ფილოსოფიით გატაცებული ლიკა ქორქია - გზაპრესი

ფილოსოფიით გატაცებული ლიკა ქორქია

- ბავშვობის დროინდელ სიტუაციებს რომ ვიხსენებ, ყველაზე კარგად ბაბუის მიერ მოყოლილი ზღაპრები და ძველი, ილუსტრირებული წიგნები მახსენდება. ამ წიგნების თაროდან გადმოღებას მე და ჩემი და მთელი დღე ველოდით ხოლმე. მათი გაფუჭების, დაჩხაპნის ან გაფერადების სურვილი არასდროს გვქონია. ზღაპრები (რომლის "ვიზუალიზაციასაც" ჩემი ფანტაზიით ვახდენდი) კარგი დასასრულით ჩემი ერთი, ჩვეულებრივი დღის ბედნიერი, პოზიტიური დასასრულიც გახლდათ. წლების მატებასთან ერთად, წიგნის მიმართ ინტერესი მიმძაფრდებოდა. ვიდრე დამოუკიდებლად წაკითხვა არ შეგვეძლო, ოჯახის წევრები გვიკითხავდნენ. როცა რაიმე ნაწარმოებს დედა გვიკითხავდა, გაოცებული ვუყურებდი - მინდოდა, ოდესმე მეც ასე კარგად, გამოთქმით, საინტერესოდ წამეკითხა და წიგნიდან ამოკითხული საინტერესო ამბავი სწორედ ჩემგან მოესმინათ.

- პირველად დამოუკიდებლად რომელი ლიტერატურული ნაწარმოები შეარჩიე და წაიკითხე?

- ჩემ მიერ შერჩეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოები არ მახსოვს, რადგან თავდაპირველად, წიგნებს ოჯახის წევრები გვირჩევდნენ. წიგნი ადამიანის მსოფლმხედველობას ცვლის. ის ინფორმაციის მიღების, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და ადამიანის აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ ადრეულ ასაკში წიგნის სწორად შერჩევა აუცილებელია, რათა მოზარდს ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობის სურვილი და ინტერესი გაუღვივდეს, კითხვა შეუყვარდეს. კარლო გოლდონის სიტყვებია: "ადამიანი კარგი წიგნით ხელში, არასოდეს იქნება მარტო". წიგნი ჩემთვის ერთადერთი საშუალებაა, მოვწყდე რეალობას და სადღაც სხვაგან, თუნდაც - სხვა ეპოქაში, უცხო ადამიანებთან ერთად, უცხო ამბის ნაწილი გავხდე...

GzaPress

- ამჟამად, შენს ცხოვრებაში წიგნს რა ადგილი უჭირავს?

- კარგი მკითხველი ვარ. წიგნი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიგურირებს, თუნდაც - რამდენიმე გვერდის ან კითხვაში გათენებული ღამის სახით. გამთენიისას ემოციებისგან აბსოლუტურად დაცლილი ჩემი გონება ისე ითიშება, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ: წიგნში აღწერილი თითოეული ადგილის, სიტუაციის, მოქმედების "ვიზუალიზაცია", წარმოსახვითი პერსონაჟები იმის შთაბეჭდილებას მიქმნიან, რომ საკმაოდ ვრცელი ფილმი ვნახე და დეტალურად დავიმახსოვრე. ხშირად ასე მემართება: როდესაც რაიმე ნაწარმოებზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ მისი ეკრანიზაცია ნანახი მაქვს. არადა, ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. ვერ გადმოგცემთ, კარგი ნაწარმოები რისი ტოლფასია. წიგნის ბოლო რამდენიმე ფურცელს, მასში მოთხრობილი ამბის დასასრულს სულ სხვა განზომილებაში გადავყავარ, სადაც არც დედამიწაა, არც - მზე, მთვარე, ცეცხლი, წყალი, ჰაერი, სივრცე, ცნობიერება... იქ არაფერი მიდის და მოდის, თუმცა, არც სტატიკურობაა. ეს მხოლოდ დასასრულია - "განღვრთოება", ნირვანა...

- რომელი ჟანრის წიგნები მოგწონს?

