პლაჟზე გასვლის კომპლექსები - გზაპრესი

პლაჟზე გასვლის კომპლექსები

მსოფლიო მასშტაბით, პაპარაცების კამერას პლაჟზე მონებივრე თუ ზღვაში უდარდელად მოჭყუმპალავე "ვარსკვლავების" უხერხული კადრები ხშირად დაუფიქსირებია. "ფოტოშოპის" გარეშე, ნახევრად შიშველი "ფეისების" ფოტოების ხილვა "ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის" პლაჟზე გასვლის ერთგვარი მოტივაციაც გახლავთ: ბუნებრივ გარემოში, "ვარსკვლავები" ხშირად, ისე უზადოდ ვერ გამოიყურებიან, როგორც - დამუშავებულ ფოტოებზე, ეკრანზე... საცურაო კოსტიუმში სხეულის ნაკლი თუ ღირსება თვალსაჩინოდ ჩანს, რის გამოც ზოგიერთი ადამიანი ზღვაზე დასვენების სიამოვნებაზე უარს ამბობს და ცურვის მიმართ სიყვარულს დახურულ აუზზე, სპეციალურ ჯგუფთან (რომელიც მხოლოდ თავისივე სქესის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული) ერთად იკლავს... გადავწყვიტე, ქართველ ცნობილებს შევხმიანებოდი და გამერკვია, პლაჟზე გასვლის კომპლექსი ხომ არ აწუხებთ?

"ყველანი შიშვლები იყვნენ, ჩვენ კი კოსტიუმები გვეცვა"

ზურა ხაჩიძე:

GzaPress- ნუდისტურ პლაჟზე - არა, მაგრამ 12 წლის წინ, "ქუჩის ბიჭები" ესპანეთში, ალიკანტეში ვისვენებდით (ფესტივალზე გახლდით). შეგეძლო, პლაჟზე საცურაო კოსტიუმით ან მის გარეშე ყოფილიყავი, მაგრამ ყველა შიშველი დადიოდა. ამან ჩემზე დიდი ეფექტი მოახდინა.

- "იქაური ქუდი" ხომ არ მოირგეთ?

- ყველანი შიშვლები იყვნენ, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" კი საცურაო კოსტიუმებში გახლდით.

- ალბათ ამის გამო იქცევდით ყურადღებას...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ვითარების გამოსწორება ნამდვილად არ მიცდია (იღიმის).

- პლაჟზე გასვლის კომპლექსი გაქვთ?

- როცა ზღვაზე ვარ, არაფრის კომპლექსი არ მაქვს: არც - შორტის, არც - ტრუსის.

- ზღვის სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადები?

- სულ ერთსა და იმავე ფორმაში ვარ. საერთოდ, ვვარჯიშობდი ხოლმე, მაგრამ ზღვაზე წასვლის წინ განსაკუთრებული მომზადება ჩემი სტილი არ არის.

- პლაჟზე მხარბეჭიანი, ეპილაციაგაკეთებული მამაკაცი რომ ჩაივლის, როგორი რეაქცია გაქვთ?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია: ვისაც უნდა, ეპილაციას გაიკეთებს, ვისაც არ სურს - არა. არჩევანში ყველა დამოუკიდებელია. თქვენ მიერ მოყვანილი სიტუაცია ჩემზე განსაკუთრებულ შთბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ კარგია, როცა ადამიანი ვარჯიშობს, სპორტული აღნაგობა აქვს, კარგად გამოიყურება, თავს უვლის...

"პლაჟზე მარტო გასვლის არ მეშინია"

GzaPressთაკო აბაშიძე:

- პლაჟზე გასვლის კომპლექსი რატომ უნდა მქონდეს? ზღვა ძალიან მიყვარს და კარგადაც ვცურავ. წყალში დიდი ხნით შევდივარ და ფაქტობრივად, მხრები და ბეჭები სულ დამწვარი მაქვს.

- შენთვის საცურაო კოსტიუმის შერჩევა პრობლემურია? თუ ცდილობ, სხეულის რაიმე ნაკლი დაფარო?

- საცურაო კოსტიუმსაც ისევე მარტივად ვარჩევ, როგორც სხვა ტანსაცმელს: უნდა მომიხდეს, ლამაზი ფერის იყოს...

- პლაჟზე მარტო გასულხარ?

- არა. მარტო არასოდეს ვისვენებ: ან ოჯახთან ერთად ვარ, ან - მეგობრებთან. თუმცა, პლაჟზე მარტო გასვლის არ მეშინია (იცინის).

- ნუდისტურ პლაჟზე ყოფილხარ?

- არა და რომ გითხრა, ეს ძალიან მაინტერესებს-მეთქი, მოგატყუებ. უფრო ეგზოტიკური ქვეყნების დათვალიერებით ვინტერესდები. ნუდისტურ პლაჟზე შიშველი ადამიანები არიან, იქ არანაირი სანახაობა არ არის და არც ეგზოტიკურად მეჩვენება.

- ასეთი პლაჟი მთელი სხეულის თანაბრად გარუჯის პერსპექტივითაც არ გხიბლავს?

