არაორდინარული მაგდა ვასაძის "დაბრუნება ბავშვობაში" - გზაპრესი

არაორდინარული მაგდა ვასაძის "დაბრუნება ბავშვობაში"

- როგორი ბავშვი იყავი?

- როგორც ბავშვების უმეტესობა, მეც ცელქი გახლდით. როცა რაღაც არ მომწონდა, ვაპროტესტებდი... აი, ბავშვობის დროინდელ ამ ფოტოზე გვერდით ჩემი და - ხათუნა მიდგას. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა სულ რაღაც, 11 თვეა.

- მშობლებზე გვიამბე რამე...

- ჩემი მშობლები თავის დროზე ერთად სწავლობდნენ. ოჯახი რომ შექმნეს, დედა 17 წლის იყო, მამა - 20-ის. სამი შვილის მშობლები არიან და ყველანი ერთად, ძალიან ტკბილად, გემრიელად ვცხოვრობთ. აი, ამ ფოტოზე ჩემი ოჯახია. ეს სურათი 1991 წელს, ბაკურიანში გადავიღეთ. იქ ხშირად ჩავდიოდით დასასვენებლად.

- ძმა არ გყავს?

GzaPress- არა, სამი და ვართ: მე, ხათუნა და მარიტა. ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა. მახსოვს, ზღვაზე ხშირად ვიპარებოდით. ძალიან მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ თუ რაიმეს დავაშავებდი, ამას ვერ ვმალავდი და ხშირად ვისჯებოდი. აი, ეს ფოტო, სადაც დებთან ერთად ვარ, ძალიან მიყვარს.

- პრანჭია იყავი?

- არა, პრანჭია ნამდვილად არ ვიყავი. თვალები უფრო სიცელქისკენ გამირბოდა და სულ ხეებზე დავძვრებოდი. პრანჭია და ნაზი ჩემი და - ხათუნა იყო. მახსოვს, მამიდის ტანსაცმელს და პარფიუმერიას არ "ვახარებდით". მას ჭრელი, ლამაზი სამოსი ჰქონდა და ძალიან მოგვწონდა.

- ამ სურათში დედას ძალიან ჰგავხარ...

- დედას ყოველთვის მამსგავსებდნენ, მაგრამ რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტად ვემსგავსები.

- მოსწავლეობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?

- სკოლაში მოსწავლის ფორმით დავდიოდი. ცოტა რომ წამოვიზარდე და თინეიჯერობის ასაკს მივაღწიე, ვცდილობდი, განსხვავებულად, არაორდინარულად ჩამეცვა. თავისუფალი სტილის სამოსი - ჯინსი, კედი მომწონდა. ხშირად, ჯაჭვებიც მეკეთა. მოკლე ვარცხნილობა მქონდა, გვერდებში აპარსული.

GzaPress

- სკოლის დამთვარების შემდეგ იმიჯი შეიცვალე?

- 15 წლის ვიყავი, სკოლიდან რომ გამოვედი და ლევან ლაღიძის სამუსიკო კოლეჯში ჩავაბარე... ჩემმა კლასელებმა სკოლა რომ დაამთავრეს, ბანკეტზე მეც მიმიწვიეს. ვერ ვიტყვი, რომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე. ჩემთვის მთავარი იყო, მეგობრებთან ერთად კარგი დრო გამეტარებინა. მახსოვს, ბანკეტზე რამდენიმე სიმღერა შევასრულე და კარგად გავერთე.

- ახლახან თმა წითლად შეიღებე...

- თმა პირველად 16 წლისამ, შავად შევიღებე. ეს ფერი მაშინ ძალიან მომწონდა. ბუნებრივად მუქი წაბლისფერი თმა მაქვს... ვიდრე "ახალი ხმა" დაიწყებოდა, ქერა გავხდი. მაინტერესებდა, მომიხდებოდა თუ არა. არ მომიხდა, ამიტომ ისევ გადავიღებე. მომწონდა, როცა არაორდინარულად გამოვიყურებოდი... 20 წლის ვიყავი, შვილი რომ შემეძინა და დედობამ შემცვალა, უფრო ნაზი გავხდი. მაგრამ რაც ბუნებაში გიზის, იმას ვერსად წაუხვალ (იცინის). ჰოდა, როცა შავი თმა ისევ მომბეზრდა, წითლად შევიღებე. ვამბობ, რომ ბავშვობას დავუბრუნდი.

