ვინ დაეხმარა თამთა გოდუაძეს კარიერის აწყობაში - რას ფიქრობენ მომღერალზე საბერძნეთში - გზაპრესი

ვინ დაეხმარა თამთა გოდუაძეს კარიერის აწყობაში - რას ფიქრობენ მომღერალზე საბერძნეთში

მისი პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ჩანს, თამთას ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარს.

2005 წელს ჟურნალ "გზაში" (#36) საბერძნეთში მყოფი ქალბატონის - ლიგია მუშკუდიანის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ის თამთა გოდუაძეზე გვიყვებოდა:

"ის ძალიან პოპულარულია და ხშირად ჩნდება ჟურნალების გარეკანზე. იმდენად თბილი და კომუნიკაბელური ადამიანია, რომ ჟურნალისტებმა მეტსახელად "ყველაზე მოღიმარი" რესპონდენტი შეარქვეს. მე მას ვესტუმრე და გავიგე, რომ თურმე, ბავშვობიდან მღერის. თავდაპირველად, საბავშვო ბაღში სიარულის დროს, მისი ნიჭი ჩვენს შესანიშნავ მომღერალს, ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს აღმოუჩენია და თამთას დედისთვის უთქვამს, - არაჩვეულებრივად მღერის და ყურადღება მიაქციეთო. გოგონას პირველად 4 წლის ასაკში აუღია ხელში მიკროფონი და პროფესიონალურ სცენაზეც გასულა. ის საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "ნერგებში", მოგვიანებით კი მანანა თოდაძის მიერ ჩამოყალიბებულ ანსამბლ "პრესტიჟში" მღეროდა. ასევე, გაიარა სუხიშვილების სტუდია და საბავშვო მუსიკალურ-თეატრალურ სტუდიაშიც დადიოდა.

GzaPress

14 წლის თამთამ უკვე ოჯახი შექმნა და სულ მალე პატარა ანაც გაუჩნდა. ოჯახის გამო სიმღერისთვის თავის დანებება მოუხდა, მთლიანად სწავლაზე გადაერთო და ილია ჭაჭავაძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც რუსული და ინგლისური ენების განხრით სწავლობდა. შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, თამთას ოჯახი დაენგრა. რის შემდეგაც, საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იმ პერიოდში დედამისი იმყოფებოდა. შემდეგ კონკურსში - შუპერ Iდოლ დედის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა მონაწილეობა. მართალია, მას კონკურსები და ფესტივალები არასდროს ხიბლავდა, რადგან ვერ იტანს, როდესაც ათასობით ადამიანი პირველობისთვის იბრძვის, მაგრამ დედას ხათრი ვერ გაუტეხა და წარმატებსაც მიაღწია. სწორედ ამ წარმატების შემდეგ დაიწყო მისი კარიერის აღმასვლა..."

თამთა 22 წლის იყო, როცა საბერძნეთში გაემგზავრა - ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელებენ, თამთა ხომ მაშინ მარტოხელა დედა იყო.

GzaPress

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბერძნეთში ჩასულმა მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში Super Idol, რომელიც მთელი წლის მანძილზე, სატელევიზიო არხის - "მეგას" საშუალებით გადაიცემოდა საბერძნეთში. ამ კონკურსში საბერძნეთისა და კვიპროსის 3000-მდე პროფესიონალი და დამწყები მომღერალი მონაწილეობდა. მიუხედავად ამხელა კონკურენციისა, თამთა მეორე ადგილზე გავიდა. ამ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მალევე გამოვიდა მისი პირველი სიმღერა Eisai To Allo Mou Miso, რომელიც რადიოჰიტად იქცა. წლების განმავლობაში მომღერალს ბევრი ალბომი დაუგროვდა. აქვს დუეტები პოპულარულ ბერძენ მომღერლებთან ერთად. თამთას ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სხვადასხვა ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიებში. სექსუალური და თამამი იმიჯით ცნობილი მომღერალი 2012 წელს ბერძნული ბრენდის - Toi & Moi-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო სახე გახდა.

