ისეთ რამეს არ ვაკეთებთ, რაც მათ არ დაუწერიათ, მაგრამ... - გზაპრესი

ისეთ რამეს არ ვაკეთებთ, რაც მათ არ დაუწერიათ, მაგრამ...

სულ მოკლე ხანში პოპულარობაც მოიპოვეს და როცა "ღამის შოუს სტუდიამ" სერიალის ძირითადი მსახიობები ახალი "სახეებით" ჩაანაცვლა, ბაჩო და ნოდარი "შეუცვლელები" აღმოჩნდნენ და განახლებულ სერიალშიც თამაშობდნენ. ამჟამად ისინი "ტვ 11"-ის იუმორისტულ სკეტჩებში მონაწილეობენ. მართალია, ამ სკეტჩებში სხვადასხვა მსახიობს უწევენ პარტნიორობას, მაგრამ არხზე ყველაზე პოპულარული მაინც მათი დუეტია.

- "იმედის" გარეშე თავს როგორ გრძნობთ?

ნოდარი:

- ღმერთმა დაგვიფაროს, იმედის გარეშე ვიყოთ. შენ რა იცი, რომ არაფრის იმედი აღარ გვაქვს?

- ტელეკომპანია "იმედს" ვგულისხმობ. ამჟამად, არცთუ ისე პოპულარულ არხზე მუშაობთ...

ბაჩო:

- ხალხის თანადგომას ვგრძნობთ. ქუჩაში არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ ახალ ამპლუაში, ახალ არხზე, ახალ პროექტს უყურებენ და ჩვენი საქმიანობა მოსწონთ. შესაბამისად, არხი არაპოპულარული არ არის.

- ვინ და როგორ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ სკეტჩში თქვენი დუეტი უნდა ყოფილიყო? ვაღიარებ, ეს ჩანაფიქრი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და თქვენს სკეტჩებს მაყურებელი არ აკლია...

- ნოდარი გიტარაზე უკრავს, მე კი მუსიკა მიყვარს, ამიტომ, თავიდანვე გადაწყდა, რომ ამ სკეტჩში ჩვენი დუეტი შედგებოდა. ამ სკეტჩების მუსიკას ნოდარი ქმნის, ტექსტზე კი სცენარისტები მუშაობენ.

- სკეტჩების დროს იმპროვიზაციას თუ მიმართავთ?

- ისეთ რამეს არ ვაკეთებთ, რაც მათ არ დაუწერიათ, მაგრამ...

ნოდარი:

- (აწყვეტინებს) იმპროვიზაცია მხოლოდ ტექსტს არ გულისხმობს. იმპროვიზაცია შესაძლოა, იყოს მიმიკა, ხასიათი და ა.შ. ამ ხერხს მე და ბაჩო ხშირად მივმართავთ და ეს რეჟისორისთვის მისაღები რომ არ იყოს, აუცილებლად მოგვცემდა შენიშვნას.

- რატომღაც მგონია, სერიალის მონაწილეებს გადაღებების დასრულების შემდეგ ყოველთვის ენატრებათ გადასაღები მოედანი. თქვენ როგორ ცხოვრობთ სერიალის გარეშე?

- ბაჩო "შუა ქალაქში" - ჩემზე ადრე მივიდა, ამიტომ სერიალში მუშაობის მეტი გამოცდილება აქვს... სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობ. როცა ეს პროექტი დასრულდა, თავიდან სინანულის გრძნობა ნამდვილად მქონდა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ადამიანი სკოლას, უნივერსიტეტს რომ ამთავრებს, ასეთი გრძნობა მაშინაც ეუფლება. ახლა რომ ვთქვა, - ის დრო მენატრება-მეთქი, მართალი არ ვიქნები.

ბაჩო:

- პირადად მე, სიახლეები მიყვარს. რაღაც რომ მთავრდება, აუცილებლად სხვა რაღაც იწყება. ადამიანის ბუნებაც ხომ ასეთია? ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. ვიცი, რომ რაღაც სიახლე ყოველთვის გამომიჩნდება ან თავად გამოვძებნი რაიმეს. შესაძლოა, ეს ახალი ნაკლებად საინტერესო იყოს, მაგრამ უნდა ეცადო, არ დანებდე, წინ წახვიდე. ველოდი, რომ ამ სერიალის შემდეგ საკუთარი თავის რეალიზაციას სხვა ტელევიზიაშიც მოვახერხებდი. გარდა ამისა, თეატრში შემიძლია, ჩემი გულის წადილი ავისრულო.

