"შორენა კოლონკელიძეს შევიყვარებდი" - გზაპრესი

"შორენა კოლონკელიძეს შევიყვარებდი"

სკოლაში ყველაზე კარგად გეოგრაფიას სწავლობდა, არ უყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. დღეს მისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი გზა ინტერნეტია.

პრეამბულის მაგიერ

- გიორგი, ბიბლიოთეკით ხშირად გისარგებლია?

- სტუდენტობის წლებში ვსარგებლობდი, მაგრამ წიგნებს არ ვიპარავდი. წიგნის მოპარვის სურვილი არ გამჩენია, თორემ იმის გამო, რომ ცუდი საქციელია, თავს არ შევიკავებდი. ეგრე ბევრ რამეზე ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ მაინც ვაკეთებ (იცინის).

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - "დიდოსტატის მარჯვენა". ვიმეგობრებდი არსაკიძესთან. ამ გმირზე ვგიჟდები.

- რომელი ქალი პერსონაჟი შეგიყვარდებოდა?

- შორენა კოლონკელიძე, თან ვიცი, ძალიან შემიყვარდებოდა. ხომ გახსოვს, რა ლამაზად აღწერს კონსტანტინე.

- წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნება გჩვევია?

- კი, "დიდოსტატის მარჯვენა" ყველაზე ბევრჯერ მაქვს წაკითხული.

- პოეზია გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ ტექსტის დამახსოვრების პრობლემა მაქვს. გადაღებების დროს ხელში სულ ფურცლები მიჭირავს.

- შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?

- ილია ჭავჭავაძე მიყვარს, როგორც მწერალი, როგორც საზოგადო მოღვაწე. გამსახურდიაზე უკვე მოგახსენე.

- მითხარი, ინტერვიუს შემდეგ გადაღებაზე მივდივარო, შემოქმედებით საქმიანობაში რამე სიახლე გაქვს?

- მალე დაიწყება მხატვრული ფილმის გადაღება, მოლოდინის რეჟიმში ვარ. ეს ფილმი უკვე დაფინანსებულია, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ თავს ინტელექტუალად არ ვთვლი.

- "დროებითი წარუმატებლობა სჯობია დროებით..." როგორ სრულდებოდა პითაგორას ბეჭედზე ამოტვიფრული წარწერა?

- "...დროებით წარმატებას". არა? ეს ჩემი ვარაუდია.

- დიახ. რა საკითხს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ 1871 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი - "გამოცანები"?

- მამათა და შვილთა ბრძოლას.

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის ცხენოსანი მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- მინიშნებას ვერ მეტყვი?

- ეს მსოფლიოში ცნობილი ნაგებობაა, ვფიქრობ, მინიშნებაც კი არ არის საჭირო.

- (ფიქრობს) ჩინეთის დიდი კედელი.

- ვინ არის ავტორი ლექსისა - "გოგოვ გნახე ფეხშიშველი".

- ვაჟა-ფშაველა.

- როგორ პიროვნებას უწოდებდნენ ხარჭას ძველ საქართველოში?

- არ ვიცი.

- რომელიც მამაკაცთან ქორწინების გარეშე ურთიერთობაში იმყოფებოდა.

- ა! მივხვდი ე.ი. ასე "ცუდ ქალს" მოიხსენიებდნენ.

- დანტეს აზრით, რისი დაკარგვა ანაღვლებს ყველაზე მეტად ბრძენ ადამიანს?

- წლების, ხომ?

- არა. მიგანიშნებ: რომაელები მეგობრებს უწოდებენ "ყველაზე დიდ ქურდებს", რადგან ისინი გვპარავენ იმას, რისი დაკარგვაც, დანტეს აზრით, ბრძენ ადამიანს ყველაზე მეტად ანაღვლებს.

- მეგობრები გვპარავენ? დავიბენი.

- არა მხოლოდ გვპარავენ, ჩვენც სიამოვნებით ვუთმობთ.

- დროის დაკარგვაზეა ლაპარაკი?

- გამოიცანი. "ვინაიდან ნათესავნი ქართველთანი ესეოდენ კეთილ არიან და არა განცრუვდებიან, რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თვისი მოყვარეთათვის"... რომელმა ქართველმა გმირმა დაიმსახურა მონღოლთა ნოინის ასეთი შეფასება?

- არ ვიცი.

- თაფლი...

- ...(მაწყვეტინებს) ცოტნე დადიანმა.

- მითხარი, სკოლაში გეოგრაფიას კარგად ვსწავლობდიო, რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- ვინ შეადგინა პირველი გეოგრაფიული ატლასი?

- ვერ ვიხსენებ.

- პტოლემეუსმა. ეს მწერალი თბილისში, 1934 წლის 4 ივლისს დაიბადა, სამწერლო ასპარეზზე სულ სამიოდე წელი იღვაწა. მოთხრობათა პირველი კრებული - "სალამურა" მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. იგი სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა. 1960 წლის აგვისტოში, გაგრაში, უცნობი ქალბატონის გადასარჩენად აღელვებულ ზღვაში შევიდა. რომელ მწერალზე ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მის სიტყვებს შეგახსენებ. "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა - აშენებულით ტკბობაში".

