გასართობმა შოუმ, რომელსაც სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ აქვს, მეორე სეზონი ხმაურიანად დახურა - გზაპრესი

გასართობმა შოუმ, რომელსაც სატელევიზიო სივრცეში ანალოგი არ აქვს, მეორე სეზონი ხმაურიანად დახურა

გამარჯვებულმა წყვილმა - გვანცა გიორგობიანმა და ჯანო იზორიამ პრიზად ეგვიპტის 5-დღიანი საგზურები მიიღეს...

"მიმიხვდი" უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს: პოლიტიკითა თუ უცხოური მუსიკალური პროექტების ანალოგებით გაჯერებულ ქართულ ტელესივრცეში ამ შოუს ანალოგი არ აქვს. ბავშვურობა, აზარტულობა და, რაც მთავარია, გართობის სურვილი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს ახასიათებს. ამიტომაც შოუს მონაწილეებიც კარგად ერთობიან და სანახაობა ტელემაყურებლებისთვისაც საინტერესოა. "მიმიხვდის" მონაწილეებს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების, პერსონაჟების ახსნა-გამოცნობა უწევთ, ასევე, ერთმანეთს სხვა სახალისო თამაშებშიც ეჯიბრებიან... "მიმიხვდის" მეორე სეზონის შეფასება შოუს წამყვანს - თამთა ასათიანს ვთხოვეთ:

GzaPress

- გადაცემის მეორე სეზონმა ძალიან კარგად ჩაიარა. რამდენიმე ახალი ტური დავამატეთ. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ მაყურებლისთვის შოუ კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გამოვიდა, თუკი საზოგადოების გამოხმაურებით და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებით ვიმსჯელებთ...

წარმატებული სეზონის შემდეგ, გადავწყვიტეთ, არ გავჩერდეთ და მესამე სეზონი დავიწყოთ. პარასკევს მაყურებელი უკვე პირველ გადაცემას იხილავს. მესამე სეზონი კიდევ უფრო განსხვავებულია: კიდევ ერთი ტური დავამატეთ, რომელშიც მოთამაშეებს ხატვის ნიჭის გამოვლენა მოუწევთ. ესეც ძალიან სახალისოა.

- ყველაზე მეტად რომელმა მონაწილემ დაგამახსოვრა თავი?

- მეორე სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილე უდაოდ, მსახიობი მაია ლომიძე გახლდათ. ამ აზარტული, ენერგიული, ემოციური ქალბატონის ვიდეომ სოციალურ ქსელში რეკორდი მოხსნა - 100 000-ზე მეტი "ნახვა" ჰქონდა. ფაქტობრივად, ინტერნეტსენსაცია იყო!

- შენი აზრით, ამ შოუში გამარჯვებისთვის მოთამაშეს რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს?

- აზარტული და მონდომებული უნდა იყოს. გარკვეულწილად, მსახიობური ნიჭიც საჭიროა, მაგრამ როგორც წესი, ჩვენს გადაცემაში სტუმრობას თავს წარმატებით მხოლოდ მსახიობები როდი ართმევენ. ალბათ, მოხერხებული უნდა იყო და სწრაფად აზროვნება შეგეძლოს.

- "მიმიხვდისთვის" მონაწილეების დათანხმება რთულია?

- არა. ამ გადაცემის შესახებ უკვე ყველამ კარგად იცის და მონაწილეობაზე დიდი სიამოვნებით გვთანხმდებიან - შოუში მხიარულად და აზარტულად "ერთვებიან". მეორე სეზონში საკმაოდ დაძაბული ფინალი იყო. ნამდვილად ღირსეული გამარჯვებულები გვყავს.

GzaPress

გვანცა გიორგობიანი:

- ძალიან გამიხარდა, როცა გადაცემა "მიმიხვდიში" მიმიწვიეს, მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ არც ვიცოდი, ჩემი პარტნიორი ვინ იქნებოდა. მართალია, ჯანოს ვიცნობდი, მაგრამ მეგობრები არ ვყოფილვართ. ჯანოსაც წარმატებები ვუსურვე - აბა, ჩვენ ვიცით-მეთქი!..

- თამაშს ალღო იოლად აუღეთ?

