ნინი წიკლაური ამერიკაში წავიდა - გზაპრესი

ნინი წიკლაური ამერიკაში წავიდა

- რამდენიმე დღეა, რაც ამერიკაში ჩამოვედი. ჩემთვის ეს ქვეყანა უცხო არ იყო და ამიტომაც, აქაურ ყოფასთან შეჩვევა ჯერჯერობით, არ მიჭირს.

- ვიდრე ამერიკაში წასვლის მიზეზსა და მომავლის გეგმებზე გკითხავ, მინდა, 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედია გავიხსენო. იმ პერიოდში შენ საქართველოში არ იყავი?

- 13 ივნისს ჯერ კიდევ თბილისში ვიყავი და იმ ტრაგედიამ, როგორც ყველა სხვა ქართველი, მეც "დამანგრია". არ მეგულება ადამიანი, ვინც იმ საშინელი სტიქიის ამსახველ კადრებს ცრემლის გარეშე ნახავდა. ეს იყო ის, რისიც სულ მეშინოდა ანუ მეორედ მოსვლა. ვიზიარებ იმ ოჯახების ტკივილს, რომლებმაც უახლოესი ადამიანები დაკარგეს. ვწუხვარ იმ ადამიანების გამოც, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი ჭერი და ის ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აშენებდნენ. ასევე, ძალიან შემეცოდა ცხოველებიც.

GzaPress

- ამერიკაში მცხოვრები ქართველები ალბათ, ძალიან განიცდიან საქართველოში მომხდარ ტრაგედიას...

- ცხადია, ყველა განიცდის. მეკითხებოდნენ, - ახლა როგორი სიტუაციაა თბილისშიო? ბევრს ეს კადრები დამონტაჟებული ეგონა. ვერ წარმოედგინათ, ასეთი რაღაც შესაძლებელი თუ იყო. ძნელია შორიდან უყურო იმას, რომ შენს ქვეყანას, რომელიც წლების წინ, გაჭირვებისა და პრობლემების გამო დატოვე, როგორ ანგრევს წყალი...

- ახლა კი შენი ამერიკული გეგმების შესახებ მომიყევი...

- რომ გითხრათ, რაიმე ძალზე მნიშვნელოვანი მიზეზი და გეგმები მქონდა ამერიკაში წამოსასვლელად-მეთქი, მართალი არ ვიქნები. უბრალოდ, ასე ჩავთვალე საჭიროდ. ჩემი ოჯახი თბილისშია და მათგან შორს ცხოვრება ჩემთვის ადვილი არ არის. საერთოდ, გადაწვეტილებებს იოლად ვიღებ და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. ამერიკაში აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, აქ ცხოვრებაზე ერთხელ დავიფიქრდი და ეს ფიქრი რეალობად ვაქციე. ახლა რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ აქ დიდხანს დავრჩები. თუმცა, არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა. თუმცა, არ ვიცი, ოჯახის წევრების გარეშე ყოფნას როდემდე გავუძლებ (იღიმის).

GzaPress

- ამერიკაში ვისთან ერთად ცხოვრობ?

- მოგეხსენებათ, აქ უამრავი ქართველი ცხოვრობს და მათ შორის, ბევრი ჩემი ნათესავიც, რომელთა ნახვაც მაბედნიერებს. ამერიკაში ჩემს უახლოეს მეგობართან, ნინი შერმანდინთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენ ერთი და იგივე საქმე გვაქვს, ერთსა და იმავე სფეროში ვართ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის, ეს ყველაფერი კი გვიადვილებს ერთად ცხოვრებას.

- როგორ ფიქრობ, ამერიკაში თავის დამკვიდრება გაგიადვილდება?

- იოლი არაფერია. ამერიკაში კი არა, საქართველოშიც რთულია თავის დამკვიდრება. ილუზიებით არ ვცხოვრობ და გაცნობიერებული მაქვს, რომ შესაძლოა, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომიხდეს. სირთულეები არ მაშინებს, პირიქით - ეს ბრძოლის ჟინს მიორმაგებს.

- ალბათ, გზის გაკვალვაში ისიც დაგეხმარება, რომ ნინი შერმადინი იქ დიდი ხანია, ცხოვრობს და საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებს...

- რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ ყველაფერს ერთმანეთთან შეთანხმებით ვაკეთებთ. ბევრ სწორ რჩევს მაძლევს, მე კი ვითვალისწინებ. იმდენად ბევრი საერთო გვაქვს ხასიათში, რომ ხშირად, ერთნაირად ვფიქრობთ. უკვე რამდენიმე საღამოზე ვიმღერეთ ერთად, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

GzaPress

- შეყვარებული ხარ. როგორ შეეგუა ამერიკაში შენს გამგზავრებას?

- ამ ეტაპზე, ჩემს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მსურს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვარ ადამიანი, რომელიც სიყვარულით ცხოვრობს. ჩემს შეყვარებულს შესაგუებელი არაფერი აქვს. ერთმანეთის მხარში დგომითა და გაგებით ყველაფერს გადავლახავთ, მოვაგვარებთ.

- შენ და ნინი თავისუფალ დროს როგორ ერთობით?

- თავისუფალ დროს ვმღერით (იცინის)... მოკლედ, ყველგან ვმღერით: სახლში, კარაოკე ბარში, სამსახურში. რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებსაც ვაკეთებთ. ვცდილობთ დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გავატაროთ.

მარეხ ჭონიშვილი