"ნაცარქექია ქართველ კაცს ჰგავს" - გზაპრესი

"ნაცარქექია ქართველ კაცს ჰგავს"

ამ რუბრიკაზე მუშაობის 7-წლიანი გამოცდილებიდან ვიცი - ადამიანები, რომლებიც ასეთ "შესავალს" აკეთებენ, ყოველთვის კარგი რესპონდენტები არიან. გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა.

პრეამბულის მაგიერ

- თავის დროზე, როცა გამოცდებზე გავდიოდი, რაც ვიცოდი, ისიც მავიწყდებოდა. ხშირად ვიბნეოდი. შესაძლოა, დღესაც ასე დამემართოს.

- თქვენს კაბინეტში საკმაოდ საინტერესო სამუშაო გარემოა: აფიშები, წიგნები... აქტიური მკითხველი ხართ?

- უმეტესად, ახალგამოცემულ ლიტერატურას ვეცნობი. ნაწარმოები რაღაც მომენტში წაუკითხავი თუ გრჩება, მერე გრჩება და გრჩება. სიახლის ისეთი ნაკადი მოდის, ძნელია, ყველაფრის წაკითხვა მოასწრო. საქმიანობიდან გამომდინარე, სულ პიესებზე ვარ გადართული. ახლა "ბაში-აჩუკზე" ვმუშაობ. ეს ნაწარმოები რამდენჯერ მაქვს წაკითხული, ვერ დავთვლი, ფილმიც - არაერთხელ ნანახი და ახლა თითოეულ წინადადებას დიდი გულმოდგინებით ვეცნობი. იუნესკომ წლევანდელი წელი აკაკის წლად გამოაცხადა: მწერლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. სპექტაკლს კულტურის სამინისტროს დახმარებით ვდგამთ. ამ ზაფხულს მუშაობას დავასრულებთ. ჩვენი სურვილია, პრემიერა საჩხერეში გავმართოთ და მერე რეგიონული ტურნე დავგეგმოთ. პირველად მოისინჯება დრამატულ თეატრში 3D ტექნოლოგიით სპექტაკლის ჩვენება. კომუნისტური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ფილმში აცდნენ იმ თემას, რომ ეს ნაწარმოები ჩვენს სამ წმინდანზეა - ელიზბარ და შალვა ერისთავებსა და ბიძინა ჩოლოყაშვილზე. მოზარდმა თაობამ უნდა იცოდეს ამბავი ადამიანებისა, რომლებიც სამშობლოს გამო წამებით მოკლეს. ქართველებს 100 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მათი ნეშტი სამშობლოში ჩამოგვესვენებინა, დღეს კი დაკრძალული არიან იკორთაში - ტერიტორიაზე, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ... სცენაზე ვაჩვენებთ ისტორიულ ამბავს, ყოველგვარი რომანტიზმის გარეშე.

- ოდესმე წიგნი თუ მოგიპარავთ?

- (იცინის) იქნებოდა ასეთი შემთხვევა. ამას რომ ვიტყვი, ალბათ ბატონი რობიკო სტურუა არ გამიბრაზდება. ჩემი პედაგოგი იყო ლილი იოსელიანი. ის ამბობდა, რობიკომ წიგნების მოპარვა იცისო. წიგნთან დაკავშირებით, აქლემის და ნემსის ქურდის ამბავი არ გამოგვადგება. ბატონი რობიკოს სახით, ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი რეჟისორი გვყავს. ეს მის შემოქმედებას ეტყობა. არ ვიცი, რამდენად ცოდვად ითვლება - საოჯახო ბიბლიოთეკაში აღმოვაჩენ ხოლმე სხვა ბიბლიოთეკებიდან წამოღებულ წიგნებს. თავად კი თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 100 წიგნამდე მაქვს მიტანილი.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ნაცარქექიასთან. ის ჩემთვის მხოლოდ უსაქმური პერსონაჟი არ არის, გამჭრიახი და გონებამხვილიცაა. პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" მეორე სახელი "ნაცარქექიაა". საერთოდ ვთვლი, რომ ნაცარქექია ქართული პერსონაჟია, ქართველ კაცს ჰგავს: არის ნიჭიერი, გამჭრიახი, კეთილი, მაგრამ - ზარმაცი. ხუთკუნჭულასთანაც ვიმეგობრებდი. ნაცარქექია ყოველთვის გამოსავალს პოულობს, ხუთკუნჭულა იბრძვის სხვების გადასარჩენად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გმირია. ზღაპრებში ხომ დიდი სიბრძნეა.

- პიროვნული თვისებებით საკუთარი თავი რომელი პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებიათ?

- რა თქმა უნდა, მიმიმსგავსებია, მაგრამ არ მინდა, ვინმემ თავის ქებაში ჩამომართვას. ზოგჯერ ქარის წისქვილებს ვებრძვი. საოცარი სიყვარული მეწვია, ოჯახი შექმნილი გვაქვს, "სტაჟიანი" მეუღლეები ვართ, მაგრამ გრძნობა არც ერთი წუთით არ განელებულა. ჩემი "დულსინეას" გარეშე ცხოვრება უინტერესო იქნებოდა.

- წმინდა იოანე ოქროპირი ამ სასმლის შესახებ ამბობდა: "იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისთვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ. იმისთვის, რომ ვიცინოთ და არა იმისთვის, რომ დაგვცინონ. ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძენად. სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად". რომელ სასმელზეა ლაპარაკი?

- ღვინოზე. ღვინო ხომ წმინდა სასმელად არის აღიარებული. ხშირ შემთხვევაში ბახუსი თავისას შვრება.

- "ჩემი თავია ჩემივე მტერი,/ თავი რომ არა, მე რა დამწვავდა". რომელი ნივთის მონოლოგია მიხეილ ქვლივიძის ეს ლექსი?

