ირაკლი კავსაძე მამაზე, ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე
font-large font-small
ირაკლი კავსაძე მამაზე, ოჯახსა და ამერიკულ ცხოვრებაზე
"კახი არის მორიდებული, თავმდაბალი, მართალი და ემოციური"...
"კახი ისეთი მამაა, უკეთესი რომ არ არსებობს", - მეუბნება ღიმილით და ვამჩნევ, ხმაში სითბო როგორ ეღვრება.

ჩემი რესპონდენტი ირაკლი კავსაძე გახლავთ. მოგეხსებათ, 5 ივნისს კახი კავსაძეს 80 წელი შეუსრულდა. მამისთვის დაბადების დღის მისალოცად ირაკლი ამერიკიდან შვილთან ერთად ჩამოვიდა.

- ბატონმა კახიმ იცოდა, რომ მოდიოდით თუ სიურპრიზი მოუწყვეთ?

GzaPress- დიდხანს ვიფიქრე, მეთქვა თუ სიურპრიზი მომეწყო, თავს მოულოდნელად დავდგომოდი. საბოლოოდ, მაინც თქმა ვამჯობინე. გუშინ ყველამ ერთად, კახის 80 წლის იუბილე აღვნიშნეთ: ოჯახის წევრები შევიკრიბეთ, უცხო არავინ იყო. სამწუხაროდ, ერთად შეკრებას ხშირად ვერ ვახერხებთ; ადრე ასეთი შეკრებების გული და სული დედა (ბელა მირიანაშვილი) იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ახლოს ყოფნას ვცდილობთ, ჩემი მამიდაშვილი იხსენებდა, - რაც ბელა წავიდა, ჩვენი მთლიანობის ჯაჭვი დაირღვაო... ჩემთან ერთად საქართველოში უფროსი შვილი - ირინაც ჩამოვიდა, უფრო სწორად, "ამეკიდა"... კახისთვის ესეც რომ არ გამემხილა, მისაყვედურებდა. ის ყველა დეტალს ყურადღებას აქცევს - ისეთ რამესაც კი, როგორიც საწოლის მომზადების საკითხია. 6 წელია, კახი ამერიკაში არ ყოფილა. ვეხვეწები, - ჩამოდი-მეთქი. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომ ახლოში მაქვს ტყეც და აუზიც. კახი ძალიან აქტიურია, ვარჯიშობს, დარბის, ცურავს... მიხარია, რომ ასეთი შემართება აქვს. ავადმყოფობა შენი მტერია: თუ მას დანებდები, მოგერევა და მერე კარგად იყავი. წლების წინ სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან, ექიმებმა გვიშველეს. მაშინ კახი ჩვენთან იყო, ამერიკაში. დილით მეუღლემ გამაღვიძა, ცუდად არისო. ქართველი ექიმი მოვიყვანე, ჩვენი საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის დედა. იმ წუთში მდგომარეობიდან ადვილად გამოვიდა, მაგრამ საღამოს ისევ "დამძიმდა". საავადმყოფოში რომ გადავიყვანეთ, ექიმმა თქვა, - ამ წუთშიც გულის შეტევის პროცესი მიდისო. კახი ავადმყოფობას არ დანებდა. მებრძოლია და მეც მას ვგავარ.

- როგორი მამაა?

- უკეთესი არ არსებობს. თავისებური მიდგომა და მსოფლმხედველობა აქვს. ძალიან მართალი ადამიანია. მისი ყოველი სიტყვა გულიდანაა წამოსული, თვალთმაქცობა არ სჩვევია. ემოციურია და განცდების გადმოცემა კარგად შეუძლია... კახი თითქოს, საკუთარ თავს არც ეკუთვნის. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. შეიძლება, ისეთი ფრაზები თქვას, სიცილით გახოხიალოს და ამავე დროს ისეთი ტრაგიკულიც იყოს, თქვა, - მსგავსი მეორე არ მინახავსო...

ბავშვობაში კახის სახლში არ მოსვლით ვაგიჟებდი. ხშირად მეგობართან, წყნეთში, აგარაკზე ავდიოდი და მაშინ მობილური ტელეფონებიც არ იყო, რომ დაერეკა. ჰოდა, დედას მანქანაში ჩაისვამდა და წყნეთში ამოდიოდა. მისთვის მთავარი იყო, ვენახე.