ჩვენ საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს დავუკავშირდით და დავუსვით კითხვა: რას ფიქრობენ და ამბობენ საბერძნეთში ქართველ მომღერალზე? ემიგრანტმა ქალბატონებმა ჩვენს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ დაიზარეს, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას.

ლელა ჭანკოტაძე:

- ბერძნულ პრესაში თამთაზე წერენ, რომ ის არის პატარა ლოლიტა. ძალიან სექსუალური და თამამი ქალის იმიჯი აქვს. აქ ვარსკვლავების უმეტესობა დაკავშირებულია ნარკოტიკებთან და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თამთაზე კი მსგავსი ნეგატიური ჭორი არასდროს გავრცელებულა. მას იწვევენ ყველაზე რეიტინგულ გადაცემებში და რაც ძალიან მომეწონა, ყოველთვის აღნიშნავს, რომ არის საქართველოდან.

- როგორ ფიქრობ, წარმატებას ადვილად მიაღწია?

- საბერძნეთში უცხოელისთვის ძალიან ძნელია კარიერის აწყობა. იცით, რაც მოხდა ნინი შერმადინის შემთხვევაში: როგორც კი გაჩნდა ეჭვი, რომ კონკურსს უცხოელი მოიგებდა, ფულადი ჯილდო მოხსნეს. ასე რომ, თამთას წარმატება ძალიან გასაკვირია... საქართველოსგან განსხვავებით, საბერძნეთში ბოიფრენდის არყოლა "დაუშვებელია", მით უფრო, თუ ცნობილ ადამიანზეა ლაპარაკი. თამთას სახელს ყოველთვის სუპერვარსკვლავებს უკავშირებენ. ახლა ვუყურებდი მას ელენი მენეგაკის შოუში (ეს ძალიან პოპულარული გადაცემაა), სადაც ითქვა, რომ მოწვეულია თამთა - გოგონა სექსი, გოგონა სუპერმოდა და სუპერვარსკვლავი... ასე რომ, ჩვენი თამთა საბერძნეთში მოდაშია. მას ყველაზე გემოვნებიან, ყველაზე კარგად ჩამცმელ ადამიანად მიიჩნევენ.. იმასაც ამბობენ, რომ კარიერის აწყობაში ბერძენი საყვარელი დაეხმარა.

GzaPress

- და ამ ადამიანზე რაიმე არის ცნობილი?

- სხვა არაფერი ვიცი... აქ ქალს კაცი ყავაზე თუ ეპატიჟება, ეს ნიშნავს, რომ მასთან სექსი უნდა. თამთას ყოველდღე რომ ახალი კაცი ჰყავდეს, ეს არავის გაუკვირდება... თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: მარტო ვარ და სურვილიც არ მაქვს, ვინმე მყავდეს. მას შემდეგ, რაც ქმარს გავცილდი, ჩემს ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ყოფილა... თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ ფლირტი მქონია. ფლირტის წინააღმდეგი არ ვარო... როცა ჟურნალისტმა უთხრა: შეიძლება, ახლა საქართველოში გამოგიჩნდეს ვინმე მდიდარი მამაკაცი და გათხოვდეო, უპასუხა: "არასოდეს არ ვამბობ არასოდეს!.."

მარი:

- თამთა აქ ყველას უყვარს, ასე მგონია. ძალიან მოსწონათ და მასზე ხშირად, სიყვარულით ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ მაგარი გოგოა. მისი სიმღერები მოსწონთ და იმის გამოც პატივს სცემენ, რომ საკუთარ წარმომავლობას არასდროს მალავს. როცა მას აქებენ, ჩვენ, ქართველებიც ძალიან ბედნიერები ვართ. გვიხარია, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენს მოხუცებსაც კი ძალიან მოსწონთ. ახლა "ჩემს" ბებოს ვკითხე: რას ფიქრობ ამა და ამ მომღერალზე-მეთქი? და ცერა თითი დამანახვა ღიმილით. ეს გოგო აქ არავის აღიზიანებს.