- აქამდე იუმორისტული კუთხით რაიმე გამოცდილება თუ გქონიათ? მაგალითად, რომელიმე მხიარულთა და საზრიანთა გუნდში თუ გითამაშიათ?

- არა, სცენაზე ამ ამპლუაში არასოდეს ვმდგარვარ. უბრალოდ, ეს ჩემი პროფესიაა. მიმაჩნია, რომ როგორც კომედიურ, ისე სხვა ჟანრშიც უნდა გამოვცადო საკუთარი თავი. რამდენად კარგად გამომივა, ამას მაყურებელი შეაფასებს. აქამდეც მითამაშია კომედიური ჟანრის სპექტაკლებში. ანეკდოტების მოყოლა კი არ გამომდის. ვერც ვიმახსოვრებ და არც მეცინება ჩემს მოყოლილ ანეკდოტზე.

ნოდარი:

- ამ სტილის იუმორისტული გამოცდილება არც მაქვს. თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, სადაც ძირითადად, კომედიურ როლებს ვთამაშობდი. სულ ეს არის.

- ამ სკეტჩებში ხშირად ბილწსიტყვაობთ. ეს უხერხულობას არ გიქმნით?

ბაჩო:

- ეს სკეტჩები ბავშვების საყურებელი ნამდვილად არ არის.

ნოდარი:

- პირადად მე, თავს არაკომფორტულად ნამდვილად არ ვგრძნობ. რასაც ჩვენ იქ ვამბობთ, ეს ბილწსიტყვაობა არ არის.

ბაჩო:

GzaPress- ამის გამო დისკომფორტს ნამდვილად არ განვიცდი. ვისაც არ მოსწონს, შეუძლია, სხვა არხზე გადართოს, ჩვენთვის კი, ვინც ამ პროექტს ვაკეთებთ, მისაღებია. თუმცა, ჩვენ ისეთი პროექტიც გაგვიკეთებია, მაგალითად, "შუა ქალაქში", სადაც მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ხალხს მაინც ეცინებოდა. უბრალოდ, ის სულ სხვა სტილი იყო, ეს კი კლუბური ვარიანტია. კლუბს ცოტაოდენი ბილწსიტყვაობა უხდება. ისეთი გადაცემა რომ იყოს, სადაც ბილწსიტყვაობა უგემოვნოდაა ჩასმული, ხალხს გააღიზიანებდა.

ნოდარი:

- ბაჩოს დავეთანხმები. ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ამაზე ხალისობენ და არ ღიზიანდებიან.

- ცხოვრებაში თუ ბილწსიტყვაობთ?

ბაჩო:

- ბილწსიტყვაობა ბოლო დროს დავიწყე. ცუდ სიტყვებს ძირითადად, საჭესთან მჯდომი ვიყენებ.

ნოდარი:

- მამაკაცები კი არა, ქალებიც ბილწსიტყვაობენ. ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უცენზურო სიტყვებს მეც ვიყენებ. არსებობს მამაკაცების ისეთი კატეგორია, რომლებიც საერთოდ არ იგინებიან ან პირიქით - სულ ბილწსიტყვაობენ. მე არც ერთ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ზომიერებას ვიცავ (იღიმის).

- თუ გახსოვთ, როდის და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ბაჩო:

- ამ შეკითხვას შეყვარებულ ადამიანებს არ უსვამენ ხოლმე (იცინის)?

- არა მხოლოდ. თქვენი დამეგობრების ამბავიც ძალიან გვაინტერესებს.

