"ვისურვებდი მასავით მეამბოხე, თამამი და თავდაჯერებული ვიყო" - გზაპრესი

"ვისურვებდი მასავით მეამბოხე, თამამი და თავდაჯერებული ვიყო"

ის თეატრალურ უნივერსიტეტს წელს ამთავრებს. ჰგავს თუ არა მეამბოხე პერსონაჟს, რომელსაც სერიალში განასახიერებს, როდის კარგავს წონასწორობას, რომელი თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად და არის თუ არა შეყვარებული? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 9 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. აქტიური ბავშვი ვიყავი, პიონერთა სასახლეში დავდიოდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, - ცოტათი გიჟიაო. საერთოდ, ხასიათის ცვალებადობა მჩვევია და ეს თვალშისაცემია.

GzaPress

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...როგორც იქნა, მსახიობი მქვია და ასეთ პოპულარულ სერიალში ვთამაშობ. შემოქმედებით ჯგუფში კასტინგის გზით მოვხვდი. სიმართლე გითხრათ, არც კი მჯეროდა, რომ ამ როლზე ამიყვანდნენ, რადგან მანამდე რეჟისორები ყოველთვის ასაკით ჩემზე დიდ პერსონაჟებს მათამაშებდნენ. კასტინგზე მაინც წავედი. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს და მითხრეს, - მოდიო. ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა. გადაღების პროცესი ძალიან საინტერესოა. თავდაპირველად დაძაბული ვიყავი, მაგრამ თანდათან ყველას შევეჩვიე. ახლა მუშაობა სასიამოვნო და სახალისოა. არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავს: ნინო კასრაძისგან და გია როინიშვილისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ისინი ხომ ჩემი "მშობლები" არიან. როცა კითხვა გამიჩნდება, ზუსტად ვიცი, ვის უნდა მივმართო.

- საკუთარ გმირს ჰგავხარ?

- მგონია, რომ ნინი ცუდი ადამიანი არ არის. ვისურვებდი, მისნაირი მეამბოხე, თავისუფალი, თამამი და თავდაჯერებული ვიყო. ეს თვისებები მაქვს, მაგრამ - მცირე დოზით. შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არც დამჭირვებია, ოჯახში ამის გამო პრობლემები არ მქონია. ბავშვობაში მეტად პრინციპული, მომთხოვნი, არასტანდარტული ვიყავი და ოჯახის წევრები შეძლებისდაგვარად, მხარში მედგნენ.

- ისინიც ხელოვანები არიან?

- არა. დედა ფსიქოლოგია, მამა და ჩემი და სტომატოლოგები არიან. საქართველოში და კიდევ ბევრ ქვეყანაში მშობლების უმეტესობას არ სურს, რომ მისმა შვილმა პროფესიად მსახიობობა აირჩიოს. მე დიდი წინააღმდეგობები არ მქონია. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს. რამდენიმე სპექტაკლში უკვე ვითამაშე, პოპულარობა კი სერიალმა მომიტანა: ხალხი ქუჩაში მცნობს, ზოგიერთი მიღიმის, ზოგიერთი ჩემს გმირთან მაიგივებს და "მებღვირება" (ნინი არ მოსწონთ).

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მოღალატე არ ვარ. არასდროს არავის ვუბოროტებ, ეს არ შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია. საკუთარი თავის მიმართ საშინლად კრიტიკული ვარ და ზოგჯერ შესაძლოა, ეს კრიტიკა თვითგვემაშიც კი გადავიდეს. რამდენჯერმე საკუთარი თავი გამოვიჭირე, წამიერად სტერეოტიპების გავლენის ქვეშ როგორ ვექცევი, მაგრამ მერე მალევე "ვფხიზლდები" და ჩემს თავს "ვეჩხუბები".

GzaPress

- არ მჩვევია...

- ...სხვისი აზრების მითვისება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ეს ადრეულ ბავშვობაში იყო, როცა "თუმანიშვილში" ქართული ცეკვა შევასრულე. მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო კიდევ უფრო ძლიერი.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი. ერთადერთი იმის სურვილი მაქვს, რომ ცოტათი სიმაღლეში მოვიმატო (იღიმის).

