თინი გალდავა სიყვარულსა და ფობიაზე - გზაპრესი

თინი გალდავა სიყვარულსა და ფობიაზე

ბოლომდე არცთუ სხვებს, საკუთარ თავსაც არ ენდობა. ინტუიციის წყალობით ახერხებს ოსტატურად გადაახტეს რთულ მონაკვეთებს ისე, რომ საკუთარ მისწრაფებაზე უარი არ თქვას. მხიარული და ცოტა არ იყოს, მშიშარაა. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ თინი გალდავას ზოდიაქოს ნიშანია.

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ ხასიათთან ბევრი თანხვედრა აღმოვაჩინე. პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. ამ რუბრიკამ დამაინტერესა: ასტროლოგები ჩემზე რას ამბობენ?

- "დაუშრეტელი ენერგია აქვს და უსაზღვრო ოპტიმიზმით გამოირჩევა".

- ოპტიმისტი ვარ. ნებისმიერ სიტუაციაში მჯერა, რომ მომავალი უკეთესი იქნება. იმედს არასდროს ვკარგავ. მცირედითაც კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.

GzaPress

- დეპრესიული პერიოდი თუ გქონია?

- არასდროს. ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, ერთფეროვნება კი ჩემზე ცუდად მოქმედებს, ასეთ დროს მოწყენილი ვარ. თუმცა, ამ მდგომარეობას დეპრესიას ვერ დავარქმევ.

- თუ გქონია განცდა, რომ ადამიანებს შენი არ ესმით?

- არა, მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- გამბედაობა ნამდვილად მაკლია და საკუთარ თავში ამ თვისებას ვებრძვი.

- შედეგი გაქვს?

- მგონია, რომ ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის.

- "თავნება და "ფეთქებადია".

- ფიცხი ვარ, მაგრამ სიბრაზე დიდხანს არ მიმყვება. ვინც მიცნობს, ჩემი ხასიათი იცის. უცხოებთან კონფლიქტური არ ვარ.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. ცნობისმოყვარე ვარ, მაგრამ სხვის საქმეში არასდროს ვერევი.

- შენს საქმეში სხვები ერევიან?

- არ მგონია. რომ ჩაერიონ, ალბათ, ვერც ავიტან.

- "მხიარული და ცოტა არ იყოს, მშიშარაა".

- მხიარულიც ვარ და მშიშარაც.

მაგალითად, თაგვების მეშინია, ღამე მარტო სიარული არ შემიძლია.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

GzaPress- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. ამბიცია მხოლოდ ჯანსაღი მაქვს (ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია).

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია, ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- მართალია. ვიდრე ნაბიჯს გადავდგამ, ძალიან ბევრს ვფიქრობ. ვცდილობ გავთვალო, რა შედეგი ექნება.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- მიუხედავად იმისა, რომ მშიშარა ვარ, პრობლემები არ მაფრთხობს. ასე დროს მეტად მობილიზებული და ენერგიული ვარ.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- ეკონომიური საერთოდ არ ვარ და ეს ძალიან ცუდი თვისებაა. რაც მაქვს, სულ ვხარჯავ. ანგარიშზე ან საფულეში რამდენი მაქვს, ყოველთვის ვიცი, მაგრამ შემიძლია, თანხა ერთ წუთში დავხარჯო.

- "საქმეს ალღოს ადვილად უღებს. საქმე, რომლის გაკეთებასაც სხვები საათს ანდომებენ, შეუძლია, ნახევარ საათში გააკეთოს".

- მართლა? ამას არასდროს დავკვირვებივარ. კარგია, ეს თვისება თუ მაქვს.

- არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ამავე დროს მაქვს საზღვრები, რომლის გადმოკვეთის უფლებას მხოლოდ ერთეულებს ვაძლევ. ურთიერთობაში ადამიანი ძალიან ადვილად მიყვარდება. საკუთარ თავში მომწონს ის, რომ მაქვს უნარი, სხვების კარგ განწყობაზე ვიზრუნო.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს ყურადღებას".

- ახლა შეყვარებული ვარ.

- შენი რჩეული ვინ არის?

- მსახიობი ნიკა ჩხაიძე. ერთი პერიოდი "შუა ქალაქში" თამაშობდა, ახლა სერიალში - "ტიფლისი" მონაწილეობს. ნიკაც და მეც ძალიან დაკავებულები ვართ. ჰოდა, დაოჯახებაზე ჯერ არ ვფიქრობთ.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- (იცინის) საერთოდ, ინიციატორი ნაკლებად ვარ, მით უმეტეს - ბიჭებთან ურთიერთობისას.

- "მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- ჩემი სიყვარული გონებითაც "მოვიდა" და გულითაც. ჭიდილის პერიოდი არ მქონია.

- "კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- არ მგონია, ეს თვისება ჩემში გამოკვეთილად იყოს.

- "თხის რქა პრინციპულობით, შრომისმოყვარეობით გამოირჩევა".

- შრომას ადრეული ასაკიდანვე შევეჩვიე. ბალეტს ვცეკვავდი, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. მიზანდასახული ვარ.

- "ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ასეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ".

GzaPress- მიზანი რომ არ მქონდეს, ცხოვრებას აზრი ექნება? ჩემი მიზანია პროფესიულ წარმატებებს მივაღწიო და ამისთვის ბევრს ვშრომობ.

- სერიალში ცალმხრივად ხარ შეყვარებული. რეალურ ცხოვრებაში ცალმხრივი სიყვარული განგიცდია?

