გენერლობაზე მეოცნებე მსახიობი - გზაპრესი

გენერლობაზე მეოცნებე მსახიობი

სამომავლოდ, გენერლობა სურს, ამჟამად კი მსახიობობით არის გატაცებული... 17 წლის ბუბას შეყვარებული არ ჰყავს და როგორც ამბობს, მოსწონს განათლებული, დიდმკერდიანი გოგონები.

- ჩემს ოჯახში 9 ადამიანი ცხოვრობს: მე, დედა, მამა, ჩემი და-ძმა, ბიძა, ბებო და პაპა. მამა შსს-ში მუშაობს, დედა - 31-ე ქარხანაში.

- ჰოროსკოპით ვინ ხარ?

- თხის რქა ვარ. საკუთარი ჰოროსკოპის ზოგადი დახასიათება წაკითხული მაქვს. კითხვისას ვფიქრობდი: მართლაც, ჩემზე დაუწერიათ-მეთქი.

GzaPress

- საკუთარი თავის დახასიათება შეგიძლია?

- როგორ არ შემიძლია (იცინის)! ვარ მეგობრული, კომუნიკაბელური, მხიარული. მიყვარს, როცა ადამიანებს სიამოვნებას ვანიჭებ, მათ გახარებას ვახერხებ. ასევე, მომწონს ახლობლების ყურადღება და ისიც, როცა მხიარულებაში, იუმორში მხარს მიბავენ. სიკეთეს ყოველთვის უანგაროდ ვაკეთებ და არასდროს ველოდები, რომ სიკეთე სიკეთითვე დამიბრუნდება.

- ბევრი ცუდი თვისება გაქვს?

- საკმაოდ ბევრი (იცინის)... ჯიუტი, ჭირვეული და "ჩემნათქვამა" ვარ. არ მიყვარს სწავლა და ვერ ვიტან, როცა ჭკუას მარიგებენ.

- შენი სიჯიუტით რამე საქმე გაგიფუჭებია?

- კონკრეტულად რა, ვერ გეტყვით, მაგრამ ვაღიარებ - ბევრჯერ გამიფუჭებია (იღიმის).

- მშობლები ყველაზე ხშირად, რის გამო გსაყვედურობენ?

- სულ მაფრთხილებენ, რომ შინ დროზე მივიდე და ოჯახის წევრები არ ვანერვიულო. ჰოდა, მეც, რა თქმა უნდა, ვცდილობ, არ დავიგვიანო, მაგრამ ვერ ვახერხებ და რა ვქნა?!. ჰო, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისება არის ის, რომ რაღაცებზე და ვიღაცებზე გული იოლად მიცრუვდება, იოლად ველევი და ზოგჯერ, ადგილის შეუსაბამოდაც ვიქცევი. მაგალითად, შემიძლია მეტროში ხმამაღლა ვილაპარაკო, ჩემი ემოციები თამამად გამოვხატო და ა.შ. ასე ძირითადად, მაშინ ხდება, როცა მეგობრებთან ერთად ვარ. სხვათა შორის, ვცდილობ, ეს უარყოფითი თვისებები გამოვასწორო.

- უკომპლექსო ხარ?

- ნამდვილად, უკომპლექსო ადამიანი ვარ! ზედმეტად თავისუფალი ვარ და ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია.

- მიზანდასახული ხარ?

- შეიძლება, ერთ საქმეში სული და გული ჩავდო, მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ მეორე საქმის გასაკეთებლად ხელიც არ გავანძრიო.

- ფიცხი ხასიათი გაქვს? რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- საკმაოდ "ფეთქებადი" ვარ, მაგრამ ხშირად - მომთმენიც... წონასწორობა შეიძლება, ბევრმა რამემ დამაკარგვინოს. კონკრეტულ მიზეზებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ძირითადად, უსამართლობა მაგიჟებს.

GzaPress

- საკუთარი ნივთების მოწესრიგება თუ შეგიძლია?

- ზოგადად, მოუწესრიგებელი ადამიანი არ ვარ, მაგრამ არც საკუთარი ოთახი მაქვს, რომ დავალაგო (იღიმის).

- როცა შინ მარტო ხარ, შეგიძლია, რაიმე კერძი მოიმზადო?

- არაფრის მომზადება არ ვიცი. ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩაის მოდუღებაა. სამზარეულოში ჩემი ადგილი არ არის.

- 17 წლიდან საკუთარი შემოსავალი გაქვს. თუ საიდუმლო არ არის, ძირითადად, რაში ხარჯავ ფულს?

- ჩემი ხელფასის 90% ოჯახს ხმარდება, დანარჩენს კი მეგობრებთან ერთად ვხარჯავ.

ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც საკუთარი შემოსავლით შევიძინე, მობილური ტელეფონია.

- შეყვარებული ხარ?

- ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. ბოლოს ვინც მიყვარდა, მას კარგა ხნის წინ დავშორდი, რადგან ერთმანეთს სათანადოდ ვერ გავუგეთ.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- როგორი გოგოც მომაწონებს თავს, ისეთი (იცინის)...

- და მაინც, რას ანიჭებ მანდილოსანში უპირატესობას?

- ჩემთვის მთავარი, მისი ზოგადი განათლება და მკერდია. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის თმა ექნება, მთავარია, მომეწონოს. ეშხიანი და ეფექტური გოგონები მომწონს.

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილს არ შეიძლება, ქართული ტრადიციები არ მომწონდეს, ამას არ ვაფასებდე. ჩვენი ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს... თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ქორწილში ჩოხას მაინც არ ჩავიცვამ, დამცხება (იცინის).

- თავს დამოუკიდებელ პიროვნებად მიიჩნევ?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ, დამოუკიდებელი ვიყო, მაგრამ ოჯახის წევრების გარეშე ცხოვრებაც გამიჭირდება. ბოლოს და ბოლოს, როგორც გითხარით, სამზარეულოში ტრიალი არ მეხერხება და მარტო მყოფი, შეიძლება, მშიერი მოვკვდე.

- მომავალში შენს რჩეულთან ერთად მარტო ცხოვრებას ისურვებ თუ მას მოუწევს შენი ოჯახის ტრადიციებთან შეგუება?

- რა თქმა უნდა, ჩემს რჩეულთან ერთად მარტო ვიცხოვრებ და ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერ ჩაერევა ჩემი და ჩემი რჩეულის ურთიერთობაში. ყველას აზრს მოვისმენთ, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად მივიღებთ.

- რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი საყვარელ ადამიანთან ერთად?

- ჯერ საქართველოს ყველა კუთხეს მოვივლიდი და შემდეგ - იმ ქვეყნებს, სადაც უმაღლესი ხარისხის ლუდი აქვთ: ჩეხეთი, ავსტრია და გერმანია...

- ალკოჰოლური სასმელები გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ლუდი. თუმცა, ყოველთვის ზომიერად მივირთმევ...

GzaPress

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- სიგარეტს არ ვეწევი, მაგრამ... მავნე ჩვევებს შორის ყველაზე მავნე ჩვევა მაქვს - ფრჩხილებს ვიკვნეტ. ბევრჯერ ვცადე, ეს საშინელება დამემარცხებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. იმედია, ოდესმე ამასაც მოვერევი.

- ერთგულება შეგიძლია?

- ის, რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს, ერთგულებაა. შემიძლია, მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის ერთგული ვიყო.

- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანებს?

- ღალატს, ტყუილს, ორპირობას, უსამართლობას.

- სერიალში გამოჩენის შემდეგ უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინე. რას გვეტყვი მათზე?

- მე ყველა ჩემი თაყვანისმცემელი მომწონს და მიყვარს, მაგრამ მაქვს პერიოდები, როცა ან ხასიათზე ვერ ვარ, ან რაღაც პრობლემა მაქვს და მათ წერილებს არ ვპასუხობ, რაც ბევრს სწყინს. მათი მესმის, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ყოველთვის მხიარულ განწყობაზე ვერ ვიქნები.

- საკმაოდ პატარა ასაკში გახდი პოპულარული. ეს "თავში აგივარდა"?

- მეგობრები ხუმრობით მეუბნებიან, - "თავში აგივარდაო". ვერ გეტყვით, პოპულარობამ შემცვალა თუ არა, ამ კითხვაზე სხვებმა უნდა გიპასუხონ.

- საკუთარ თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევ?

- ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ბევრ რამეში მიმართლებს, ბევრ რამეში - არა. თუმცა, გეთანხმებით, გამართლებაა, 17 წლისას ხალხი რომ გაგიცნობს.

- დეპრესიული ხარ?

- კი, დეპრესიული ვარ. ისეთი მომენტებიც მქონია, როცა მიტირია... ახლა არ მკითხოთ, რამ აგატირაო? - ალბათ, იმიტომ წამომივიდა ცრემლები, რომ რაღაცას ძალიან ვნანობდი.

- ბუბა, წელს სკოლა დაამთავრე. სამომავლოდ რა პროფესიას აირჩევ?

- სამხედრო პირი გავხდები, გენერლობა მინდა... იმედია, მომავალში ღირსეული გენერალი ვიქნები.

- რატომ გადაწყვიტე გენერლობა და არა - მსახიობობა, მით უმეტეს, რომ უკვე კამერის წინ მუშაობის, სცენაზე დგომის გამოცდილება გაქვს?

- სამხედრო სამსახურზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობამ პოპულარობა მომიტანა და ეს საქმეც მიყვარს, ბავშვობის დროინდელ ჩემს სურვილებსა და ოცნებებზე უარს ვერ ვიტყვი.

სოფო ჭონიშვილი