- რომ მოდიოდა, გსაყვედურობდათ?

- მხოლოდ იმას ამბობდა, - წამოდი ოჯახთან უხერხულიაო. - რა არის უხერხული, აქ მხოლოდ თანატოლები ვართ-მეთქი... შეიძლება "გარედან" ასე არ ჩანს, მაგრამ კახი ძალიან მორიდებული ადამიანია. არც ის ათამამებს, რომ კახი კავსაძეა. ერთი ცუდი თვისება აქვს, რის გამოც ყოველთვის მეშინია: მანქანით მოძრაობის დროს წესებს ხშირად არღვევს. გვერდით რომ ვუზივარ, თვალებზე ხელს ვიფარებ. მერე ვსაყვედურობ, - კარგი, კახი, რას აკეთებ? - ჰო, რა ვიცი, საშინელებააო, - საკუთარ თავს აკრიტიკებს, მაგრამ 2 წამში ყველაფერი ავიწყდება.
GzaPress
რამდენადაც ფიზიკური სიმაღლე აქვს, იმდენად თავმდაბალი და თავდახრილი პიროვნებაა. ადამიანის გენიალურობაც ხომ ამაშია: რაც უფრო დიდი ხდები, მით მეტად თავდახრილი უნდა იყო.

- ბიჭებს მამებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ერთმანეთს აზრებს ხშირად უზირებთ? მამისგან მოსმენილი დარიგება, რჩევა გახსენდებათ?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ, ვმსჯელობთ. კარგია, როცა შენიანთან ლაპარაკობ. ის ზუსტ შენიშვნებს მოგცემს. აზრების გაცვლა ჩვენს ცხოვრებში ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს გვჭირდება, აუცილებელია!

- ერთხელ თქვენმა დამ თქვა: დედას ეკრანზე ვერასდროს ვუყურებო. თქვენც იგივე განცდა გაქვთ?

- მეც მიჭირს, მაგრამ ნანუკასავით არ ვარ, დედის მონაწილეობით ფილმები ნანახი მაქვს. ნანუკა კი იმ წუთშივე ტირილს იწყებს და მისი კარგად მესმის. დედა არ მახსოვს ისეთი, როგორიც იყო ფილმებში: "დღე პირველი, დღე უკანასკნელი", "საბუდარელი ჭაბუკი", "უდიპლომო სასიძო"... დედა მახსოვს სცენაზე, მაგრამ უკვე ისეთი, სიარულიც რომ უჭირდა. მისი სილაღე არ მახსოვს და ფილმებში რომ ვუყურებ, მეც თვალზე ცრემლი მადგება. მან ხომ თავისი ჯანმრთელობა "ჩემში ჩადო". ქართულ ენაში ბევრი საოცარი სიტყვაა და ერთ-ერთია: "გარდაიცვალა", რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი განზომილებიდან მეორეში გადავიდა. დედას ზუსტად ასე დაემართა. ის არ მომკვდარა, გარდაიცვალა. თქვა კიდეც: სუბსტანციას ვგრძნობ, ხელს ნუ მიშლითო.

- ქალიშვილს დაარქვით დედის სახელი - ნატალია-ბელა.

GzaPress- პირველი შვილი რომ შემეძინა, ირინა დავარქვი. ეს სახელი ჩემი მეუღლის დას ჰქვია და მამამ ისე გაიგო, თითქოს შვილს დეიდის სახელი დავარქვი. მანამდე მქონდა ლაპარაკი და ვუთხარი, - კახი, არ შემიძლია, ბელას ვერ დავარქმევ-მეთქი. არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდი, ეწყინა. მოგვიანებით ავუხსენი: მაინც დედას სახელი დავარქვი. ხომ იცი, ბელას ნათლობის სახელი ირინა იყო-მეთქი. სახე გაუბრწყინდა, გამოცოცხლდა. მიხვდა, რომ გვერდი არ ავუარე. როცა მეორე შვილი შემეძინა, რატომღაც ბიჭს ველოდებოდი და გოგო დაიბადა. ჩაფიქრებული მქონდა, ალექსანდრე (სანდრო) უნდა დამერქმია. ახალი სახელის მოფიქრებამ ცოტათი დაგვაბნია, ბოლოს კი ნათლიის სახელი დავარქვით, ნატალია. კახის რომ ვუთხარი: მინდა, ნატალია დავარქვა-მეთქი, ჩაამატა, - ნატალია-ბელა. ექსპონატივით სახელია. მას მოფერებით ტაშას ვეძახით და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამბობს, მე ნატალია-ბელა მქვიაო. თითქოს არ უნდა, საკუთარი სახელი გააუბრალოოს, ამით ბებიის ხსოვნას პატივს სცემს.

