რის გამო იჩაგრება თაკო ცქვიტინიძე - გზაპრესი

რის გამო იჩაგრება თაკო ცქვიტინიძე

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდი და გულისხმიერი ჩანს, შოვინისტური და სნობური თვისებები აქვს. თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თაკო ცქვიტინიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგებთან შეხება არასდროს მქონია. სიმართლე გითხრა, ყოველდღიური ჰოროსკოპის ნაკლებად მჯერა, ცოტათი "მეზღაპრება" კიდეც. თუმცა, ვიცი, ნიშნების ზოგადი დახასიათება კვლევის, დაკვირვების შედეგადაა შედგენილი და სიმართლესთან ახლოს არის.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ხარის წელში დაბადებული ვერძის მთავარი თვისება თავდაჯერებულობაა.

- რასაც ჩემზე ვერ იტყვი. თუმცა, საკითხსაც გააჩნია.

GzaPress

- "ის არასდროს ეკითხება რჩევას გარშემო მყოფებს. ყველაფერს დამოუკიდებლად აგვარებს".

- ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა შოპინგზე მივდივარ. ტანსაცმლის ან სხვა ნივთის საყიდლად ყოველთვის მარტო დავდივარ, არ მიმყავს დაქალი და არავის ვეკითხები, - მიხდება? როდესაც სხვა ცხოვრებისეული საკითხების გადაწყვეტა მიწევს, პირველ რიგში, აზრს მეუღლეს, დედას, მამას, მეგობრებს ვეკითხები.

- "შრომისმოყვარეა. ეს თვისება ხელს უწყობს იმაში, რომ დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწიოს".

- შრომისმოყვარე ნამდვილად ვარ და ვფიქრობ - იღბლიანიც. სწორ დროს სწორ ადგილზეც მოვხვდი და დღეს ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

- შორსმჭვრეტელობით გამოირჩევი?

- ნაკლებად, მომავალზე ფიქრი არ მჩვევია, დღევანდელი დღით ვცხოვრობ.

- "ლოგიკური აზროვნების უნარითა და ინტელექტით გამოირჩევა".

- ლოგიკური აზროვნება მაქვს და მეორე ნაწილშიც რომ დაგეთანხმო, უხერხული არ იქნება? ასე ხომ თავის ქება გამომივა.

- "რეალურ ხასიათს მომთმენი, ჩუმი და თავშეკავებული ადამიანის ნიღბის ქვეშ მალავს".

- (იცინის) მომთმენი ვარ. შემიძლია, წყენა ერთხელ ჩავყლაპო, ორჯერაც... შეიძლება რაღაც არ შევიმჩნიო, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა ამევსება, მერე სხვაგვარად ვიქცევი... ისე, ბუნებით მშვიდი ვარ.

- "მას აქვს ნიჭი, ადამიანებში გულახდილობა გამოიწვიოს".

- ნამდვილად ასეა და ეს სხვებსაც არაერთხელ უთქვამთ. მოსმენას ნიჭი უნდა. ვფიქრობ, კარგი მსმენელი ვარ. შემიძლია მეგობრებს, ახლობლებს ბოლომდე მოვუსმინო და მათი განცდების გულწრფელი თანამოზიარე გავხდე.

- "ის ადვილად იმსახურებს ადამიანების კეთილგანწყობას, რაც საშუალებას აძლევს, საზოგადოებაში "მოთხოვნადი" გახდეს".

- ჩემდამი კეთილგანწყობა ადვილად უჩნდებათ. იშვიათია შემთხვევა, ვინმეში აგრესია გამოვიწვიო. როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, ჩემი მისამართით ცუდი და აგრესიული მესიჯები მაშინაც არ მოდიოდა.

- "მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად მშვიდი და გულისხმიერი ჩანს, ზოგჯერ შოვინისტური და სნობური თვისებები ახასიათებს".

- ამ შემთხვევაში, ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. სნობიზმი შეიძლება, ასე თუ ისე, იყოს ჩემში, მაგრამ შოვინიზმის მარცვალიც კი არ არსებობს.

- სნობიზმი შენში როდის "იღვიძებს"?

- შესაძლოა, ეს მოხდეს ჩაცმასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა თბილისელი კარგი გაგებით სნობია. მე ამ ქალაქში დავიბდე და გავიზარდე.

GzaPress

- კარიერისტი ხარ?

- კი.

- "არ უყვარს, როცა მის მიერ დასახული მიზნების შესრულებას ვინმე საფრთხეს უქმნის და კარიერაში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წინ ეღობება".

- ნამდვილად ასეა. ჩემთვის პროფესია ჩემი ცხოვრებაა. რასაც ვაკეთებ, მიყვარს. მუშაობის ყოველი წამი და წუთი სიამოვნებას მანიჭებს. არასდროს ვიტანჯები, არ ვიღლები. როცა წინ მეღობებიან, აგრესიული არ ვარ. ასეთ დროს ვცდილობ, მშვიდი ტონით, ცივილური ფორმით გავაგებინო ადამიანებს ის, რასაც ვფიქრობ. არ ვარ კონფლიქტური და არც წივილ-კივილი მახასიათებს. მშვიდი ტონითაც ყველას მშვენივრად ვაგებინებ, რა მინდა.

- სიახლეები გაფრთხობს?

- პირიქით, სიახლეებზე ვგიჟდები, ექსპერიმენტები მომწონს. ეს ჩემზე გარეგნობაზეც აისახება: ხან ქერა ვარ, ხან - შავგვრემანი. შესაძლოა, ეს ჩემი არტისტული ბუნებისა და პროფესიის ბრალიც არის. ნებისმიერი იმიჯი განწყობიდან გამომდინარეობს. ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთფეროვანი დღეებით.

