ალეკო ბეგალიშვილი პოპულარულ პერსონაჟზე, სიყვარულსა და სასურველ ქალზე... - გზაპრესი

ალეკო ბეგალიშვილი პოპულარულ პერსონაჟზე, სიყვარულსა და სასურველ ქალზე...

20 წელია, რაც მუსკომედიის თეატრში თამაშობს, მაგრამ ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა. ჰგავს თუ არა საკუთარ გმირს, რას ამბობენ მასზე, როგორ იხსენებს პირველ სიყვარულს, როგორია მისი სასურველი ქალი და რას გააკეთებდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1968 წლის 4 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მინდოდა, ჰეკლბერი ფინი ვყოფილიყავი. დავრბოდი, დავხტოდი, ტივებს ვაკეთებდი და მდინარეში ვუშვებდი. მთელი ბავშვობა მას ვბაძავდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...დედა მეუბნება, - მუდო ხარო. საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, წავიჯაჯღანებ ხოლმე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილები, ძალიან კარგი მეგობრები და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს; ბედნიერი ვარ, რომ მუსკომედიის თეატრში ვთამაშობ. ჩემი შვილები 12 და 10 წლისები არიან და სხვადასხვა დედა ჰყავთ. არტისტული ბავშვები არიან, მაგრამ ჯერ მსახიობობის სურვილი არ გამოუთქვამთ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ნაკლებად აგრესიული ვარ. მართალია, ამის გამო ხშირად ვზარალდები, მაგრამ - არა უშავს. მშვიდობისმოყვარე ვარ და მსიამოვნებს, როცა საკუთარ თავში ამ თვისებას "ვიჭერ". მერე რა, რომ ზოგჯერ ახლობლებს ვეჯაჯღანები და მეგობრებს უთქვამთ, - რა გჭირს, ბიჭო, რას გვეჩხუბებიო? არადა, იმ დროს არ ვჩხუბობ. ჩემი ლაპარაკის სტილს ასე აღიქვამენ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ძალიან ბევრია, მაგას ნუ ჩამომათვლევინებთ. არადა, მაწუხებს ჩემი მანკიერი თვისებები და ზოგიერთს ვებრძვი, ზოგიერთს - ვერა.

GzaPress

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ამ შემთხვევაშიც, ბევრი რამის დასახელება შეიძლება. პირველ რიგში, ძალადობას გამოვყოფდი. შუმბას მოკვლა როგორ შეიძლებოდა? ძალადობას რომ ძალადობით ებრძვიან, ეს არ მესმის. ერთი მთავრობა მიდის, მეორე მოდის და სინამდვილეში, არაფერი იცვლება, ერთ წრეზე ვტრიალებთ. ამ დღეებში ჩვენი გოგო-ბიჭების შემართებამ, მათმა ერთობამ გული ამიჩუყა. ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩემი თაობის წარმომადგენლებს კი ვეტყვი, რომ ამ ბავშვებისგან შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ თაობას კარგად არ ვიცნობდი და ამ ბავშვებმა, ოპტიმიზმი, იმედი დაგვიბრუნეს, მაგათ შემოვევლე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მაყურებლიდან მიღებული პირველი სითბო იყო. 1995 წლიდან ამ თეატრში ვარ. ახალი მოსული ვიყავი, როცა გაიოზ ქართველიშვილმა აკაკი წერეთლის ნაწარმოებების მიხედვით ვოდევილი დადგა. იმერელი ბიჭის როლი შევასრულე. ბოლოს "პაკლონზე" რომ გამოვედით, მაშინ ვიგრძენი დიდი ადრენალინი - დარბაზიდან საოცარი სითბო მოდიოდა. ინსტიტუტში ძალიან კარგ ჯგუფში მოვხვდი. ჩემი პედაგოგი თეიმურაზ აბაშიძე იყო. მან ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც დღემდე თან "დამაქვს". მიდგომის განსაკუთრებული მეთოდები ჰქონდა, ყველაფერზე საინტერესოდ გველაპარაკებოდა და თან - საოცარი იუმორით.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ..."შემიძლია" არასწორად ნათქვამი მგონია. პატიების უნარი ყველაზე დიდი ნიჭია და მიტევება ყველას უნდა შეგვეძლოს. ვერ ვიტყვი რომ არ მწყინს, არ ვბრაზდები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ვაპატიო. წყენის გულში ჩადება არ მჩვევია... ერთი უცნაური თვისება მაქვს: როცა რაღაც საწყენი მოხდება, იმ წუთში კი არ ვბრაზდები, რაღაც პერიოდის შემდეგ მაქვს ამაზე რეაქცია და ეს რას დავაბრალო, არ ვიცი. რაჭველი არ ვარ.

