გულჩვილი მიკი ჯეჯელავა - გზაპრესი

გულჩვილი მიკი ჯეჯელავა

- ჩემს ცხოვრებაში წიგნს ადრე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, ვიდრე - დღეს. არ მიყვარს, როცა სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ - წიგნის წასაკითხად არ მცალია, სათანადო განწყობილება არ მაქვსო და ა.შ. გულწრფელად ვამბობ: ვერ ვიცლი, რომ წავიკითხო. გადატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. სახლში დაბრუნებული ისეთი დაღლილი და გათიშული ვარ, ერთი სული მაქვს, დავიძინო. კარგად კვებასაც კი ვერ ვახერხებ. მესმის, რომ შეიძლება, უქმე დღეები წიგნის კითხვას დავუთმო, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დასვენების დღეებიც ნაკლებად არის. როცა მცალია, ვცდილობ, დრო იმ ადამიანებთან ერთად გავატარო, ვინც ძალიან მიყვარს და მენატრება: უახლოესი მეგობრები, ნათესავები... მწყინს, რომ დღეს წიგნის კითხვას ხშირად ვერ ვახერხებ და სურვილი მაქვს, ეს საკითხი დავარეგულირო, რადგან წიგნი ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი რამ არის და ადამიანის მეგობარი უნდა იყოს.

GzaPress

- წიგნი მნიშვნელოვანი და აუცილებელი რატომ არის?

- ძალიან ორიგინალურ პასუხს გაგცემდი, რაღაც განსაკუთრებულს მოვიფიქრებდი - ხატოვანი, მაღალფარდოვანი ნათქვამი რომ გამომსვლოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მარტივად და რეალისტურად ვიტყვი: წიგნის კითხვა ადამიანის პიროვნული ზრდისთვის და ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. კითხვისას სწავლობ თუნდაც, ადამიანებთან, ცხოველებთან, ბუნებასთან ურთიერთობას... გააჩნია, როგორ ლიტერატურას კითხულობ. რაც უფრო განსხვავებულ ნაწარმოებებს წაიკითხავ, ალბათ, მით უფრო მარტივად განსაზღვრავ, ადამიანისთვის რა არის კარგი და რა - ცუდი.

- როგორი ჟანრის წიგნები მოგწონს?

- ნაწარმოებმა თუ დამაინტერესა, ნებისმიერ ჟანრს წავიკითხავ. სამსახიობო საქმიანობის გამო, უმეტესწილად, დრამატულ ნაწარმოებებს, პიესებს ვეცნობი, დრამატურგია კი მოგეხსენებათ, ჟანრობრივად მრავალფეროვანია.

- დაგვისახელე ლიტერატურული ნაწარმოები, რომლის ეკრანიზაციაშიც სიამოვნებით მიიღებდი მონაწილეობას...

- ასეთია "ვენეციელი ვაჭარი". საერთოდ, გულწრფელი მკითხველი და მაყურებელი ვარ. საკუთარ თავს რომელიმე პერსონაჟის როლში ვერასდროს წარმოვიდგენ - ამ ყველაფერს "გვერდიდან" ვუყურებ, შემფასებელი ვარ და ძალიან ემოციურადაც აღვიქვამ. უამრავი ნაწარმოები არსებობს, რომლის პერსონაჟსაც სიამოვნებით განვასახიერებდი.

GzaPress

- "ვენეციელ ვაჭარში" ვის როლს მოირგებდი?

- არ ვიცი, ეს ნაწარმოები ახლა უცებ მომაგონდა... სხვათა შორის, როცა წლების წინ, პირველად წავიკითხე, რატომღაც მაშინ ვიფიქრე, რომ მის ეკრანიზაციაში სიამოვნებით ვითამაშებდი.

- ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად წაკითხვა როდის დაიწყე?

- მამა გახლდათ ის ადამიანი, ვინც ლიტერატურას ბავშვობიდანვე მირჩევდა. თავდაპირველად, ცხადია, საბავშვო მოთხრობების კითხვა დავიწყე. წიგნი ნელ-ნელა შემიყვარდა. ვერ ვიტყვი, რომ კითხვა თავიდანვე ძალიან მსიამოვნებდა, რადგან მცირე ასაკში სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი: თამაში, გართობა მინდოდა. ამიტომ დიდად არ აღვფრთოვანებულვარ, როცა მამამ პირველად მითხრა, - მირიან, ამას ხომ არ წაიკითხავდიო? წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით ბავშვობაში არ გამოვირჩეოდი. ჯერ რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე, რასაც შემდეგ სერიოზული ნაწარმოების წაკითხვა მოჰყვა და მივხვდი, ეს სასიამოვნო პროცესია. როდესაც ადამიანი კითხულობს, წარმოსახვით ამ ყველაფერს აცოცხლებს და შეიძლება, სამყარო უფრო საინტერესოდ მოეჩვენოს, ვიდრე რეალურად არის...

GzaPress

- შინ მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვს?

- სხვათა შორის - კი. სახლში წიგნების ფართო არჩევანი მაქვს. ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ წიგნების მიმართ ინტერესი გამიჩნდა... ძალიან ცუდია, რომ დღეს კითხვის გარდა, ლამის ყველაფერს ვაკეთებ და ვასწრებ. სხვათა შორის, ახლახან დილის ეთერში, წიგნის ფესტივალი გავაშუქეთ: სპეციალური სტუმრები მოვიწვიეთ, რომლებმაც გადაცემის ბოლოს ბევრი წიგნი გვაჩუქეს. რამდენიმე წამოვიღე და ერთი სული მაქვს, როდის "ჩავუჯდები". თითოეული მათგანი საინტერესო მეჩვენება.