- "მისთვის ოჯახი უპირველესია. ოჯახის შექმნის შემდეგ აღწევს დიდ წარმატებას. ის სტაბილური, მზრუნველი მეუღლეა, მაგრამ მისგან დიდ რომანტიკას არ უნდა ელოდოთ".

- ოჯახი ჩემთვის მართლა უპირველესია. ასე გავიზარდე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ გავხდი წარმატებული. ოჯახი არასდროს მზღუდავდა, არ მიშლიდა ხელს საქმის კეთებაში... სხვათა შორის, ძალიან, ზედმეტად რომანტიკულიც კი ვარ. სიურპრიზების მოწყობა, ადამიანებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა ძალიან მიყვარს. უმეტესად, ეს მეუღლის, მეგობრების დაბადების დღეებზე ხდება.

- ნიკა (მსახიობი ნიკა კუჭავა) რამდენად რომანტიკულია?

- ეს განცდა და შეგრძნებები მისთვის უცხოა. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ჩვენი აზრები გაყოფილა. საერთოდ, მე და ნიკა ერთმანეთს იშვიათად თუ ვეთანხმებით, მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ის ღორის წელში დაბადებული ლომია.

- შენს სიურპრიზებზე როგორი რეაქცია აქვს?

- უხარია. სიურპრიზებს თავადაც მიწყობს, მაგრამ მისთვის რომანტიკა ბუნებაში გასვლა, ლაშქრობაზე წასვლა, ტბის ნაპირას ჩამოჯდომა და ბუნებით ტკბობაა, მე კი ეს ყველაფერი ნაკლებად მიზიდავს. თუმცა, არაერთხელ გაუკეთებია ისეთი რამ, რასაც არ ველოდი და სასიამოვნოდ გავუოცებივარ.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- სიმართლე როგორ შეიძლება, არ დავიცვა? უსამართლობა ყოველთვის გულთან მიმაქვს, ამაზე არ შემიძლია, თვალი დავხუჭო. ჩემთვის სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არ არის.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- იცი, ეს რა ცუდია? ვიდრე მივხვდები, რომ ვიღაც არასწორად მექცევა, უკვე ბევრი მაქვს დაკარგული. ეს თვისება ან გაქვს ან - არა, ამას ვერ ისწავლი, ვერ გამოიმუშავებ. ვიდრე გონს მოვალ იმდენჯერ მიყიდიან და გამყიდიან, არაფერს აზრი აღარ აქვს.

- "საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს".

- ვაიმე! ჩემი ნიშნის ასეთი ზუსტი დახასიათება ჯერ არ წამიკითხავს. ეს თვისებაც მაქვს.

- "თუ მტირალა ვერძი ნახეთ, იცოდეთ, ის გულშია დაჭრილი. სხვა ცრემლს იშვიათად უჩვენებს".

- ცრემლს არ ვმალავ. თუ მეტირება, ვტირი. ემოციების დაფარვა არ მჩვევია, განცდებს საკუთარ თავში არ "ვკლავ" და არც ჩემი ატირებაა დიდი პრობლემა.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".

- იმიტომ, რომ ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის ველოდები, რომ რაღაც კარგი მოხდება. ზოგჯერ არარეალურსაც კი ვიჯერებ.

GzaPress

- ხიფათიანი ხარ?

- ზომიერად. მუდმივად თავგადასავლები მაქვს. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ხდება. შეიძლება ითქვას, ცხოვრება ასე უფრო საინტერესოა. რომ არა მძაფრი შეგრძნებები, ყოველდღიურობა მოსაწყენი იქნებოდა. კიდევ ერთ რამეს ვარ დაკვირვებული: არასდროს არაფერი ერთი ცდით არ გამომდის. ძალიან უნდა მოვინდომო, თავს დაღლის უფლება არ უნდა მივცე, რომ საქმე გამომივიდეს.

- "მას აქვს უნარი, ნებისმიერი ფიასკოს შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".

- ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. მოთქმას ვერ დავიწყებ, - ვაიმე, დედა, ეს რა დამემართა-მეთქი! იმ წუთიდანვე მომავალზე ვფიქრობ. უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს არასდროს ვკრგავ.

- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს".

- ეს თვისებაც მაქვს. შესაძლოა, ისე მოხდეს, ვინმემ შენში ის პოტენციალი ვერ დაინახოს, რომელიც გაქვს, ამ დროს ცოტა მეტი აქტიურობაა საჭირო. საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა შეგეძლოს.

- ჯიუტი ხარ?

- ზომიერად. შეიძლება, ნიკას გავუჯიუტდე: შენ თუ ამას არ გააკეთებ, მეც არ გავაკეთებ; შენ თუ არ წახვალ, მეც არ წავალ-მეთქი. აი, ასეთი ბავშვური ჯიბრში ჩადგომა ვიცი, მაგრამ ეს არასდროს ეხება მნიშვნელოვან ამბებს. ყოფით, პატარ-პატარა სისულელეზე ვჯიუტდები.

- "თუ რამე ირწმუნა, შეუძლებელია გადაარწმუნოთ. ასეთ დროს მასში დონ-კიხოტის სული ცხოვრობს".

- მთლად ასეც არ არის. თუ განსხვავებულ აზრს არგუმენტებით გაამყარებ და დამისაბუთებ, ვაღიარებ, რომ ვცდებოდი.

- ფიცხი ხარ? ასტროლოგებს ვერძების სიფიცხის მაგალითად ყოველთვის ხრუშჩოვის ქცევა მოჰყავთ, როცა მან ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე აბრახუნა.

- მიუხედავად იმისა, რომ მომთმენი ვარ, წონასწორობას თუ დამაკარგვინებ, შესაძლოა, არ მომერიდოს და მსგავსი რამ მეც გავაკეთო.

თამუნა კვინიკაძე