ვისი თხოვნით დათმო ექსტრიმის სიყვარული სალი ბაგრატიონმა - გზაპრესი

ვისი თხოვნით დათმო ექსტრიმის სიყვარული სალი ბაგრატიონმა

ამ ეტაპზე "მუზიკ ბოქსზე" საკუთარი გადაცემა აქვს და ტელემაყურებელს მოდის სიახლეებსა და ტენდენციებს აცნობს. მას ადრე ვიცნობდით როგორც, სალი დავითიშვილს, ახლა კი ბაგრატიონად წარმოგვიდგა, რადგან მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-დავითიშვილის შთამომავალია.

ბავშვობა და ბალეტის სამყარო

- როგორც ყველა ქართველ მამაკაცს, მამაჩემსაც დიდი სურვილი ჰქონდა, პირველი შვილი ვაჟი ჰყოლოდა. თუმცა, როცა მე გავჩნდი, უთქვამს: ჩემი პრინცესააო და ჩვენი მეგობრობაც იმ დღიდან დაიწყო. მანებივრებდა, როგორც შეეძლო; ცივ ნიავს არ მაკარებდა. მამაზე მეც მიჯაჭვული ვიყავი. "ხულიგანკა" ვიყავი. ძირითადად, ბიჭებთან ვმეგობრობდი, მათი სათამაშოებით ვერთობოდი. რაც უნდა მტკენოდა, არასდროს ვტიროდი, რადგან გამუდმებით მახსოვდა, მამა ჩემს ძმას რომ არიგებდა: მამაკაცები არ ტირიანო და მეც ყველანარ ტკივილს ვითმენდი. ერთხელ კიბიდან დავგორდი და ნიკაპი ისე დავიზიანე, რომ ნაიარევი ახლაც მეტყობა - არც მაშინ მიტირია.

GzaPress

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. სხვადასხვა წრეზე მატარებდნენ. დავდიოდი: ინგლისურზე, ფორტეპიანოზე, ქართულ ცეკვებზე. გაკვეთილების შემდეგაც მთელი დღე დაკავებული ვიყავი, მაგრამ ბოლოს ბალეტზეც შემიყვანეს, - ცოტა ქალური მანერები რომ შეიძინოსო (იცინსი). სხვათა შორის, ბალეტი ძალიან შემიყვარდა და უკვე დროც აღარ მქონოდა ცელქობისთვის, ხულიგნობისთვის, აქედან გამომდინარე კი ჩემს ხასიათშიც ცვლილება მოხდა. მთლიანად ბალეტის სამყაროში ჩავეფლე. მერე ამის პარალელურად, სიარული დავიწყე თეა გობეჯიშვილის სტუდიაში "ვერნისაჟი".

პროფესიული არჩევანი

- პროფესიით მსახიობი ვარ. როდესაც ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე, მივხვდი, რომ მხოლოდ ბალეტი და ცეკვა არ მაკმაყოფილებდა, რაღაც სხვაც მინდოდა. ჰოდა, მსახიობობა გადავწყვიტე. მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და რეჟისორი იყო, ბევრი კარგი რამ ვისწავლე ამ ადამიანისგან. პარალელურად, ვაგრძელებდი ცეკვას "ვერნისაჟში", სადაც წამყვანი სოლისტი ვიყავი... ის, რასაც მთელი ბავშვობა ვსწავლობდი - ცეკვა, სიმღერა, ბალეტი სამსახიობო კარიერაში ძალიან გამომადგა.

პირველი წარმატება

- "ვერნისაჟში" ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი. იმ პერიოდში არ არსებობდა კლიპი, რეკლამა, რომელშიც არ მიღებდნენ. პირველი ჩემი დიდი წარმატება რომელი იყო? - როცა სპორტის სასახლეში, უამრავი მაყურებლის წინაშე გამოვედი და ვიცეკვე. მერე მიმიწვიეს გადაცემებში, ჩემი ფოტოები მოხვდა ჟურნალების გარეკანზე და გავხდი პოპულარული გოგო. ამდენს რომ მივაღწიე, ეს უმეტესწილად ჩემი მშობლების დამსახურებაა, მაგრამ თავადაც ძალიან მონდომებული ვიყავი და მსურდა, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ყველაზე კარგად შემესრულებინა.

