"სცენისთვის საჭირო რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავიხდიდით ბოლომდეც"... - გზაპრესი

"სცენისთვის საჭირო რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავიხდიდით ბოლომდეც"...

სპექტაკლში მოქმედება სხვადასხვა ეპოქასა და სივრცეში ვითარდება. მთავარი გმირები ეტაპობრივად, თანამედროვე ჰიპებისა და მუნჯი კინოს ეპოქაში ცხოვრობენ, წარმოდგენის დასასრულს კი მოქმედება ისევ XVI საუკუნის ვერონაში გადაინაცვლებს. სპექტაკლში გათამაშებული ამბავი არა ორ მოქიშპე გვარის მტრობაზე, არამედ ხელმოცარულ, სიყვარულში იმედგაცრუებულ და გაბოროტებულ ადამიანებზე მოგვითხრობს. პრემიერის შემდეგ, მაყურებლის აზრი ორად გაიყო: ერთმა ნაწილმა რეჟისორის ხედვა მოიწონა, ხოლო მეორემ - გაღიზიანება ვერ დაფარა.

- რეჟისორი მუშაობის დაწყებამდე ფიქრობს, თუ რატომ უნდა დადგას კონკრეტული პიესა. ამ შემთხვევაში, ჩემი ჩანაფიქრი ვიღაცისთვის გაურკვეველი აღმოჩნდა, ვიღაცისთვის - მისაღები. შექსპირის ამ ტრაგედიის გათამაშება იმაზე დაყრდნობით გადავწყვიტე, თუ რა პრობლემებია საზოგადოებაში. დღეს ხალხი ძალზე სწრაფად იცვლის აზრს, დაბოღმილია, ჩასაფრებული, დაუნდობელი. ნებისმიერ შემდგარ რამეს - ადამიანთა ურთიერთობებია ეს, ორგანიზაცია, ჟურნალი, ტელევიზია თუ სხვა რამე, აუცილებლად შეუმდგარი ადამიანები უწყებენ "ჭამას" და აუცილებლად "შეჭამენ" კიდეც! ნათელი ფერი ძალზე ცოტაა. ადამიანები მუდმივად განაწყენებული არიან ხელისუფლებაზე. კომუნისტური წყობის შემდეგ, ქვეყანაში არ არსებობს არავითარი ცენზურა და ვფიქრობ, ქართველ ხალხს არ სჭირდება ზედმეტი თავისუფლება. ჩემს პედაგოგს, ქალბატონ მედეა კუჭუხიძეს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი: "როცა თავისუფლება მივიღეთ, ონკანები აგვერია და შევუერთდით ევროპული ცივილიზაციის კანალიზაციას".

ჩემთვის არ იყო საინტერესო, დამედგა ტრაგედია ორი გვარის დაპირისპირებაზე, რადგან ახლა არ არის "სუფთა" ურთიერთობების დრო. დღეს შეყვარებულები შეუმდგარი ადამიანების ბოღმასა და განუხორციელებელ ინსტინქტებს ეწირებიან... პიესაში ბევრი არაფერი შეგვისწორებია, უბრალოდ, წერტილ-მძიმე გადავაადგილეთ და ქრონომეტრაჟის გამო, რამდენიმე სცენა შევკვეცეთ. პიესას შევხედეთ, როგორც ფსიქოლოგებმა და შევეცადეთ, "რომეო და ჯულიეტა" ფსიქოანალიზის მეთოდით დაგვედგა.

- ლორენცო (გიორგი გასვიანი) როცა შეიტყობს, რომ რომეო ჯულიეტას გაუმიჯნურდა, ქმედებით და არა, სიტყვიერად ავლენს ისეთ თვისებას, როგორიც ეჭვიანობაა...

