მზია ორველაშვილის დეპრესია, ჭორები და პირველი ინტერვიუ - გზაპრესი

მზია ორველაშვილის დეპრესია, ჭორები და პირველი ინტერვიუ

ამჟამად, ის ახალ მეწყვილესთან - ლიტველ ედგარას ბრაზასთან ერთად, ბათუმის ღია რეიტინგული ჩემპიონატისთვის ემზადება.

- ედგარასმა თავად მომწერა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ერთად ცეკვა მოვსინჯეთ, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, პარტნიორები ვყოფილიყავით. დღეში ორჯერ, საჭიროებისამებრ "ვრეპეტიციობთ" - ფიზიკური დატვირთვით, კარდიოგაკვეთილებით, ტანვარჯიშით...

- პირველი მეწყვილე გაიხსენე...

- გოგიტა გონგაძე, რომელთან ერთადაც 9 წელი ვცეკვავდი. საქართველოს ჩემპიონები ვიყავით... როცა ჩემს მშობლებთან, სტუდიაში პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები შევიკრიბეთ, სიმაღლის მიხედვით დაგვაყენეს. მე და გოგიტა ერთად მოვხვდით... სულ კარგი ურთიერთობა გვქონდა და დღემდე ვმეგობრობთ.

GzaPress

- თქვენი წყვილი რატომ დაიშალა?

- პატარ-პატარა მიზეზების გამო. მინდოდა, გიგი გაჩეჩილაძესთან მეცეკვა. გიგისაც ჰქონდა ამის სურვილი და გადავწყვიტეთ, წყვილში დავმდგარყავით. თან, სხვა მიზნები მქონდა - საქართველოსა და კავკასიის ჩემპიონატების გარდა, ძალების მოსინჯვა სხვა შეჯიბრებებზეც მსურდა... დაახლოებით 5 მეწყვილე მყავს გამოცვლილი (იცინის).

- ახლანდელი მეწყვილე იდეალურია?

- კი და მას არ გამოვცვლი. საუკეთესო მეწყვილე შემხვდა, ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ჩვენი მწვრთნელიც ამბობს, - არ მინახავს, წყვილს ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდესო. ვმეგობრობთ.

- ამბობენ: საბოლოოდ, მეწყვილეები ან ქორწინდებიან, ან - წყვილი იშლებაო...

- (იცინის) რა ვიცი, ყველაფერი ხდება. ჯერ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. ისე, დედა და მამაც ერთად ცეკვავდნენ და ბოლოს დაქორწინდნენ. ჩემს სიტუაციაზე არაფერს ვამბობ, რადგან ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ - მუშაობა ახლა დავიწყეთ.

- პირველი სიყვარული...

- ჩემი პირველი სიყვარული გიგი გაჩეჩილაძე იყო. ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრდობით. მერე ის ამერიკაში გაემგზავრა. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და ისევ შევხვდით - მაშინ 15 წლის ვიყავი. ერთმანეთი "რუმბას" ცეკვისას შეგვიყვარდა.Kკარგად ვიყავით - ჩიტებივით, გვრიტებივით, მაგრამ მერე გარკვეული მიზეზების გამო დავშორდით.

- დამოუკიდებლობის პირველი შეგრძნება...

- 19 წლის ვიყავი, როცა ბელორუსიაში გავემგზავრე. პირველად ვიგრძენი, რომ დამოუკიდებელი ვარ და ყველაფერი თავად უნდა გავაკეთო. მანამდე ჩემი ოჯახი სულ მეხმარებოდა - მიჩვეული ვიყავი, რომ ყველაფერი ლანგარზე მორთმეული მქონდა, მაგრამ ახლა უკვე ვცდილობ, ბოლომდე დამოუკიდებელი ვიყო - დედ-მამის კისერზე როდემდე "ვიჯდები"?..

- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პირველად როდის ჩაიცვი?

- ალბათ, მეშვიდე კლასში (იცინის). სკოლაში კაკუნ-კაკუნით შევდიოდი ხოლმე და ჩემი კლასელები ბრაზობდნენ, - მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული ამისთვის თუ შეიძლება, ჩვენ რატომ გვიშლიანო?

GzaPress

- მართლაც, ამის უფლებას რატომ გაძლევდნენ?

- ალბათ იმიტომ, რომ ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით კი - დირექტორს ძალიან ვუყვარდი და სკოლაში ასე ჩაცმულს მიშვებდა... რამდენიმე მასწავლებელი კი მეუბნებოდა, - მაკიაჟს რატომ იკეთებ, თმა რატომ შეიღებე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები რატომ გაცვიაო? მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი. მინდოდა, ლამაზად ვყოფილიყავი.

- პირველი "შატალო"...

- მე და ჩემი კლასელები სულ "შატალოზე" ვიყავით, პირველი - არ მახსოვს, გეფიცები!

- "შატალოზე" წასულები რას აკეთებდით?

- ცხელი თონის პურს ვყიდულობდით და ვჭამდით (იცინის).

- პირველი სასჯელი...

- სიმართლე გითხრა, ცხოვრებაში არავის დავუსჯივარ: არც - სკოლაში, არც - სახლში... შეგიძლია, დედაჩემს ჰკითხო.

- თავად თუ დაგისჯია შვილი?

- ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მაგალითად, კუთხეში დამიყენებია, რადგან უფროსების საუბარში ცხვირის ჩაყოფა ან ენის ტლიკინი ძალიან უყვარს, გათამამებულია. ხომ იცი, ზოგი დედა შვილს ურტყამს ან მუხლებით წიწიბურაზე აყენებს, მე კი ასეთ რამეს ვერ გავაკეთებ.

GzaPress

- პირველი ოთხფეხა მეგობარი...

