მარიკო ლეჟავა: "ჩემი რჩეული მსახიობია" - გზაპრესი

მარიკო ლეჟავა: "ჩემი რჩეული მსახიობია"

პირველი წარმატება

- სიმღერა 4 წლისამ დავიწყე და მერე დედამ მუსიკალურ სტუდიაში მიმიყვანა. 14 წლის გახლდით, როცა ჩემმა მეგობარმა - მაკო კვიტაიშვილმა დამირეკა და მითხრა, ერთ-ერთ არხზე გადაცემაში ახალბედა, საზოგადოებისთვის უცნობ, მაგრამ ნიჭიერ მომღერლებს იწვევენ და იქნებ მიხვიდეო.

წავედი, მაგრამ ცოტა არ იყოს, ვინერვიულე. პირველად უნდა მემღერა კამერების წინ და შევშინდი. თუმცა, მერე ეს შიში დავძლიე. წარმატებული გამოსვლა იყო და ამის შემდეგ მიწვევდნენ კორპორატიულ საღამოებზე, ივენთებზე... ისე გამოვიდა, რომ 14 წლის ასაკში უკვე საკუთარი სამსახური და ფულიც მქონდა... მე და ნინა სუბლატი ბავშვობის დროინდელი დაქალები ვართ, თან - კლასელებიც და ყველგან ერთად "დავწანწალებდით". სტუდიაშიც ერთად დავდიოდით და იქ გატარებულმა 2-მა წელმა დიდი გამოცდილება შეგვძინა. ჩვენთან ერთად იყვნენ: სოფი სააკაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ლინდა ადამია და კიდევ ბევრი სხვა ნიჭიერი ბავშვი. უცხოელი პედაგოგები გვყავდა, განსხვავებული მეთოდებით, პრინციპებით გვწვრთნიდნენ და სწორედ ამის შედეგი იყო პროექტში - "საქართველოს ვარსკვლავში" ჩემი გამოჩენა. ეს იყო ყველაზე ლამაზი, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.

- სიმღერის გარდა, კიდევ რა გეხერხება?

- ძალიან მიყვარს ხატვა, ჭრა-კერვა. როცა მაკრატელი მიჭირავს ხელში, დედა კუდში დამდევს, რაღაცები რომ არ დავჭრა და როგორც თვითონ ამბობს, არ "დავძონძო" (იცინის)... სიმართლე გითხრათ, ჩემს გარდერობში შეძენილ სამოსზე უფრო მეტი, საკუთარი ხელით შეკერილი ტანსაცმელია; დიზაინსაც თავად ვქმნი... ასე რომ, ჰობის დონეზე ჭრა-კერვაც ვიცი.

GzaPress

ადამიანები, რომლებიც მარიკოს ყველაფრისგან იცავენ

- მყავს მამა, დედა, ძმა და ბებია. მამა პროფესიით ექიმია. ძალიან კარგი ადამიანია, საოცრად კეთილი. ისე მიყვარს, რომ მისი სახელი ამოვისვირინგე. დედაჩემი მუსიკოსია, მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახისა და შვილების გამო პროფესიით მუშაობა ვერ მოახერხა. თუმცა, ამჟამად 51-ე საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად მუშაობს და ჩემი ძმის კლასის დამრიგებელიც არის. თურმე, საწყალი ბავშვი ტერორში ჰყავს... ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერი ბიჭია და არაჩვეულებრივად ცეკვავს. რაც შეეხება ჩემს დას, ვფიქრობ, ის ყველაზე მაგარი გოგოა მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ. არ ვიცი, რა მეშველებოდა, ნინი რომ არ გაეჩინა დედას. ის ჩემი გადამრჩენელია. შეუძლია, ნებისმიერი სიტუაციიდან თავის დაძვრენაში დამეხმაროს, კბილებით მიცავს ხოლმე... ზუსტად ვიცი, ნინის იმედი ყოველთვის უნდა მქონდეს. წელს აბიტურიენტია, ძალიან კარგად სწავლობს. საერთაშორისო სამართალზე აპირებს სწავლას და ზუსტად ვიცი, "უფასოზე" მოხვდება. მეამაყება, ასეთი და რომ მყავს. ის ლამაზი და წარმატებული გოგოა. კიდევ, მყავს ბებო, რომელიც 40 წელი საბავშო ბაღის გამგედ მუშაობდა. უამრავი პატარა გაიზარდა მის ხელში. ახლა 80 წლისაა და მაინც მუშაობს. ბებიაზე მცოდნე და განათლებული ქალი სხვა არ მეგულება. ის ჩემთვის ეტალონია. დღემდე დადის სამსახურში და არც ერთი წამით არ აგვიანებს. კიდევ, მყავს მამიდა, რომელიც მართალია, ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, მაგრამ ჩემი მეორე გამზრდელი დედაა. ისიც ყველაფერში მეხმარება და მიცავს. როცა მშობლები ჩემზე "იერიშს ახორციელებენ", მასთან გავრბივარ (იცინის).

- ბებო ისევ საბავშვო ბაღში მუშაობს?

- კი. ძალიან უყვარს თავისი საქმე, ზედმეტად მოწესრიგებული ადამიანია.

