რატომ დაიშალა ქეთისა და თემოს ტანდემი? - გზაპრესი

რატომ დაიშალა ქეთისა და თემოს ტანდემი?

დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილით, შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით გამორჩეული გოგონა ბევრ სასარგებლო საქმეს აკეთებს.

- ბავშვობიდან დამოუკიდებლად ცხოვრება მინდოდა. 18 წლისას მრცხვენოდა, როცა ფულს მშობლებს ვთხოვდი. პირველად 19 წლისამ გავიგე საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის "გემო", მაგრამ პოლონეთიდან დაბრუნებულს (სადაც სასწავლებლად ვიყავი), უძლურების შეგრძნება დამეუფლა - აქ თითქოს ხელ-ფეხი შეკრული მქონდა. გზის ფულისთვის ხურდებს ვითვლიდი და ვიმედოვნებდი, - ხვალ იქნებ, მამამ 3 ლარი მომცეს-მეთქი (იცინის)... შემდეგ, უბრალოდ მივხვდი, რომ სიტუაციის შესაცვლელად არაფერს ვაკეთებდი და სამსახურის ძებნა დავიწყე, "სივის" ყველგან ვაგზავნიდი...

GzaPress

- ვიდრე ოფიციალურ სამსახურს იშოვიდი, სტუდია გახსენი, არა?

- ვცადე, სტუდია გამეხსნა, მაგრამ ხარჯები კარგად ვერ გავთვალე, "მინუსში წავედი" და საქმე არ გამომივიდა. ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტმა "ზუმბა-ფიტნესის" შესახებ ტელევიზიისთვის რამდენიმე სიუჟეტი მოამზადა და ხალხი ნელ-ნელა დაინტერესდა ამ საქმით, მაგრამ რაღაცის ხელახლა დასაწყებად ფული ხომ მჭირდებოდა? 8-თვიანი გამოცდილებით მივხვდი, საკუთარი საქმის წამოწყებისას რა შეცდომები დავუშვი. შემდეგ ვიფიქრე, - იქნებ, რომელიმე ფიტნეს-კლუბში "ზუმბას" მწვრთნელად ამიყვანონ-მეთქი? მართლაც, გამომეხმაურნენ და რამდენიმე კლუბში მუშაობა დავიწყე. 2-3 წელიწადში "ზუმბა-ფიტნესი" პოპულარული გახდა, ხალხმაც გამიცნო. თან, სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებსაც ვასრულებდი...

GzaPress

- ანუ ცეკვის წყალობით გახდი მატერიალურად დამოუკიდებელი, ასეა?

- ოჯახში გამუდმებით ბრძოლა მიხდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ფულის შოვნა ცეკვითაც შემეძლო. პოლონეთიდან ეტლით მოსარგებლეთა ცეკვის იდეაც "ჩამოვიტანე". ინკლუზიური ცეკვის ტრენინგზე მოვხვდი, სადაც ჩემი პირველი მეწყვილე - რატი იონათამიშვილი გავიცანი და მასთან ერთად, რამდენიმე შოუ დავდგი. მერე მამაჩემმაც ირწმუნა ჩემი საქმიანობის და დამაფინანსა, რათა სტუდია მექირავებინა, გამერემონტებინა. ნელ-ნელა, საქმე წამოვიწყე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდი შემოსავლის წყაროა, არასტაბილური შემოსავალი მაქვს... ეს სტუადია მაღალი სტანდარტების არ არის, მაგრამ სისუფთავეა, ლამაზი დარბაზი და საშხაპეები აქვს... დროა ვისწავლოთ, რომ შენი სტატუსის მიუხედავად, კლიენტს კომფორტი უნდა შეუქმნა, რომ მეორედაც გაუჩნდეს მოსვლის სურვილი.

GzaPress

- მოდი, შენი პირველი ოფიციალური სამსახურის შესახებ გვიამბე...

