"ავანტიურისტები მიზიდავენ" - გზაპრესი

"ავანტიურისტები მიზიდავენ"

პრეამბულის მაგიერ

- მრცხვენია, რომ გურამ დოჩანაშვილი მისი ერთ-ერთი პერსონაჟის განსახიერების შემდეგ მეტად შემიყვარდა, მანამდე უნდა მყვარებოდა. მსახიობის მხრიდან რაოდენ ბანალურიც უნდა იყოს, ძალიან მიყვარს დოსტოევსკი.

- ნაწარმოებების კითხვისას, საკუთარი თავი რომელიმე პერსონაჟისთვის მიგიმსგავსებია?

- ერთი საოცნებო როლი მაქვს, მაგრამ შესაძლოა, ისე მოხდეს, ეს როლი ბოლომდე ოცნებად დამრჩეს. მერკუციოს ("რომეო და ჯულიეტა") ვგულისხმობ. რატომღაც, რეჟისორები ამ ამპლუაში ვერ მხედავენ. მას ვგავარ ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში მისი გარდაცვალება ძალიან ადრეულ ასაკში ხდება, იმედი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ასე არ მოხდება.

- მას რით ჰგავხარ?

- ადამიანი შესაძლოა, დიდ სევდას ატარებდეს, მაგრამ ამ ყველაფერს იუმორით ნიღბავდეს, კონკრეტულად - გროტესკით. ეს გმირი ყველას სიმართლეს ეუბნება და სიკვდილსაც ისე ხვდება, როგორც კაცები უნდა ხვდებოდნენ, - ღიმილით, იუმორითა და წარმოუდგენლად დიდი სევდით. სევდით, რომელსაც ხშირად ადამიანები ვერც კი აღვიქვამთ. პირველ რიგში, მას სიმართლის სიყვარულით ვგავარ. ვინც უნდა იყოს, არ დავზოგავ, ყველას სიმართლეს ვეუბნები, მწარე სიმართლესაც.

- ამის გამო კონფლიქტი ხშირად გაქვს?

- ყოველ მეორე დღეს კონფლიქტი მაქვს. შესაძლოა, ვინმემ ისიც კი იკითხოს, ამ ბიჭს ზრდილობა საერთოდ არ აქვსო?.. როცა მართალი ხარ, ზრდილობა რა შუაშია?!

- ორ გვარს რატომ ატარებ?

- ბაბუის, ომარ ჯაყელის პატივსაცემად. ის კოლორიტი იყო, მთელი აჭარა ნატრობდა, მასთან ერთად სუფრასთან მოხვედრილიყო. მისი ცხოვრება ფილმის სცენარივითაა. გვარის ტარება ყველაზე უმნიშვნელო პატივისცემაა, რაც კი შეიძლებოდა, გამეკეთებინა.

- წიგნი მოგიპარავს?

- კი, ახლახან ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მოვიპარე. ოღონდ არ გამთქვა...

- ამას ვერ დაგპირდები.

- უნდა დაწერო?.. კარგი, მაშინ, ბოლომდე გეტყვი: იქ იდგა სპეციალური ყუთი პროექტისთვის - "წიგნი ყველა სოფელს". ერთი წიგნი მომეწონა, ეროსი მანჯგალაძის ცხოვრების შესახებ; ჯერ დაცვას ვეხვეწე, მომეცით-მეთქი; არაო; ვიბოდიალე, ვიბოდიალე, მერე მაისურის ქვეშ ამოვიდე და წამოვიღე. უკვე წაკითხვაც მოვასწარი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ბარონ მიუნჰაუზენთან ვიძმაკაცებდი. ფენომენური ავანტიურისტია, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- ავანტიურისტები გიზიდავენ?

- აბა, რა, საოცარი ადამიანები არიან.

- პერსონაჟი ქალებიდან რომელი შეგიყვარდებოდა?