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ეგ როგორ ვთქვა? ერთხელ მეგობართან დავთვერი და ეს რომ მახსენდება, მართლა ძალიან მრცხვენია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...შიშია. უფრო მეტი სითამამე არ მაწყენდა და კიდევ, უნარი საკუთარი თავის დაცვისა სიყვარულისგან, ადამიანებისგან, გულისტკივილისგან... სამაგიეროდ, სიახლეებისა და გამოწვევების არასდროს მეშინია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები. მგონია, რომ ამ დროს საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტები.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი გულწრფელად ინანიებს. ვაპატიებ, მაგრამ ეს ჩემში მაინც თავისებურ კვალს დატოვებს და შესაძლოა, მომავალში მასთან ძველებური ურთიერთობა ვეღარ აღვადგინო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ხშირად ვიხსენებ. მთელი ცხოვრება "პატარა ბრძოლებისგან" შედგება. მგონია, წრეზე დავდივარ. ზოგჯერ შეცდომას ვიმეორებ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე, როგორც პროფესიაში, ასევე ადამიანურ ურთიერთობებში. ვისწავლე ის, რომ ადამიანს პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა უყვარდეს. ზოგჯერ ბრძენ ადამიანთა შეგონებებსაც ვიხსენებ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ვერ ვიტყვი, რომ იშვიათად ვტირი. ჩემთვის ეს განტვირთვის ერთგვარი ფორმაა. არ გეგონოს, რომ სენტიმენტალური ვარ; მაშინაც ვტირი, როცა ძალიან ვიღლები და ეს რელაქსაციის ერთგვარი ფორმაა.

- ვიბნევი, როცა...

- ...ასეთ კითხვებს მისვამენ. წინადადებების დასრულება ადვილი არ ყოფილა (იცინის).

GzaPress

- წონასწორობას ვკარგავ...

- ...როცა ადამიანების სიყალბეს ვხედავ და როცა აფიშირებენ საკუთარი გარეგნობით, განათლებით, ჩაცმულობით და ამ დროს, არც მათი ცოდნაა ჭეშმარიტი და არც - სილამაზე. უბრალოდ, სადღაც ყურმოკრული სიბრძნეებით ლაპარაკობენ. ასეთ დროს რას ვაკეთებ? თუ ის ადამიანი ახლობელია, შემიძლია, მივიდე და ვუთხრა: "ნუ თვალთმაქცობ!"

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჰოლივუდში. ბავშვობაში ბევრი წარმატებული მსახიობის ინტერვიუს ვკითხულობდი და დღემდე მათ უბრალოებაზე ვგიჟდები, ამას ვაფასებ. მინდა, ჰოლივუდში მათ გვერდით "ვიტრიალო", ვუყურო... აი, იქ თამაშზე კი ჯერ ვერც ვოცნებობ.

- სიყვარული ეს...

- ...ორი ჩამოყალიბებული, შემდგარი პიროვნების ურთიერთგაგება, თანადგომაა და არავითარ შემთხვევაში - მსხვერპლშეწირვა. არ მომწონს ერთი მხრიდან თავგანწირვა. ურთიერთობაში მთავარი - ჰარმონიაა. შესაძლებელია, ორივე ადამიანი წარმატებული არ იყოს, მაგრამ აუცილებელია, ორივეს ჰქონდეს საქმე. ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა მამაკაცი არის შემდგარი, წარმატებული და ჰყავს მეუღლე, რომელიც ეხმარება ცხოვრებაში, უგვარებს საოჯახო საქმეებს, მაგრამ არ აქვს სამსახური - ეს მდგომარეობა ჩემთვის დამთრგუნველი იქნება.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- მამაკაცი უნდა იყოს...

- ...ძლიერი. ჩემზე სუსტი აბა, რად მინდა?!

- პირველად რომ შემიყვარდა....

- ...იმ ადამიანზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. მოკლედ, "ბოლომდე გამოშტერებული" ვიყავი. ასაკით ჩემზე ცოტათი უფროსი იყო - ადრეული ბავშვობის ამბებს გიყვები. ახლა მეგობრები ვართ, მაგრამ ის განცდები დღემდე მახსოვს.

- ვეპრანჭები...

- ...ყველა მსახიობი რეჟისორს ეპრანჭება. საერთოდ, პრანჭია გოგო არ ვარ. პროფესიული გაპრანჭვები უფრო მახასიათებს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ვარ დაუდევარი, ცოტათი არაპუნქტუალური და გაფანტული.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პირველ რიგში, ინვესტიციას ჩემს განათლებაში ჩავდებდი და სურვილებსაც ავისრულებდი - ვიმოგზაურებდი. ესეც განათლების მიღების ერთ-ერთი ფორმაა. კიდევ, ადამიანებს დავეხმარებოდი, ძაღლთა თავშესაფრებს გავხსნიდი.

- ბედისწერის...

- ...არ მჯერა.

- ინტუიცია...

- ...კარგი მაქვს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, საკუთარ თავში არ ჩავიკეტო. გახსნილად ვლაპარაკობ მეგობრებთან, მათ შორის -

პრობლემებზეც.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ჩემი და და მამა არიან. ისინი ახერხებენ, შორიდან, როგორც უცხოს, ისე შემომხედონ. დედა უმეტეს შემთვევაში, სუბიექტურია.

- ვჯიუტდები...

- ...როცა რამეს არ ვეთანხმები. ვირივით ჯიუტი არ ვარ, მაგრამ საკუთარ აზრს ყოველთვის ვამბობ, უსამართლობას ვერ ვეგუები.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...რომ მიყვარხართ. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ბევრ როლში მიხილავთ.

თამუნა კვინიკაძე