- პროექტში - "ორი ვარსკვლავი" მოკლე ვარცხნილობით იყავი...

- ჩემი ბუნებრივი თმა ტალღოვანია. "ორი ვარსკვლავის" დაწყებამდე თმა მოკლედ იმიტომ შევიჭერი, რომ ქიმიურად მქონდა დახვეული, რის გამოც ფორმა დაკარგა, უცნაურად იწეწებოდა. ისე, ხშირად ვიცვლი ვარცხნილობას; ამ მხრივ ექსპერიმენტებს არ ვერიდები.

- მაკიაჟის გაკეთება როდის დაიწყე?

- სტუდენტობისას, დაახლოებით ბოლო კურსზე ყოფნისას მხოლოდ ფანქარსა და ტუშს ვისვამდი. აი, ახლა კი თითქმის ყოველდღიურად მიწევს მაკიაჟის გაკეთება, რადგან სხვაგვარად სცენაზე ვერ გავალ.

GzaPress

- სახის კანის მოსავლელად რაიმე ნიღაბს იყენებ?

- არანაირ ნიღაბს არ ვხმარობ. უბრალოდ, მშრალი კანი მაქვს და დამატენიანებელ კრემს ვისვამ ხოლმე.

- ამ სურათში დაახლოებით რამდენი წლის ხარ?

- ეს ფოტო 2004 წელს, გრიგოლეთშია გადაღებული. აქ 18 წლის ვარ. ბანაკში ვიყავი, რომელსაც "ოქროს აკვანი" ერქვა. მართლაც, დაუვიწყარი პერიოდი იყო. ათასგვარ თამაშს ვიგონებდით, დროს მხიარულად ვატარებდით. ეს ფოტო მაშინ გადაიღეს, როცა ბიჭები "პოდიუმზე" იყვნენ. ჩვენ ყველაზე ორიგინალურები ვიყავით (იცინის).

- თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

- თავის მოვლა მიყვარს. მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები, მაგრამ რომ გითხრათ, სალონებში სიარულით საკუთარ თავს ხშირად ვანებივრებ-მეთქი, მოგატყუებთ.

- ზაფხულისთვის გარდერობი უკვე განაახლე?

- იმდენი სამოსი მაქვს, რომ არ ვიცი, სად წავიღო. ჰოდა, სულ ვარიგებ. ჩემს გარდერობში შავი ტანსაცმელი ჭარბობს და მინდა, ამ მხრივ ცვლილებები შევიტანო. თავისუფალი და კომფორტული სამოსი მომწონს.

- სამოსის შერჩევისას ვის აზრს ითვალისწინებ?

- მთავარია, მე მომეწონოს და სხვის აზრს მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

GzaPress- ამ ეტაპზე სიმშვიდეა. მყავს შეყვარებული და ახლო მომავალში დაოჯახებასაც ვგეგმავთ. ის არაჩვეულებრივი ადამიანია, მიზანსწრაფული და გულწრფელი.

- შენი გულის მოგება ძნელია?

- იოლი ნამდვილად არ არის. არ მიყვარს ტყუილი. ვერ ვიტან აფერისტებსა და მოძალადეებს, რომლებიც შენს აზრს პატივს არ სცემენ.

- შეყვარებულს თუ მოეწონა შენი ახალი იმიჯი?

- მას გრძელი თმა მოსწონს, მაგრამ ასე მითხრა: მთავარია, შენ მოგწონდეს და თავს კომფორტულად გრძნობდეო.

- ოდესმე საკუთარ გარეგნობაში ქირურგიული გზით რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- მომწონს ჩემი გარეგნობა. სრულიად მაკმაყოფილებს ყველაფერი, რაც მაქვს. ერთადერთი, რასაც გამოვასწორებდი, ზედმეტი წონის მოცილებაა. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ მიზანსაც მივაღწევ (იცინის).

მარეხ ჭონიშვილი