- თბილისში უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, 21 წლის ვიყავი. ვიფიქრე, ვიდრე სწავლას საზღვარგარეთ გავაგრძელებ, 1 წელიწადს ვიმუშავებ-მეთქი. "სივები" გავგზავნე და ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიიდან გამომეხმაურნენ, ოფის-მენეჯერად ამიყვანეს. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ - საქმეს 100%-იანი სიზუსტით ვაკეთებ. ამიტომ, ყოველთვის ყველაფერი დალაგებული, ყველა საბუთი წესრიგში მქონდა. 8 თვე ვიმუშავე. ამასობაში, პოლონეთში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტიდან დასტური რომ მივიღე, თანამშრომლებს გული დასწყდათ - რა კარგ მუშაკს ვკარგავთო (იცინის). ფარმაცევტულ კომპანიაში მივხვდი, რომ ოფისის სამუშაო ჩემთვის "ტვირთია"...

GzaPress

- როგორც ვიცი, ძალადობის წინააღმდეგ მოწყობილ პროექტებშიც მონაწილეობდი...

- მეგობარმა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა შემომთავაზა. იქ ვმუშაობდი, როგორც პროექტების მენეჯერი. 2013 წელს გაეროს კომისიაზე ვიყავი - ნიუ-იორკში გავემგზავრე, "მსოფლიო სტუდენტების ქრისტიანული ორგანიზაციის" დელეგატი გავხდი. ორგანიზაციას რელიგური განხრა აქვს, მაგრამ რეალურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს თავს უყრის, რათა გაეროში საკუთარი სიტყვა თქვან. მე იქ გახლდით, როგორც გენდერული საკითხების ექსპერტი (მაგისტრატურაში, დისერტაცია ქალებზე ძალადობის განხრით დავიცავი). 47-ე კომისია ზუსტად ქალებისა და გოგონების მიმართ ყოველგვარი ძალადობის აღმოფხვრაზე მუშაობდა, სხდომებს ვესწრებოდით... სიმართლე გითხრა, იქ მივხვდი: კარგია, რაც გაეროში ხდება, მაგრამ მას ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვს. ამიტომ ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალადობის დიდი პრობლემა არსებობს, გაეროს დოკუმენტი "არ მუშაობს". ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთი არ აინტერესებს, დოკუმენტს სრულ იგნორირებას უკეთებენ. ასე რომ, ეს რეალურად, მხოლოდ ლაპარაკი იყო და იმ ქვეყნებს, სადაც დახმარება მართლა სჭირდებათ, ვერ დაეხმარები. იმედგაცრუებული დავრჩი. დავფიქრდი და, - ამ სფეროში მუშაობა აღარ მომინდა...

GzaPress

- არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას თავი დაანებე?

- პასიურად ვთანამშრომლობ... ერთხელაც დავფიქრდი, როგორც მოცეკვავეს, რა წვლილი შემიძლია შევიტანო თუნდაც - ძალადობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით? პოლონეთში ყოფნისას საცეკვაო თერაპიაში გამოცდილება მივიღე. ეს არტ-თერაპიის ერთ-ერთი განხრა გახლავთ. ჩვეულებრივი ჯგუფია, სადაც ყველა მსურველი მოდის, რომ ყოველდღიური სტრესისგან ან უფრო ღრმა პრობლემისგან (მაგალითად - ფობიები) განიტვირთოს. აქცენტი ცეკვაზე არ კეთდება. არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლებსაც რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური ქვეტექსტები აქვს და ყველა მათგანი ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ზოგმა ადამიანმა შვილი დაკარგა, ზოგს - პრობლემები სამსახურში აქვს, ზოგი - ძალადობის მსხვერპლი იყო...

- საქართველოში არტ-თერაპიის ჩატარება გიცდია?

- კი, პროექტში ვმონაწილეობდი და ახალციხის უნივერსიტეტში ქალების უფლებებზე მცირე ლექციებიც ჩავატარე. ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა... ასეთი ვარჯიშის დროს, შეიძლება, ადამიანი მიხვდეს, ცხოვრებაში რა უნდა. მინდა, სერტიფიკატი ავიღო და არტ-თერაპია ჩავატარო. სერტიფიკატის გარეშე რომ ვიმუშაო, საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები. მსურს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის პროგრამა შევქმნა, რომ ხალხმა არტ-თერაპიით განტვირთვა უფასოდ შეძლოს. მომავალ წელს პოლონეთში გავემგზავრები და სერტიფიკატის აღების შემდეგ, სახელმწიფოს ამ პროგრამას შევთავაზებ.

