ჯანეტ ქერდიყოშვილი - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგში - გზაპრესი

ჯანეტ ქერდიყოშვილი - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგში

ამისათვის მის ფოტოალბომს გადავხედეთ.

- ჯანეტ, ვიდრე ბავშვობის წლებს გაიხსენებ, შენს მშობლებზე მოგვიყევი.

- მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც. მეც ლენინგრადში (პეტერბურგში) დავიბადე.

- როგორ დაგამახსოვრდა საკუთარი ბავშვობა?

- მახსოვს, ოჯახის წევრებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი. მამას დიდი საოჯახო მანქანა ჰყავდა. ჰოდა, ჩავსხდებოდით ხოლმე ყველანი და ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობდით. ასე ხდებოდა დაახლოებით მანამ, ვიდრე 5-6 წელი არ შემისრულდა. ერთი პერიოდი უკრაინაშიც ვცხოვრობდით (კიევი, იალტა, სუდაკი). ბავშვობის დროინდელი ეს სურათებიც სწორედ ამ ქალაქებშია გადაღებული.

- რომელ სკოლაში სწავლობდი?

GzaPress- სკოლაში თბილისში შემიყვანეს და ეს მამის ინიციატივით მოხდა. უნდოდა, მის შვილებს მშობლიური ენა კარგად სცოდნოდათ. როგორც კი პირველ კლასში შევედი, 3 თვეში ქართულად სხაპასხუპით ავლაპარაკდი. მანამდე კი მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ნამდვილად მიჭირდა. მოსწავლეობისას, ხან თბილისში გვიწევდა ყოფნა, ხან - პეტერბურგში. სულ 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბედნიეროდ, იოლად ვეგუებოდი ახალ გარემოს, არც ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა მიჭირდა. საბოლოოდ, პეტერბურგის ქართული სკოლა დავამთავრე, მაგრამ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ბანკეტზეც ვიყავი. ძალიან ტკბილად მახსენდება მოსწავლეობის პერიოდი.

- როგორი ბავშვი იყავი?

- როგორც ბევრი ჩემი ახლობელი მიყვება, ძალიან დამჯერი და კეთილი ბავშვი ვიყავი. არ მიყვარდა ცელქობა... პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, მით უმეტეს, რომ უმცროსი ძმა მყავდა და მასზე შეძლებისდაგვარად ვზრუნავდი. თუმცა, ზოგჯერ მასაც ვაბრაზებდი ხოლმე. მახსოვს, ჩემს ძმას 3-ბორბლიანი ველოსიპედი უყიდეს. ძალიან მინდოდა ამ ველოსიპედით გასეირნება და ასეთი რამ მოვიფიქრე: ჯეკო, მოდი ვითამაშოთ, ვითომ შენ ხარ პოლიციელი, მე კი მანქანის მძღოლი. შენ იდექი და გამაჩერე-მეთქი. აი, ესე უნამუსოდ ვატყუებდი (იცინის). ძმაზე შემიძლია, უსასრულოდ ვილაპარაკო. ის ძალიან მიყვარს. მართლაც, კარგი ადამიანია. ყველას უკვირს: როგორი ტკბილი დაძმობა გაქვთო. ჯეკო 20 წლის არის. ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს, მე-3 კურსის სტუდენტი და მომავალი დიპლომატი გახლავთ. მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო მიყვარს.

- მოკლე ვარცხნილობა არასოდეს გნდომებია?

- ბავშვობიდან გრძელი თმა მქონდა. არასდროს გამჩენია მისი შეჭრის სურვილი. ვხუმრობ ხოლმე, - თმას ქორწილისთვის ვინახავ-მეთქი და მერე შევიჭრი... თუმცა, პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეობის დროს შემაჭრეს თმა და შემიღებეს კიდეც, რაც მერე სანანებელი გამიხდა. ვფიქრობ, ის, რაც ბუნებრივია, ყველაფერი ლამაზი და ჰარმონიულია.

- ალბათ გაპრანჭვა სკოლის პერიოდში დაიწყე, არა?

- სკოლის პერიოდშიGzaPress მაკიაჟს ნამდვილად არ ვიყენებდი, მხოლოდ წამწამებს ვიღებავდი, მაგრამ - იშვიათად. არ მიყვარს, როდესაც ბავშვურ სილამაზეს მაკიაჟით უხეშად ფარავენ. თუმცა, ამას ალბათ, 14-15 წლის ასაკში ვერ აანალიზებ; ვერ ხვდები, რომ უმაკიაჟოდაც ლამაზი ხარ. ახლაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებები, თუ წვეულებაზე ან ფოტოგადაღებაზე მივდივარ. ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ პუდრს და თვალის ფანქარს ვიყენებ.

