ტკბილეული, ცხარე კერძები და იდეალური აღნაგობა - გზაპრესი

ტკბილეული, ცხარე კერძები და იდეალური აღნაგობა

ისეთ ძლიერ სიყვარულზე ოცნებობს, როგორიც ამ ფილმშია აღწერილი... უბრალოება და ცხოვრებისეული ამბები აინტერესებს. არ მოსწონს მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილი წიგნები...

GzaPress- ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს, ამიტომ ზოგისთვის შეიძლება, გემოვნებიანი ვიყო, ზოგისთვის - არა.

- ძირითადად, გარშემო მყოფები გემოვნებიან ადამიანად მიგიჩნევენ?

- კი (იღიმის).

- შენს გემოვნებას რა საკითხში ენდობიან?

- ბოლო დროს, ბავშვების საცეკვაო ტანსაცმელთან დაკავშირებით, კრიტერიუმები გვაქვს: ბრჭყვიალა დეტალების, სვაროვსკის თვლების გამოყენება არ შეიძლება. კაბის სიგრძის და სადა მოდელის შერჩევის დროსაც შეზღუდულები ვართ. მოგეხსენებათ, დედაჩემი ძალიან კარგად კერავს, მე კი საინტერესო მოდელებს ვიგონებ - კონკურსებზე ამას ყველა აღნიშნავს. ვფიქრობ, ჩემი მოსწავლეები საცეკვაოდ ყოველთვის გემოვნებიანად ჩაცმულები გადიან.

- შენი აზრით, ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე რა ახდენს გავლენას?

- რა თქმა უნდა, ოჯახი, გარემო და თავად ადამიანი. თუმცა, ზოგს ძალზე გემოვნებიანი მშობლები ჰყავს, მაგრამ თავად არ ფლობს ამ ნიჭს... ისე კი, გემოვნების განვითარება შეიძლება: თუ რაღაც გაინტერესებს, ინფორმაციას მოიძიებ და ისწავლი, რა როგორ ჯობია.

- ყოველდღიურ სამოსზე რას გვეტყვი?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მოდური ვარ, მაგრამ ვცდილობ, გარდერობი ჩემს გემოვნებას მოვარგო. საერთოდ, ინდივიდუალურობა მომწონს. ფეხსაცმლის შეკერვა მიყვარს: მე და დიზაინერი მოდელს ერთად ვიგონებთ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განსაკუთრებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ისეთი მარტო მე მაცვია ხოლმე (იცინის).

- ყოველდღიურად როგორ იცვამ?

- ხასიათის მიხედვით. ისე კი, ნებისმიერი სტილის სამოსის მორგება შემიძლია. თუკი თინეიჯერულ განწყობილებაზე ვარ, სპორტულად ვიცვამ; როცა "გოგოშკურ" ხასიათზე ვარ, კაბაში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- კარგი კულინარი ხარ?

- არ ვიცი... ბავშვობაში კერძების მოგონება და მომზადება მიყვარდა (იღიმის). ახლა რომ მახსენდება, მეცინება... სხვადასხვა ინგრედიენტს ვიღებდი და საჭმელს ვამზადებდი. საერთოდ, "კარგი ხელი" მაქვს. უბრალოდ, დიდი ხანია, არაფერი მომიმზადებია, რადგან შინ იშვიათად ვარ. დედა ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. ამიტომ სამზარეულოში ტრიალი აღარ მიწევს.

- როგორი კერძები მოგწონს?

- ცხარე. ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს. ხინკალს, მწვადს, ქაბაბს სიამოვნებით გეახლებით.

GzaPress

- ტკბილეული არ გიყვარს?

- ვგიჟდები, ისე მიყვარს! საერთოდ, ასე ვიქცევი: ტკბილეულს რომ შევჭამ, მშივდება და მწარეს ვჭამ, შემდეგ - ისევ ტკბილს (იცინის)... ახალ-ახალი კერძის გასინჯვაც მიყვარს - გურმანი ვარ.

- შვებულების პერიოდში, როცა აქტიურად აღარ ცეკვავ, არ ვარჯიშობ, გემრიელად თუ იკვებები?

- ყოველთვის გემრიელად ვიკვებები, რადგან კვება ჩემს წონაზე არ მოქმედებს. ჩემი მშობლებიც გამხდრები არიან. სხვათა შორის, ვინც პირადად მნახულობს, ყველა მეუბნება, - უიმე, როგორი გამხდარი ყოფილხარო. ეკრანზე უფრო "დიდი" ვჩანვარ. ზოგჯერ მინდა, წონაში მოვიმატო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ალბათ იმიტომ, რომ სულ ენერგიას ვხარჯავ. დასასვენებლად როცა მივდივარ, ამ დროს ძალებს ვიღდგენ და გასუქების არ მეშინია. ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა. წონაში იმდენი არასოდეს მომიმატია, მერე დიეტა რომ დამეცვა.

