როდის არ აქვს სქესს მნიშვნელობა - გზაპრესი

როდის არ აქვს სქესს მნიშვნელობა

თუმცა მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ზოგჯერ ადამიანმა საპირისპირო სქესის მეგობარს ის ვერ უთხრას, რასაც თავისივე სქესის წარმომადგენელს ეტყოდა, რადგან მაგალითად, მამაკაცი ქალის გარკვეულ ფსიქოლოგიურ ფაქტორს ვერ ჩასწვდება... სქესთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე მსახიობ ჯაბა კილაძეს ვესაუბრეთ.

- ჯაბა, ჯენტლმენი ხარ?

- ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ჯენტლმენი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის მოთხოვნის მიუხედავად, კაცმა ქალს ყველა ასპექტში პატივი უნდა სცეს.

- არაჯენტლმენ და გენდერული თანასწორობის მომხრე მამაკაცს შორის ზღვარი სად გადის?

- ეს ერთმანეთთან რა კავშირშია? შეიძლება, გენდერულ თანასწორობას ჩვეულებრივად უყურებდე და ჯენტლმენი იყო - ერთი მეორეს არ გამორიცხავს. რამდენიც უნდა "ასწორო", ბუნებრივად ასეა: ქალი ქალია, კაცი - კაცი. ქალს ისეთი რაღაცების კეთება არ შეუძლია, რაც - კაცს და პირიქით... ამას ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ შეცვლის, რაგორც უნდა ეცადონ.

GzaPress

- არსებობს ქალური და მამაკაცური პროფესიები?

- არ მინდა, ვინმემ საწყენად მიიღოს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია და დიდად არ მომწონს, რომ გარკვეულ სფეროებში ქალი მუშაობდეს. ეს ჩემი სუბიექტური აზრი გახლავთ.

- მაგალითად, რომელ პროფესიებს გულისხმობ?

- მაგალითები რომ ვთქვა, ეწყინებათ, ამიტომ ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ.

- ჯაბა, იდეალურ შემთხვევაში, ოჯახი ცოლმა უნდა არჩინოს თუ ქმარმა?

- იდეალური შემთხვევა ის არის, როცა ცოლსაც და ქმარსაც საკუთარი შემოსავალი აქვს და ორივე შემდგარი პიროვნებაა.

- ღალატი ქალს უფრო ეპატება თუ კაცს?

- რა მნიშვნელობა აქვს, ღალატი ნებისმიერ შემთხვევაში, ცუდი საქციელია.

- ოჯახის წევრები, საზოგადოება ქალის ღალატს უფრო მძაფრად აღიქვამს ხოლმე. შენი აზრით, რატომ?

- ვისაც როგორ უნდა, ისე ხედავს, ცხოვრობს და აღიქვამს.

- ქალი რომ იყოს დაოჯახების ინიციატორი, როგორი რეაქცია გექნება?

- ქუჩაში ვიღაცამ რომ გამაჩეროს და დაოჯახება შემომთავაზოს?

- ცხადია - არა. გარკვეული ურთიერთობის საფუძველზე, დაოჯახების ინიციატივა ქალიდან უნდა წამოვიდეს...

- მსგავსი რამ პირადად არ გადამხდენია, მაგრამ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს - დღესდღეობით გასაკვირი არაფერია. ისე კი, როცა ორი ადამიანი ერთად არის, გადაწყვეტილებასაც ერთად იღებენ.

GzaPress

- დაოჯახებისთვის ოპტიმალური ასაკი რომელია?

- ამის განსაზღვრა ძნელია: ვიღაცას ადრე დაოჯახება უნდა, ვიღაცას - გვიან, მაგრამ ჯობს, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება დაგიგროვდეს და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

- ეთანხმები გამოთქმას: როცა სიღარიბე კარიდან შემოვიდა, სიყვარული ფანჯრიდან გადახტაო?

- რა თქმა უნდა, მატერიალური პრობლემები ყველაფერს აზიანებს. როცა საჭმლის ფულიც არ გაქვს, ალბათ, სიყვარულზე ფიქრისთვის ცოტა დრო გრჩება.

- მატერიალური პრობლემების ატანა, მათთან გამკლავება ქალს უფრო შეუძლია თუ მამაკაცს?

- მგონი, სქესს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

- "მეტი ქალი პოლიტიკაში!" - ამ ინიციატივის მომხრე ხარ?

- პოლიტიკა ცოტა განსხვავებული სფეროა. ჩვენს ქვეყანას თამარ მეფე ჰყავდა და ის საკმაოდ ძლიერი მმართველიც გახლდათ. ამიტომ, თუ ასეთი ძლიერი პოლიტიკოსი ქალი იქნება, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები. სქესი უმნიშვნელოა, მთავარია, კარგი პოლიტიკოსები, მმართველები იყვნენ. ადამიანმა შენი საქმე კარგად უნდა იცოდე და მინისტრად მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაგნიშნონ, რომ ვინმეს მეგობარი ხარ ან კარგი გარეგნობა გაქვს.

- საქართველოში გენდერული თანასწორობის პრობლემა რეალურად არსებობს?