- თქვენი და თქვენი მეუღლის - ლიკა გორგილაძის სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- რუსთაველის თეატრში დამწყებ მსახიობთა მცირე დასი რომ ჩამოყალიბდა, მათ ძალიან ბევრი მიმდევარი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ. მათ შორის, ჩემი მომავალი მეუღლე - ლიკა იყო. ის მსახიობ მალხაზ გორგილაძის შვილია. ჩვენ ოჯახებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. მე ამ გოგოს ვხედავდი რუსთაველზე, მოდიოდა და თითქოს, განსაკუთრებული ფერი ჰქონდა. ყოველთვის ერთი და იმავე დროს ჩამოივლიდა და აივლიდა ხოლმე. რამდენჯერმე სპეციალურად გავედი, - აბა, თუ გამოჩნდება-მეთქი?.. ნანუკა ოქროყანაში ისვენებდა და ერთ დღეს ავაკითხე. მასთან სწორედ ის გოგო აღმოვაჩინე, რუსთაველზე რომ მყავდა შემჩნეული. გამიკვირდა. ნანუკამ გამაცნო, - მალხაზ გორგილაძის შვილია, ჩვენს სპექტაკლებზე დადისო. დავმეგობრდით. ერთ დღესაც, მეზობლად, ვასაძეების ოჯახში აივანზე დავინახე. ერთმანეთს შევეხმიანეთ. მერე გადავედი და იქ უკვე სხვაგვარად შევხედე. მალე ერთმანეთის მიმართ გრძნობა გაგვიჩნდა და დღემდე ერთად ვართ.

- ლიკა ამერიკაში რას საქმიანობს?

- "ამერიკის ხმაში" მუშაობს, მაგრამ პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია. ამერიკა საოცარი ქვეყანაა. იქ შესაძლებელია, საკუთარი თავი სხვა სფეროშიც აღმოაჩინო.