- ხომ შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო? შექსპირთან არსად წერია, როგორია ლორენცო. პირდაპირი გაგებით ის არ ეჭვიანობს რომეოზე, როგორც კაცზე, არამედ როგორც ადამიანზე, თუნდაც - როგორც შვილობილზე... ლორენცოსა და რომეოს თავიანთი მისალმება აქვთ: რომეო მას ზურგიდან ეპარება და თვალებზე ხელებს ააფარებს; თანამედროვე საქართველოში მე ეს მინახავს მღვდლისა და მისი მრევლის ურთიერთობისას. ჩვენს ჯგუფს, რომელმაც შეთხზა ეს ვარიანტი, ფანტაზიის ჟანრში არაფერი გადაუწყვეტია, პირიქით - ეს სცენა აღებულია რეალური ამბიდან.

GzaPress

- ძიძის სახე (თათული ედიშერაშვილი) შექსპირთან არ არის წინა პლანზე, თქვენს სპექტაკლში კი მისი როლი გააქტიურებულია...

- ისეთ გენიალურ დრამატურგთან, როგორიც შექსპირია, არც ერთი პერსონაჟი ტყუილად არ არის, ყველას თავის დატვირთვა აქვს. რეჟისორმა უნდა მოიფიქროს, რომ თავის კონცეფციას გამართლება მისცეს. შექსპირთან არ წერია, რომ ძიძა დაფეხვილი ქალია. მხოლოდ ერთგან ამბობს: ფეხები მტკივა, მოვხუცდიო, მაგრამ მაშინაც სიმულანტობს. იმ დროს ხანში შესულად 40 წლის ადამიანს მიიჩნევდნენ. ამ ასაკის ნებისმიერ ქალს რომ უთხრა, მოხუცი ხარო, გაბრაზდება, რადგან პირიქით, ის გაფურჩქნის ასაკშია. სწორედ ასეთ ასაკშია ჩვენი ძიძაც, რომელსაც აწუხებს თავისი შეუმდგარი პირადი ურთიერთობები და ცხოვრება, ახასიათებს სულსწრაფობა, თავშეუკავებლობა. ეს არის სპექტაკლი არეულ-ჩამოუყალიბებელ ურთიერთობებზე, რომელიც თბილისში ხდება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, ეს დავინახოთ... ბევრის მსგავსად, "რომეო და ჯულიეტა" ჩემთვისაც სიყვარულის ჰიმნია და სწორედ ასე ვამთავრებ სპექტაკლს, რადგან ეს არის მარადიული, როგორც პიეტა. ზევით წყვილი და ქვევით დარჩენილი, შეუმდგარი ადამიანები. ბენვოლიოს პერსონაჟიც ტყუილად არ ჩანს (მსახიობი გიორგი ცხადაძე. - ავტ.), მასაც თავისი წილი აქვს ამ ტრაგედიაში. ჩვენთან ბენვოლიო წერილს დროულად ვერ მიიტანს და ამით ვაკეთებთ მინიშნებას, თუ როგორ შეიძლება შეიკრან ცუდი ადამიანები.

- თქვენ სპექტაკლში პარისსა (გიორგი ჭუმბურიძე) და ქალბატონ კაპულეტის შორის (ვერიკო კალანდარიშვილი) სექსუალური კავშირი იკვეთება...

- პირველი სცენა იწყება კლუბში, სადაც ერთმანეთს გაიცნობენ რომეო და ჯულიეტა. კლუბი ქალბატონ კაპულეტის ეკუთვნის. ის არის ტიპური თბილისელი ქალი. ასეთებს ჰყავთ ხოლმე პუდელივით ბიჭები - ამ შემთხვევაში, პარისის სახით, და შემდგომ, რაღაცნაირად რომ გაამართლონ თავიანთი ურთიერთობები, აუცილებლად ცოლი უნდა მოაყვანინონ ან ბავშვი მოუნათლონ და ეს ძალიან ცნობილი მეთოდია საქართველოში. კაპულეტიმ მოიფიქრა "უკეთესი გზა", გადაწყვიტა საკუთარი ქალიშვილი - ჯულიეტა პარისს შერთოს.

- მერკუციოს (ანდრია გველესიანი) ტიბალტი (ბექნუ ქაფიანიძე) კლავს. სიკვდილის წინ მერკუციო მღერის...

