"ადამიანების ნამდვილი სახე დავინახე" - გზაპრესი

"ადამიანების ნამდვილი სახე დავინახე"

თურმე, ბავშვობაში ძალიან მაღალი ხმა ჰქონდა, რის გამოც, რობერტინო ლორეტის ეძახდნენ. სოფელში გატეხილი ფანდურით ხელში დარბოდა და მღეროდა, მადლიერი მეზობლები კი ხილს ჩუქნიდნენ...

ამჟამად, ზურა მუსიკალურ-გარდასახვით შოუში - "ერთი ერთში" მონაწილეობს.

- კონკურსი კომფორტული არასოდეს არის, რადგან ბევრ ნერვიულობასა და ძალისხმევას ითხოვს. ამიტომ, რომ გითხრათ, პროექტში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში-მეთქი, ნამდვილად ტყუილი იქნება. კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" კი მივიღე, მაგრამ ვერაფრით შევეჩვიე. "ერთი ერთში" ჩემთვის აშკარად, ბოლო კონკურსი იქნება, რადგან ლამის მთელი ჩემი სიცოცხლე წაიღო (იღიმის). ბევრი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ გამოცდილების მისაღებად, ადამიანების გასაცნობად კარგია. ბევრის ნამდვილი სახე დავინახე...

- კონკურსანტებს გულისხმობთ?

- პრინციპში - კონკურსანტებსაც, მაგრამ სხვებსაც... ამაზე კონკურსის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ.

- "ერთი ერთში" პირველი გარდასახვა გაიხსენეთ...

- მიმაჩნია, რომ ამ პროექტში ჩემი სასცენო ნომრებიდან პირველი გარდასახვა ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გრიმიორებმა ვილი ნელსონს ძალიან დამამსგავსეს. ხმითაც საკმაოდ ვგავდი - თითქმის "ერთი ერთში" ვილი ნელსონი ვიყავი და ეს ჟიურიმაც აღნიშნა. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც არ ვღელავდი. ჩემი მთავარი პრობლემა იყო (დღესაც არის) ტექსტების სწავლა, მით უმეტეს - ინგლისურ ენაზე. ინგლისური ძალიან ცუდად ვიცი. ცოდნის გარკვეული საფუძვლები მაქვს, მაგრამ ბოლომდე ვერ "შევტოპე", ვერ ვისწავლე. სიმართლე გითხრათ, უკვე ქართული ტექსტების დამახსოვრებაც მიჭირს (იცინის), მაგრამ თავისით "ჯდება"...

GzaPress

- პირველი პრიზი...

- მაშინ "არტ-იმედი" არსებობდა. ყაზახეთში, "აზიის ხმის კონკურსზე" "მაყურებელთა სიმპათია" გავხდით, ოღონდ - პრიზის გადმოცემასაც ვერ დაველოდეთ, რადგან თვითმფრინავზე გვაგვიანდებოდა (იცინის). ინფორმაცია გზაში დაგვაწიეს... კიდევ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ნომინაციაში სხვადასხვა პრიზი აგვიღია. ყველაზე დიდი პრიზი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვება იყო: ბინა, ტელეფონი და მოგზაურება მოვიგე...

- პირველი სიმღერა სცენაზე...

- გასულ სამშაბათს ოთარ რამიშვილი განვასახიერე. პირველი სიმღერა, რომელიც სცენაზე დამოუკიდებლად შევასრულე, "შენი მკლავი ჩემი სასთუმალია" იყო. მაშინ ოთარ რამიშვილს ზესტაფონსა და თერჯოლაში სოლო კონცერტები ჰქონდა და როგორც თავისი მოსწავლე, ხალხის წინაშე წარმადგინა. ხალხსაც მოეწონა ჩემი ნამღერი ან უბრალოდ, მხარი დამიჭირა, რადგან ზესტაფონი და თერჯოლა ჩემი დედულეთია. მაშინ დაახლოებით, 15-16 წლის ვიყავი.

- პირველი შვილი...