- სახის კანს როგორ უვლი?

- სახის კანს თავიდანვე თუ არ მიხედე, მერე რაღაცების გამოსწორება გაგიჭირდება, - ეს კარგად ვიცი და ამიტომაც, კანის მოვლას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თუმცა, ამისათვის ძვირად ღირებულ კრემებს, ნიღბებსა და ლოსიონებს არ ვხმარობ. ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემიც რომ წაისვათ დილას და საღამოს, დამერწმუნეთ, 40 წლის შემდეგ თქვენი კანი ამისთვის "მადლობას გადაგიხდით".

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები დიდად არ მიყვარს, მით უმეტეს, ბევრი და დიდი სამკაულის გაკეთება. მიყვარს სადა და ნაზი აქსესუარები. ვფიქრობ, უნდა გაიკეთო ერთი და კარგი. გადატვირთული არაფერი ვარგა.

- გაიხსენე ის პერიოდი, როდესაც "მის საქართველო" გახდი...

- ეს პერიოდი ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ხანაა. კონკურსმა "მის საქართველო", შეიძლება ითქვას, უცებ გამზარდა. მაშინ ბევრ რამეს მივხვდი. სწორედ ამ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო ჩემი საინტერესო ცხოვრება, მოგზაურობა, ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიხდა ურთიერთობა. ახლა ერთ-ერთს გამოვყოფ: ცნობილ ფოტოგრაფს - ელარგ არაგუნდს. ჩემი სურათების უმრავლესობა სწორედ მისი გადაღებულია.

- ეს უცნაური ფოტო სად გადაიღე?

- ეს "კიკალა სტუდიოს" პროექტი იყო. საინტერესო ფოტოსესია გამოვიდა და ბოლოს სურათები მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიაში გაიყიდა.

- "ცეკვავენ ვარკვლავებში" მონაწილეობდი...

GzaPress- "ცეკვავენ ვარსკვლავები", ,,ხაჩუ ვ ვიაგრუ" - ეს ის პროექტებია, რომლებმაც უფრო დიდი სტიმული მომცეს იმისთვის, რომ უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე... ვცადე ცეკვა, რომელსაც უძლიერესი ენერგეტიკა და პოზიტივი მოაქვს, შემდეგ მელაძის პროექტში "ხაჩუ ვ ვიაგრუ" მოვსინჯე ძალები. სხვათა შორის, ამ პროექტის ორგანიზატორებს ძალიან მოვწონდით მეც და ჩემი ძმაც (ჯეკო კიევში ჩემს "საბალეშჩიკოდ" ჩამოვიდა). როდესაც მელაძემ ახალი "ბოის ბენდის" ჩამოყალიბება გადაწყვიტა, ორგანიზატორებმა პირველს მე დამირეკეს და მთხოვეს, ჩემი ძმა მიმეყვანა. ჯეკო კარგად მღერის, გიტარაზეც უკრავს. მიუხედავად ამისა, როდესაც ამ შემოთავაზებაზე ვუთხარი, უარი თქვა. მითხრა: შოუბიზნესი ჩემი საქმე არ არისო. რაც შეეხება "დღის შოუს": გული მწყდება, რომ ვერ მოვასწარი ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე ჩვენება და გამოყენება (მოგეხსენებათ, უცხოეთში მომიხდა წასვლა), მაგრამ ალბათ, ყველაფერი ბედისწერაზეა დამოკიდებული.

- ასეთ ლამაზ გოგოს შეყვარებულიც გეყოლება...

- არა, არ მყავს და უფრო მეტიც, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. რატომღაც, ბევრს ჰგონია, რომ მომავალ მეორე ნახევარს რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმებით ვარჩევ, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. მთავარია, იყოს კარგი ადამიანი, კარგად აღზრდილი და კარგად აზროვნებდეს.

- როგორც ვიცი, საქართველოდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ წახვედი. ახლა როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- უკვე კარგად ვარ და ზაფხულში თბილისში ჩამოსვლას ვგეგმავ. ძალიან მომენატრა საქართველო. ახლახან პეტერბურგის მე-5 არხიდან მქონდა საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვუთხარი. არ მინდა აქ დარჩენა და უცხო ქალაქში ცხოვრება. ყველაფერს ჩემი სამშობლო და თბილისი მირჩევნია.

მარეხ ჭონიშვილი, ჟურნალი "გზა"