- კი, ერთი ეპოქა მთავრდება ამ სცენით. 60-70-იან წლებში როკოპერა ყვაოდა და მერკუციოს სიკვდილის სცენაც სწორედ იმ ჟანრში დავდგით. მერკუციოს რომანტიკული ხასიათი აქ ყველაზე კარგად გამოიკვეთა - ენდრიუ ლოიდ უებერის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს ასრულებს. ამ სცენარს თვითირონიული დამოკიდებულებით მივუდექით.

- პრემიერის პირველ დღეს დავესწარი. მთავარი პერსონაჟები - რომეო (გიგი მიგრიაული) და ჯულიეტა (სოფია სებისკვერაძე) პირველი ღამის სცენის დროს ტრუსების ამარა იდგნენ სცენაზე. მითხრეს, რომ მეორე დღეს მსახიობები შემოსილები წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ასე იყო?

- არა, მეორე დღესაც და ახლაც, რომეოს და ჯულიეტას ამ სცენის დროს საცვლები აცვიათ. ჩვენს ქვეყანაში რაღაცები დღემდე ტაბუდადებულია. ჩემს სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული, იმ სცენის დროს მათ საერთოდ არაფერს ჩავაცმევდი, მაგრამ ეს მიუღებული იქნებოდა საზოგადოებისთვის.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ საცვლების ამარა დარჩენილი რომეო და ჯულიეტა მიიღო საზოგადოებამ?

- სოციალურ ქსელს რომ გადავხედე და იქ ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობენ, ძალიან გამიხარდა. ვიღაცამ თავი წარმოიდგინა იმავე საცვალში და ეს არ მოეწონა ან წარმოიდგინა ქმარი, რომელსაც ის თეთრი ტრუსი, რომელიც ჩვენს მსახიობს აცვია, არ მოუხდება და მასში არაესთეტიკურია. არა მგონია, ჩემი მსახიობი, რომელიც რომეოს თამაშობს, ცუდად გამოიყურებოდეს თეთრ საცვალში. ვიღაცისთვის შეიძლება, რომეო ტრუსში მისაღები არ იყოს და ბიძია ფროიდს თუ დავიხმარებთ, აქ საქმე სექსუალურ კომპლექსებთან გვაქვს. რამდენიმე ჩემს ნაცნობს გული მისდის გიგიზე, რადგან ის მისთვის მიუწვდომელია. შიშველი რომ დაინახა, ახლა ამაზე კიდევ უფრო ცუდად გახდა და აგრესია გაუჩნდა, რომ მისთვის ბოლომდე ასეთი მიუწვდომელი დარჩება...

GzaPress

- ირაკლი, იქნებ ეს გათვლა იყო შთაბეჭდილების მოსახდენად და გსურდათ, აგელაპარაკებინათ მაყურებელი...

- არა, სპეციალური გათვლები საზოგადოების ასალაპარაკებლად არ გვქონია. ყველაზე მეტად ქართულ სპექტაკლებში ის მაღიზიანებს, რომ როცა ქალი და კაცი ერთმანეთისკენ გაიწევიან, შუქი ქრება. რატომ? დავინახოთ ყველაფერი. თუ მსახიობია, საჭირო დროს უნდა გაიხადოს და სექსიც ჰქონდეს. საჭიროება არ დაგვინახავს, თორემ აუცილებლად გავიხდიდით ბოლომდეც... ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ამ თემაზე ლაპარაკობენ ისინი, ვისაც სპექტაკლი ნანახი არ აქვს. ეს ხომ ყოველთვის ასეა: "დოქტორ ჟივაგოზე" ამბობდნენ, ცუდია და იმიტომ არ წავიკითხავო, - არადა, ასეთი კარგი რომანი მგონი, იმ საუკუნეში მეორე არ დაწერილა. მე არასოდეს ვლაპარაკობ სპექტაკლზე ან ფილმზე, რომელიც არ მინახავს და არც იმ წიგნსა თუ სტატიაზე, რომელიც არ წამიკითხავს. ასე რომ, ილაპარაკონ, ჩემთვის ეს რეკლამაა.