- ძალიან ბევრი შემიყვარდებოდა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალები მიყვარს. არიან პერსონაჟები, რომლებიც ხალხისთვის მიუღებელი ჩვევებით მიზიდავენ, რომლებსაც თამაში უყვართ.

- თამაშის მოყვარულ ქალებზე მეტი რა არის?!

- კი, მაგრამ ჩემთან ყველა მარცხდება.

- ძალიან თავდაჯერებული ხარ.

- ძლიერი კაცი ვარ.

- კოკო შანელი ამბობდა, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი - პასპორტი. ქალის სხეულის რომელ ნაწილს უწოდებდა ის "საზღვარგარეთის პასპორტს"?

- მე წელს დავასახელებ.

- კოკო შანელი კი ამბობდა, რომ...

- (მაწყვეტინებს) არ გადამრიო, არაფერი თქვა, მე უნდა გიპასუხო. კოკო შანელი მკერდზე იტყოდა. ვეთანხმები, მკერდი პირველია, რაც შეიძლება, მამაკაცმა ქალში შეამჩნიო, შემდეგ - თვალები. ჩემთვის მაინც მთავარი იდეალური წელია.

- იდეალური წელი როგორია?

- გიტარის ფორმის სხეული მომწონს.

- 1905 წელს პარიზში უჩვეულო შეჯიბრება მოეწყო, რომელშიც 300 ადამიანი მონაწილეობდა, - მათ 300 მეტრი უნდა დაეფარათ. გამარჯვებულმა დისტანცია 3 წუთსა და 12 წამში დაფარა. დაასახელე ადგილი, სადაც ეს შეჯიბრება მოეწყო.

- რას მეკითხები? ეგ საიდან უნდა ვიცოდე?

- წინ ბევრი ასეთი კითხვა გელოდება. აბა, რა გეგონა, სულ ქალებზე დაგელაპარაკებოდი?..

- უიმეეე!!! დამანებე თავი, ეს აღარ მომეწონა.

- პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში, ეიფელის კოშკზე თუ ელისეს მინდვრებზე?

- არ ვიცი.

GzaPress

- ეიფელის კოშკზე. "ველური მზერით გიყვარს თამაში,/ ჩემს წინ ამაყად ნებივრად დგომა,/ ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში/ შენ, გაზაფხული და შემოდგომა./ ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით/ მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,/ ჩემს წასალეკად და გასატანად/ და არსაიდან არ სჩანს საშველი"... ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- შოთა ნიშნიანიძე.

- გოდერძი ჩოხელი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, როდესაც მიტოვებულ სოფელს აღწერს, აღნიშნავს, - მხოლოდ რამდენიმე იმედის თეთრი ძაფი მოჩანდაო. რას გულისხმობდა "იმედის თეთრ ძაფებში"?

- გაკვალული გზა? არა, ბილიკი არ იქნებოდა. რა ცუდი ბიჭი ვარ, რომ ეს არ მახსოვს!

- ნახევრად მიტოვებული სოფელი ზამთარში წარმოიდგინე.

- სახლიდან გამოსული სინათლე? არა, არა, მივხვდი - საკვამურიდან ამოსულ კვამლს გულისხმობდა, არა?

- რა თქმა უნდა.

- გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას ბოლომდე რომ ჩავწვდეთ, წლებია საჭირო, საერთოდ, თუ შესაძლებელია.

- ვინ იყო კონიაკის პირველი მწარმოებელი საქართველოში?

- სარაჯიშვილი.

- რომელი ფილმის პერსონაჟია ბოლოკა?

- "ღიმილის ბიჭების".

- ლაკონიაში ჩაკეტილი სპარტელებისთვის ფილიპე მაკედონელს მიუწერია, - თუ მოვედი, ძირფესვიანად ამოგთხრითო. რა უპასუხეს ლაკონიელებმა?

- არ ვიცი. რა ცუდი გოგო ხარ!

- მათი პასუხი ლაკონური იყო.

- ვერ ვხვდები და მითხარი.