- ვერ გეტყვით.

- მიგანიშნებთ: საყოფაცხოვრებო ნივთია.

- არ ვიცი, მაინც ვერ გამოვიცნობ.

- ასანთი.

- მიხეილ ქვლივიძის შემოქმედება ძალიან მიყვარს. ამ წუთში მახსენდება ლექსი, რომელიც გიორგი შავგულიძეს მიუძღვნა: "რამდენი ჩვენგან წასული კაცის/ ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,/ მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც -/ კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს"... განსაკუთრებით ამ ლექსის ფინალი მომწონს: "...და თითქოს ვითვლით - ისევ და ისევ/ გულში დაგროვილ სიკეთის მარაგს,/ და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,/ რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!" მოგვიანებით ეს ლექსი ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ითქვა.

- იმ დღეს, როცა მწერალთა სახლიდან შალვა დადიანის ცხედარი გამოასვენეს, ერთი პოეტის ცხედარი დაასვენეს. დაასახელეთ ეს პოეტი.

- გალაკტიონ ტაბიძე. ამავე წელს, აპრილში გარდაიცვალა გიორგი შავგულიძეც.

- 1966 წელს, ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისისა და არგენტინის ნაკრები გუნდების თამაშის დროს ინციდენტი მოხდა. გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთ ფეხბურთელს მოედნის დატოვება მოსთხოვა. მოთამაშემ გერმანული ენა არ იცოდა და თამაში გააგრძელა. ამის შემდეგ ფეხბურთში ახალი წესი შემოიღეს. რა სიახლეზეა ლაპარაკი?

- ამ ამბის შემდეგ წითელი და ყვითელი ბარათების გამოყენება დაიწყეს. ბავშვობაში ბიძას დავყავდი სტადიონზე. ის ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპონატების მიმართ გულგრილი არ ვარ.

- რა ერქვა ძველ საბერძნეთში ადგილს, სადაც ერთმანეთს ეპაექრებოდნენ სიმღერაში, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრასა და ორატორობის ხელოვნებაში?

- თეატრი. ყველაფერი სათავეს ხალხური სანახაობიდან იღებს. საოცარია: არქიტექტურულად ისე იყო აგებული, მიკროფონი არ სჭირდებოდათ, ხმა ისე ისმოდა.

- "სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი/ სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა/ და მაღალ შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,/ შარავანდედი გადაჰფენოდა". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე ილია ჭავჭავაძე?

- განდეგილს.

- დაასრულეთ ბენიტო მუსოლინის ცნობილი ფრაზა: "ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს ქმარი, მამა და..."

- ვერ დავასრულებ.

- "...და ჯარისკაცი".

- ქართულ სინამდვილეში ამ ყველაფერს ის ემატება რომ ქართველი მამაკაცი არის შვილი. ძალიან მომწონს ეს ანეკდოტი: ინგლისელს ჰყავს ცოლი და საყვარელი და უყვარს ცოლი. იტალიელს ჰყავს ცოლი და საყვარელი და უყვარს საყვარელი. ქართველს ჰყავს ცოლი და საყვარელი და უყვარს დედა.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როცა ერთ-ერთი მათგანისგან ვიღლები, მივდივარ და მთელ ღამეს მეორესთან ვატარებ". რომელი ცნობილი დრამატურგია ამ სიტყვების ავტორი?

- პროფესიით ექიმი ანტონ ჩეხოვი იყო.

- "განგაში", "ხევისბერი გოჩა", "ნინო", "დათა თუთაშხია". ამ ფილმებიდან რომლისთვის არ დაუწერია მუსიკა რევაზ ლაღიძეს?

- "დათა თუთაშხია".

- ჩაიკოვსკის ბალეტ "გედების ტბაში" რამდენი ბალერინა ასრულებს პატარა გედების ცეკვას?

- 4.

- 1919 წელს კიევში, სოლოვცოვის თეატრში კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო" საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?

- პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო, მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი არ იყო.

- ტრადიციულ იტალიურ პიცაში აუცილებლად უნდა იყოს: ახალი პომიდვრის სოუსი, ყველი და მწვანილის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს აქვს არა მხოლოდ კულინარიული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობა. რა სიმბოლოზეა ლაპარაკი?

- იტალიის დროშის ფერებია.

- აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია ბათუ?

- "გამზრდელის".

- აინშტაინის აზრით, წარმატება შედგება 3 ნაწილისგან: პირველი არის იღბალი, მეორე - თამაში. დაასახელეთ მესამე.

- გამართლება.

- ენაზე კბილის დაჭერის უნარი.

- (იცინის) უჰ! შეუძლებელია, არ დაეთანხმო.

- თქვენ გაქვთ ეს უნარი?

- ეგ უნარი რომ არ მაქვს, ქარის წისქვილებთან ბრძოლა იმიტომ მიწევს.

- რა ემართება ადამიანის თვალის გუგას, როდესაც რაიმე საინტერესოს ისმენს?

- ფართოვდება.

- "საუკეთესო ან არაფერი" - რომელი ცნობილი ავტომწარმოებლის დევიზია ეს სიტყვები?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, "მერსედესის" იქნება.

- დიახ. ამ ძაღლის ჯიში საიდან გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც შემდეგ მოხვდა საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის სანაპიროზე. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელეთ ამ ძაღლის ჯიში.

- დალმატინელი.

- დაბოლოს: დაასრულეთ ტოლსტოის ცნობილი გამონათქვამი: "სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ ან ამოისუნთქავ, არამედ იმით, თუ რამდენჯერ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა".

თამუნა კვინიკაძე