რუსეთში პოპულარული კიდევ ერთი ქართველი - გზაპრესი

რუსეთში პოპულარული კიდევ ერთი ქართველი

ყოველთვის და ყველგან აღნიშნავს, რომ ქართველია. "ძალიან მიყვარს პოდიუმი და ფოტოკამერების წინ პოზირება.

ყველაზე მეტად კი ხალხით სავსე დარბაზში, მიკროფონით ხელში გამოსვლა მსიამოვნებს. სხვათა შორის, დამსწრე საზოგადოებას ხშირად, ქართულად - "გამარჯობათი" ვესალმები", - ამბობს თია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი მუსიკალურ არხზე, საკმაოდ რეიტინგული გადაცემის წამყვანია. მას ინტერნეტით დავუკავშირდით.

- უმშვენიერეს ქალაქში - ქობულეთში დავიბადე. ბავშვობიდანვე მიყვარდა წერა და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროფესიად ჟურნალისტიკას ავირჩევდი. საკმაოდ ადრე - 3 წლისა თავისუფლად ვკითხულობდი, ვითვლიდი და ა.შ. 4 წლისამ კი გამრავლების ტაბულა დამოუკიდებლად ვისწავლე და 5 წლის უკვე ქობულეთის ლიცეუმის მოსწავლე გავხდი.

GzaPress

- საცხოვრებლად მოსკოვში რატომ გადახვედით?

- მე-4 კლასში ვიყავი, როდესაც რუსეთში ჩამოვედით. თავდაპირველად კერძო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ კი - რუსულ ლიცეუმში, რომელიც ვერცხლის მედალზე დავამთავრე.

- დედმამიშვილები თუ გყავს?

- მყავს ერთი და, რომელიც ჩემზე უფროსია და პროფესიით დიზაინერი გახლავთ. მოსკოვის სახელმწიფო კოლეჯი დაამთავრა. არაჩვეულებრივად ხატავს. ასევე, გალობს ქართულ ეკლესიაში. რაც შეეხება მშობლებს: ორივეს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მოსკოვში ვცხოვრობთ, ჩვენს ოჯახში ქართული მენტალიტეტი და ტრადიციები პირველ ადგილზე დგას.

- საბოლოოდ, რა პროფესია აირჩიე?

- ჯერჯერობით 3 დიპლომი მაქვს. ჯერ სკოლამდელ ბავშვთა ფსიქოლოგიით დავინტერესდი და მოსკოვის სახელმწიფო ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩემი მეორე და ძირითადი პროფესია - ლინგვისტ-თარჯიმანია, მესამე - ტელე-რადიოწამყვანი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. ასევე, ვსწავლობდი კემბრიჯის უნივერსიტეტის ფილიალში და თავისუფლად ვფლობ რუსულ, ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებს. სხვათა შორის, შექსპირის სონეტები მაქვს ნათარგმნი.

GzaPress

- სამოდელო საქმიანობა როდისღა დაიწყე?

- მოდელობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. 15 წლის ვიყავი, მოდელობა რომ დავიწყე. ვფიქრობ, ეს საქმე საკმაოდ კარგად გამომდის, მაგრამ ეს ალბათ, ჩემთვის ჰობი უფროა...

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენებასა თუ ფოტოსესიაში ვმონაწილეობ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინერი მომწონს. დიდ პატივს ვცემ ქართველ დიზაინერებს... ამჟამად, ძალიან მომწონს ალექსანდრე არუთინოვი. მისი კოსტიუმებით პოდიუმზე გასვლა მსიამოვნებს და ამაზე არასდროს ვამბობ უარს. ის ძალიან ნიჭიერი დიზაინერია და რაც მთავარია, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ქართველები ძალიან უყვარს, მათ პატივს სცემს. მისი მოდელები რუსეთში საკმაოდ პოპულარულები არიან. სწორედ ალექსანდრეს სამოსით ვიქნები წელს "muz TV"-ს პრემიერაზე, რომელიც ყაზახეთში ტარდება.

- როგორც ვიცი, თია ივერიელი შენი ფსევდონიმია. რუსეთში ნამდვილი სახელითა და გვარით რატომ არ გიცნობს საზოგადოება?

- ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი ხატია ჩხიკვაძეა. ვფიქრობ, თია ივერიელი უფრო იოლი გამოსათქმელი და დასამახსოვრებელია. ჩემი ფსევდონიმით ხაზს ვუსვამ იმას, რომ ქართველი ვარ... მას შემდეგ, რაც სილამაზის კონკურსში გავიმარჯვე, მოსკოვში საკმაოდ "მოთხოვნადი" და პოპულარული გოგონა გავხდი. რუსეთში ჩატარდა ინტერნაციონალური სილამაზის კონკურსი "მის ზემლიაჩკა", სადაც ქართული კაბით გამოვედი და გავხდი "მის ტრადიცია" და "მის ერუდიცია". მანამდე კი, რუსეთში არსებულმა ქართველთა კავშირმა გამართა კონკურსი და გავხდი "მის საქართველო რუსეთში". სხვათა შორის, "მის ზემლიაჩკაზე" ყველა ეროვნების მოდელი ეროვნული სამოსით გამოდიოდა, გვისვამდნენ ინტელექტუალურ კითხვებს... კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მუსიკალურ ტელეარხზე გამოჩენამ მომიტანა. ეკრანი მაინც, სულ სხვაა!