- "თუ".

- ვაიმე!!! აი, ეს სუპერკითხვა იყო, ძალიან მომეწონა.

- მოგზაურები ყოველთვის ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭლით ეტარებინათ. რატომ?

- წყალი რომ არ გაფუჭებოდათ. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენჯერაც ქვეყნიდან გავედი, ყოველ ჯერზე დავრწმუნდი, სამშობლოს გარეშე ვერ ვძლებ. ვერ ვხარობ, სხვა ქვეყანაში რამდენიმე დღეზე მეტხანს ვერ ვჩერდები. მახსოვს, ერთხელ თურქეთიდან რომ ჩამოვფრინდი, თბილისის აეროპორტში მიწას როგორ ვაკოცე. ყველას ვურჩევ, მთიანი აჭარა მოინახულოს. ამ რეგიონზე ვერ ვიტყვი, ლამაზიაო: ეს უბრალო სიტყვაა; მთიანი აჭარა - ზღაპარია, იქ მცხოვრები ადამიანები - ზღაპრის გმირები.

- ჟორჟ სიმენონი - კომისარი მეგრე; ართურ კონან დოილი - შერლოკ ჰოლმსი... რომელი ლიტერატურული გმირი უკავშირდება აგათა კრისტის სახელს?

- ერკიულ პუარო.

- დამთვალიერებელი გალერეაში შედის და ამბობს, - ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრია. ვინ იქნება მისთვის პორტრეტზე გამოსახული მამაკაცი?

- იმის მამა თუ ამის მამის სიმამრი იყო, ე.ი. იმის მამის სიძე გამოდის ეს, არა?

- ვერ გავიგე, რას მეკითხები.

- (იცინის) შენ კი არა, მე ვერ გავიგე, რას მეკითხები. ამის მამა თუ მამაჩემის სიმამრია, დედაჩემი გამოდის, არა?

- პორტრეტზე მამაკაცია გამოსახული.

- მაშინ, ბიძაჩემი გამოდის. რა დაგიშავე, ადამიანო?! გამისკდა თავი, რაებს მეკითხები?!

- ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- თებერვალში.

- ასეთი ბედნიერი სახით რომ მიყურებ, გგონია, სწორად მიპასუხე?

- რა გინდა, ჩემს ნერვებზე თამაშობ?

- სავარაუდოდ, წლის ბოლოს შენ ყველაზე მხიარული რესპონდენტის ტიტულს მიიღებ.

- მერე, პრიზი?

- პრიზი მხოლოდ მას, ვინც "წლის ერუდიტი" გახდება.

- წინა კითხვაზე მართლა არასწორად გიპასუხე: 28 რიცხვი ყველა თვეშია, მაგრამ ისეთი ფორმით მკითხე, დამაბნიე. მე ადამიანი მეგონე, როგორი ცუდი ჟურნალისტი ყოფილხარ!..

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს: დაბადების დღე, დღესასწაული; შეიძლება იყოს მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრა; შესაძლოა, ეს გააკეთო ნადირობის, თევზაობის დროს ან საერთოდ, მიზეზის გარეშეც. რაზეა ლაპარაკი?

- დალევა. ძლივს საჩემო კითხვა დამისვი.

- დაბოლოს, დაასრულე მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი: "როცა ქალის თვალებში რაიმეს ამოკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმრავლესობა..."

- ქალებს თვალებს თხრის.

- "...უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე".

- ასეთი საყვედური არასდროს უთქვამთ და საიდან გამოვიცნობდი?! ზოგიერთ კითხვაზე პასუხი ვიცოდი, ზოგიერთზე - არა; ვიხუმრეთ, გავერთეთ, მაგრამ ბოლოს მინდა, მადლობა გითხრა - დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რაზეც აქამდეც ვფიქრობდი: ძალიან ბევრი უნდა ვისწავლო, ვიკითხო და ვნახო.

თამუნა კვინიკაძე