- დასასვენებლად როგორ ადგილს არჩევ?

- ზღვა ძალიან მიყვარს. ადრე ეგვიპტეში არასდროს ვყოფილვარ. პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დასრულების შემდეგ, ნოდიკომ შარმ-ელ-შეიხში დამპატიჟა. ვერ ვიტყვი, რომ კომფორტი არ მიყვარს, მაგრამ იმ დროს ეს საერთოდ არ მაინტერესებდა (თუმცა, ძალიან კარგ სასტუმროში ვიყავით), რადგან იქ ულამაზესი ბუნება იყო! მთაც მიყვარს, მაგრამ ზღვა უფრო "ჩემია". თან, ჰოროსკოპით კირჩხიბი ვარ (იცინის).

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- რომ გითხრა, ძალიან მიყვარს-მეთქი, მოგატყუებ. წიგნსაც გააჩნია...

GzaPress

- როგორი წიგნები მოგწონს?

- ცხოვრებისეული. მაღალფარდოვანი სიტყვებით დაწერილი ნაწარმოებები არ მიყვარს. განა იმიტომ, რომ ასეთი სიტყვების მნიშვნელობა არ მესმის? უბრალოდ, ცხოვრებაშიც არ მომწონს, როცა სიყვარულს "რაღაცნაირად" აღწერენ ხოლმე... უბრალო სიტყვები და ცხოვრებისეული ამბები მიყვარს. რემარკის შემოქმედება ძალიან მომწონს, განსაკუთრებულად - "სამი მეგობარი". რემარკის წერის სტილიც მომწონს.

- შენი მოსაზრებებისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთან მეგობრობა შეგიძლია?

- მეგობრობა ყველასთან შემიძლია. ჩემს აზრს თავს არავის ვახვევ. როცა ვხედავ, ადამიანი ჩემს შეხედულებებს საერთოდ არ იზიარებს, უბრალოდ, ძალიან ახლოს არ მოვუშვებ. ჩვეულებრივი ურთიერთობისთვის აზრთა სხვადასხვაობა მისაღებია. მთავარია, ადამიანი კონფლიქტური არ იყოს.

- შეიძლება, განათლებული ადამიანი უგემოვნო იყოს?

- რა თქმა უნდა! შეიძლება, ჩემს გემოვნებაში არ "ჯდებოდეს", მაგრამ მისთვის ესა თუ ის ნივთი გემოვნებიანი იყოს, ამიტომ ვერც შევეკამათები.

- ყველაზე სასარგებლო რჩევებს ვინ გაძლევს? ვის გემოვნებას ენდობი?

- დაქალს დავასახელებ. სხვათა შორის, ჩვენ თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს. მომწონს, როგორც იცვამს და მასაც მოსწონს ჩემი გემოვნება. როცა რჩევა გვჭირდება, ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით.

- გქონია შემთხვევა, როცა წვეულებაზე შენი ჩაცმულობა ქილიკის საგანი გამხდარა?

- არასოდეს. ეს ალბათ, ძალიან საშინელი შეგრძნება იქნება (იცინის).

- შენი ოთახი საკუთარი გემოვნებით გაქვს მოწყობილი?

- მე ცალკე ოთახი არ მაქვს. არც მცალია, რომ დავჯდე და სახლში რაღაცები ჩემი გემოვნებით ვაკეთო, მაგრამ როცა ინტერნეტით ინტერიერს ვათვალიერებ, წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემი ოთახი როგორი იქნება... ალბათ, როცა საკუთარი ბინა მექნება, იქ უკვე ყველაფერს თავად მოვაწყობ. დიდი და ნათელი სივრცე მიყვარს, ჭერიდან იატაკამდე ფანჯრები მომწონს...

GzaPress

- კინოთეატრში სიარული გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ საამისოდ არ მცალია (იცინის). როცა ადამიანი კვირაში 7 დღე მუშაობ და სამუშაოს ყველაზე ადრე, საღამოს 10 საათზე ამთავრებ, კინოთეატრში წასასვლელად ძალაც არ გრჩება. როცა დაღლილი ვარ, მირჩევნია, მეგობრები ვნახო და ჩემთვის სასიამოვნო ადამიანებთან საუბრით განვიტვირთო.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ჭკვიანი, კაცური, დამოუკიდებელი, ძლიერი ხასიათის, იუმორის მქონე, ეშხიანი უნდა იყოს და "სხვანაირად" მიყურებდეს - უნდა ვგრძნობდე, რომ მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი ვარ.

- შენსა და ნოდიკო ტატიშვილს შორის რა ხდება?

- ნოდიკო გულითა და სულით მიყვარს. ის ჩემი უახლოესი მეგობარია.

- შესაძლოა, თქვენ შორის რომანი გაღვივდეს?

- არა. მეგობრები ვართ. ჩემი გული დაკავებულია.

ეთო ყორღანაშვილი