- გურამ რჩეულიშვილზე ამბობ?

- რა თქმა უნდა. "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ..."

- "...ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

- რა ჰქვია ესკიმოსების საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ყინულის აგურებისგან აშენებენ?

- ვერ ვიხსენებ.

- იგლუ. XX საუკუნის 80-იან წლებში ამერიკაში გამოვიდა "სუნების წიგნი". ვისთვის იყო ეს წიგნი განკუთვნილი?

- სუნამოების შემქმნელებისთვის.

- ცდები, ძაღლებისთვის იყო განკუთვნილი. რომელი რელიგიის მიმდევრები არიან ტიბეტელი ბერები?

- ბუდიზმის.

- ქრისტეს ამ მოციქულმა მანამდე არ დაიჯერა უფლის ხორციელი აღდგომა, სანამ მაცხოვარს ხელით არ შეეხო. რომელ მოციქულზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი

- თომაზე.

- ვაიმეე! ურწმუნო თომა როგორ დამავიწყდა.

- რომელი ქართველი პოეტი მონაწილეობდა რუსეთის დაპყრობით ომებში ჩრდილოეთ კავკასიაში?

- გრიგოლ ორბელიანი.

- სადაური იყო ეზოპე?

- ვერ ვიხსენებ.

- ბერძენი იყო.

- აი, ვფიქრობდი და არ გითხარი.

- რომელი ოჯახის წარმომადგენლები არიან: ლომები, ლეოპარდები, ვეფხვები?

- კატისებრთა ოჯახის.

- რომელი ტბა მდებარეობს მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, ის სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ზღვის დონიდან 3812 მეტრზე მდებარეობს.

- ვერ გიპასუხებ.

- ტიტიკაკა. მიუხედავად სიმაღლისა, ის არასდროს იყინება და სანაოსნოდ გამოიყენება. რომელია შავი და კასპიის ზღვების მდინარეთა წყალგამყოფი ქედი?

- კავკასიონი?

- დაიბენი, საქართველოს 2 ნაწილად რომელი ქედი ყოფს?

- ა!!! ლიხის ქედი. რა დიდი სისულელე ვთქვი.

- რა ჰქვია ძვირფასი ქვების წონის ერთეულს?

- კარატი.

- ვინ იყვნენ ქრისტესთვის სახარების ავტორები მათე, ლუკა, იოანე და მარკოზი?

- მოწაფეები.

- "ეს რა მსახიობი ვიღუპები". რომელ ცნობილ პიროვნებას აღმოხდა სიკვდილის წინ ეს სიტყვები?

- ვერ გიპასუხებ.

- ნერონს. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- ზღაპრები გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ შეიძლება ისეთი რამ მკითხო, რომ ვერ გიპასუხო.

- "ასფურცელა", "კომბლე", "სამი გოჭი", "წითელქუდა" - რომელ ზღაპარში არ ფიგურირებს მგელი?

- "ასფურცელაში".

- ამ ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის შემადგენლობაში შედის. ამ ტყეს ხშირად "მსოფლიოს ფილტვებსაც" უწოდებენ. რომელ ტყეზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ამაზონის ტყეზე. რომელ ქართულ ფილმშია აღწერილი ხეჭეჭურის ნერგებისთვის წასული ბაბუა-შვილიშვილის საინტერესო თავგადასავალი?

- "ნერგებში".

- ყველაზე კარგად კაბრიოლეტების გაკეთება ფრანგ მეწარმეს, ლუის რენოს გამოსდიოდა. ეს ფაქტი ექიმებმა ახსნეს, როცა მის სამედიცინო ბარათში ჩაიხედეს. რა სჭირდა რენოს?

- სავარაუდოდ, დახურული სივრცის შიში ექნებოდა.

- დიახ. წარმოიდგინე, რომ დედამიწის გარშემო მოგზაურობ, აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- გინდა დამაბნიო (იცინის)? თანაბრად იქნება.

- ალექსანდრე მაკედონელის მიერ მოწყობილ ამ შეჯიბრებას 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვებულ პრომაქოსს მეფემ გვირგვინი საკუთარი ხელით დაადგა, მაგრამ მან 3 დღეზე მეტი ვეღარ იცოცხლა. რა შეჯიბრება გამართა ალექსანდრე მაკედონელმა?

- არ ვიცი.

- ღვინის სმა. ეს ნუგბარი ჩინელებმა გამოიგონეს, ევროპაში მის შემომტანად კი მარკო პოლო ითვლება. რომელ ნუგბარზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ნაყინზე. ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- დაბოლოს, დაასრულე თაგორის ცნობილი გამონათქვამი: "ახალგაზრდა ადამიანს რომ სიყვარულისთვის უსაყვედურო, იგივეა, რაც დაავადებულ ადამიანს..."

- "...დაავადებულ ადამიანს - ავადმყოფობისთვის".

თამუნა კვინიკაძე