ხატია სიჭინავა ძვირად ღირებულ ნივთებს ბანკში ინახავს - გზაპრესი

ხატია სიჭინავა ძვირად ღირებულ ნივთებს ბანკში ინახავს

"მიყვარს თანხის ხარჯვა და საყვარელი ადამიანების გაბედნიერება. აქედან გამომდინარე, ფულის შეგროვებას ვერასდროს ვახერხებ", - ამბობს ხატია.

- ერთადერთი გამონათქვამი, რაც ფულის ხსენებისას მახსენდება, არის: ფული ხელის ჭუჭყია...

- შენთვის ფული ხელის ჭუჭყია?

- ჭუჭყის მსგავსად, ისიც უცებ ქრება ხელიდან (იცინის).

- მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან გახდი?

- 18 წლის ვიყავი, როცა გაზეთ "რეზონანსში" დავიწყე მუშაობა და შესაბამისად, საკუთარი შემოსავალიც მქონდა. პირველი ხელფასის აღებისას ძალიან გახარებული და ბედნიერი ვიყავი.

- რამდენი იყო შენი პირველი ხელფასი?

- ზუსტად არ მახსოვს, რამდენი მომცეს, მაგრამ როგორც ცნობილმა "შოპოჰოლიკმა", რა თქმა უნდა, მაშინვე ტანსაცმელი შევიძინე.

GzaPress

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- ძალიან მინდა, ეს შემეძლოს, მაგრამ არ გამომდის. ერთადერთი, რაც წლების განმავლობაში ვისწავლე, არის ის, რომ თუ მინდა, ფული დავზოგო და ერთ დღეში არ დავხარჯო, თანხის ნაწილი შინ უნდა დავტოვო (იცინის).

- ყულაბა არასდროს გქონია?

- არა, არასდროს მქონია. უფრო მეტსაც გეტყვით: რომელიმე ჩემი ოჯახის წევრის ყულაბას თუ მივაგნებდი, აუცილებლად გავტეხდი.

- ამის გამო არ გიბრაზდებოდნენ?

- არ მიბრაზდებოდნენ, რადგან პატარა ვიყავი და თან, ყულაბას ჩუმად კი არ ვტეხდი, არამედ მათ თვალწინ ვანადგურებდი (იღიმის).

- ხშირად გქონია ფინანსური კრიზისი? ასეთ დროს დახმარებას ვის სთხოვ ხოლმე?

- ფინანსური კრიზისი ხშირად მქონია და მადლობა ღმერთს, გვერდით ყოველთვის მყავდა ისეთი მეგობრები, რომლებიც აუცილებლად მეხმარებოდნენ.

- ყველაზე მეტი სიამოვნებით, ფულს რაში ხარჯავ?

- ადრე საკუთარი თავისთვის სამოსის შეძენა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს შვილებისთვის ნივთების, ტანსაცმლის ყიდვა.

- ოდესმე, ფული თუ გაგისესხებია?

- არა. მიმაჩნია, რომ ფული ადამიანურ ურთიერთობებს ანგრევს. აქედან გამომდინარე, როცა ახლობელი ფულის სესხებას მთხოვს, თუ მაქვს, იმ კონკრეტულ თანხას უბრალოდ, ვაჩუქებ. ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო ნერვების მოშლას ყოველთვის ვარიდებ თავს.

- ამ ეტაპზე საკუთარი შემოსავალი გაქვს?

- საკუთარი ბიზნესი მაქვს და შესაბამისად, მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ.

- შემოსავალის თვიდან თვემდე განაწილებას ახერხებ?

- ვერანაირად. ამას ვინმე ახერხებს? მსგავსი რამ ვერც წარმომიდგენია.

- შენს შვილებს თუ აქვთ ყულაბა?

- ჯერჯერობით, ყულაბას ძირითადად, სათამაშოდ იყენებენ. პატარები არიან და მისი დანიშნულება ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული.

GzaPress

- ფული არასოდეს შეგიგროვებია?

- ვგიჟდები ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც ფულის შეგროვება და შემდეგ ამ ფულით რაღაც საქმეების მოგვარება შეუძლიათ. სამწუხაროდ, მსგავსი რამ არასდროს გამომდის.

- გაიხსენე ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც შენთვის მოურთმევიათ.

- ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი მეუღლემ მომართვა - ეს არის უძვირფასესი საყურე, რომელიც ეგრევე ბანკში გავაქანე, შესანახად. იმ პერიოდში, როცა რამაზმა ეს სამკაული მომიტანა, ჩვენი ბინა ახალი გაძარცული იყო, იმ ამბის შემდეგ კი ძვირად ღირებულ ნივთებს სახლში აღარ ვინახავ. სამწუხაროდ, მეუღლის ნაჩუქარი საყურე ვერც ერთხელ ვერ გავიკეთე.

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- არც ისე ხშირად. ამ მხრივ გათამამებული არ ვიყავი. ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული მქონდა და თუ ვინმე რამეს მჩუქნიდა, ეს დღესასწაულს ჰგავდა.

- როგორ ფიქრობ, ბევრს შრომობ იმისთვის, რომ საკმარისი თანხა გამოიმუშაო?

- დღეს უკვე პატარა, თავქარიანი გოგო აღარ ვარ და მიწევს იმაზე ფიქრი, როგორ გამოვიმუშაო საკამარისი თანხა და შემდეგ ეს თანხა როგორ მოვიხმარო. მართალია, გვერდით ისეთი ადამიანი მყავს, რომლის იმედიც ყველაფერში მაქვს, მაგრამ მეც მინდა, საოჯახო ბიუჯეტში ჩემი წვლილი მქონდეს. ჩემი საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- საკუთარი შრომის წყალობით, ყველაზე ძვირად ღირებული რა შეგიძენია?

- ვცდილობ, ბავშვებისთვის ოქროს ნივთები შევიძინო.

- საფულე რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის?

- ადრე საფულეს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ბოლოს დროს ეტყობა, ძირფესვიანად შევიცვალე, ცოტა ცრუმორწმუნეც გავხდი და მინდა, ჩემი შავი საფულე გამოვცვალო. ამბობენ: წითელი საფულე ფულს იზიდავსო.

- ანუ მსგავსი რაღაცების გჯერა? ალბათ, შინ ბარაქის ხეც გაქვს.

- კი, ბარაქის ხე თავად შევიძინე და ჩემი ქმრის სახელი დავარქვი (იცინის)... ისე ვუვლი, როგორც საყვარელ ადამიანს. იმ პერიოდში, როცა ეს ხე შევიძინე, ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ ბიზნესს იწყებდა და სწორედ ამიტომ დავარქვი რამაზის სახელი. ვთქვი: თუ გაიხარა, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ჰოდა, აყვავდა ხე და ბიზნესმაც გაამართლა.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტოლებ?

- ასე არასდროს ვიქცევი და აქედან გამომდინარე, ზოგჯერ იმაზე ნაკლები მხვდება საფულეში, ვიდრე მგონია, რომ მაქვს (იცინის).

GzaPress

- კოსმეტიკის შესაძენად ბევრ ფულს ხარჯავ?

- საერთოდ, კოსმეტიკა არ მიყვარს და კოსმეტიკის "დედა" - ხატია შამუგია სულ ამის გამო მეჩხუბება... მხოლოდ ტუშსა და პომადას ვიყენებ და შესაბამისად, ბევრი ფულიც არ მეხარჯება.

- როგორ ფიქრობ, ბევრი ფულით წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია?

- სამწუხაროდ, ფული ჯოჯოხეთს ანათებს... მაგრამ რაც ყველაზე მთავარია: ბევრი ფულით ვერც სიყვარულს იყიდი და ვერც - ბედნიერებას, რაც ჩემი აზრით, ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- არ მიყვარს ბიუროკრატია და შესაბამისად, არც საბანკო მომსახურებები... თუმცა, მაინც მიწევს მათთან თანამშრომლობა, დღესდღეობით სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ, წარმოუდგენელია.

- შენი აზრით, რა თანხაა ყოველთვიურად საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ნორმალურად იცხოვროს?

- გააჩნია, ადამიანს და ოჯახს... დიდ ოჯახს ბევრი თანხა სჭირდება საარსებოდ. თუმცა, კარგად არის ნათქვამი: საბანი სადამდეც გაგწვდება, ფეხი იქამდე გაჭიმეო.

სოფო ჭონიშვილი