- სუსტი სქესის წარმომადგენლებთან...

- ...არ ვიბნევი. მათთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...თავისუფალი დრო რომ მქონდეს, მეგობრებთან ერთად, ვარძიაში წავიდოდი. იქ ერთი ადგილი გვაქვს ამოჩემებული და ხშირად ჩავდივართ, კარვებს ვშლით. ამ ადგილს ვანის ქვაბები ჰქვია. იქ ოჯახებთან ერთადაც მივდივართ და 10-15 დღე ვრჩებით. ბოლოს 2008 წლის აგვისტოში ვიყავით. გორში რომ გამოვიარეთ, ქალაქი ნახევარ საათში დაბომბეს. იმ გზის მშვიდობით გამოვლაზე ვლოცულობდი, რადგან ბავშვებთან ერთად ვიყავით და მათ გამო უფრო მეტად ვნერვიულობდი. იმ ადგილს სასწაული ენერგეტიკა აქვს, ყოველთვის მიზიდავს. ანალოგიური მიზიდულობა აქვს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსს. ვანის ქვაბებთან მტკვარი ისეთი სუფთა მოდის, დალევა არ შეგეზარება. იქ საოცარი ადამიანები ცხოვრობენ. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ თევზაობა და ყოველდღე იმდენ თევზს იჭერენ, რამდენიც გვეყოფა.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის, ჯერ კიდევ ვერ გავიგე. ეს გრძნობა ყველაფერია, ყველაზე კარგია...

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ 12 წლის ვიყავი. დედა წალენჯიხიდან არის და ზაფხულობით სამეგრელოში ჩავდიოდი. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ მეზობლის გოგო, ქეთინო მიყვარდა. ის ასაკით ჩემზე დიდი იყო. იმ პერიოდში შერლოკ ჰოლმსის "მოცეკვავე კაცუნებს" ვკითხულობდი. ჰოდა, მოცეკვავე კაცუნებისგან შედგენილმა ანბანმა აღმაფრთოვანა. ქეთინოს წერილი დავუწერე, სიყვარულში გამოვუტყდი და თან, სხვადასხვა ასო-ბგერის შესატყვისი კაცუნები გამოვიგონე: მომავალში ჩვენ ჩვენი ანბანი რომ გვქონოდა და წერილები, რომლებსაც ერთმანეთს მივწერდით, არავის წაეკითხა. იმან მითხრა, - შენ, ბიჭო, გიჟი ხომ არ ხარო? ჩემს ბიძაშვილებსაც გააგებინა, რაც მივწერე და დამცინეს. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული თუ გატაცება. ქეთინო მას შემდეგ არაერთხელ ვნახე. ახლა ოჯახი ჰყავს და წარსულს სიცილით ვიხსენებთ ხოლმე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხანდახან რაღაც ამბები თუ თარიღები მეპარება და ამას უყურადღებობაში მითვლიან, მსაყვედურობენ. დედა მეუბნება: "ფეხებზე მკიდია ტიპი" ხარო. არადა, ასეთი არ ვარ.

- ვრისკავ, როცა...

- ...იშვიათად ვრისკავ. ჩემი თაობიდან ბევრმა აიღო იარაღი და ომში წავიდა. მე არ წავსულვარ, რადგან ზუსტად ვიცი, ადამიანს (ვინც უნდა იყოს) ვერაფრით ვესვრი და ასეთ წასვლას აზრი ექნებოდა?

