"გურმანული "დვიჟენიები" ჩემთვის უცხოა" - გზაპრესი

"გურმანული "დვიჟენიები" ჩემთვის უცხოა"

ცნობილი "ხმა" - მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი გურმანობით ან კულინარიული შესაძლებლობებით დიდად არ გამოირჩევა, თუმცა ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობისას, მათი სამზარეულოების დაგემოვნებაზე, რა თქმა უნდა, უარს არ ამბობს:

- ჭამა-სმის მოყვარული დიდად არ ვარ. მთავარია, საკვები ჯანსაღი იყოს. სწრაფი კვების ობიექტები არ მიყვარს და თუ ჭამა სახლის გარეთ მიწევს, რძის ნაწარმს ან შოკოლადს ვყიდულობ. შაურმასა და ასეთ საკვებს არ ვეტანები. თუმცა, ნამდვილი, კარგი შაურმა თურქეთში მიჭამია, შენს თვალწინ რომ აკეთებენ ცეცხლზე და არა - გაზზე და ძალიან გემრიელია. ბევრი ქვეყნის სამზარეულო გამისინჯავს - იაპონური, ჩინური, უნგრული, ინდურიც, მაგრამ ყველაზე მეტად, მიუნხენში ნაჭამი შემწვარი ბურვაკის ბარკალი მომეწონა. ასეთი გემრიელი ხორცი არასდროს გამისინჯავს. მეგონა, ხორცის ამბავში ქართველები ყველაზე მაგრები ვიყავით, მწვადი მაგარი რამეა, მაგრამ ხორცი თუ ასეთი გემრიელი შეიძლებოდა ყოფილიყო, არ მეგონა, გარედან შეპიწკინებული და შიგნიდან არც გამომშრალი, არც - ძალიან სველი. საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ხომ იცით, ადამიანის ბუნება როგორი გაუმაძღარია? მეტის ნახვა მინდა. აზია ძალიან მაინტერესებს, იქ მხოლოდ იაპონიასა და ისრაელში ვარ ნამყოფი. ჩინეთსა და ინდოეთში დიდი სიამოვნებით წავიდოდი. უნგრული "გულიაში" კარგია, მაგრამ ქართული ჩიხირთმა ან ხარჩო მირჩევნია. პელმენიც მომწონს. ჩრდილოეთის ქვეყნებში რძის ნაწარმი მომეწონა, უგემრიელესია არაჟანი, ხაჭო, იოგურტები, ყველი და ა.შ. საერთოდ, ჩრდილოეთის სამზარეულო უფრო ხორცზეა ორიენტირებული, იქ ხომ ბოსტნეული ნაკლებად მოდის, ამიტომ, უფრო შემწვარი ხორცის კერძებია, რაც მე მიყვარს.

იაპონური ტრადიციები და ტკბილი ლობიო - დესერტი

GzaPress- იაპონელებს მთელი რიგი რიტუალები აქვთ. ლამაზია, როცა უყურებ, დიდი ამბით როგორ გისხამენ ჩაის, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ეს ცოტა ზედმეტია, როცა შეიძლება ყველაფერი უფრო მარტივად გააკეთო. მთელი სპექტაკლია დადგმული, ჯერ ერთი რამ მოაქვთ, მერე - მეორე და ა.შ. თან გიხსნიან და გასწავლიან, რა როგორ და რასთან უნდა მიირთვა. ძალიან კარგი მწვანე ჩაი აქვთ. საერთოდ, ჩაი მიყვარს და იმდენად მსუყე იყო, ორ ჭიქაზე მეტი ვერ დავლიე. იაპონიაში გველის ხორცი არ მიჭამია, მაგრამ ზღვის პროდუქტები და რვაფეხები გავსინჯე. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ ტკბილი ლობიო ვჭამე, რომელიც დესერტად ითვლება. მოხარშული ლობიოა, თავისსავე წვენში, თავისივე დანამატებით, მათ შორის, ალბათ შაქარიცაა, რადგან ტკბილი იყო. ვერ ვიტყვი, რომ გადავირიე, მაგრამ ნორმალური გემო ჰქონდა. ჩვენთვის ეს უჩვეულოა, რადგან ლობიოს მწნილთან ერთად მივირთმევთ.