- შეიძლება, ვიღაცამ შექსპირის შეურაცხყოფაც კი დაგაბრალოთ...

- არც ეს არის პრობლემა. "რომეო და ჯულიეტა" ბევრს არ აქვს წაკითხული. უნახავთ ძეფირელის ფილმი, რომელსაც ასევე, ბევრი სცენა აქვს გადაკეთებული. კარგი იქნება, თუ ამას და სხვა ნაწაროებებსაც წაიკითხავენ. იცნობდნენ თანამედროვე ფსიქოლოგებსა და ფილოსოფოსებს. წაიკითხონ დიმიტრი უზნაძე, რომელიც დღემდე ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

- რამდენი ხანია, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ?

- სექტემბერში ერთი წელი გახდება. ბევრი ვიმუშავეთ და სეზონის განმავლობაში, ცამეტი პრემიერა გვქონდა. გვაქვს საბავშვო რეპერტუარიც. ორჯერ ვიყავით უცხოეთში, გავაკეთეთ ექვსი კოპროდუქცია. ახლა მე და ლაშა გოგნიაშვილი გოდერში ჩოხელის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლს ვდგამთ. ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ჩოხელი "გადავიდეს" სცენაზე. ინსცენირება ლიტერატორ საბა მეტრეველს ეკუთვნის და იდეა ძალიან მოეწონათ მწერლის ოჯახის წევრებსაც. სპექტაკლში - "ბედისწერის თეატრი" თითქმის მთელი დასი ითამაშებს და ძირითადი დატვირთვა უფროსი ასაკის მსახიობებზე იქნება.

- გამახსენდა ქეთი დოლიძის სპექტაკლი "სერობა", რომლის მორიგი წარმოდგენისას, თუმანიშვილის თეატრის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქცია გაიმართა.

- იმ დღეს "სერობას" მეც დავესწარი. ვფიქრობ, ეს ქეთი დოლიძის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია. მაშინაც გამიკვირდა და ახლაც მიკვირს ერთი რამ: აფიშას ჰქონდა რემარკა - სპექტაკლი დაიდგა ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ის ჩვენება ეძღვნებოდა პატრიარქის ერთ-ერთ აღსაყდრებას. უწმინდესმა ეს წარმოდგენა პირველად რომ ნახა, იტირა, მსახიობები დალოცა და კურთხევა მისცა. ამ დროს ვიღაც ბნელი გამოვარდა და სპექტაკლის გამართვის წინააღმდეგ გაილაშქრა. მაინტერესებს, მას რომელი მართლმადიდებლობა სწამს, ილია II-ის თუ საკუთარი მოგონილი? მე მწამს კანონიკური მართლმადიდებლობა და ჩვენს სარწმუნოებაში ყველაზე დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ წმინდანად შერაცხილი საზოგადო მოღვაწე გვყავს ილია მართლის სახით. ილია ქართული თეატრის ერთ-ერთ დამაარსებელია. ის ბერულ ცხოვრებას არ ეწეოდა, არც ეკლესია-მონასტრები უშენებია, მაგრამ ერობაში აკეთა ის საქმე, რომლის გამოც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა... თუ ვინმე მართლმადიდებლობაზე დავას დამიწყებს, არც მე ვარ შორს ამ საკითხისგან. ბევრ დროს ვატარებ ერთ-ერთ ხეობაში, წმინდა ბერებთან და არა - ბნელებთან. ჩემი მოძღვრისგან ვსწავლობ, რა არის მართლმადიდებლობა, და მართლმადიდებელი მღვდლის ლექსებზე დავდგი სპექტაკლი "მოძღვრის აღსარება", რომელიც რამდენიმე თვეა, სოფელ-სოფელ "დაგვაქვს". მართლმადიდებლობა - ერთმანეთის სიყვარულია და არა ვიღაცის უპატივცემულობა, შეურაცხყოფა.

ანა კალანდაძე