ერთ როლში გაერთიანებული ორი პროფესია - გზაპრესი

ერთ როლში გაერთიანებული ორი პროფესია

ზუკას 2 პროფესია აქვს: ის ერთდროულად მსახიობიც არის და ფსიქოლოგიც. ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში აუტისტ ბავშვებს თერაპიის კურსს უტარებს და თავისი გმირის ეკრანული სახის შექმნაში სწორედ პრაქტიკული საქმიანობა დაეხმარა. ზუკა ილიაუნის თეატრში თამაშობს. ჩვენი შეხვედრა წინასაპრემიერო რეპეტიციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ ამ თეატრში შედგა.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 16 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მაშინ არც ფსიქოლოგობაზე ვფიქრობდი და არც - მსახიობობაზე. ხან პოლიციელობა მინდოდა, ხანაც - ექიმობა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ბევრ რამეს ამბობენ. მაგალითად, - პუტკუნააო.

GzaPress

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ვემსახურები საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და მაინტერესებს. ორივე სფეროში ბოლომდე ვიხარჯები. ბედნიერი ვარ, რომ მყავს კარგი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ. ბედნიერებას მანიჭებს კარგი მუსიკის მოსმენაც.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...კეთილი ვარ და ეს მართლა ძალიან მომწონს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი უნებისყოფო ვარ.

- არ მჩვევია...

- ...ამას რომ წაიკითხავენ, ბევრს იცინებენ, მაგრამ დამიჯერე, გულწრფელი ვარ, ტყუილების თქმა არ მჩვევია. რატომ იცინებენ? - მაბრალებენ, მეგრელი აფერისტი ხარო. ასე ნამდვილად არ არის. ტყუილებს ვერ ვიტან, ურთიერთობაში ეს ჩემთვის ძალზე მიუღებელია. მაქსიმუმ, უწყინარი, სახუმარო ტყუილი ვთქვა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ჯერ ასაკით პატარა ვარ საიმისოდ, რომ წარმატებულად მივიჩნიო თავი. ამას დრო გვიჩვენებს. ქუჩაში პირველად ამ სერიალში გამოსვლის შემდეგ რომ მიცნეს, მესიამოვნა. ზოგიერთი მოდის და მელაპარაკება, ზოგიერთი კი თვალს მაყოლებს. ამ სერიალში ბევრი მაღალი დონის მსახიობი თამაშობს. მაგალითად, ნინო კასრაძე (ჩემი გმირის და) არაჩვეულებრივი პარტნიორია.

GzaPress

- ეკრანზე გამოჩენისას ჩემმა პაციენტებმა...

- ...მიცნეს და ეს მათმა მშობლებმა მითხრეს. ზოგადად, განსხვავებულის (ადამიანი, აზრი, მოვლენა - არ აქვს მნიშვნელობა) მიმართ ქვეყანაში თავისებური დამოკიდებულება აქვთ. სამწუხაროა, რომ საქართველოში ბევრი აუტისტი ბავშვი გვყავს. უნდა ითქვას ისიც, რომ მათი კიდევ უფრო მატება შეინიშნება.

- სერიალში ჩემი გმირი...

- ...ირაკლი დადებითი ადამიანია, კეთილია, მაგრამ ცოტათი ჩაკეტილი. ეს თვისებები მეც მაქვს. დიდად გახსნილი არ ვარ, მით უმეტეს - საჯარო სივრცეში.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...წონის პრობლემას მოვაგვარებდი და მერე ალბათ, რაღაცების შეცვლაც მომინდებოდა.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა ვიხსენებ...

- ...ერთხელ ნასვამმა ისეთი რამ ჩავიდინე, დღეს რომ მახსენდება, ძალიან მრცხვენია, მაგრამ იმ ამბავს საჯაროდ ვერ ვიტყვი.

- ვიბნევი, როცა...