- თანაბრად გარუჯული სხეულის დემონსტრირებას ქუჩაში მაინც ვერ მოვახდენ. ამიტომ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს (იცინის).

"არ მინდა, ხალხი შევაწუხო"

ნიკა არაბიძე:

- პლაჟზე გასვლის კომპლექსი არ მაქვს ან რატომ უნდა მქონდეს? უბრალოდ, ხალხმრავალ ადგილებს ვერიდები ხოლმე, რათა ჩემი არსებობით ხალხი ნაკლებად შევაწუხო. თუკი მაგალითად, ბაზარში შესვლა მომიწევს, ქუდითა და მზის სათვალით შევდივარ, რადგან ქუთაისში, ბაზარში ზოგი ქინძით მომდევს, ზოგი - ატმით, პამიდვრით. მეუბნებიან, - წეიღე, შვილოო. არ მინდა, ხალხი შევაწუხო, თორემ მე არანაირი კომპლექსი არ მაქვს... თან, წონაში 5 კილოს დავიკლებ და "სერიოზულ ტანზე" ვიქნები.

"პლაჟზე "კარტიც" გვითამაშია"

GzaPressქეთი კანტიძე:

- ზღვა მიყვარს, მაგრამ გარუჯვა - არა, სიცხეს ვერ ვიტან. მართალია, სრულყოფილი ტან-ფეხი არ მაქვს, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმი მაცვია ხოლმე.

- ჩვეულებრივი ანუ ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი?

- მთლიანი.

- პლაჟზე მარტო გასულხართ?

- არ შემიძლია. იქ მარტომ რა უნდა ვაკეთო?

- პლაჟზე თაყვანისმცემლები თქვენ გასაცნობად თუ მოსულან?

- ჩემს ასაკში რაღა დროს თაყვანისმცემელია? ახალგაზრდობაში მოდიოდნენ და გამიცნია კიდეც, პლაჟზე "კარტიც" გვითამაშია... მაშინ ბიჭვინთაში ვისვენებდით.

"თევზი ვარ და წყალი მიყვარს"

GzaPressკობა ბარათელი:

- ბავშვობაში პლაჟზე გასვლის კომპლექსი მქონდა, რადგან პუტკუნა ვიყავი. ახლაც პუტკუნა ვარ, მაგრამ ჟარგონულად და ვულგარულად რომ ვთქვათ, უკვე "დავიკიდე". ზღვაზე დასვენება ძალიან მომწონს. ჰოროსკოპით თევზი ვარ და წყალი მიყვარს.

- საცურაო კოსტიუმს განსაკუთრებულად არჩევთ?

- ძირითადად, შორტებს ვიცვამ.

- ნუდისტურ პლაჟზე ყოფილხართ?

- არ ვყოფილვარ. სადმე ახლომახლოს რომ იყოს, სიამოვნებით წავიდოდი.

- სიშიშვლის კომპლექსი არ შეგაწუხებდათ?

- ნუდისტურ პლაჟზე ალბათ - არა. ყველაზე უარესი მე ხომ არ ვიქნებოდი? იმედია, ჩემზე უარესი სხეულიც ექნებოდა ვინმეს და თავს ამით დავიმშვიდებდი.

"უცნაური "კუპალნიკები" მიყვარს"

ქეთი ორჯონიკიძე:

GzaPress- პლაჟზე გასვლის კომპლექსი არ მაწუხებს. ბავშვობაში მეგონა, რომ დიდი ყურები მქონდა (იცინის). ჰოდა, სარკესთან ვიდექი და ვტიროდი ხოლმე.

- ნუდისტურ პლაჟზე ხომ არ ყოფილხარ?

- ეგზიბიციონიზმის დიდი მოყვარული არ ვარ.

- საცურაო კოსტიუმის შერჩევისას რას ითვალისწინებ?

- მინდა, ისეთი კოსტიუმი შევარჩიო, რომ მკერდი პატარა გამოჩნდეს (იცინის). ცხადია, ვხუმრობ. უბრალოდ, უცნაური "კუპალნიკები" მიყვარს, რომლებიც არ იყიდება. ინტერნეტში ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. უპირატესობას შავ საცურაო კოსტიუმს ვანიჭებ, ოღონდ მთლიანს - არა.

"თავმოყვარე ვარ..."

მარიამ კუბლაშვილი:

- ძალიან მიყვარს წყალი. აგვისტოში ზღვაზე აუცილებლად წავალ, მანამდე კი უამრავი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. "შერეული" დასვენება მომწონს ანუ იქ, სადაც არის აუზი, შეგიძლია მთის ნამზეურის მიღება, საღამოს კი სიწყნარეში ყოფნა. კლუბური ცხოვრება ჩემი სტილი არ არის. ცნობილ საზღვაო კურორტებზე ღამითაც "საგიჟეთია", მე კი ბევრი ხალხი მღლის.

GzaPress- მართალია, მშვენივრად გამოიყურები, მაგრამ პლაჟზე გასვლის კომპლექსი ხომ არ გაქვს ან ხომ არ გქონია?

