უბრალოდ მეგობრები, რომლებიც დაქორწინდნენ - გზაპრესი

უბრალოდ მეგობრები, რომლებიც დაქორწინდნენ

ლიზა სიდედრი გახდა, რის გამოც მას ხშირად ეხუმრებიან.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. სამსახურში შეძახილებით: - სიდედრო, სიდედროო, - მხვდებიან. თუმცა, იმასაც დასძენენ: სიდედრობას რა უშავს, ბებია რომ გახდები, მერე რაღას იტყვიო?.. იას ქორწილის ფოტო "ფეისბუკის" გვერდზე რომ ავტვირთე, ერთმა მომწერა: ეს ნამდვილად ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორიაა თუ ვინმე სხვაო? როგორც ჩანს, გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ ამხელა შვილი მყავს. ისე, რა ამის პასუხია და, ჩემი ქმარი ხუმრობით მეუბნება ხოლმე: "ლიზა, გახსოვდეს, შენსა და შენს შვილს შორის 9 თვე მაინც უნდა იყოს განსხვავება. ნამეტანი ტოლებივით ნუ იქნებით". ია 25 წლის გახლავთ... ქორწილში ჩემი სიძის მეგობრები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ეს ქალი ნამდვილად იას დედაა? რამე ხომ არ გეშლებათო? ამის მოსმენა სასიამოვნოა. ცხოვრებაში იმდენი მძიმე მომენტია, იმდენი უარყოფითი, რომ ამ ყველაფრის ფონზე რაღაც კარგი თუ ხდება, ბედნიერი ხდები და რა თქმა უნდა, გინდება, სიხარული სხვასაც გაუზიარო. ყველას კარგ განწყობილებაზე ყოფნას ვუსურვებ!

- ვინ არის შენი სიძე?

- გიგა შუბლაძე, ძალიან კარგი ბიჭია, შესანიშნავი ოჯახის შვილი. წარმოშობით ქუთაისიდან გახლავთ. დედამისი ცნობილი ექიმი-ინფექციონისტი ნანა გონგაძეა. ის ქუთაისში ცხოვრობს და მუშაობს, კლინიკის მთავარი ექიმია. ხშირად ვერ ჩამოდის თბილისში. გიგა კი აქ ცხოვრობს და მუშაობს. ახალდაქორწინებულებმა შვებულება აიღეს და ქუთაისში, ნანასთან წავიდნენ. ვგრძნობ, თბილისის შემდეგ, იასთვის ის სახლი ყველაზე კომფორტული ადგილი იქნება...

- ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

GzaPress- ერთ სამეგობრო წრე აქვთ. გიგაც "სიესბელია", ერთად სწავლობდნენ, მაგრამ არასდროს ჰქონიათ რომანტიკული ურთიერთობა. უბრალოდ, მეგობრები იყვნენ. ბოლო ერთი წელია, დაახლოვდნენ. შარშან, შემოდგომიდან დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა. შემოდგომაზე მითხრა, - დედა, მგონი, გიგა მიყვარსო... ია ერთი მხრივ ძალიან გულჩათხრობილი ადამიანია; არასდროს წაგეჭორავება არც საკუთარ თავზე და არც სხვებზე. ოღონდ, თუ რაიმე სერიოზულს აკეთებს, მოვა და მეტყვის, ამას და ამას ვაპირებო. შეიძლება, რაღაც დავუშალო კიდეც, მაგრამ არაფერს უშინდება, არასდროს მატყუებს.

- ჯვარი დაიწერეს?

- მათი დაოჯახება ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ... ჯვარი არ დაუწერიათ, რადგან ახლა მარხვაა. იუსტიციის სახლში ისეთი დარბაზი გაიხსნა, სადაც ხელის მოწერა ყოველგვარი რიგში დგომის გარეშეა შესაძლებელი და მგონი, ია და გიგა პირველები იყვნენ, ვინც ხელი იქ მოაწერა. ცერემონია მშვენიერმა ვალსმა დააგვირგვინა.

- მოგწონს სიძე?

- ძალიან თბილი ბიჭია. ია კეთილი და კარგი ადამიანია, მაგრამ ემოციური. ეტყობა, ჩემი გურული ემოციურობა მოჰყვება (იცინის). სამაგიეროდ, გვერდით ეყოლება გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, მის დამშვიდებას შეძლებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ახალგზარდები ერთმანეთს ავსებენ და კარგად არიან.

- ია სად მუშაობს?

- ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელია. ვამაყობ იმით, რომ ახალგაზრდებმა ეს პატარა დღესასწაული საკუთარი ხარჯებით მოაწყვეს და ჩვენთვის, მშობლებისთვის თეთრიც არ უთხოვიათ.

ლალი ფაცია, ჟურნალი "გზა"