- ეს ბავშვობაში განმიცდია. შეიძლება, იმ მდგომარეობას სიყვარული არც ერქვა, მაგრამ... ერთი ბიჭი მომწონდა და არ ვამბობდი. ჩემზე რას ფიქრობდა, ისიც კი არ ვიცოდი (იღიმის). ეს ბავშვური განცდა, გატაცება იყო. მერე მსგავსი რამ აღარ მქონია.

- "საქმის კეთების დროს სიფრთხილით და დაკვირვებულობით გამოირჩევა".

- ნამდვილად ასეა.

- სიტყვაძუნწი ხარ?

- გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.

- შეგიძლია საყვარელ ადამიანთანაც სიტყვაძუნწი იყო?

- თუ დაღლილი ან უხასიათოდ ვარ, ყველასთან ცოტას ვლაპარაკობ. იშვიათია, რომ ცუდ ხასიათზე ვიყო. საერთოდ, ხასიათი სწრაფად მეცვლება.

- ემოციების გამოხატვისას თავშეკავებულობა გჩვევია?

- ახლობელ ადამიანებთან ძალიან გახსნილი ვარ, თავს არ ვაკონტროლებ. თავშეკავებული მაშინ ვხდები, როცა ემოციებს სახალხოდ გამოვხატავ.

- პროფესიულ განვითარებას მეტ დროს უთმობ თუ პირად ცხოვრებას?

- ორივეს თანაბრად. დროის გადანაწილება არ მიჭირს.

- "პირადი ცხოვრების მოწყობას მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა მატერიალური თვალსაზრისით ფეხქვეშ მყარ ნიადაგს შეიქმნის".

- არასწორია.

- "თუ ისე მოხდა, რომ თხის რქა ნაადრევი ქორწინების მახეში გაება, არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს პროფესიული ამბიციების დაკმაყოფილებაზე ზრუნვას".

- ალბათ, ასე იქნება. ადრეულ ასაკში გათხოვება არასწორად მიმაჩნია. მირჩევნია, ჯერ სტაბილური მდგომარეობა შევიქმნა. მგონია, რომ შევძლებ ვიყო წარმატებული პროფესიაში და ვიყო კარგი მეუღლე, დედა...

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ნაკლებად. მშვიდი, სტაბილური ცხოვრება მირჩევნია.

- რომანტიკული ხარ?

- კი.

- ნიკა რამდენად რომანტიკული ადამიანია?

- მასაც აქვს ეს თვისება. ჩვენ ხელოვნების სფეროში ვსაქმიანობთ და ეს ხასიათზე აისახება.

- ერთმანეთის გაოცებას ხშირად ახერხებთ?

- რა თქმა უნდა. 3 წელია, ერთად ვართ. ჯგუფელები ვიყავით. ბოლოს რით გამაოცა? სახლში ღამე გვიან დავბრუნდი და სადარბაზოში რომ შევედი, იქაურობა ვარდის ფურცლებით მოფენილი დამხვდა.

- დილით მეზობლები ხომ არ გაგიბრაზდნენ?

- არა, სასწრაფოდ დავასუფთავე. მეც ვცდილობ ხოლმე, გავახარო. ერთხელ კერძები მოვამზადე და თეფშზე ისე დავდე, გულის ფორმა მივეცი, ლამაზად მოვრთე და ტაქსით უნივერსიტეტში მივუტანე.

- ერთმანეთზე ეჭვიანობთ?

- არა. საბაბსაც არ ვაძლევთ ერთმანეთს. ისე, ჩვენს ურთიერთობაში გაბუტვა, კამათი, ჩხუბი და შერიგება ხშირია. მიუხედავად ამისა, ერთმანეთს არასდროს დავშორებივართ.

GzaPress

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- მგონია, რომ ინტუიცია საერთოდ არ მაქვს. რამდენჯერმე ჩემმა წინათგრძნობამ საერთოდ არ გაამართლა. ასტროლოგები ამბობენ, რომ კარგი ინტუიცია მაქვს?

- "ინტუიციის წყალობით ახერხებს, ოსტატურად გადაახტეს რთულ მონაკვეთებს ისე, რომ საკუთარ მისწრაფებაზე უარი არ თქვას".

- კარგია. იქნებ ინტუიცია მაქვს და არ ვიცი ან თავის დროზე არასწორი გათვლები გავაკეთე?..

- "ამაოდ ეცდებით, მისი რეალური ზრახვები გამოიცნოთ. ოსტატურად ეხერხება სხვების მიმართ საკუთარი თუნდაც, უარყოფითი დამოკიდებულება თავაზიანობის ნიღბის უკან დამალოს".

- ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ. ყველა ემოცია სახეზე მაწერია. არაკონფლიქტური ვარ.

- "ამ ადამიანის ბოლომდე შესწავლა რთული კი არა, შეუძლებელია. ის არა თუ სხვებს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ ენდობა".

- ეს მართლა არ არის ჩემზე ნათქვამი. ძალიან მიმნდობი ვარ. ახალგაცნობილ ადამიანსაც კი შემიძლია, დაუფიქრებლად ვენდო.

- ამ თვისების გამო იმედგაცრუებები არ გქონია?

- მტკივნეული შემთხვევა არ მახსენდება. მხოლოდ მცირე იმედგაცრუებები იყო, რაც ყველას ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

თამუნა კვინიკაძე