- რუსთაველის თეატრში თამაშობდით - ეს ბევრი მსახიობისთვის აუხდენელ ოცნებად რჩება. 14 წლის წინ, ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- ამერიკაში წასვლაზე გაცილებით ადრე ვფიქრობდი, ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მთავარი წასვლა ხომ არ არის, მთავარია, იქ რომ ჩახვალ, რას გააკეთებ. ამერიკა ყველას სამშობლოა. თავის დროზე კენედიმ თქვა, საქმე იმაში კი არ არის, ქვეყანა რას გააკეთებს თქვენთვის, მთავარია, თქვენ რას გააკეთებთ ქვეყნისთვისო. ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა, იქ ახალი ჩასული ხარ თუ - მეათე თაობის წარმომადგენელი. მთავარია, სწორად ცხოვრობდე. ინოვაციური მოვლენები უყვართ. "სინეთიკის თეატრი" მათთვის ინოვაციაა. მსგავსი დრამატული თეატრი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ იქ საქმის ბევრი პროფესიონალია. ამას თავად ამერიკელები ამბობენ, კრიტიკოსები წერენ.
GzaPress
- ეს თეატრი 2001 წელს ვაშინგტონში საქართველოდან წასულმა ემიგრანტებმა პაატა ციქურიშვილმა და მისმა მეუღლემ ირინა კვენეტაძემ დაარსეს. თეატრის პირველი სპეტაკლი "ჰამლეტი" იყო.
- დიახ, ეს იყო სპექტაკლი, რომელსაც ამ თეატრის ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ამერიკელები შექსპიროლოგები არიან. - უსიტყვო ჰამლეტი? - კითხულობდნენ გაოცებულები და პაუზის შემდეგ მეორე კითხვას სვამდნენ: - როგორ? მაყურებელი მიხვდა, რომ შექსპირის ენა შეეძლება სხეულით, გამოხედვით, მიმიკით გადმოსცე და თან, მაყურებელს მისცე გასაქანი, თავისებურად გაიაზროს ის, რაც სცენაზე ხდება. ერთი გამოხედვით, ხელის ერთი მოძრაობით შესაძლებელია, მთელი მონოლოგი "წაიკითხო". ამ თეატრში მოღვაწეობს კოკი ლორთქიფანიძე (მსახიობ გურამ ლორთქიფანიძის შვილი). მან ამერიკელებს კიდევ უფრო ახლოს გააცნო ქართული გენი. ისეთ მუსიკას წერს, ხან ცაში აგიყვანს და ხანაც - მიწაზე დაგანარცხებს. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: როდესაც ბატონი გურამი გარდაიცვალა, კოკი ამერიკაში ახალი ჩამოსული იყო. ლორთქია 7 იანვარს გარდაიცვალა, ამ დღესაა კოკის დაბადების დღე და ნიუ-იორკში თავის მეგობართან ერთად წავიდა. პაატამ მითხრა, გურამი გარდაცვლილა და კოკის როგორ ვუთხრათო? 2 დღე ვადროვეთ, იუბილე არ ჩავამწარეთ, მაგრამ ამბავს სულ ხომ ვერ დავუმალავდით? პაატა იხსენებს, კოკის მამის გარდაცვალების ამბავი რომ ვუთხარი, წამიერად გაირინდა, მერე კი კომპიუტერს მიუჯდა და მუსიკის წერა დაიწყოო. მოგვიანებით მუსიკა, რომელიც იმ დროს დაწერა, "რომეო და ჯულიეტაში" გამოვიყენეთ მაშინ, როცა ჯულიეტა დასაძინებელ წამალს რომ იღებს და ვითომ კვდება. მძაფრი დასაწყისი აქვს, ამაღელვებელია, გეგონება დიდი ზარი ჩამოვარდა, ცა ჩამოიქცა... ეს შემოქმედებაში გადატანილი ტკივილია. ჩვენ ყოველთვის ერთად ვმუშაობთ. კარგი გუნდი იმიტომ გვქვია, რომ ყველა თავის ფუნქციას ჯეროვნად ასრულებს. კარგი რეჟისორი ყოველთვის უსმენს სხვებს. რეპეტიცია რომ მთავრდება, ერთმანეთს მერეც არ ვშორდებით. მუშაობის სპეციფიკაც განსხვავებულია, რეპეტიციებს კომპოზიტორიც კი ესწრება. ამ თეატრში თამაშობენ ჩვენი შვილებიც.

- ბევრი ქართველი მაყურებელი გყავთ?

- რა თქმა უნდა, იქ ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ და საელჩოდანაც თანადგომას ვგრძნობთ. მათ სტუმრად მოჰყავთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

- საუბრის დასაწყისში მონატრება ახსენეთ. ამერიკაში ყოფნისას, ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- მთა-ბარი, ბუნება, ყველაფერი ქართული მენატრება. ამერიკაში არაჩვეულებრივი ბუნებაა, ყველა შტატს თავისებური სილამაზე აქვს. თან, ბუნებას საოცრად უვლიან. იქ ნახავ ვეებერთელა მთას გაკრეჭილს, გასუფთავებულს. საქართველოდან ამერიკელები ყოველთვის მოხიბლულები ჩამოდიან. სპექტაკლების ნახვის შემდეგ, ჩვენი სამშობლოს მონახულების სურვილი უჩნდებათ. ერთ-ერთი მათგანი აქ ჩამოვიდა და მოინათლა. სისილ ერქვა და ახლა ამბობს, - ჩემი სახელი გიორგიაო. ამერიკელს ქართული გენი აკვირვებს, ყანჩელის მუსიკამ ხომ საერთოდ გადარია ისინი.

- ირინამ მამის, ბებია-ბაბუის პროფესია აირჩია. ნატალია-ბელაც მსახიობობას ხომ არ აპირებს?

- შემოქმედებითი ხასიათი აქვს. მუსიკა უყვარს, მღერის, ხატავს, ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობს, ლექსებს და პოემებს ინგლისურად წერს. ჯერ მხოლოდ 13 წლის არის. ერთხელ ჩემთან თეატრში მოვიდა. იმ დღეს "მაკბეტი" ვითამაშეთ. სპექტაკლის შემდეგ სტუმრებთან გამოვედი და მეუბნება, - მამა, მე იქ მინდა, სადაც შენ დგახარო. დავიბენი, - სად ვდგავარ-მეთქი? - აი, იქო და თვალით სცენისკენ მანიშნა. ერთ სპექტაკლში "ჭირვეულის მორჯულება" უკვე ითამაშა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- კახი, თქვენ, ირინა... თეატრის ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, სცენაზე ერთი ოჯახის სამ წარმომადგენელს ეთამაშოს.