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრი ადამიანისთვის ტკივილი უნებლიეთ მიმიყენებია. უპატიებიათ, მაგრამ მე მაინც ვნანობ. ბევრი რამ უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე, "გავმაზე" - ამასაც ძალიან ვნანობ. ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა რაღაც არ უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ეს არ მინდა, რადგან ფულს პრობლემები მოაქვს. რაც უნდა ქველმოქმედი იყო, მაინც უსიამოვნო ამბებში გაგხვევს. მხოლოდ იმდენი მინდა მქონდეს, რომ ოჯახს ეყოს, გადასახადები გადავიხადო, თვიდან თვემდე ვალი არ ავიღო და მეგობრები სადმე დავპატიჟო.

- თავისუფლება...

- ...ყველაფერია. ამასაც აქვს ნორმები და მანკიერი მხარეები, მაგრამ ხიბლი მეტია. თავისუფლების გარეშე არაფერი და არავინ ვარგა. შეუძლებელია, ამის გარეშე ადამიანი პიროვნებად შედგეს. ის შესაძლოა, იყოს დაჩაგრული ან მჩაგვრელი. თავადაც ვერ ვარ იმ დოზით თავისუფალი, როგორიც მინდა, ვიყო. ამ ქვეყანაში ათასი ტაბუ არსებობს.

GzaPress

- ბედისწერის...

- ...ხან მჯერა და ხან - არა. საერთოდ, მერყევი ხასიათი მაქვს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...საკუთარ თავში ვპოულობ ძალას, რომ გავუმკლავდე და ამ დროს უფრო მეტს ვჯაჯღანებ. საერთოდ, ვცდილობ, ცხოვრება ისეთი მივიღო, როგორიც არის: ხან აღმართზე ახვალ და ხან დაღმართზე დაეშვები.

- მინდა ვიცოდე...

- ...ძალიან ბევრი რამის ცოდნის სურვილი მაქვს. ბევრი რამ შეიძლება, ჩემი სიჯიუტის გამოც არ ვიცი.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...მეჯიუტებიან. საერთოდ, დამთმობი ვარ. როცა ვჯიუტობ, მაშინაც კი მალე ვთმობ.

- სასურველი ქალია...

- ...ის, ვისაც ვეყვარები. ვიზუალურ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი ლამაზი და უინტერესო ქალი მინახავს. ამიტომ, მანდილოსანში შინაგან სამყაროს უფრო მეტად ვაფასებ.

- მე რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო...

- ...პატარა ქარხნის მმართველიც კი არ მინდა, ვიყო. ცოტა ხნის წინ, ჩემს 12 წლის გოგონას სკოლაში დაავალეს, დაეწერა თავისუფალი თემა: "მე რომ საქართველოს დედოფალი ვიყო". სათაურის ქვეშ მიუწერია: "არ ვარ მზად, საქართველოს დედოფალი ვიყო". პოლიტიკოსების არ მჯერა. წლების განმავლობაში საზოგადოების ნდობა დაკარგეს, ვიღაც "იმისტია", ვიღაც "ამისტია", ერი გაიხლიჩა და ახლა ახალგაზრდებმა დაგვანახვეს, გვერდით დგომა როგორ უნდა. 90-იანი წლების მერე იმდენმა ადამიანმა გაწირა ერი თავისი სკამისა თუ კეთილდღეობის გამო, რომ პოლიტიკოსებს ვეღარ ვენდობი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...კარგად დავინახოთ ყველამ, ამ თაობამ რა გააკეთა და მათ პატივი ვცეთ. მჯერა, ისინი უფრო კარგად მოუვლიან ქვეყანას. მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს: ამ ერთიანობის განცდას ნუღარ დავკარგავთ, ნუ გავთითოკაცდებით, ასე გავაგრძელოთ ცხოვრება.

თამუნა კვინიკაძე