მჭადის "ბლინჩიკები", ყველის წვნიანი და აყროლებული "ფასტ-ფუდები"

- აშშ-ში სანტა-ბარბარასა და ნიუ-იორკში ვარ ნამყოფი, საკმაოდ საინტერესოა. კალიფორნიაში უფრო მექსიკური ტიპის სახლებია, იქ ხალხი ძალიან მდიდრულად ცხოვრობს, თუმცა "ბოგანოებიც" არიან. როგორც შევატყვე, იქ მუშაობის სურვილი თუ გაქვს, ელემენტარულ სამსახურს ნამდვილად იშოვი. მით უმეტეს, თუ განათლება გაქვს. რაც შეეხება სამზარეულოს, სანტა-ბარბარაში მექსიკური ყველაზე კარგი იყო. ლობიოც კარგი ჰქონდათ და ყველის წვნიანიც. სიმინდი ხომ ბევრი აქვთ და გემრიელი მჭადებიც მივირთვი. მჭადის ფქვილისგან "ბლინჩიკებს" აკეთებენ და მასში რასაც გინდა, გაახვევ - ხორცი, სოკო და ა.შ. კარგი კიტრი და პომიდორი იყო, თავისი წიწაკებით. იქ ზოგი რესტორანი ისეთი ძვირია, ვერ შეხვალ, ზოგან კი შეიძლება მაქსიმუმ 20 დოლარად იმდენი მიირთვა, მთელი დღე აღარ მოგშივდება. მდიდარი ხალხი იაფიან რესტორნებში არ დადის, არ ეკადრებათ. თავისუფალი ქვეყანაა და კასტები მოისპო, მაგრამ მაინც ყველას თავისი ადგილი აქვს და ყველამ ეს თავისი ადგილი იცის, დალაგებული ქვეყანაა. "ფასტ-ფუდებში" ხომ არ შევდივარ და ნიუ-იორკში ვიფიქრე, ვნახავ, როგორი საკვებია-მეთქი და კარი რომ გამოვაღე, იმ წამსვე ცივად მივკეტე. ისეთი საშინელი სუნი იდგა, იქ ნამდვილად ვერაფერს შევჭამდი, საერთოდ, რა გამაჩერებდა?

მანჰეტენი - ადამიანის მიერ შექმნილი "ბეტონის ტყე"

GzaPress- ნიუ-იორკმა აღმაფრთოვანა-მეთქი, რომ ვთქვა, მოვიტყუები. მანჰეტენი მართლაც შთამბეჭდავია. თავს პატარა არსებად გრძნობ, თან იმასაც აცნობიერებ, რომ ეს "ბეტონის ტყე" ხომ ადამიანის შექმნილია - საინტერესო ქალაქია, მაგრამ ნიუ-იორკში არ ვიცხოვრებდი. საერთოდ, არსად ვიცხოვრებდი, საქართველოში მირჩევნია. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ქართველი ვნახე, ზოგიერთი არალეგალურად, ზოგი - ლეგალურად მცხოვრები, თავისი პროფესიით რომ მუშაობს და ნორმალური პირობები აქვს, მაგრამ ყველა მათგანს თითქოს რაღაც აკლია, ისეთი ლაღები ვერ არიან.

"ტორტის ბეზეებიანი" პარიზი და უფრო ლამაზი ვენა

- ერთი პერიოდი, გამგზავრება დიდი ხნით მიწევდა, "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" დოკუმენტურ ფილმებს ვაკეთებდით - "ოკუპაცია", 17 ფილმი გადავიღეთ და სწორედ მაშინ ვმოგზაურობდი და იქაურ სამზარეულოებსაც გავეცანი. ერთხელ, თვენახევრით მოგვიწია ევროპაში გაჩერებამ და ბოლო ორი კვირა გაძლებაზე ვიყავი, არადა პარიზსა და ვენაში ვცხოვრობდით, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ უკვე ერთი სული მქონდა, თბილისში როდის დავბრუნდებოდი. ვინც ამას წაიკითხავს, შესაძლოა, უცნაურად მოეჩვენოს - შე ოხერო, ვენაში იყავი და აქ რა მოგარბენინებდაო? მაგრამ მართლა ასე ვგრძნობდი თავს. ისე, სიმართლე გითხრა, ვენა უფრო მომეწონა, ვიდრე პარიზი, რომელიც ძალიან კარგია, მყუდრო, ლამაზი, ვერ გრძნობ, რომ უცხო ქალაქში ხარ, მაგრამ ლუვრსა და რამდენიმე სხვა შენობას თუ არ ჩავთვლით, ერთფეროვანია. საცხოვრებელი სახლებიც ერთგვაროვანია, არქიტექტორ ოსმანის დაპროექტებულია, ყველა სახლი ტორტის ბეზეს ჰგავს და ზოგჯერ დეჟავუ გემართება, აქ ხომ უკვე ვიყავი და ვნახეო, ამ დროს კი პირველად ხარ. ვენას ეტყობა, რომ ერთ დროს დიდი იმპერიის - ავსტრო-უნგრეთის დედაქალაქი იყო, ულამაზესი სასახლეები, ოპერა - შესანიშნავი არქიტექტურაა.