- გიორგი მანჯავიძე. მისი დაბადება კომენდანტის საათს დაემთხვა. სამოქალაქო ომი ახალი დასრულებული იყო. სამშობიაროში მე და ჩემი უფროსი ძმა - სოსო ვიყავით. იქ "სასწრაფოთი" წავედით. სამშობიაროში ყოფნისას სიდედრი "ბეტეერით" დაგვადგა თავს. აბა, ტაქსი ან სხვა სახის ტრანსპორტი სად იყო? შევატყობინეთ, რომ ჩემს მეუღლეს მშობიარობა დაეწყო. მაშინ ჯარისკაცები "ბეტეერებით" პატრულირებდნენ და ჩემი სიდედრი მათთან მისულა. უთქვამს: თუ გინდათ, აქვე მომკალით ან სამშობიაროში მიმიყვანეთ, ჩემი შვილი მშობიარობსო!.. წარმოიდგინეთ, უცებ სამშობიაროს ეზოში "ბეტეერი" ჩერდება და იქიდან ჩემი სიდედრი გადმოდის (იცინის)!.. ბავშვის დაბადება უზარმაზარი სიხარული იყო, რა თქმა უნდა!.. ჩემი პირველი ქალიშვილი ანი მანჯავიძე გახლავთ, პირველი ტყუპი ბიჭი კი - სანდრო და ლუკა. მოკლედ, სულ პირველები არიან (იცინის).

- პირველი სასჯელი...

- დედაჩემმა ერთადერთხელ, წკეპლა მომარტყა: საბურთალოზე, ნუცუბიძეზე, მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით. ეზოში ძალიან მაღალი თუთის ხე იდგა. ერთხელ დედამ ფანჯრიდან რომ გამოიხედა, მეოთხე სართულის გასწვრივ, თუთის ხის ტოტზე შემოსკუპებული დამინახა. შეეშინდა, მაგრამ იმ წუთში არაფერი მითხრა. თუმცა, ხიდან რომ ჩამოვედი, წკეპლა გადამიჭირა (იცინის). ეს პირველი და თითქმის ბოლო სასჯელი იყო.

- პირველი პაემანი...

- რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღში იყო. როცა მას დავინახავდი, გავუცინებდი, გამიცინებდა... სულ ეს იყო ჩემი პირველი პაემანიც და სიყვარულიც. ყველა გოგონა მომწონდა. შეყვარებული ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ სიმართლის თქმას ვერ ვბედავდი - მორიდებული გახლდით. ვინმე რომ მომეწონებოდა, მის ეზოში "გადავსახლდებოდი" ხოლმე ანუ იქ მეგობრებს გავიჩენდი, ვთამაშობდი, ვერთობოდი, მაგრამ გოგონას ჩემს გრძნობებში ვერ ვუტყდებოდი.

- პირველი კონფლიქტი სამსახურში...

- რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მომსვლია. თუ ასეთი შემთხვევა მაინც იყო, სამსახურის თემას არ ეხებოდა... საერთოდ, ფიცხი, "ფეთქებადი" ვარ. თუ წყობილებიდან გამოვედი, უკონტროლო ვხდები - ეს ცუდი თვისება მაქვს. ჯობია, ადამიანს ნელ-ნელა გავაგებინო, რაზე ვბრაზობ, მაგრამ ისე ვცეცხლდები, რომ ამას ვერ ვახერხებ.

GzaPress

- უსამართლობის პირველი განცდა...

- თავხედობა, უფრო ზუსტად კი - შეუპოვრობა მყოფნიდა, რომ თუკი რაღაც არ მომეწონებოდა, მასწავლებელს დავპირისპირებოდი. სამწუხაროდ, დღესაც ბევრ უსამართლობას ვაწყდები და ვერ ვეგუები. ამის გამო,Bბევრჯერ წამიგია. მირჩევენ, რაღაცები "გავატარო", "დავიკიდო", მაგრამ ვერ ვახერხებ. უსამართლობა ძალიან "მტკივა", ამას განვიცდი.

- პირველი "შატალო"...

- მახსოვს, მასწავლებელთან პირველი კონფლიქტი რატომ მომივიდა: ჩემს თანაკლასელს ხელი დაარტყა და ამის გამო სერიოზულად ვეჩხუბე. გაწევ-გამოწევა იყო... მგონი, პირველად ზუსტად ამ მასწავლებლის გაკვეთილი გავაცდინეთ და მასზე შური ასე ვიძიეთ (იცინის)...

- პირველი მავნე ჩვევა, რომელიც დღემდე ვერ დაძლიეთ...

- პროექტების გამო, სიგარეტის მოწევა ახლახან დავიწყე...

- სიგარეტი პირველად ახლა მოწიეთ?