მატერიალური კეთილდღეობა

- უკვე აღვნიშნე, რომ 14 წლიდან აქტიურად გამოვდიოდი კონცერტებზე და შესაბამისად, საკუთარი შემოსავლიც მქონდა. მახსოვს, 14 წლის ბავშვმა ჰონორარით ძმას დაბადების დღეზე, ავტომობილი ვაჩუქე - ეს მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო და შოკში ჩავარდა.

- ამ ეტაპზე მარტო ცხოვრობ?

- დღესდღეობით, ძმასთან და დედასთან ერთად ვცხოვრობ. სამწუხაროდ, მამა გარდამეცვალა.

GzaPress

- ახლა რას საქმიანობ?

- უსაქმურად არც ახლა ვარ, უამრავ საქმეს ვაკეთებ და თავისუფლად შემიძლია, მარტო, დამოუკიდებლად ვიცხოვრო. თუმცა, თბილი, ადამიანური ურთიერთობით იმდენად განებივრებული ვარ, რომ ვერ წარმომიდგენია, სახლში მარტო როგორ უნდა ვიცხოვრო... მერე, ვინ მეტყვის თბილ სიტყვებს?! ვინ დამხვდება შინ გაღიმებული? კედლებს ხომ არ დაველაპარაკები? - ჩემთვის ბედნიერებაა, როცა სახლში დაბრუნებული ოჯახის წევრები მთელი დღის ამბებს ვუყვები, ისინიც მიზიარებენ დღის განმავლობაში მომხდარს, მერე ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, საკუთარ მოსაზრებებს ვუზიარებთ - ამ ყველაფრის გარეშე უბრალოდ, ვერ ვიცხოვრებ. ადრე სულ ვფიქრობდი, რომ მარტო ცხოვრება კარგი იქნებოდა, მაგრამ თურმე, ვცდებოდი. ხომ იცით, არის პერიოდი, როცა ახალგაზრდას მშობლების დარიგებაც გაღიზიანებს და გგონია, რომ მეგობარი უფრო კარგ რჩევას მოგცემს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ასაკი მომემატა, მივხვდი, ყველაზე კარგი მრჩეველი მშობელია, შენი სისხლი და ხორცი, თორემ ვიღაცამ შეიძლება, ისეთი რამ გირჩიოს, რომ ხრამში გადავარდე...

პირველი როლი და არჩევანი - თეატრსა და ტელევიზიას შორის

- ჯერ კიდევ თეატრალური უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა "სამეფო უბნის თეატრში" ვითამაშე სპქტაკლში - "ნუგზარი და მეფიტოფელი". ფრანგი გოგონას როლი მომცეს... მოგვიანებით, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზეც ვითამაშე... დღეს არც ერთ თეატრში არ ვარ. სამწუხაროდ, მსახიობების ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა თეატრსა და ტელევიზიას, კამერების წინ მუშაობას შორის არჩევანი უნდა გააკეთო. როცა ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი, მატერიალური კეთილდღეობიდან გამომდინარე, ტელევიზია ავირჩიე. "მაგარი ზურგი" რომ მქონოდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი, მაშინ შესაძლოა, სხვანაირი არჩევანი გამეკეთებინა.

იმიჯი

- გარეგნობას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ. მიყვარს ძველი ვინტაჟური სტილი. სულ ვამბობ, - XVIII საუკუნეში უნდა დავბადებულიყავი-მეთქი. ძალიან მიყვარს კორსეტები, მაქმანები, მარაოები... მომწონს კლასიკური სამოსი. შეიძლება, თანამედროვედ ჩავიცვა, მაგალითად, დახეული ჯინსი, მაგრამ თმას აუცილებლად, კლასიკურად ან რეტროს სტილში გავიკეთებ. როდესაც "მუზიკ ბოქსზე" ახალი გადაცემის წაყვანა დავიწყე, აქტიურად ჩავერთე მოდის სფეროში და ვაკვირდები ყველა წამყვანი დიზაინერის კოლექციას, მაგრამ ყველაფერს არასდროს ვითვალისწინებ... იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვიყო, მუდმივად ვარჯიშობ. სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- როგორ უვლი სახის კანს, თმას?

- იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, ყოველთვის განსხვავებული იმიჯი უნდა მქონდეს, ამ ყველაფერზე მართლაც, ძალიან ბევრს ვზრუნავ. თმას მოვლა აუცილებლად სჭირდება. ჰოდა, კვირაში ერთხელ აუცილებლად ვისვამ ზეითუნი ზეთს, რათა თმა "გამოვკვებო". რაც შეეხება სახის კანს: მის მოსავლელად მამაპაპურ რეცეპტებსაც ვიყენებ. ზაფხულში ყველანაირ ხილს ვიდებ სახის კანზე, განსაკუთრებით სასარგებლო კი კიტრის ნიღაბია.

სწორი კვება

- ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ. ასე არ არის, მაგრამ ვიცავ ერთ წესს: არასოდეს მივირთმევ "ფასფუდის" საკვებს. ყოველთვის ვცდილობ, ორგანიზმისთვის სასარგებლო რაღაცები მივირთვა. ვცდილობ, მივიღო რძის პროდუქტები, ბოსტნეული და ხორცი. კვირაში მინიმუმ, 4 დღე ვვარჯიშობ. ქალი თუ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ის ყოველთვის კარგ ფორმაში იქნება. შინ რომ დავჯდე და არაფერი ვაკეთო, ალბათ, მეც გავსუქდები.

GzaPress

გადასაღები მოედანი

- რეზო ესაძე იღებს ფილმს და მასში მეც ვმონაწილეობ, მაგრამ ამ თემაზე საუბრის უფლება ჯერ არ მაქვს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, ბედნიერი ვარ, ასეთ რეჟისორთან მუშაობის შანსი რომ მომეცა. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობ. ბატონ რეზოსთან მუშაობისას მივხვდი, თუ რატომ იღებდნენ ადრე კარგ ფილმებს. გაოგნებული ვარ, თუ როგორ მუშაობს ბატონი რეზო თითოეულ მსახიობთან. პირადად მე, რადიკალურად შემცვალა და ამ ცვლილებას სულ მალე ნახავთ...

ოჯახი და საქმეები

- საოჯახო საქმეების კეთებისთვის დრო არ მრჩება. ჩემი ძმა სულ მეუბნება: ვიცი, რომ თეორიულად რაღაც გემრიელის მომზადება იცი, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი პრაქტიკულადაც გვიჩვენეო. ჯერჯერობით, გემრიელი კერძებით დედა გვანებივრებს. მე ყველაფრის მომზადება ვიცი, მაგრამ სამზარეულოში ფუსფუსს დედას ვუთმობ (იღიმის). ნუ, თუ საჭირო გახდება, უკან არ დავიხევ.

- შენი ძმა პროფესიით ვინ არის?

- ვეტერინარი-ქირურგია. მასაც დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. სულ კლინიკაშია, ოპერაციებს აკეთებს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, ბოლო დროს მხოლოდ დილით ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას.

პირადი ცხოვრება

- პირად ცხოვრება მინდა, ჩემთვის დავიტოვო (იღიმის). ისე კი, როცა შეყვარებული ვარ, ჩემი თვალები სულ ციმციმებენ. მგონი, ახლაც ასეა, ხომ?

- კი, ნამდვილად ციმციმებს. ე.ი. შეყვარებული ხარ?

- კი, ასეა (იცინის).

ცხოვრების განსხვავებული სტილი

- მართლაც, განსხვავებული ცხოვრების სტილი მაქვს. ძალიან მიყვარს ექსტრიმი. უშბის წვერზეც ნამყოფი ვარ... რაფტინგი, "სნოუბორდი", კვადროციკლით სიარული - ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს სროლა და ვგიჟდები "გონკაობაზე". ადრე რუსთავში რბოლებზეც გამოვდიოდი. შემდეგ, დედის დაჟინებული თხოვნით, ამ ყველაფერს შევეშვი.

- რამდენი წლის იყავი, როცა ავტომობილის მართვა ისწავლე?

- მანქანას 15 წლიდან ვმართავ.

- მოძრაობის წესებს ხშირად არღვევ?

- მოწესრიგებული ადამიანი ვარ და ვცდილობ, წესებს დავემორჩილო. თუმცა, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა წესები დამირღვევია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სხვებს საფრთხეს არასდროს ვუქმნი.

სოფო ჭონიშვილი