- უნივერსიტეტში რა განათლება მიიღე?

- საქართველოში ჰუმანიტარული ფაკულტეტი დავამთავრე - თარჯიმანი ვარ, მაგისტრატურაში კი პოლიტიკურ მეცნიერებებს ვსწავლობდი. ძალიან კარგი ლექტორები მყავდა. მიმაჩნია, რომ ცოდნა არ იკარგება.

- თარჯიმნად გიმუშავია?

- ცოტა ხნით. არ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა, სულ უნდა ვიმოძრაო, ფიზიკურად დავიტვირთო

(იცინის). ლექსებსაც ვწერდი. ჩვენმა ფაკულტეტმა პატარა ჟურნალიც გამოსცა, სადაც სტუდენტების ნაშრომები გამოქვეყნდა და მათ შორის, ჩემი დაწერილი ლექსი და პირველი თარგმანიც იყო.

- ამ ეტაპზე, პარაცეკვა შენს ცხოვრებაში ნაკლებად პრიორიტეტულია?

- არა, პარაცეკვას მივდევ. მინდა, სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი წყვილი მაინც წავიყვანო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ყველას დაფინანსების საშუალება არ მაქვს, მომავალში კი ვეცდები, ყველა წყვილი გაემგზავროს - აუცილებელია, მოცეკვავე საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამოსცადო. ამჟამად, ჩემთვის ასევე, პრიორიტეტულია "საცეკვაო თეატრიც". პროექტი უკვე დავწერე და ფონდების მოძიებას ახლო მომავალში დავიწყებ... "საცეკვაო თეატრი" მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის არ იქნება, მონაწილეობას სხვა შშმ პირებიც მიიღებენ.

GzaPress

- შენი და თემურ არაბიძის წყვილი მართლა დაიშალა?

- "ნიჭიერის" მერე, თემო ჩემთან სავარჯიშოდ არ გამოჩენილა. არ ვიცოდი, ცეკვის გაგრძელება სურდა თუ არა. მერე მითხრა, - მინდაო. ყაზახეთში შეჯიბრებაზე გასვლა შევთავაზე და 2 კვირა ვვარჯიშობდით... შემდეგ ისევ არ გამოჩნდა. როცა დავუკავშირდი, მითხრა, რომ სხვა გეგმები, სხვა სამუშაო აქვს. ჩემთან ეტლით მოსარგებლეები დადიან, რომლებსაც ვარჯიში მართლა სურთ. ყოველდღე მოდიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ვითხოვ, ჩვეულებრივი დისციპლინა ყველამ დაიცვას. მიღწევების მიუხედავად, ჩემთვის ყველა ერთია - არავინაა ვინმეზე მეტი ან ნაკლები. შოუ სულ სხვა სამყაროა, ის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების პროგრამისგან განსხვავდება. შოუსთვის მომზადება 10 დღეში შეგიძლია, საერთაშორისო შეჯიბრებისთვის კი ეს დრო საკმარისი არ არის, ამას თვეები და ზოგჯერ - წლებიც კი სჭირდება. თუ ჩემთან ვარჯიშის სურვილი არ აქვს, ვერავის დავაძალებ. თემომ თავადაც მითხრა, რომ მისთვის კომპეტენტური ადამიანი არ ვარ საიმისოდ, რომ ვასწავლო.Uუნდა, უკეთეს მწვრთნელთან, საზღვარგარეთ მოვემზადოთ... ვალდებული არ ვარ, თავი ვიმართლო - 15 წელია, მოცეკვავე გახლავართ და ამ სფეროში კარგად ვერკვევი. საზღვარგარეთ ტრენინგებზე დღესაც აქტიურად დავდივარ. ინფორმაციებს ვიღებ, რა მოძრაობები შეიძლება გააკეთონ მეწყვილეებმა და ა.შ. თუმცა, თუკი ვინმეს ჩემს კომპეტენციაში ეჭვი ეპარება, ეს მისი არჩევანია.

ეთო ყორღანაშვილი