ლაურა:

- როგორც ვიცი, თამთა გოდუაძე ბევრს მოსწონს. თუმცა, ცუდის მთქმელსაც რა დალევს და ბევრი ბოღმით ამბობს, რომ მან წარმატებას ვიღაც ფულიანი კაცის დახმარებით მიაღწია, მაგრამ იმას კი არ ამბობენ, რომ ასეთ რამეს ბევრი ცდილობს, თუმცა ყველას არ გამოსდის - წარმატების მიღწევა ადვილია, მაგრამ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ნიჭი სჭირდება. თუ უნიჭო ხარ, დიდხანს ვერ "გაქაჩავ".

- ბერძნებს მოსწონთ თამთას სიმღერები?

- ძალიან მოსწონთ. თამთა საბერძენთში ნამდვილი ვარკვლავია. მას იწვევენ პოპულარულ გადაცემებში, მასზე აქტიურად წერს პრესა, ხშირად ჩნდება პრიალაყდიანი ჟურნალების გარეკანზე... თუმცა, ბერძნულად კითხვა ჯერ ვერ ვისწავლე და ვერ გეტყვი, მასზე რას წერენ. ვიცი, რომ საზოგადოება დადებითად არის განწყობილი ამ მომღერლის მიმართ და როცა თამთას ახსენებ, აუცილებლად გეტყვიან, - სუპერგოგოაო. მის ყოველ ახალ სიმღერას მოუთმენლად ელიან და თუ კონცერტში მონაწილეობს, დიდი მოლოდინი აქვთ, რომ ის მათ გააოცებს, რაღაც ახალ სტილს უჩვენებს. თამთა აქ საკმაოდ სკანდალური გოგოს იმიჯით სარგებლობს - ისე იცვამს, რომ აშკარაა, ბევრი ქართველი მომღერლის მსგავსად, კომპლექსები არ აწუხებს.

GzaPress

ქეთი:

- თამთა? არ ვიცი, მგონი, მოსწონთ. ორ მოხუცს ვუვლი საბერძნეთში და თუ დრო გაქვთ, მათ ვკითხავ, რას ფიქრობენ ამ მომღერალზე... (რამდენიმე წუთის შემდეგ) მითხრეს, რომ მოსწონთ ეს გოგო. ბებო ამბობს, - ძალიან, თავხედურად ლამაზია. ზოგჯერ მისი საქციელი არაორდინალურია, მაგრამ მოსაწონი, ზოგჯერ კი საზღვრებსაც გადადისო. მაგალითად, თურმე არ მოეწონა, როცა თამთამ ვიღაც ქალს სცენაზე აკოცა (არ ვიცი, ეს ამბავი რამდენად შეესაბამება სიმართლეს)... ბაბუმ მითხრა (სიტყვა სიტყვით მოგწერთ): "მაგარი გოგოა. ახალგაზრდა და მდიდარი რომ ვიყო, აუცილებლად გავიცნობდი. მისნაირი ბევრი არ გვყავს საბერძნეთში". ეს რომ თქვა, ცოლი გაუბრაზდა (იცინის). სხვათა შორის, "ჩემი" ბაბუ აქტიურად უყურებს ტელევიზორს. სულ პულტი უჭირავს ხელში და თამთაზე მას უფრო მეტი ინფორმაციაც აქვს. ამბობს, რომ ქართველი თამთა ჭკვიანი გოგოა და იცის, როგორ უნდა დარჩეს საინტერესო მომღერლად.

- მის პირად ცხოვრებაზე თუ იცის რამე?