- ჩემი პირველი ოთხფეხა მეგობარი კატა იყო, შემდეგ ძაღლი (დობერმანი) მყავდა, რომელიც მოგვიკვდა... ახლა ტოიტერიერი - ტუსკა მყავს, რომელზეც ჭკუა მეკეტება! ტუსია ჰქვია, მაგრამ დედა ამბობს, - ქართულად ტასოაო და "ტასიკოს" ეძახის. ამის გამო ვბრაზდები, - ტასო კი არა, ტუსიაა-მეთქი!

- პირველი დაქალი...

- ეკა კაჭკაჭიშვილი. ლამის 24 საათს ერთად ვატარებდით, ერთნაირ ტანსაცმელს ვყიდულობდით... შემდეგ ის ესპანეთში გაემგზავრა, გათხოვდა და თითქოს, ერთმანეთი დავკარგეთ...

- პირველი დეპრესია ან სტრესი...

- რამდენც გინდა (იცინის). ყველაზე სერიოზული დეპრესია ახლახან მქონდა, როცა ქმარს დავშორდი... საერთოდ, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელიც სულ ნერვიულობს...

- დეპრესიისა თუ სტრესის დაძლევას როგორ ცდილობ ხოლმე?

- ვცდილობ, დეპრესიის გამომწვევ მიზეზს ყურადღება არ მივაქციო და ის ვაკეთო, რაც მომწონს. რომ ვაკვირდები, ვხვდები: ადამიანი დეპრესიაზე რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო ცუდად ხდები. ამიტომ ვცდილობ, დრო მეგობრებთან ან შვილთან ერთად მხიარულად გავატარო.

- პირველი უთანხმოება საშასთან...

- სიმართლე გითხრა?

- რა თქმა უნდა!

- მასთან უთანხმოება არასდროს მქონია.

- შეხმატკბილებული წყვილი როგორ დაშორდით?

- ეგ მეც მაინტერესებს (იცინის). როცა ვშორდებოდით, არ გვიჩხუბია. უბრალოდ, მას თავისი საქმე გამოუჩნდა, მერე მიზეზები ერთმანეთს "მიეწყო" და ეს უკვე სერიოზული ურთიერთობა კი არა, სხვის ჭორებზე "სირბილი" იყო: "მან ეს მითხრა", "შენ ეს რატომ არ მითხარი?" და ა.შ. ყველაფერი საბავშვო ბაღს ემსგავსებოდა და გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა...

- შენს შესახებ გავრცელებული პირველი ჭორი...

- იმდენია, რომ არც ვიცი, პირველი და ბოლო რომელია, სულ ჭორაობენ. ალა პუგაჩოვა ჭორების შესახებ ამბობს: თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ე.ი. რაღაცას წარმოვადგენო. მისი ეს ნათქვამი ძალიან მომწონს. ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ. ბევრი რაღაც უთქვამთ და დღემდე ცდილობენ, ილაპარაკონ, მაგრამ მთავარია, მე და ჩემმა ოჯახმა ვიცით, ვინ ვარ, დანარჩენებს რაც სურთ, ის თქვან (იცინის).

GzaPress

- პირველი ინტერვიუ...

- 1999 წელს, გაზეთ "ლელოში" დაიბეჭდა. მაშინ ისრაელში, საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილზე გავედით. თან, ეს ჩემთვის საზღვარგარეთ პირველი ტურნირი იყო.

- სცენაზე პირველად როდის გამოხვედი?

- 1998 წელს. "ქალაქის თასის" შეჯიბრებაზე პირველ ადგილზე გავედი. "ფიგურული ვალსი" და "ჩა-ჩა-ჩა" შევასრულე. დიდი სათამაშო ვეფხვი და ბოკვერები მაჩუქეს. ამ საჩუქრებს დღემდე შინ ვინახავ.

- პირველი კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოამზადე...

- შემწვარი კარტოფილი (იცინის). უბრალოდ, მომინდა და შევწვი. თავდაპირველად არ გამომდიოდა - დამეწვა, ახლა კი გემრიელი გამომდის. ბოლო დროს კერძების მომზადება ძალიან შემიყვარდა და გემრიელ რაღაცებს ვამზადებ.

- პირველი კონფლიქტი მშობლებთან...

- არ მახსოვს. რაღაც მსგავსი ყოფილა, მაგალითად - სადმე წასვლა მინდოდა და მეუბნებოდნენ, - არა, სახლში უნდა იყო ან ცეკვაზე წახვიდეო. სერიოზული კონფლიქტები არ მქონია. ოჯახში გათამამებული ვიყავი. როგორც მამა ამბობს, სანატრელი გოგო გახლდით ანუ ჩემი მშობლები ნატრობდნენ, გოგონა ჰყოლოდათ და ყოველთვის მათამამებდნენ, არავინ მეჩხუბებოდა (იცინის).

- პირველი რომანტიკული საჩუქარი...

- ჩემმა ერთმა მოცეკვავე "პაკლონიკმა" სათამაშო კურდღელი მაჩუქა. კურდღელს თათში გული უჭირავს, რომელზეც ინგლისურად - "მე შენ მიყვარხარ" აწერია. ეს სათამაშო დღემდე მაქვს.

- საჩუქრის ადრესატთან თუ ურთიერთობ?

- არა, იმ ბიჭს არც ვიცნობდი, აზერბაიჯანში ცხოვრობს. ერთხელ აზერბაიჯანში კონკურსზე ვიყავი და 14 თებერვალს ჩემთვის საჩუქარი სხვას (ერთ-ერთი აზერბაიჯანელი კონკურსანტის მშობელს) გამოატანა.

ეთო ყორღანაშვილი