"ძლიერი, მებრძოლი ქალები მომწონს" - გზაპრესი

"ძლიერი, მებრძოლი ქალები მომწონს"

მოგეხსენებათ, ის ახლახან აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთის" სოლისტი გახდა. თანაგუნდელებთან ერთად, ძველ აფხაზურ სიმღერებზე აქტიურად მუშაობს.

პრეამბულის მაგიერ

- მამა ზაფხულობით გვაძლევდა დავალებებს, არდადეგების პერიოდში, რომელი წიგნები უნდა წაგვეკითხა. ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ზღვაზე ვისვენებდით. როცა მამა თბილისიდან ჩამოდიოდა, წაკითხულის შესახებ ვმსჯელობდით, განხილვებს ვაწყობდით.

- ნაწარმოების კითხვის დროს რამდენად აქვს მნიშვნელობა გარემოს - ქალაქში ხარ, მთაში, ზღვაზე?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე მეტად ზღვაზე, ბუნებაში კითხვა მიყვარს. მგონია, რომ ამ დროს წაკითხულის აღქმა და გაანალიზებაც სხვაგვარად ხდება. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. ჩემი საყვარელი მწერალი ვაჟა-ფშაველაა. ბავშვობაში მის ნაწარმოებებს ყოველთვის სოფელში ყოფნის დროს ვკითხულობდი.

- ნაწარმოების კითხვის დროს გიტირია?

- ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა. მახსოვს ჩემი განცდა, ემოცია და ცრემლები, როცა "შვლის ნუკრის ნაამბობს" ვკითხულობდი. ბევრი ვიტირე "იაზე" და ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე. შარშან ბავშვობა გავიხსენე, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები კიდევ ერთხელ წავიკითხე და ისევ ამეტირა. საერთოდ, ჩემი ატირება რთული არ არის.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა. გამორჩეულად, გალაკტიონის და ლადო ასათიანის შემოქმედება მომწონს.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ძლიერი, მებრძოლი ქალები მომწონს. ჟანა დ"არკისმაგვარ ძლიერ ქალთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი. მას აქვს პროტესტი, იბრძვის თავისუფლებისთვის. თინეიჯერობის წლებშიც ასეთი შეხედულება მქონდა, სუსტი ქალები ნაკლებად მიზიდავდა. ანა კარენინა სუსტი ქალი მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ძალიან მომწონს.

- ინტელექტუალური თამაშები გიყვარს?

- ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებ. ზოგჯერ თამაშში დიდი ინტერესით ვერთვები. სწორ პასუხს ხან გამოვიცნობ, ხან - ვერა.

- "მარტო შენი მტერი თუ დაგიმალავს, შენს სახეზე რომ ურიგობა ნახოს რამე, მოყვარე კი სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე". რომელ ნაწარმოებში წერს ამ სიტყვებს ილია ჭავჭავაძე?

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ: ავტორი ქართველ ერს ეუბნება, მე ამ მოთხრობით სარკე მოგიტანეო.

- ჩემი საყვარელი "კაცია ადამიანი?!"

- დაასახელე ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია, ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვენაში.

- მოცარტი.

- რომელი ხის ფესვები საუბრობენ ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში "ფესვები"?

- მუხის, არა?

- დიახ. ვინ არის ავტორი ლექსისა "აფხაზური კანტატა"?

- შოთა ნიშნიანიძე.

- ეს ქალბატონი ისტორიაში თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულების გამო შევიდა. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და თითზე საქორწინო ბეჭედი იყო გამოსახული. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაში ეს პირველი სურათი იყო.

- ასეთ რთულ კითხვებს რატომ მისვამ?

- რენტგენი. რომელმა პერსონაჟმა იმოგზაურა ლილიპუტების ქვეყანაში?

- გულივერმა.

- რამდენი წევრისგან შედგება საპატრულო ეკიპაჟი?

- არ ვიცი.

- შეკითხვა კარგად გაიგე?

- გთხოვ, გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) ორი წევრისგან.

- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს? მოძრაობის წესებს არღვევ ხოლმე?

- ვცდილობ, არ დავარღვიო, აქედან გამომდინარე, პატრულთან პრობლემები ნაკლებად მაქვს.

- "რაც უნდა გენიალური, ახალი ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით დაეთანხმება შენი ტვინიდან გადმოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ", - დოსტოევსკის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს? მიგანიშნებ, ეს ნაწარმოები 1869 წელს დაიწერა.

- "იდიოტი".

- 1895 წელი კინემატოგრაფის დაბადების წელია. რომელ ქალაქში შედგა პირველი კინოსეანსი?

- ვერ გიპასუხებ.

- პარიზში. როგორ მცენარეებს უწოდებენ მონოკარპულს?

- ზუსტად არ ვიცი, "მონო" ერთს ნიშნავს.