- წიგნების ჟანრს ჩემი შინაგანი მდგომარეობის მიხედვით ვარჩევ - ზუსტად ვიცი, როდის რა მჭირდება. ამ ეტაპზე, განსაკუთრებულად ფილოსოფია მაინტერესებს. სიტყვა "ფილოსოფია" ბერძნულიდან მოდის და "სიბრძნის მოყვარეს" ნიშნავს. ადამიანი სასურველ კითხვაზე პასუხს მუდმივად ეძებ. შესაბამისად, ფილოსოფია ჭეშმარიტების ძიება გახლავთ. ამჟამად, იმანუელ კანტის ფილოსოფიურ ნაშრომებს ვეცნობი, რომლის ეთიკის მიხედვით, ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია. დღეს ინგლისელი ფილოსოფოსის - თომას ჰობსის "ლევიათანის" კითხვა დავიწყე, რომელიც დასავლური პოლიტიკის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ ბევრი ავტორის ნაშრომებს ქართულად არ თარგმნიან. ბევრ სასურველ წიგნს აქ ვერც ვყიდულობ და ინტერნეტიდან გამოწერა ან გადმოწერა მიხდება. მიუხედავად წიგნის მიმართ უდიდესი სიყვარულისა და თითოეული გვერდის გადაფურცვლით მიღებული სიამოვნებისა, ვხვდები, რომ სასურველი ლიტერატურის დაუბრკოლებლად გაცნობა მხოლოდ "ქინდლის" მეშვეობით შემიძლია, რომელიც მგზავრობისა თუ მოგზაურობის დროსაც ძალიან კომფორტულია.

- საერთოდ, კითხვას როგორ გარემოში ამჯობინებ?

- კითხვის დროს გარემო მნიშვნელოვანია. მთავარია, ირგვლივ მყოფი ადამიანების საუბრის ხმა არ მესმოდეს, დანარჩენი - ხელს არ მიშლის.

GzaPress

- საჯარო ბიბლიოთეკას თუ სტუმრობ ხოლმე?

- ბოლო დროს, საჯარო ბიბლიოთეკას ხშირად არ ვსტუმრობ. ინტერნეტი იმის საშუალებას მეტ-ნაკლებად მაძლევს, რომ სასურველი ლიტერატურა მოვიძიო. ბიბლიოთეკაში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მივდივარ. სახლშიც უამრავი წიგნი მაქვს და მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ჩემი დამსახურებით.

- შენი აზრით, არსებობს "რეცეპტი", რომლითაც შეიძლება, ადამიანს წიგნის კითხვა შეაყვარო?

- "რეცეპტი" ალბათ, ადრეულ ასაკში სწორად შერჩეული ნაწარმოებია. თუ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვას ზრდასრულ ასაკში იწყებ, ამ შემთხვევაშიც ზუსტად უნდა იცოდე, რა გჭირდება, რისი წაკითხვა გინდა და როგორი ამბავია შენთვის საჭირო. წიგნმა უნდა "შეგიყოლიოს". თუ მასში მოთხრობილი ამბის მონაწილე არ გახდი და შენი ადგილი ვერ იპოვე, თუკი წაკითხულმა შენში არაფერი დატოვა, ე.ი. დრო ფუჭად დაგიხარჯავს. ამიტომ, წასაკითხი წიგნის შერჩევისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

- თანამედროვე მწერლების შემოქმედებას ეცნობი?

- ხშირად ასე ხდება: ვინმე ერთ მწერალს ამოიჩემებენ და ყველა მის ნაწარმოებს კითხულობს, მისი სახელობის ადგილს ხსნიან, შეხვედრას უწყობენ... ეს მწერალი ზოგს მოსწონს, ზოგს - ძალიან მოსწონს, ზოგი კი ვერ ხვდება, მოსწონს თუ არა, მაგრამ საზოგადო აზრზე დაყრდნობით ამბობს, რომ კონკრეტული მწერალი ძალიან კარგია. ზოგი ამას აპროტესტებს და მწერალს ლანძღავს... თანამედროვე მწერლებთან დაკავშირებით, რა გითხრათ? რამდენიმე იმედგაცრუება მეც განვიცადე: ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი კარგი იყო, მაგრამ ღირებული არაფერი მომცა. ეს უფრო რომანებისკენ და სენტიმენტებისკენ მიმართული თინეიჯერების საკითხავია, რომლებსაც ასაკის მატებასთან და გონებრივ განვითარებასთან ერთად, უფრო საინტერესო ლიტერატურის მოთხოვნილებაც გაუჩნდებათ. აქვე აღვნიშნავ, რომ არსებობენ თანამედროვე მწერლები, რომლებიც მართლა შედევრებს ქმნიან. ამ შემთხვევაში, ქართველი მწერლები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელთა კარგ, საინტერესო შემოქმედებასაც პირადად მე, მუდმივად ვეცნობი.

- "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევ?

- კონკრეტულს ვერაფერს ვურჩევ, რადგან ყველა ადამიანს ინდივიდუალური, განსხვავებული მოთხოვნილება აქვს. ეს არის თქვენი ფსიქიკური, სულიერი, გონებრივი, მორალური მდგომარეობის გამოძახილი. არჩევანი ისეთ ლიტერატურაზე შეაჩერეთ, რომელიც ნირვანამდე მიგიყვანთ. მთავარია, კითხვის სურვილი გქონდეთ და იცოდეთ, რა გინდათ ბიბლიოთეკაში ან წიგნის მაღაზიაში. ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ უდიდეს საგანძურს რომ გადავხედავ, მაშინ ვხვდები - რამდენი წიგნია და რა ცოტა - დრო.

ეთო ყორღანაშვილი