ქართული კერძები

- წარმოშობით ქართლიდან ვარ, კახური მწვადი მიყვარს, მეგრული ღომი, ელარჯი და კარგი მჭადიც, ოღონდ უზეთოდ გამომცხვარი. ნიგვზეულობა და ფხალეულობა გემრიელია, მაგრამ დიდად გადარეული არ ვარ. ერთ გადაცემაში ვიყავი მიწვეული, საჭმელებს აკეთებდნენ, ამ პროცესში მეც ვმონაწილეობდი და წამყვანი დიდი აღფრთოვანებით მეკითხებოდა - თქვენ როგორ აკეთებთ, რა როგორ მოუხდებაო და მე "ცივი წყალი გადავასხი", რად უნდა საჭმელს ამდენი ლაი-ლაი და ფილოსოფია, დაჭერი, შეწვი, გადაასხი, გადმოასხი და შეჭამე-მეთქი (იცინის). გაგიჟდა, ჩემგან ამ პასუხს არ ელოდა (იცინის).

- თქვენ რისი კეთება გეხერხებათ?

- სალათებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, რაიმეს გახეხვა, ჩათუშვა რომ სჭირდება, მეზარება, მაგრამ შემიძლია შევწვა ხორცი, კვერცხი, კარტოფილი, თევზი, ქათამი, თანაც ისე, რომ არავის ავნებს (იცინის). მწვადი კარგი მაშინ გამოდის, როცა ბევრჯერ ატრიალებ, მე კი ეს მეზარება, სულ ნაკვერჩხალთან უნდა იდგე და ჩემთვის არაკომფორტულია.

არასანდო სასმელი და იაპონური ვისკი

GzaPress- სასმელის ამბავში, ისეთი ამტანი ვეღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი. საერთოდ, იშვიათად ვსვამ, იმიტომ, რომ მეორე დღეს, ნაბახუსევზე საქმეების კეთება მეზარება და რეპეტიცია ან გადაღება როცაა, ვგრძნობ, რომ ისე ვერ ვმუშაობ, როგორც მე მინდა. საქმის გაფუჭება კი არ მიყვარს. ამიტომაც, შეიძლება თვეში ერთხელ დავლიო. სასმელს რაც შეეხება, უკვე დიდი ხანია, მხოლოდ კარგი ხარისხის სასმელს ვსვამ, მაგალითად, ქართლის ან კახურ ღვინოს, თუ ვიცი, რომ კარგია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იაპონიაში ძალიან გემრიელი ვისკი დავლიე. საკმაოდ ლამაზ ბოთლში იყო ჩასხმული. გაგვიკვირდა, იაპონური ვისკი რა უნდა იყოსო, მაგრამ უგემრიელესი იყო! მსგავსი შეიძლება შოტლანდიაშიც კი ყველგან ვერ დალიო.

- შოტლანდიაში ნამყოფი ხართ?

- კი, ედინბურგსა და გლაზგოში, ძალიან ლამაზი ქალაქებია, ისევე, როგორც ლონდონი. იქ როცა ხარ, შეგრძნება გაქვს, რომ დედამიწის მთავარ ადგილას იმყოფები. ბრიტანეთის მიმართ გულგრილი არ ვარ, "ბითლზის", ფეხბურთის, რაგბის, ჩოგბურთის გამო. პირდაპირ რომ ვთქვა, მაგარია, რა! ინგლისური სამზარეულო დიდი არაფერია, ლუდი კარგია, მაგრამ შვრიის ფაფა კარგი როგორ უნდა იყოს (იცინის)?

- არადა, ინგლისში მსოფლიოს ვარსკვლავი შეფმზარეულები არიან და მათ რესტორნებში ჩაწერაზე რიგებია...

- ასეთი გურმანული "დვიჟენიები" ჩემთვის უცხოა და ალბათ არასდროს მივიღებ მონაწილეობას. ყოველდღიური საჭმელი ქართველებს რომ გვაქვს, მგონი არავის აქვს, მე მიყვარს.

თამთა დადეშელი