ნოდარი:

- ბაჩო რომ პირველად დავინახე, ეს ამბავი პეტერბურგში ნამდვილად არ მომხდარა. ის ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეჟისორობაზე ვფიქრობდი, ამიტომ იქ ხშირად მივდიოდი ხოლმე. მაშინ "შუა ქალაქში" ან დაწყებული არ იყო, ან ბაჩო არ თამაშობდა იქ. ერთხელაც, თეატრალურში მივედი და შემთხვევით, ბაჩო საკურსო სპექტაკლში ვნახე. იმ პერიოდში რომელიმე მსახიობი თუ მომეწონებოდა, მათ სახელებსა და გვარებს ვიმახსოვრებდი, იმ იმედით, რომ სამომავლოდ, როგორც რეჟისორი, მათთან ვითანამშრომლებდი. იმ სპექტაკლში ბაჩო მომეწონა და დამამახსოვრდა. მერე "შუა ქალაქში" ვნახე, მერე ამ სერიალში მეც მივედი და პირადად გავიცანი.

ბაჩო:

- მე რა გიამბოთ, მანამდე ნოდარი არსად შემიმჩნევია. მახსოვს იქიდან, რომ პავილიონში, სერიალის გადასაღებ მოედანზე გავიცანი.

- თავიდანვე დამეგობრდით?

ნოდარი:

- "შუა ქალაქში" გადასაღებად რომ დამიძახეს, სერიალი უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო და საკმაოდ შეკრული გადამღები ჯგუფიც ჰყავდა. მხოლოდ მე ვიყავი გუნდის ახალი წევრი. ისიც არ ვიცოდი, ჩემი პერსონაჟი გააგრძელებდა თუ არა არსებობს. ყველანი თბილად და მეგობრულად შემხვდნენ. რომ გითხრათ, ბაჩოსთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებდა-მეთქი, მოგატყუებთ. იქ დამხვდა კახა ჯოხაძე, რომელიც თეატრალურში ჩემი ჯგუფელი იყო და გუნდთან მორგებაშო ის დამეხმარა.

- მახსოვს, იმ დროს მთელი გუნდი დასალევად ერთად დადიოდით ხოლმე. დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა ძველ თანაგუნდელებთან?

- მათთან ურთიერთობას კონტრაქტი არ გვიკრძალავს და შესაბამისად, ისევ ვმეგობრობთ. თუმცა, რასაკვირველია, ისეთი ინტენსიური ურთიერთობა აღარ გვაქვს, როგორიც გვქონდა. წარმოიდგინეთ, მაშინ კვირაში 4 დღე მაინც სულ ერთად ვიყავით.

- როგორი მეგობრები ხართ, ჩხუბობთ თუ არა, ერთმანეთის ოჯახებს თუ იცნობთ?

- (იცინის) მოკლედ გიპასუხებ: ერთმანეთის ოჯახებს ვიცნობთ, არ ვჩხუბობთ და კარგი მეგობრები ვართ.

- ახლა თუ დადიხარ ბაჩოს სპექტაკლებზე?

- არც ისე ხშირად, მაგრამ დავდივარ ხოლმე. ახლა პრემიერა გორში ჰქონდა. სამწუხაროდ, იქ ვერ წავედი. ბაჩო ძალიან კარგი მსახიობია. ადამიანს თავიდანვე ეტყობა, რომ ნიჭიერია.

- გადაღების დროს ერთმანეთს პროფესიულ შენიშვნებს თუ აძლევთ?

ბაჩო:

- ერთმანეთის არ გვერიდება, მაგრამ არც შენიშვნას ვაძლევთ ერთურთს. შიეძლება, უბრალოდ, საკუთარი აზრი გავუზიარო და თავადაც მირჩიოს რაიმე.

- ბაჩო, შენ გაქვს ისეთი სკეტჩები, სადაც რომელიმე ფილმის ან მულტფილმის შეინაარსს ლექსად ამბობ. ეს ლექსებიც სცენარისტების მიერაა შექმნილი?

- დიახ, მე კი მათი დამუშავება მევალება. ტექსტი უნდა "გავტეხო", ჩემებური რაღაცები ჩავაქსოვო. მერე ამ ყველაფერს რეჟისორს ვუჩვენებ, რომელიც რაღაცებს შემისწორებს, შევაჯამებთ და საბოლოო სახეს ვაძლევთ.

ნათია ჟივიძე, ჟურნალი "გზა"