- მონოკარპულს ისეთ მცენარეებს უწოდებენ, რომლებიც მხოლოდ ერთხელ ჰყვავიან. ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- მთელი სახელმწიფო ერთ კონტინენტზე? ავსტრალია.

- დაასახელე პირველი ინდოელი, რომელმაც ნობელის პრემია აიღო.

- შეიძლება, რაბინდრანათ თაგორი იყოს.

- დიახ. რომელმა ქართველმა რეჟისორმა გადაიღო "დონ-კიხოტი"?

- რეზო ჩხეიძემ.

- სად მდებარეობდა ძველ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიბლიოთეკა: ათენში, ალექსანდრიაში, როდოსში თუ სირაკუზაში?

- ალექსანდრიის ბიბლიოთეკის შესახებ მსმენია.

- რა მოსდით ყვავილებს, თუ მათ მუსიკას ხშირად ვასმენინებთ?

- (იცინის) მსმენია, დიდხანს ცოცხლობენო.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს: სიმფონიური, საორღანე თუ საესტრადო?

- საორღანე.

- მულტიპლიკაციური ფილმები გიყვარს?

- რა თქმა უნდა.

- რა ჰქვია კომბლეს ძროხას?

- ჭრელა.

- რა განაპირობებს ადამიანის კანის, თმისა და თვალის შეფერილობას?

- პიგმენტი.

- "დღეები ბრუნავს, ვით კამათელი/ და ყვავილების არის მრავლობა./ ჩემთვის დღესავით არის ნათელი,/ რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა./ წელიწადები წავლიან ძველნი, შეიცვლებიან ქარით სიონი,/ როგორც ერთია ქვეყანა მთელი,/ ისე ერთია..."

- "...გალაკტიონი".

- რა ჰქვია ბრიყვულად გაწეულ სამსახურს, რომელსაც განზრახული სიკეთის ნაცვლად, ზიანი და უსიამოვნება მოსდევს?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ: ეს გამოთქმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრილოვის იგავ-არაკი "დათვი და მეუდაბნოე" გამოქვეყნდა.

- ა! მივხვდი, დათვური სამსახური.

- რა სიტყვები ეწერა დედოფალ პითიას ტაძარზე, რომელსაც ხშირად, სოკრატეს არასწორად მიაწერენ.

- ვერ ვიხსენებ.

- "შეიცან თავი შენი". XV საუკუნეში ევროპაში მკაცრად დამკვიდრდა მამაკაცის ფეხსაცმელი მრგვალი წვერით. იგი საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ემ შემოიტანა მოდაში, რომ საკუთარი ნაკლი დაეფარა. რა ნაკლი ჰქონდა მას?

- არ ვიცი.

- მას ფეხზე 6 თითი ჰქონდა. რას უწოდებენ იმ გამოჩენილ ადამიანებს, რომლებიც გაეროს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში ეხმარებიან?

- კეთილი ნების ელჩებს.

- მაია წყნეთელის მამაკაცური სახელი გახსოვს?

- მათე ბიჭს ეძახდნენ.

- ამერიკაში ყოველწლიურად იმართება მატყუარათა კონკურსი. მასში მონაწილეობა შეუძლია ამერიკის ყველა მოქალაქეს, ერთი სფეროს წარმომადგენლების გარდა, რადგან მიჩნეულია, რომ ისინი ამ საქმის პროფესიონალები არიან. დაასახელე, რომელი სფეროს წარმომადგენლები არ მონაწილეობენ ამ კონკურსში?

- არ ვიცი.

- პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი. მდედრობითი სქესის რამდენი მეფე ჰყავდა საქართველოს?

- თამარი და რუსუდანი.

- ეს ინგლისელი პოეტი 1824 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლო წლებში საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ომში აქტიურად მონაწილეობდა. "საბრალო საბერძნეთი" - სიკვდილის წინ ბოდვისას ეს სიტყვები წარმოთქვა. დაასახელე ეს პოეტი.

- ჯორჯ ბაირონი.

- ვინ ასრულებს ბიჭიკოს როლს ფილმში "ჭრიჭინა"?

- დოდო აბაშიძე.

- რისი საცავია ფონოტეკა?

- ხმის ჩანაწერების.

- დაასახელე ბერძენი ტრაგიკოსი, რომელმაც კოლხი მედეა შვილების მკვლელად გამოიყვანა.

- ვერ ვიხსენებ.

- ევრიპიდე. ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, ცეკას ერთ-ერთი გენერალური მდივნის დადგენილებით, საშენი მასალების ეკონომიის მიზნით, საცხოვრებელ სახლებს ჭერის სიმაღლე შეუმცირეს. ვინ იყო ამ დადგენილების ავტორი?

- ხრუშჩოვი.

- დაბოლოს, დაასრულე გოეთეს ცნობილი გამონათქვამი: "ჭეშმარიტების ბედი ასეთია: თავიდან მას დასცინიან, შემდეგ კი..."

- "...მიიღებენ ხოლმე".

თამუნა კვინიკაძე