სპექტაკლი, რომელმაც ნინო ჭოლაძეს წარმატება მოუტანა - გზაპრესი

სპექტაკლი, რომელმაც ნინო ჭოლაძეს წარმატება მოუტანა

- როგორი ბავშვი იყავი?

- მორჩილი, დამჯერი გახლდით. არავის ვაწუხებდი და არც პრეტენზიული ვიყავი. აი, ამ ფოტოზე სამი წლის ვარ, უკან კი და მიდგას. ბაღში მარტო ვერ ვჩერდებოდი. მახსოვს, საშინლად არ მომწონდა იქაურობა. ჰოდა, ჩემი დის ჯგუფში დამსვეს.

- ეს ფოტო კი სავარაუდოდ, დედასთან ერთად გაქვს გადაღებული. შენს მშობლებზე მიამბე რამე...

GzaPress- არაჩვეულებრივი დედა მყავს - ქალბატონი მადონა, მამა კი მაშინ გარდაიცვალა, როცა 14 წლის ვიყავი. ისიც არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ. მშობლებზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია. ერთმანეთთან ყოველთვის განსაკუთრებული, სიყვარულით, პატივისცემითა და მეგობრობით სავსე ურთიერთობა გვქონდა. დედა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

- პრანჭია იყავი?

GzaPress- პრანჭია არასოდეს ვყოფილვარ და არც სამკაულები მიყვარდა. აი, ეს ფოტო მეხუთე კლასში გადამიღეს. ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე. არაჩვეულებრივი კლასელები მყავდნენ. თითქმის ყველა მღეროდა, ცეკვავდა ან ხატავდა. მახსოვს, ხშირად ვმართავდით კონცერტს. შესანიშნავი მასწავლებლები, დირექტორი გვყავდა და ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ არასდროს მივდიოდით "შატალოზე". არ გვინდოდა, მათგან საყვედური მიგვეღო.

- თინეიჯერობის პერიოდში როგორი ჩაცმის სტილი გქონდა?

- ყოველთვის მეცვა ჯინსის შარვალი და კედი. დღემდე, ყველაზე კომფორტულად ამ სამოსში ვგრძნობ თავს.

- თმა რა ასაკში შეიღებე?

- თმა მეოთხე კურსზე ყოფნისას, სადიპლომო სპექტაკლისთვის შევიღებე და მას შემდეგ თმის ფერი აღარ შემიცვლია. "ახლოსაა" ჩემს ბუნებრივ ფერთან და ვფიქრობ, მიხდება.

- ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს თუ იკეთებ?

- მაკიაჟი არ მიყვარს. თუ სცენაზე არ მიწევს ყოფნა ან გადაღებაზე არ მივდივარ, მაკიაჟს საერთოდ არ ვიყენებ. თავის მოვლას ბევრ დროს არ ვუთმობ. ფაქტობრივად, საამისოდ დროც არ მაქვს. მირჩევნია, თავისუფალი დრო სხვა რამეში გამოვიყენო (იცინის).

GzaPress

- მსახიობობა ბავშვობიდან გინდოდა?

- დიახ, ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი, სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია. პატარაობისას საბავშვო მუსიკალურ თეატრში დავდიოდი, სადაც ბევრი კარგი სპექტაკლი დავდგით. ერთხელ სოფიკო ჭიაურელის საღამო "გავაკეთეთ" და მე ფუფალას როლი მხვდა წილად. მახსოვს, ამ ამპლუაში რომ მნახა, კოტე მახარაძე მამასთან მივიდა და უთხრა: ეს ბავშვი მე და სოფიკოს მოგვაბარე, კარგ არტისტად გავზრდითო. იმ პერიოდში მამამ "ვერ დამთმო", მოგვიანებით კი ოჯახმა ყველანაირად შემიწყო ხელი იმაში, რომ საყვარელი საქმე მეკეთებინა. აი, ეს ფოტო გადაღებულია "მაკბეტში" თამაშისას. ეს სპექტაკლი ძალიან მიყვარს. ამ წარმოდგენაში მონაწილეობამ დიდი წარმატება მომიტანა: 2014 წელს საუკეთესო მსახიობ ქალთა ხუთეულში მოვხვდი.

- პირველი როლი და ის ემოცია გაიხსენე, რაც სცენაზე ყოფნამ მოგიტანა.

- პირველი ე.წ. მთავარი როლი ნუგზარ ლორთქიფანიძის სპექტაკლში - "წვიმის გამყიდველი" მომცეს, სადაც ლიზის როლი ვითამაშე. მაშინ საოცრად სასიამოვნო ემოცია დამეუფლა და ის წუთი დღემდე მახსოვს. ბედნიერებაა, როცა გენდობიან და შენც ამართლებ ამ ნდობას. სამწუხაროდ, ამ სპექტაკლიდან ფოტო ვერ მოვიძიე... აი, ეს ფოტო კი მეოთხე კურსის სადიპლომო სპექტაკლის - "აღთქმული მიწა" თამაშისას გადაგვიღეს.

GzaPress

- თუმცა, ფართო საზოგადოებამ სერიალიდან გაგიცნო... სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს: სცენაზე თუ კამერების წინ?

- თეატრში ყველაზე კომფორტულად ვარ, მაგრამ არც კამერების წინ განვიცდი დისკომფორტს. თანაც, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ვარ, არაჩვეულებრივ ჯგუფთან ერთად მიწევს მუშაობა.

GzaPress

- ორი შვილის დედა ხარ. სამსახურისა და საოჯახო საქმეების შეთავსება შენთვის რთული არ არის?

- ორი გოგონას დედა ვარ. მიხარია, რომ კარგი შვილები მყავს და ისინი ყველაფერში მეხმარებიან. ცუდია, მათთან ერთად ბევრ დროს რომ ვერ ვატარებ, მაგრამ რას ვიზამთ, საქმეს ასე სჭირდება. ჩვენ ერთმანეთს ყველა საქმეში ხელს ვუწყობთ.

მარეხ ჭონიშვილი