- ...უცხო საზოგადოებაში აღმოვჩნდები, სხვა შემთხვევაში - ნაკლებად. ლამაზი გოგოს დანახვისას არ ვიბნევი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არ ვნანობ, მაგრამ ვცდილობ, აღარ გავიმეორო. შეცდომებს ხშირად არც ვიხსენებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...დასვენება მინდა და ახლობლებთან ერთად სიამოვნებით დავისვენებდი ზღვის სანაპიროზე. ზღვა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...ძალიან ძნელია. ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს ვინარჩუნებ.

- სიყვარული ეს...

- ...ამ გრძნობაზე როგორ უნდა ვილაპარაკო? მედიცინამ შიზოფრენიის ერთ-ერთ ფორმად აღიარა. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რაღაცები გემართება, სხვანაირი ხდები... არ ვიცი, ეს როგორ აგიხსნა?

- როცა პირველად შემიყვარდა...

- ...მაშინ ბაღში დავდიოდი და ის გოგო დატანჯული მყავდა, სულ თმას ვაწიწკნიდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- ქალი უნდა იყოს...

- ...იდეალური არ არსებობს, მაგრამ ჩემთვის მისაღები იქნება ის, რომელიც მე მემსგავსება (გარეგნობას არ ვგულისხმობ).

GzaPress

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პოლიტიკურ პარტიას შევქმნიდი (იცინის). განა მართლა, ვიხუმრე.

- პოლიტიკა...

- ...არ მაინტერესებს და არც მიყვარს.

- მე რომ პრეზიდენტი ვიყო...

- ...ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებდი, რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ვიზრუნებდი. ღრმად ვარ დარწმუნებული, პრეზიდენტი არასდროს ვიქნები.

- თავისუფლება...

- ...ეგეც სიყვარულივითაა, ძნელად ასახსნელია. ყველა ადამიანს თავისებურად ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა.

- როცა დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ბევრს ვეწევი.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ..პოლიციელი, ექიმი. მართალია, თერაპიის კურსს ვატარებ, მაგრამ დიაგნოზის დასმის უფლება არ მაქვს.

- მინდა ვიცოდე...

- ...ბევრი უცხო ენა, მაგრამ მხოლოდ მეგრული ვიცი. ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ერთ კონკრეტულ პიროვნებას ვერ დავასახელებ. ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა ყურს მხოლოდ საკუთარ თავს ვუგდებ, ზოგჯერ მთლიანად სხვაზე ვარ მინდობილი.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...მართალი ვარ და მეწინააღმდეგებიან. მგონია, რომ ჯიუტი არ ვარ ან ძალიან ჯიუტი ვარ და ამის აღირება არ მინდა.

- ჩემი საქმიანობიდან ყველაზე ემოციურად მახსოვს...

- ...ჩემი პირველი პაციენტი. ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ეტაპი იყო. მაშინ ბევრ რამეს თავადაც ვსწავლობდი. ერთ წელზე მეტი მქონდა მასთან ურთიერთობა და ერთმანეთს რაღაცნაირად შევეჩვიეთ. მერე სამსახური შევიცვალე, ის კი ისევ იმ ცენტრში დადის. ახლა დღეში 5 ბავშვთან ვმუშაობ, თითოეულს ერთსაათიანი თერაპიის კურსს ვუტარებ. მათთან ერთად ხშირად, პარალელურ რეჟიმში მშობლებსაც ველაპარაკები...

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...კულისებში ძალიან ვნერვიულობ. გავალ სცენაზე და მღელვარება მომენტალურად მეხსნება. რამდენჯერმე ტექსტი დამავიწყდა, მაგრამ საკუთარი სიტყვებით მდგომარეობიდან თავი დავიძვრინე. სერიალში ისეთი ტექსტი მაქვს, დამახსოვრება დიდად არც უნდა. იქ უფრო მანერები და ემოციაა მთავარი. რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ დადგა ჟან-ბატისტ მოლიერის - "სკაპენის ოინები", რომელშიც ძალიან საინტერესო როლი მაქვს: პერსონაჟში 2 პიროვნებაა გაერთიანებული. ცოტათი თავისებური და ჭორიკანა, მაგრამ სათამაშოდ საკმაოდ საინტერესო როლია. პრემიერა რამდენიმე დღეში გაიმართება.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- მიყვარხართ!

თამუნა კვინიკაძე