GzaPress

- ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

- ტელევიზიაში მოხვედრას დიდი შრომა, პრაქტიკა, გამართლება და იღბალი სჭირდება. როცა მოდელად ვმუშაობდი, სხვადასხვა ტელეარხიდან მიკავშირდებოდნენ ინტერვიუსთვის და საზოგადოება მეტ-ნაკლებად მიცნობდა... მერე უკვე მივიღე შემოთავაზება, რომ ერთ-ერთ რუსულ არხთან მეთანამშრომლა. ჰოდა, ვინაიდან ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, ცნობილი და პოპულარული ტელეწამყვანი ვყოფილიყავი, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მიზნის მისაღწევად საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. თავიდან მოვხვდი "ნტვ-ზე", სადაც 3 წელი კორესპონდენტად ვმუშაობდი. ეს ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, დიდი პრაქტიკა იყო, რამაც შემდეგ ხელი შემიწყო იმაში, რომ საბოლოოდ ტელეწამყვანად ჩამოვყალიბებულიყავი.

ერთხელ მოსკოვის ტელეცენტრში მუსიკალური ტელეარხის პროდიუსერს შევხვდი. ამ ქალს ეტყობა, მოვეწონე და მუსიკალური გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი. გადაცემას "მუსიკალური ყუთი" დავარქვით და ხშირად მოსკოვში მყოფ ქართველ მომღერლებზეც ვამზადებთ ხოლმე სიუჟეტს.

- მოსკოვში მცხოვრებ ქართველ მომღერლებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვს?

- ჩემი საქართველო მართლა ძალიან მიყვარს და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, ყველა ქართველთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. ხშირად დავდივარ ზურაბ წერეთლის გალერეაში, ძალიან მიყვარს ეს ადგილი. იქ ყოველთვის უამრავ ნიჭიერ ადამიანს ვხვდები. მაგალითად, როდესაც ბატონ ზურაბს ორდენით აჯილდოებდნენ, იმ საღამოს წავიკითხე ლექსი - "ოდესმე, დიდი ყოფილა საქართველო" და თურმე, ბატონ რეზო ჩხეიძეს ძალიან მოვეწონე. მოვიდა, გამიცნო და მერე თავის ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის თამაში შემომთავაზა. ვწუხვარ, რომ კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი აღარ გვყავს. იმ ფილმის გადაღებაც ვეღარ მოასწრო... ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩვენს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა აქ, მოსკოვში. მიხარია, რომ უწმინდესთან გასაუბრების საშუალება მომეცა და მან დამლოცა კიდეც.

ხშირად ვარ საქველმოქმედო საღამოს წამყვანი, რომელშიც ქართველი მომღერლებიც მონაწილეობენ.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთ რუსულ ფილმში გადაგიღეს...

- დიახ, დოკუმენტურ ფილმში გადამიღეს, სადაც სტალინის ქალიშვილის როლს ვთამაშობდი. სიტყვები არ მქონდა, უსიტყვოდ უნდა გამომეხატა ემოციები, რაც ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩემი ნამუშევრითYმაინც კმაყოფილი დავრჩი. გაგიმხელთ, რომ ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული შემოთავაზება მაქვს: ერთ საინტერესო ფილმში მნიშვნელოვანი როლი უნდა ვითამაშო.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აუცილებლად, ქართული ტრადიციების დაცვით დავოჯახდები და აუცილებლად ქართულ ეკლესიაში დავიწერ ჯვარს, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით. ყოველთვის და ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ ქართველი ვარ და ამის გამოც, ირგვლივ მყოფებისგან სიმპათიას, უფრო მეტ პატივისცემას ვგრძნობ.

GzaPress

- ერთ დროს სპორტითაც აქტიურად იყავი დაკავებული. ასეა?

- დიახ, ყოფილი კალათბურთელი ვარ. 179 სმ ვარ სიმაღლეში. მწვრთნელი ყოველთვის მეუბნებოდა, - შენ კალათბურთისთვის დაიბადეო. თუმცა, სიმართლე გითხრათ, სპორტით დიდად დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ თავი დავანაბე. 6 წელი ლათინურამერიკულ სპორტულ ცეკვებსაც ვასრულებდი.

- თავისუფალ დროს რითი ერთობი ხოლმე?

- ძალიან მიყვარს თეატრი და ყოველთვის ვცდილობ, თვეში ერთხელ მაინც ვნახო სპექტაკლი. თავისუფალ დროს ხშირად, ლექსებს ვწერ. ასევე, მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა... სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ქართული პოეზია, განსაკუთრებით - გალაკტიონის შემოქმედება.

- როგორ ახერხებ მუდამ კარგ ფორმაში ყოფნას? გაქვს საკუთარი თავის მოვლის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი?

- რაღაც განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, თუ სპა-პროცედურებს არ ჩავთვლით. ჩემი სილამაზისა და მომხიბვლელობის საიდუმლო წყალშია. ყოველი დილა ჩემთვის წყლის დალევით და შემდეგ ფაფის მირთმევით იწყება. მართალია, ეს საჭმელი არ მიყვარს, მაგრამ ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის აუცილებელია. არასდროს ვიცავ დიეტას. საჭმელს მივირთმევ მაშინ, როცა მინდა და რამდენიც მინდა. ჰო, რაც ყველაზე მთავარია: ვიძინებ ერთსა და იმავე დროს და ვცდილობ, კარგად გამოვიძინო.

- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვს?

- მართლა ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. რაღაც იდეები ყოველთვის მაქვს, მაგრამ ამ ყველაფერზე წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. უახლოეს პერიოდში კი შეგიძლიათ მნახოთ ტელეარხზე - "RTV" და "MUZ TV"-ის მუსიკალური პრემიის დაჯილდოებაზე.

სოფო ჭონიშვილი