- ამის დადგენა რთულია: საბოლოოდ, გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ნებისმიერი ადამიანი საკუთარ თავთან "წინააღმდეგობაში შედის", რადგან რამდენიც უნდა "იხტუნაონ", ქალები და კაცები ერთმანეთისგან განვსხვავდებით - მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ადამიანები, ერთმანეთისთვის შექმნილები ვართ... რომელიმე სქესი რომ არ უნდა დაიჩაგროს, ამაზე აღარ ვლაპარაკობ.

- ქერა ქალების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპს თუ ეთანხმები?

- ასეთი "სტერეოტიპის" შავგვრემანი ქალიც მინახავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი...

- რას ფიქრობ ქალზე, რომელსაც "მძიმე" მაკიაჟი აქვს?

- ზედმეტი არაფერი ვარგა: არც აქსესუარი, არც - ჩაცმულობა, მაკიაჟი, ჭამა და დალევა... როცა "ტონა" კოსმეტიკა "გადევს", მგონი, უგემოვნობასთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, იმ შემთხვევას არ ვგულისხმობ, როცა ადამიანს სპეციფიკური მაკიაჟის გაკეთება სჭირდება. დანარჩენ შემთხვევებში, ქალს ისეთი მაკიაჟის გაკეთება შეუძლია, რომ ვერც კი მიხვდები, სახეზე კოსმეტიკური საშუალებები თუ უსვია - ლამაზად, გემოვნებიანად გამოიყურება.

- ვულგარულად ჩაცმული ქალები მოგწონს?

- "ვულგარულად ჩაცმული" სასაცილო სტერეოტიპია. საერთოდ, მიყვარს, როცა ქალს ჩაცმის საკუთარი სტილი აქვს. თუკი ადამიანს კონკრეტული სამოსი უხდება, რა პრობლემაა? ესეც გემოვნება-უგემოვნობის საკითხია.

GzaPress

- ცხოვრებაში ქალი უფრო მოქნილი, მოხერხებულია თუ კაცი?

- ესეც ინდივიდუალურია: გააჩნია, კონკრეტულ სფეროში ვინ უფრო ძლიერია. სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

- სიყვარულში იმედგაცრუებას რომელი სქესის წარმომადგენელი უფრო იოლად იტანს?

- ამის გამო, კაცებსაც თავი მოუკლავთ, ქალებსაც... კაცსაც შეუძლია, სიყვარულში განცდილი იმედგაცრუების გამო არ ინერვიულოს და ქალსაც...

- მშობლისთვის გოგონას აღზრდა უფრო იოლია თუ ვაჟის?

- იოლი არის ფაფის ჭამა, შვილის აღზრდა კი ორივე სქესის შემთხვევაში, რთულია. ბიჭის აღზრდას თავისი სირთულე ახლავს, გოგონასას - თავისი... ბავშვის აღზრდა ბევრ დეტალს მოიცავს.

- ქორწინებამდე მიღებული სექსუალური გამოცდილება ქალის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს, მამაკაცისას - არა. რატომ?

- ეს დღემდე ძალზე საკამათო თემა გახლავთ. ორივე შემთხვევას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე ახლავს. ამიტომ გენდერულ თანასწორობასთან ისევ "წინააღმდეგობაში მოდიხარ". ჩემი აზრით, მართებული როგორც არის, ისე ვცხოვრობ.

- ჰოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, შენი აზრი გაგვიზიარე.

- რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ქალს უხდება, როცა მოკრძალებულია. თუმცა, მგონი, ქორწინებამდე სექსზე დიდად ლაპარაკი აღარც არის, რადგან ადამიანის შეცნობისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა.

- როცა თანაბარი ფინანსური შესაძლებლობის მქონე წყვილი ერთმანეთს შორდება, შენი აზრით, ბავშვი დედასთნ უნდა ცხოვრობდეს თუ მამასთან?

- მგონი, საკამათო არ არის, რომ შვილი ორივე მშობლისაა და ხან დედასთან უნდა იყოს, ხან - მამასთან. ცხოვრებას რაც შეეხება: ბავშვი უფრო ხშირად დედასთან რჩება, მაგრამ ქალსაც გააჩნია - ამ შემთხევაშიც ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ჩემს შემთხვევაში, ბავშვი დედასთან ცხოვრობს და პარასკევ-შაბათს ჩემთან ატარებს.

- დაბოლოს, სქესთან დაკავშირებული, შენთვის გამაღიზიანებელი სტერეოტიპის დასახელება შეგიძლია?

- კონკრეტული არაფერი მახსენდება, მაგრამ ერთს ვიტყვი: ტვინი არის ყველაფრის მამოძრავებელი, შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე ორგანო. ამიტომ ადამიანი რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. ძნელია, სხვაზე იმსჯელო, სხვის საქმეში პროფესორი იყო. კონკრეტულ სფეროზე (მაგალითად - თეატრზე) მსჯელობა შეიძლება, მაგრამ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის თემა ისეთი ღრმაა, რომ ამასთან დაკავშირებით, ცალსახა აზრი ვერასოდეს იარსებებს.

ეთო ყორღანაშვილი