- დიახ, რადგან მართლა ძალიან კარგი შოუა. ეს კარგად მოფიქრებული, სახალისო, გასართობი პროექტია. ვიცი, ხალხი ელოდება და დიდი სიამოვნებით უყურებს, ერთობა... "ფეისბუკზე" უამრავი წერილი მივიღეთ, გვილოცავდნენ... მალევე მივხვდით, რომ ბევრი გულშემატკივარი გვყავდა. ისე მოხდა, რომ იღბალი ჩვენი წყვილის მხარეს იყო და ფინალში მოვხვდით. როცა შოუში 3 საუკეთესო, "მიხვედრილი" წყვილი დავრჩით, რა თქმა უნდა, მე და ჯანომ ძალიან მოვინდომეთ, რომ გაგვემარჯვებინა. გამარჯვება ვის არ უნდა?! ორივემ ვიცოდით, რომ ბოლომდე უნდა გვებრძოლა. ჩვენ პროექტში წაგებისთვის არ მივსულვართ. თავიდანვე ბრძოლისუნარიანები ვიყავით. გულშემატკივრები მწერენ, - ფინალს გულგრილად ვერ ვუყურებთ, ძალიან ემოციურიაო. მოგეხსენებათ, ჯანომ საოცარი სიურპრიზი მომიწყო: მე წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, 15 წლამდე იქ ვცხოვრობდი, უბედნიერესი ბავშვობა გავატარე. აფხაზეთი ჩემი ტკივილი, მოუშუშებელი ჭრილობაა. იქაურობა სიგიჟემდე მენატრება და საშუალება არ მაქვს, ის ადგილი ვნახო, სადაც გავიზარდე... ჯანოს დედ-მამა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში არალეგალურად გადადიან. ჯანომ დედას შეუთვალა: - მინდა, ქოთანი აფხაზეთის მიწით აავსო და ისეთი მცენარე გამოგზავნო, რომელიც გვანცას არ აქვსო (მე ქოთნის თუ ეზოს ბევრი ყვავილი მაქვს). ასეთ სიურპრიზს ვერ წარმოვიდგენდი! ჯანომ შუა გადაღებისას მითხრა, - აფხაზეთის მიწა და ყვავილები ქოთნით ჩამოგიტანეო. ეს ჩემთვის ძალიან გულისამაჩუყებელი იყო. ვთქვი კიდეც, ეს საჩუქარი უფრო მეტად გამაძლიერებს, სტიმულს მომცემს, რომ გავიმარჯვო-მეთქი... ღირსეული მეტოქეები გვყავდა, მაგრამ თამაშისას იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. იღბალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ, ყველა მაყურებელი შეამჩნევდა, რომ მეგრულმა სისხარტემ მაინც თავისი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგობიანი ვარ, აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე და შინაგანად მეგრული ხასიათი მაქვს. ჯანო რომ მეგრელია, კი იცით... თამაშისას ისეთ აზარტში შევედით, რომ ვერავინ იტყოდა, გვანცა გიორგობიანი აზარტული არ არისო. თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი (იცინის). სამივე ტურის დროს საოცარი სიამოვნება მივიღე. თამაშის ეშხში ისე შევედი, რომ აღარ მინდოდა, დასრულებულიყო. ჩემს გამარჯვებაში ლომის წილი ჩემს ერთადერთ დას - მაკას მიუძღვის. ის ქუთაისშია გათხოვილი, 2 ბიჭის დედა გახლავთ. სწორედ მან შემაგულიანა, რომ გამარჯვებისთვის მებრძოლა, ჩემზე ფსიქოლოგიურად იმუშავა. ამიტომ პრიზად მიღებული საგზური ჩემს უსაყვარლეს დაიკოს ვაჩუქე. ბედნიერი ვარ, რომ მისი გახარების საშუალება მომეცა...

GzaPress

- "მიმიხვდის" შემდეგი სეზონის მონაწილეებს რას ურჩევთ?

- "მიმიხვდი" ჩემს საყვარელ გადაცემად იქცა და თვალყურს აუცილებლად მივადევნებ. მონაწილეებს ვეტყვი, რომ ზოგადი განათლლების გარეშე თამაში გაუჭირდებათ. უნდა იცნობდნენ მწერლებს, ნაწარმოებებს, კინორეჟისორებს, მეცნიერებს, ფილოსოფოსებს... მაგალითად, თუკი ჰემინგუეის არც ერთი ნაწარმოები არ წაგიკითხავს, სიტყვა "ჰემინგუეის" ვერ ახსნი... ასევე აუცილებელია სისხარტე. შეიძლება, ყველაფერი იცოდე, მაგრამ ახსნა დინჯად დაიწყო, შოუში კი ცოტა დრო გაქვს... მე და ჯანოს სწორედ სისხარტე დაგვეხმარა. მაგალითად, ასახსნელად "თენგიზ არჩვაძე" ამომივიდა. შემეძლო, მისი ყველა ფილმი ჩამომეთვალა, მაგრამ პირდაპირ მინიშნებაზე გადავედი და ვთქვი: - ქართველი მსახიობი კაცი, მინიშნება - "არჩვი"-მეთქი და პასუხიც მომენტალურად მივიღე (იღიმის). მოთამაშეებმა ასეთ ხრიკებს უნდა მიმართონ. ყველას წარმატებას ვუსურვებ!..