- როცა მუცლის პრესი ნავარჯიშები არ მქონდა ან როცა წონაში მომატებული ვიყავი, ეს არ მსიამოვნებდა და ვცდილობდი, ისეთი "კუპალნიკი" შემერჩია, რომელშიც ეს ნაკლი არ გამოჩნდებოდა. ზაფხულის დადგომასთან ერთად, დიეტას ვიწყებდი. თავმოყვარე ვარ და ვერ ვეგუები, როცა რაღაც "ისე" ვერ არის... მოკლედ, კომპლექსი არ მაქვს, მაგრამ საკმარისია, წონაში მოვიმატო და დისკომფორტს ვგრძნობ.

- უცხოეთის პლაჟებზე ყოფნისას უფრო თამამად ხომ არ გაცვია?

- სხვათა შორის - არა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გართულება არ მაქვს. მთავარია, მიხდებოდეს, მოვირგო, თორემ შეიძლება, საქართველოშიც ზედმეტად თამამად ჩავიცვა. თუმცა, ვულგარულ საცურაო კოსტიუმს არც საქართველოში ჩავიცვამ და არც - საზღვარგარეთ ყოფნისას. ისე, კარგა ხანია, საქართველოში ზღვაზე არ დამისვენია. ხომ იცით, ბათუმში დასვენება უფრო ძვირი სიამოვნებაა, ვიდრე - თურქეთში. ჰოდა, საზღვარებს მიღმა შვილთან ერთად მივდივარ ხოლმე.

- ოდესმე ნუდისტურ პლაჟზე თუ ყოფილხარ?

- გადაღებები რომ მქონდა, იბიცაზე გახლდით, სადაც ბევრი შიშველი ადამიანი ვნახე. არ მომეწონა. ეს არაესთეტიკურია! შიშველი კაცებიKრომ "ეყარნენ", სიმართლე გითხრათ, ზიზღის გრძნობა უფრო დამეუფლა, ვიდრე - აღტაცების.

- პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამარჯვებული ხარ....

- (მაწყვეტინებს) ჰოდა, ძალიან მაგარ განწყობილებაზე ვარ! გამარჯვებას არ ველოდი. ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ლევანი გაიმარჯვებდა.

- სცენაზეც აღნიშნე, რომ გამარჯვების შემდეგ შენი ცხოვრება შეიცვლება...

- ცეკვით და ჟიურის უამრავი კომპლიმენტით "შეპყრობილი", "დაავადებული" ვარ! შოკში ვარ! საადვოკატო ფირმაში მისულს მეტირება ხოლმე. ვიქტორმაც დიდი საჩუქარი გამიკეთა: შუადღისას საქართველოდან მიფრინავდა, მაგრამ რეისი "მოხსნა", - მარიამ, წასვლა არ შემიძლია, აქ ვიქნებიო. მართლა შოკში ვიყავი!

- ერთად მუშაობას ხომ არ აპირებთ? იქნებ მეწყვილედაც შეგარჩიოს?

- ვიქტორი ისეთი დონის მოცეკვავეა, რომ მისი მეწყვილე ვერასდროს ვიქნები. სულ ამბობდა, - პროფესიონალური ვარჯიშის დაწყება და წასვლა ძალიან მინდა, დავიღალეო. მაგრამ ეს სიტყვები ჩემს გასაბრაზებლად იყო გამიზნული. ასეთი ტიპია, სითბოს არ გამოხატავს. ბოლო წუთს ბარგი უკან რომ დააბრუნა, მაშინ მაჩვენა, რომ მისი გული აქ არის! ახლა ვზივარ და მეტირება. არადა, უამრავი საქმე მაქვს. იმდენი საბუთი მიწყვია, წაკითხვას ვერ ვასწრებ. საადვოკატო ფირმაში ხომ დასახმარებლად ასობით ადამიანი მოგვმართავს? ვიღაცას სახლი წაართვეს, ვიღაცას ქმარი ეჩხუბა, ვიღაც ალიმენტს არ იხდის... ციხიდანაც მირეკავენ. ახლა ციხეში უნდა შევიდე და პატიმრები ვნახო.

- შენს მეწყვილეზე, ვიქტორზე რას გვეტყვი?

- პროექტის მსვლელობისას ამაზე არ ვლაპარაკობდი, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შემოსავლის ნახევრით ვიქტორს ვეხმარებოდი. უბრალოდ, ეს ჩემი კეთილი ნება იყო. დავინახე, რომ ეს ბიჭი საქართველოში ჩამოვიდა, მხარში ამომიდგა. ის ასაკით ჩემზე უმცროსია და მომავალი წინ აქვს. მისგან ვიცოდი, რომ რასაც შოულობდა, ყველაფერს ცეკვას ახმარდა. ჰოდა, მის მიმართ მზრუნველობის გრძნობა გამიჩნდა, მით უმეტეს, რომ მშობლები გვერდით არ ჰყავდა. მასთან ურთიერთობას მთელი ცხოვრება გავაგრძელებ: მშრომელი და გულიანი ბიჭია!

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"