- მოსწავლეობის პერიოდში ვმაიმუნობდი, რამდენჯერმე მოვწიე. კიდევ კარგი, უფროსებმა გაგვიგეს და ამ ამბავს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. დედა მესაუბრა და მივხვდი, რომ სიგარეტის მოწევა არ ვარგოდა. "ცეკვავენ ვარსკვლავების" პერიოდში იმდენი ვინერვიულე, რომ ამ "სიბერეში" მოწევა დავიწყე. ვიცი, სიგარეტი არაფერს შველის, ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა, მაგრამ მაინც შევეჩვიე, ახლა კი მინდა, გადავეჩვიო. მოკლედ, ძლიერი ნებისყოფა მაქვს და კიდევ ერთხელ გამოვცდი.

- პირველი ფილმი, რომელმაც თქვენზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა...

- "ჯარისკაცის მამა". მას დღემდე ყველაზე ძლიერ ფილმად მივიჩნევ - შესრულების უმაღლესი ხარისხით, სცენარით, რეჟისურით, ადამიანური ურთიერთობებით... უმაგრესი ფილმია, მით უმეტეს - ომის თემაზე შექმნილ ფილმებს შორის. "ჯარისკაცის მამა" ადამიანურ საწყისებზეა აგებული - როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ საკუთარი თავი შეინარჩუნოს. ფილმში ყველაზე მეტად ის ეპიზოდი მომწონს, როცა ვენახის კადრების მერე, გიორგი მახარაშვილი ფიქრობს, - ჩემი შვილი ომმა ხომ არ გააბოროტაო?..

- პირველი ოთხფეხა მეგობარი...

- ძაღლები ძალიან მიყვარდა და სულ ვოცნებობდი, მყოლოდა, მაგრამ სახლის პირობებში, ეს არ გამოდიოდა. ჰოდა, ეზოს ძაღლებს ვუვლიდი ხოლმე. საერთოდ, ცხოველები (ქვეწარმავლებიც კი) ძალიან მიყვარს. ეს თვისება ჩემს ტყუპ შვილს გამოჰყვა: ბიჭები ზოოპარკში დადიან და ცხოველებს უვლიან. ახლახან შინ ზაზუნაც გვყავდა, კუც... სულ აქვთ მოთხოვნილება, ცხოველი ჰყავდეთ. ბავშვობაში რიზენშნაუცერის ლეკვი გვყავდა. ოფიციალური პასპორტი, საბუთები ჰქონდა, მაგრამ სახლში შესაბამისი პირობების უქონლობის გამო (ბევრნი ვცხოვრობდით), ლეკვის გაჩუქება მოგვიხდა, რის გამოც გული ძალიან დამწყდა. თვეების შემდეგ, ლეკვის ახალ პატრონთან მივედით, ვინახულეთ, მაგრამ ვერ მიცნო. ის გულისტკენა დღემდე გამომყვა...

- პირველი არდადეგები...

- სოფელში ვისვენებდით ხოლმე, მაგრამ ერთხელ ჩემი ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მე და ჩემი ძმა "პიონერთა ბანაკში" გავეგზავნეთ. ჩვენც გვსურდა, არდადეგები მშობლებისგან დამოუკიდებლად გაგვეტარებინა. ცხვარიჭამიაში გაგვიშვეს. ბანაკში ყოფნიდან მესამე დღეს ხელი მოვიტეხე და უკან ჩამომიყვანეს. საერთოდ, ტრავმატოლოგიურის ხშირი სტუმარი გახლდით - თითქმის მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. საავადმყოფოში შევედი თუ არა, მკითხეს, - ვახ, ზურა, ახლა რა მოიტეხეო? ვუპასუხე, - ორმხრივი მოტეხილობა მაქვს-მეთქი (იცინის)...

- პირველი ტყუილი...

- ბავშვობაში იმდენად ბევრ ტყუილს ვამბობდი, რომ ვერ ვიხსენებ, რომელი იყო პირველი (იღიმის)... ტყუილები არ მომწონს, ბოროტი ტყუილი კი მაღიზიანებს.

- შეიძლება, ტყუილი კარგი იყოს?

- კეთილი ტყუილი შეიძლება, არსებობდეს. მაგალითად, თუკი ადამიანს სიმართლე გულს გაუხეთქავს, არ ეტყვი...

- დღესდღეობით, ტყუილის თქმა ხშირად გიხდებათ?

- ხშირად - არა, მაგრამ - მაინც მიწევს... ვცდილობ, ტყუილი იშვიათად ვთქვა.

ეთო ყორღანაშვილი