- ბოლოს რომელი ნაწარმოები წაიკითხე?

- რამდენიმეს "პარალელურად" ვკითხულობდი, რადგან სპექტაკლისთვის ვემზადებოდი, რომელიც სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ შედგა... მოკლედ, ედგარ პოს მოთხრობები და "კალიგულა" კიდევ ერთხელ წავიკითხე, რადგან საქმის გამო დამჭირდა.

- რომელიმე ნაწარმოებს შენი მსოფლმხედველობა რადიკალურად თუ შეუცვლია?

- ადამიანი ნებისმიერი წიგნის წაკითხვის შემდეგ იცვლება. ასევე, იცვლება მოგზაურობის დროსაც, როცა სხვა გარემოში ხვდება... წიგნის წაკითხვის შემდეგ, გარკვეული შთაბეჭდილება გექმნება, ემოცია და განწყობილება გრჩება, რაც ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. შესაძლოა, ნაწარმოებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს და გარკვეული ემოცია დიდხანს გაგყვეს...

- შეგიძლია, ერთ-ერთი შენთვის შთამბეჭდავი ნაწარმოები დაგვისახელო, თუნდაც - ბავშვობაში წაკითხული?

- მახსოვს, პატარ-პატარა მოთხრობების და ზღაპრების შემდეგ, პირველად "ბიძია თომას ქოხი" წავიკითხე და ლამის მოვკვდი, იმდენი ვიტირე! კი, ბატონო, მას შემდეგაც ყოფილა შემთხვევა, როცა ნაწარმოების კითხვისას მიტირია, მაგრამ კონკრეტული წიგნის დასახელება მიჭირს.

- წიგნის კითხვისას ზრდასრულ ასაკში თუ გიტირია?

- მხოლოდ წიგნის კითხვისას კი არა, შეიძლება, ფილმის ან სპექტაკლის ყურების, მუსიკის მოსმენის დროსაც ავტირდე... ბოლო დროს ვხუმრობ, -ალბათ, უკვე "ასაკში შევედი" და გულჩვილი გავხდი-მეთქი. ამის გამო, საკუთარ თავზე მართლა მეცინება. ძალიან ემოციური ვარ და ყველაფერს მძაფრად აღვიქვამ.

- საჯაროდ ტირი?

- შეიძლება, უცხო ადამიანების თანდასწრებით ემოციების გამოხატვის მომერიდოს, მაგრამ თუ მარტო ვარ, შემიძლია, ბოლო ხმაზე ვიბღავლო (იცინის). ძირითად შემთხვევებში, ემოციებს მაინც ვერ ვფარავ - ყოველთვის გულწრფელი ვარ.

GzaPress

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია მოგწონს?

- ასეთი ბევრია, ერთის გამოყოფა მიჭირს... საინტერესო ის არის, რომ როცა წიგნს ვკითხულობთ, წარმოვიდგენთ პერსონაჟებს, გარემოს და ა.შ. ალბათ, ამის შემდეგ, როცა ეკრანიზაციას ვუყურებთ, შეიძლება, ის ფაქტი არ მოგვეწონოს, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი გმირი რეჟისორის მიერ შემოთავაზებულს არ ემთხვევა და ამის გამო უკმაყოფილო დავრჩეთ... ბოლო დროს ნანახი ეკრანიზაციებიდან "გრეის 50 ელფერი" მახსენდება, რომელიც არ მომეწონა, ძალიან სუსტი ნამუშევარია, მხოლოდ საუნდთრეკები იყო საინტერესო (იცინის).

- ზაფხულში, როცა დასასვენებლად მიდიხარ, წიგნების კითხვის ჩვევა თუ გაქვს?

- ზაფხულობით ქალაქგარეთ გასართობად უფრო მივდივარ, ვიდრე - დასასვენებლად და ხშირად, დედაქალაქში დაღლილი ვბრუნდები ხოლმე. "რა იცი, რა ხდებას" პრინციპით წიგნებიც მიმაქვს (იღიმის).

- ელექტრონული წიგნების მომხმარებელი ხარ?

- არა, ელექტრონული არ მიყვარს. "ტრადიციული" წიგნი მირჩევნია.

- წიგნის კითხვასთან დაკავშირებით, ადამიანებს რას ურჩევ?

- ბავშვებს ვეტყვი, რომ კითხვა ადრეული ასაკიდან დაიწყონ, მშობლებს კი ვურჩევ, შვილებს წიგნები შეაყვარონ - თამაშ-თამაშით, ილუსტრირებული ნაწარმოებებით... უმნიშვნელოვანესია, პირველად რას წაიკითხავ. ვერ ვიტყვი, რომ მამამ ლიტერატურა არასწორად შემირჩია, მაგრამ ბავშვობაში მერჩივნა, გართობისთვის მეტი დრო დამეთმო... სამაგიეროდ, როცა რაღაც წავიკითხე, დიდი სიამოვნება მივიღე. წიგნთან მეგობრობა მსუბუქი ლიტერატურით დავიწყე, თუმცა, ეს საკითხიც ინდივიდუალურია: მაგალითად, ჩემი ძმისშვილი მცირე ასაკიდანვე რთულ ნაწარმოებებს შეეჭიდა და ეს სიამოვნებდა. გაოგნებული ვიყავი, როცა წიგნის წაკითხვის შემდეგ ნაწარმოების შინაარს ისე გასაგებად და მარტივად მიყვებოდა, რომ ვხვდებოდი, ყველაფერი სწორად გაიგო.

- ჩვენი ჟურნალის მკითხველებს ზაფხულში რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევ?

- ზაფხულში წასაკითხად რეი ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინოს" გირჩევთ.

ეთო ყორღანაშვილი