უზრუნველი ბავშვობა

- ზედმეტად განებივრებული ბავშვი ვიყავი, ყველა თავს მევლებოდა. ვინაიდან ვმღეროდი, ნათესავები, ოჯახის ახალობელი ადამიანები მუდამ მგულშემატკივრობდნენ. ალბათ, ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი ასეთი სიყვარული პროფესიის მიმართ... ცოტა არ იყოს ცელქი, ემოციური და მოუსვენარი ვიყავი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

თაყვანისმცემლები და სიურპრიზი - შეყვარებულისგან

- მამაკაცს შენთვის გული უტკენია?

- ურთიერთობაში ყველაფერი ხდება, მთავარია შეეცადო, რომ საყვარელ ადამიანს გული არ ატკინო.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მამაკაცი უნდა იყოს ზრდილობიანი, უბრალო, ლამაზი და მეტყველი თვალებით.

- თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- ჩემი გული დაკავებულია და აქედან გამომდინარე, მართლა არ მაინტერესებს, ვის აქვს ჩემ მიმართ სიმპათია და ვის - არა... გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე საუკეთესოა.

- შენი რჩეული ვინ არის?

- მის სახელსა და გვარს არ გეტყვით. ადრე ჩემს პირად ცხოვრებაზე აჟიტირებული, სულელი ბავშვივით ყველაფერს ვყვებოდი, რამაც შემდეგ კარგი შედეგი არ გამოიღო. ჰოდა, ახლა ჭკუა ვისწავლე.

- სად გაიცანი?

- თეატრში, რეპეტიციის დროს გავიცანი. ერთმანეთი ძალიან მოგვეწონა, დავახლოვდით და გრძნობებიც გაჩნდა.

- დიდი ხანია, შეყვარებულები ხართ?

- ერთი წელია.

- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?

- აი, ეგ მართლა არ ვიცი... ოჯახის შექმნა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ალბათ, მაშინ დავქორწინდებით, როცა საკუთარი თავის რჩენა დამოუკიდებლად შეგვეძლება. ის ძალიან კარგია ადამიანი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული.

GzaPress

- შენი საქმე არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებლი იყო?

- სამწუხაროდ, საქართველოში მომღერალს სტაბილური შემოსავალი არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე კარგი, სარფიანი პერიოდი ახალი წლის დღეებია, სხვა დროს კი ძირითადად, ყველაფერი ჩამკვდარი გახლავთ.

- შეყვარებული სასიამოვნო სიურპრიზებით ხომ არ განებივრებს?

- რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებიც ხდება. მაგალითად, ერთხელ ქალაქგარეთ ვიყავი. უცებ, ოთახის კარი გაიღო და ჩემი შეყვარებული რომ დავინახე, სიხარულისგან ლამის გავგიჟდი - ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი.

იმიჯი და ექსპერიმენტები

- საკუთარ გარეგნობაზე ბევრს ვზრუნავ და სილამაზის სალონებში მითენდებ-მიღამდება-მეთქი, - ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მიყვარს ვარცხნილობის, თმის ფერის შეცვლა და ამ მხრივ ექსპერიმენტებს არ ვერიდები... თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები, ადრე უფრო ხშირად ვიცვლიდი იმიჯს. დიდი ხანია, საკუთარ გარეგნობაში არაფერი შემიცვლია (იცინის). მგონი, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი.

- შენი ბუნებრივი თმა რა ფერია?

- ბუნებრივად შავი თმა მაქვს და რატომღაც, სულ მეგონა, რომ ყველა ფერი მიხდებოდა, გარდა - შავისა.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?

- სახის კანს ნამდვილად, დიდი მონდომებით ვუვლი. კოსმეტიკასაც ჩემი სახის კანის ტიპიდან გამომდინარე ვირჩევ. მაქვს ჩემეული წესები კანის მოსავლელად და ამ წესებს არასდროს ვღალატობ.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- არა, ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ, რადგან სახის კანს აფუჭებს. თუმცა, როცა ამის საჭიროებაა, თავად ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე და ვფიქრობ, მაკიაჟის კეთება კარგადაც გამომდის. სხვათა შორის, წარბების კორექციასაც დამოუკიდებლად ვიკეთებ. სხვა რაღაცებისთვის კი (მაგალითად, თმის შეჭრა, შეღებვა, დავარცხნა და ა.შ.) სილამაზის სალონს ვსტუმრობ.

"კლასიკურ სამოსში საკუთარი თავი უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია"

- შოპინგი მიყვარს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სამოსს ვიკერავ. მომწონს, ჩემი დიზაინით შეკერილი ტანსაცმელი რომ მაცვია. თან, ასეთ დროს ზუსტად ვიცი, მსგავსი რამ სხვას არ ეცმევა და თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- სპორტული თუ კლასიკური - რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ალბათ, უფრო სპორტული სტილია ჩემი. კლასიკურ სამოსში საკუთარი თავი უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია.

დასვენება

- ძალიან მიყვარს ხეტიალი. ჰოდა, ბევრისგან განსხვავებით, დასვენებას საწოლში კოტრიალს არ ვეძახი. მიყვარს, როცა ბევრს დავდივარ, სხვადასხვა საინტერესო ადგილს ვნახულობ... მთაც მიყვარს და ზღვაც. ვერ ვიტან კლუბებს. ჩემთვის გართობა მოგზაურობასთან უფრო მეტად ასოცირდება, ვიდრე ღამის კლუბებში ბოდიალთან.

სოფო ჭონიშვილი