- ამბობს, რომ პირადი პირადია და ამაზე ბევრი ლაპარაკი არც ღირს. თუმცა, იცის, რომ თამთას ჰყავს შვილი და იმასაც ამბობს, რომ ამ მომღერლის სახელს აქ ბევრ ცნობილ ადამიანთან აკავშირებენ. - თუმცა, ყველას საყვარელი ვერ იქნებოდა, მართალს და ტყუილს რას გაარჩევო? - თქვა და ისიც დაამატა: ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს. "ვაიმე, სხვა რას იტყვის?" - ასე ცხოვრება ისევ შენ დაგაზიანებს. გოგო მიზანსწრაფულია და მისი ეს თვისება დასაფასებელია. სხვა ქვეყანაში რომ ასეთ წარმატებას მიაღწევ, ამას ნიჭის გარდა, შარმიც უნდა, თქვენს თამთას კი შარმი არ აკლიაო.

ეკა:

- ამბობენ, რომ ეს გოგო კარგად მღერის, მაგრამ ზოგჯერ მისი ჩაცმულობა აღიზიანებთ. კაცებს მოსწონთ, მაგრამ ქალები ღელავენ ამ საკითხის გამო. მომღერალს სიშიშვლე კი უხდება, მაგრამ ხომ იცით, ზღვარგადასული არაფერი ვარგა. თუმცა, ამ გოგოზე პირადად მე, ცუდს ვერ ვიტყვი. ისე ცხოვრობს, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ და ეს აქ არავის უკვირს.

- მასზე ხშირად ჭორაობენ?

- ხშირად - არა, მაგრამ ჭორაობენ ხოლმე. წლებია, აქ ვარ და ბევრჯერ მსმენია მისი და რომელიმე ცნობილი ადამიანების რომანის შესახებ გავრცელებული ჭორი. თუმცა, რომელი სიმართლეა და რომელი ტყუილი, თამთას გარდა ალბათ, არავინ იცის. ერთი კი ფაქტია, ის საქართველოს სიამაყეა. როგორც მომღერალი, ძალიან უყვართ, აფასებენ და ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ ნიჭიერი ადამიანების დაფასება.

- ახლა თამთა საქართველოშია. მისი საბერძნეთში არყოფნა ძალიან ეტყობა იქაურ პრესას?..

- ვაიმე, ეგ კი არ შემინიშნავს. როგორც ვიცი, თამთა ახალ სიმღერებზე მუშაობს და თან, საბერძნეთში ჩამოსვლა მისთვის პრობლემა არ არის. თუ კონცერტი ექნება, ჩამოვა და მერე ისევ გაფრინდება თბილისში.

ლიგია მუშკუდიანი:

- მიხარია, რომ თამთა ასეთი პოპულარულია. ბერძნებს ის ძველებურად, ძალიან უყვართ. როგორც ვიცი, მის შემოქმედებაში სიახლეა (ინტერვიუ ჩაწერილია რამდენიმე კვირის წინ): მსოფლიოში ცნობილმა კომპოზიტორმა და პროდიუსერმა ღამი Yაცოუბ-მა (რომელსაც შექმნილი აქვს სიმღერები ისეთი მომღერლებისათვის, როგორებიც არიან: One Direction, Madonna, Britney Spears, Nicky Minaj, Enrique Iglesias, Bon Jovi, Celine Dion, Ariana Grande, Tiesto და ა.შ.) ბერძენ მუსიკოს Aლეხ P-თან ერთად, სპეციალურად ქართველი მომღერლისთვის დაწერა ახალი სიმღერა. როგორც ვიცი, თამთა ამ ჟანრის სიმღერას პირველად შეასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ პოპულარული ქართველი მომღერალი საბერძნეთში აღიარებულია, როგორც ფასჰიონ იცონს. თამთა, როგორც "იდეალური სახე", საბერძნეთმა წარადგინა ცნობილი ამერიკული ბრენდის ჟუიცყ ჩოუტურე-ის ჟურნალისთვის. ეს ბრენდია აწარმოებს ქალისა და ბავშვის ტანსაცმელს, აქსესუარებს და ქმნის ცნობილი ქალების ცხოვრების ერთი დღის ამსახველ ვიდეორგოლებს, რომელსაც ავრცელებს სოციალური მედიის საშუალებით.

ლიკა ქაჯაია