ჯანო იზორია:

- მომავალი სეზონის მოთამაშეებს ვურჩევ, სწრაფები იყვნენ. მე და გვანცა "მეგრული სისწრაფით" ვმოქმედებდით. სისხარტე უმნიშვნელოვანესია. არ უნდა დაიბნე!

- ყველაზე შთამბეჭდავი ტური რომელი იყო?

- რა თქმა უნდა, ფინალი. სიტყვა "კვერნამ" კინაღამ დამღუპა! ერთ ამბავს მოგიყვებით: ფინალის წინაღამეს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ღამით მე და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ვსეირნობდით. უეცრად რაღაც ჭყვიტინის ხმა მომესმა. მობილურით რომ გავანათე, კვერნა დავინახე - თეთრი გულმკერდით, საოცარი ბეწვით... ჩემგან მეტრ-ნახევრის მოშორებთ იდგა და ჭყვიტინებდა! რა უნდა მექნა? ვერ დავიჭერდი, ქვას ხომ არ ვესროდი (იცინის)?! მეორე დღეს ლამის გავგიჟდი - გამოსაცნობმა სიტყვა "კვერნამ" კინაღამ დაგვღუპა! სამაგიეროდ, "კორკოტმა" გვიხსნა, რადგან ჩვენმა მოწინააღმდეგემ - ტატო ჩახუნაშვილმა ვერ გამოიცნო... მოკლედ, კვერნა ჩემთვის თარს ცხოველად "გაიჩითა", რა.

- გადაცემა "მიმიხვდი" განსაკუთრებული რითია?

- ჩვენების ხარისხი ძალიან მომეწონა, ასევე - სტუდიის ბექგრაუნდი, ბრწყინვალე წამყვანი... თან, ტელევიზიებში ერთი და იგივე ამბები ხდება, ერთი და იგივე სახეები "ტრიალებენ". ამიტომ, როცა გადაცემიდან დამირეკეს, გამიხარდა. პროექტმა მოთამაშეები დაგვამეგობრა. "მიმიხვდიში" ისეთი დავალებებიც გვქონდა, როგორ სავარჯიშოებსაც თეატრალურ უნივერსიტეტში "გავდიოდით". ეს ყველაფერი მენატრებოდა. ის კი არა, ეს პროექტი ისე შემიყვარდა, რომ სახლში ფურცლებზე გვარ-სახელებს ვწერ და ძმისშვილთან ერთად "მიმიხვდის" ვთამაშობ. ძალიან მომეწონა (იცინის)!..

GzaPress

- ეგვიპტეში ვისთან ერთად მიემგზავრებით?

- შეყვარებულთან ერთად. სხვათა შორის, გამარჯვების მისაღწევად ამ ფაქტმაც იმუშავა, რომ პრიზი საყვარელი ადამიანისთვის მინდოდა. უფრო მაგრად მოვინდომე... ყველას მადლობას ვუხდი.

შოუში მეორე ადგილი მაია ლომიძემ და ბესო მეგრელიშვილმა დაიკავეს. მათ პრიზად სარესტორნო ქსელ "შარბათში" ორკაციანი ულიმიტო ვაუჩერი ერგოთ. უპრიზოდ არც ნატუკა გულისაშვილი და ტატო ჩახუნაშვილი დარჩენილან, რომლებმაც მესამე ადგილი დაიკავეს: წყვილს Summer Set-ზე,

Gინო Pარადისე-ში კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ.

მოკლედ, "პალიტრა TV"-ის მაყურებლებს აზარტული და ხალისიანი ზაფხული გელით: პარასკევ საღამოს, 19 ივნისს "მიმიხვდის" მესამე სეზონი იწყება - კიდევ უფრო საინტერესო ტურებითა და მონაწილეებით...

ეთო ყორღანაშვილი