი თავის დამკვიდრებისთვის, ლიდერობისთვის იბრძვიან. ამ საკითხებში მამაკაცი უფრო ერკვევა და ვაჟს გაცილებით უკეთეს რჩევას მისცემს, ვიდრე - დედა.

- იდეალურ შემთხვევაში, ოჯახის მარჩენალი ვინ უნდა იყოს?

- ორივე - ცოლიც და ქმარიც. ქალი უფრო მოქნილია: ფიზიკური შრომაც შეუძლია და გონებრივიც. განა, კაცს ეს არ შეუძლია? მაგრამ მას ცოტათი უჭირს... მაგალითად, კაცი ძიძად ან დამლაგებლად მუშაობასაც შეძლებს, მაგრამ შინაგანად ფიზიკური შრომა უფრო იზიდავს.Aახლა მოდაშია, რომ ყველაფერი "გასწორდეს". მორალის მხრივ, თანასწორობა კარგია. მაგალითად, არ შეიძლება, კაცს რაღაც ეპატიოს, ქალს თურმე - არა. მოღალატე არც ქალი ვარგა და არც - კაცი, ორივე ერთნაირად ცუდია; ტყუილი არც ერთმა ადამიანმა არ უნდა თქვას, მაგრამ არის რაღაც, რისი კეთებაც კაცისთვის იოლია, ქალისთვის - რთული ან პირიქით... ამიტომ ყველაფერში თანასწორობა, სხვა თუ არაფერი, ურთიერთობას ყველანაირ ხიბლს დაუკარგავს. წარმოიდგინეთ, ქალი რომ ადგეს, კაცს პალტო ჩააცვას, კარი გაუღოს და უთხრას, - მიბრძანდითო, - ეს კარგი იქნება (იცინის)? ჩვენ ეს ხომ არ გვინდა? ჰოდა, ე.ი. რაღაცები კაცს შეშვენის, რაღაც - ქალს და ამას თუ გავიზიარებთ, კარგად ვიქნებით. თუკი ყველაფერი "მოპრიალდება" და "მოსწორდება", მაშინ გამრავლების გარდა, ერთმანეთისგან არაფერი დაგვჭირდება და ცხოველებივით ვიცხოვრებთ. ისე კი, სქესის შესაბამისად, ცხოველების ქცევებიც განსხვავებულია: დედალს ეტყობა, რომ დედალია, მამალს - მამალი!

- ამბობენ, მამაკაცებს უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ, ვიდრე - ქალებსო. ეთანხმებით?

- უბრალოდ, მეგობრობას მამაკაცი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე - ქალი. პირადად მე, მეგობრების გარეშე სიცოცხლე ვერც წარმომიდგენია, ამ ურთიერთობას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ მგონია, რომ ეს თემა მამაკაცისთვის ბევრად სერიოზულია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში (და ალბათ - აზიურ ქვეყნებში) ასეა.

- თქვენს სამეგობროში რომელი სქესი ჭარბობს?

- ქალები.

GzaPress

- ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი მეგობრობის არსებობის გჯერათ?

- მჯერა. ქალს და მამაკაცს შორის მეგობრობა ძალიან იშვიათია, მაგრამ - შესაძლებელი.

- მამაკაცი მეგობრები გყავთ?

- რასაკვირველია, მყავს. ისინი ჩემი ჯგუფელები არიან - ინსტიტუტში დავმეგობრდით და თითოეული ძალიან მიყვარს. საერთოდ, ცხოვრება ასეთია: როცა ოჯახი გაქვს და თან - მუშაობ, თავისუფალი დრო აღარ გრჩება, მეგობართან ურთიერთობას კი დრო სჭირდება. ჰოდა, შეიძლება, ძველებურად ინტენსიური ურთიერთობა აღარ არსებობს, მაგრამ ერთმანეთის ნდობა, სიმპათია, დაფასება რჩება და როცა მეგობრები ერთმანეთს ვხედავთ, რაღაცები გვემართება (იცინის).

- მათთან უფრო ძლიერი მეგობრობა გაკავშირებთ თუ ქალბატონებთან?

- რომ გითხრათ, განუყრელი მეგობარი მამაკაცი მყავს-მეთქი, მოგატყუებთ... 3-4 მეგობარი ქალი მყავს - ისინი ბავშვობიდან მომყვებიან, დებივით ვართ. ერთმანეთი გვიყვარს და ვენდობით. ეს ძალიან ჩვეულებრივი რამეა, სალაპარაკოდ არ ღირს. ვფიქრობ, ასეთი ადამიანი ან ადამიანები გვერდით ყველას ჰყავს. აბა, მეგობრის გარეშე ცხოვრება როგორ შეიძლება?

- დაოჯახებისთვის ოპტიმალური ასაკი რომელია?

- როდესაც შეგიძლია, ოჯახი არჩინო, შვილი გაზარდო... ზოგი ადრე ყალიბდება - 18 წლისა უკვე კაცია! შეიძლება, ადამიანს ბევრი ფული არ ჰქონდეს, მაგრამ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებით, უკვე კაცი იყოს და ოჯახის შექმნა შეეძლოს. ზოგს კი უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ ისწავლოს, გამოცდილება შეიძინოს...

- როგორი დედა ხართ?

- ჩვეულებრივი. ვცდილობ, ჩემი შვილები კარგად იყვნენ და იმ საკითხებში არ ჩავერიო, რაც ჩემი საქმე არ არის.

ეთო ყორღანაშვილი