- ეს თავიდან ბოლომდე პაატას დამსახურებაა. ჩვენ ერთად "სტუმარ-მასპინძელში" ვითამაშეთ. კახი მუსა იყო, მე - ზვიადაური, ირინა - აღაზას და ჯოყოლას შვილი. რა თქმა უნდა, ორიგინალში ირინას პერსონაჟი არ არსებობს. პაატამ "პაკლონზე" კახი და ირინა ერთად გამოიყვანა. რომ არა პაატაა, ასეთი პრეცედენტი არ მოხდებოდა.
GzaPress
- ბატონი კახი მკაცრი კრიტიკოსია?

- ძალიან ფრთხილია. მინიშნებებით, მოკლე ფრაზებით მიგახვედრებს ყველაფერს. ნათქვამი აქვს, - სცენაზე შვილებს ცალი თვალით ვუყურებო. სხვათა შორის, მეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. არ მინდა, ჩემი აზრებით ირინა ზედმეტად დავტვირთო, მაგრამ გამოცდილებას ვუზიარებ. გამოცდილება კი ნამდვილად არ მაკლია: ბავშვობიდან კულისებში გენიოსების გვერდით გავიზარდე. ვუყურებდი რამაზის და ეროსის რეპეტიციებს... ბუმბერაზებიდან რომელი ერთი დავასახელო? - პატარა კავსაძე მოვიდაო, - მეფერებოდნენ. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, თურმე, როგორი ხალხის გვერდით ვიზრდებოდი. ამერიკაში პაატამ რომ მითხრა, - მეფე ლირი შენ უნდა ითამაშოო, ლამის ინფარქტი გადავიტანე. მეფე ლირის ხსენებისას, რამაზ ჩხიკვაძე მახსენდება. როგორ გინდა, მას ცოტათი მაინც მიუახლოვდე? ზოგიერთი კრიტიკაზე ძალიან ცუდად რეაგირებს. შენ, მსახიობო ან გაგაკრიტიკებენ, ან ცაში აგიყვანენ. ცაში აყვანა არ უნდა გაგიკვირდეს, ხიბლში არ უნდა ჩავარდე. გაკრიტიკებენ? - უნდა თქვა: "უკეთესად ვითამაშებ!" თუ გული მოგიკვდა და თამაშის სურვილი დაგეკარგა, ეგრე ღირებულის შექმნას ვერ მოახერხებ.

- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნებას არ ფიქრობთ?

- ამ კითხვას ბევრი მისვამს. რადგან ამერიკაში ვცხოვრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს წიხლი ვკარი. როცა მონატრება მომაწვება ხოლმე, გალაკტიონი მახსენდება: "რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები"... ჩვენ იქაც ქართულ საქმეს ვაკეთებთ. როცა უცხოელებთან ქართულ დამწერლობასა და ენის სიძველეზე ვლაპარაკობ, გაოცებულები მეკითხებიან: თქვენ ასეთ პატარა ქვეყანას ასეთი დიდი კულტურა საიდან გაქვთო?

P.S. ჩვენი ჟურნალის სახელით ბატონ კახის ვულოცავთ 80 წლის იუბილეს და დღეგრძელობას ვუსურვებთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
23.03.2016
ძვირფას ადამიანს, ნიჭიერ მსახიობს და ყველასათვის საყვარეს გილოცააავთ, კიდევ მრავალ გაზაფხულს დაგასწროთ უფალმა.
თინა
28.06.2015
ბატონო კახი გილოცავთ დაბადების დღეს მრავალს დაესწარით....საამაყო ადამიანი ბრძანდებით....
დიმა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
მარტო ნათამაშევი "გიჟობანა" და ახალი წელი თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში
გიორგი გაბუნიას წარმატების ფორმულა, სპონტანურობა და გამოწვევები
"ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს"
"ამ დროს ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ"
"ვერასდროს იგრძნობ, რომ ცნობილი ადამიანების შვილია"
უცნაური კომპლიმენტი და კუნთმაგარი ფინანსისტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2161 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი