რა­ტომ უც­რემ­ლი­ან­დე­ბათ თვა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ნო­დარ დუმ­ბა­ძის ხსე­ნე­ბი­სას? - გზაპრესი

რა­ტომ უც­რემ­ლი­ან­დე­ბათ თვა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ნო­დარ დუმ­ბა­ძის ხსე­ნე­ბი­სას?

"მამას გარდაცვალებიდან უკვე 32 წელი გავიდა. ადამიანებს მის ხსენებაზე თვალზე ცრემლი ადგებათ. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რატომ ხდება ეს. მივხვდი, რომ ადამიანებს სიკეთე ენატრებათ"...- ამბობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ლიტერატურის განხრით, ქეთევან დუმბაძე. ქალბატონი ქეთი მიიჩნევს, რომ მისი უპირველესი "სტატუსი"- ნოდარ დუმბაძის შვილობაა. მარიკა დარჩიას გადაცემა "ჩემი გზა" ქეთის გზისა და მისი თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის შესახებ გვიყვება.

ქეთევან დუმბაძე:

- მანანა, ჩემი და ძალიან ამაყობს, რომ ერთადერთი ბავშვი იყო, ვისაც მამამ პოემა დაუწერა. გავჩნდი მე და წამოვიდა უკვე ჩემ მიმართ მოძღვნილი ლექსები. შემდეგ იყო შვილიშვილებისთვის შექმნილი ლექსები... ამ ლექსებს გვიკითხავდა და რომელზეც ვეუბნებოდით, - მამა, კიდევ წაგვიკითხე-თქო, - მეორე დღეს გაზეთშიც ვპოულობდით, მაგრამ რომელზეც რეაქცია ნაკლები გვქონდა, იმას ხევდა და აგდებდა. გამოდის, ჩვენ მისი ცენზორები ვიყავით. მახსენდება, მისი ოთახის კარი ყოველთვის უნდა მიგვეხურა და როცა დაგვავიწყდებოდა ამის გაკეთება, გამოგვძახებდა: მამა, კარი მიხურე, ხომ იცი, რომ მზეს ვაგროვებო. მისი ოთახი "ჭავჭავაძის" მხარეს გამოდის და მთელი დღე მზე ედგა. თვითონ ამას სისხლძარღვების დაავადებით, გულის ინფარქტით ხსნიდა - სულ მცივანა გახდა და ამბობდა, სითბო მსიამოვნებსო. საგურამოშიც ერთი ადგილი ჰქონდა, სადაც ყოველთვის მზე იდგა და იქ ეფიცხებოდა ხოლმე.

- როცა სკოლას ამთავრებდი, პროფესია უნდა აგერჩია. როგორ ხვდებოდა შენს გატაცებებს?

- სკოლის პერიოდი უნდა გავიხსენო: ქიმიაში ერთ-ერთ მეოთხედში გამომყვა ორიანი. მამას გაბრაზებულმა დედამ უთხრა, - შენს შვილს ორიანი გამოჰყვა ქიმიაშიო. მამა, მოდი აქო, - დამიძახა და მითხრა: "კარგად თუ არ ისწავლი, მეცხრე კლასის მერე "ფეზეუში" (პროფტექნიკური სასწავლებელი. - რედ.) გაგგზავნიო. მეათეში ვარ უკვე-მეთქი, - ვუპასუხე (იცინის)... რაც შეეხება გატაცებებს, მეათე კლასში ძალიან ჩავერთე ხელოვნების ისტორიაში და იმდენად მომინდა ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩაბარება, რომ სამხატვრო აკადემიის კურსებზე გაკვეთილების მერე რამდენიმე საათი ვესწრებოდი ლექციებს. მერე უცებ გადავწყვიტე, რომ რეჟისორობა მინდოდა. როცა სახლში ეს ვთქვი, ნოდარმა მიპასუხა: კი, მამა, როგორც გინდა, მაგრამ ჩემს არქივს ვინ მიხედავსო? - ბოლოს თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა... დავფიქრდი და მივხვდი, რომ საბუთები ფილოლოგიურზე უნდა შემეტანა და მისი არქივისთვის მიმეხედა.

- ე.ი. ახლა მისი არქივის მცველი ხარ?

- არქივის მცველი ვარ, მაგრამ მისი შემქმნელი დედაჩემია. საოცარი ადამიანია, მას შენახული აქვს ყველაფერი, ჯერ შეყვარებულობის პერიოდიდან ერთმანეთისადმი მიმოწერა - ყოველდღე უგზავნიდა წერილებს; ასევე შენახულია ციხიდან მოწერილი წერილები, შემდეგ უკვე ნოდარის, როგორც მწერლისთვის, გამოგზავნილი წერილები. ალბათ, დაახლოებით 50 შეკვრაა. ეს ყველაფერი დახარისხებული აქვს, ჩაკრული. თუკი რამეს შეხებია მამა, რაც კი გადარჩა, ყველა ნივთი და ტანსაცმელი დღესაც სახლშია. მისი უჯრა, სადაც მისი ნივთები დევს, ახლაც "ცოცხალია". დედა დღესაც გვეუბნება, - მკვდარი რომაა, მაინც თქვენზე მეტად მიყვარსო... ჩვენ ეს არ გვწყინს და არც გვიკვირს, რადგან ბავშვობიდან გვესმის.

- თქვი, რომ შენი მთავარი "სტატუსი" - ნოდარ დუმბაძის შვილობაა...

- და ეს არის პროფესიაც. ნებისმიერი ადამიანის შვილობა, საერთოდ, პროფესიაა, რადგან ძალიან რთულია, როცა არ გეკადრება, რამე შეგეშალოს, არასწორად გააკეთო, არ იყო შენი საქმის პროფესიონალი... ბავშვობიდან ნერვები მეშლებოდა, როცა ამბობდნენ, - როგორ არ გრცხვენია? ნოდარის შვილს ქიმიაში ორიანი როგორ უნდა გყავდესო?!. ანუ პრინციპში, რა შუაში იყო ჩემთან ქიმია? მოვდიოდი სახლში და არ მეშინოდა, რადგან არ მესმოდა ეს ქიმია, ვერ ვსწავლობდი და რა მექნა, მაგრამ ეს არ იყო პრობლემა. ვერ ვიტყვი, თითქოს ვინმეს უხაროდა, მაგრამ ამის გამო არც ვისჯებოდი.

- 32 წელი გავიდა ნოდარის გარდაცვალებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში რა იქნებოდა ისეთი, რასაც მამას სიამაყით მოუყვებოდი?

- სულ მქონდა წერის სურვილი და მცდელობაც - იქნებოდა ეს ლექსი, მოთხრობა თუ სხვა, - მაგრამ საბოლოოდ, ვერასდროს გავბედე, არსებული ფონის გამო. როცა პირველ კურსზე მოსვლისას გავიგე, რომ შემეძლო, მთარგმნელი ვყოფილიყავი, ძალიან გამიხარდა, რადგან მექნებოდა თავისუფლება, ჩემთვის საინტერესო ნაწარმოებები მეთარგმნა, თარგმნის დროს კი მწერალიც ხარ... მამისთვის ამის ჩვენება არ გამჭირვებია, რადგან თან ერქვა, რომ ჩემი არ იყო, თან - ჩემიც იყო...

- ის პროექტი, რომელსაც ახლა აკეთებ, წიგნებს ეხება. იქნებ გვითხრა მის შესახებ?

- ეს პროექტი "ცოცხალი წიგნებია". როცა კულტურის სამინისტროში მივედი სამუშაოდ და გადაწყდა, რომ მრჩეველი უნდა ვყოფილიყავი ლიტერატურის დარგში, გადმომეცა მწერლების უამრავი წერილი და პროექტი. მათ გავეცანი - ეს იყო ერთი უზარმაზარი დასტა, რომელიც თავს უყრიდა უამრავ თხოვნასა და პრობლემას. მათ სათითაოდ ვერ მივყვებოდით - ყველა იმ წიგნის გამოცემა, რასაც ავტორები ითხოვდნენ, შეუძლებელია; მას ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა. შემდეგ, 17 მარტს, გალაკტიონის გარდაცვალების დღეს, მოვიდა წერილი, რომელსაც ხელს ასი მწერალი აწერდა. ეს წერილი პოეტმა მარიამ წიკლაურმა მომიტანა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი. ის მთელი დასტა, რომლის შესახებაც გითხარით, უკვე ორ ფურცელზე იყო დატანილი. წერილმა ისე შემძრა, რომ მარიამს ვუთხარი, - წამოდი ჩემთან, მამას სახლში, და ვისაუბროთ-მეთქი. მამას სახლში სხვა ატმოსფეროა, ფიქრში მეხმარება... მარიამთან ერთად კიდევ სამი ადამიანი იყო. უცებ მომივიდა აზრი, რომ რაიმე ისეთი გაგვეკეთებინა, რითაც ჩვენ თვითონ გავიდოდით ხალხში. პოეტებს საზოგადოებაში არ იცნობენ, რაც უამრავი ფაქტორით აიხსნება. როგორო, მკითხეს? მახსოვს, "მზიურში" როცა დირექტორი ვიყავი, ჩემი მეგობრები იქ პოეზიის საღამოებს აწყობდნენ. ველოსიპედი კი არ გამოგვიგონებია, უბრალოდ ვთქვით, რომ ადამიანებს ჩვენ თვითონ უნდა ჩავაკითხოთ რეგიონებშიც. რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამ მწერლებს ეს სამუშაოდ ეთვლებათ და ხელფასს მიიღებენ. როცა მიშა გიორგაძე მინისტრად მოვიდა, სამი პროექტი განვახორციელეთ: ჩვენ გადავარჩინეთ "არილი", "ახალი საუნჯე" და "დილა" - დაფინანსება მიიღეს; მეორე - ნახსენები "ცოცხალი წიგნები", ხოლო მესამე - ყოველწლიური ლიტერატურული პრემია 5 ნომინაციით. რაც შეეხება "ცოცხალ წიგნებს": იქ 75 მწერალია, კოორდინატორი მარიამია, ხოლო პროექტის ავტორი - მე. რეგულარულად დავდივართ 15 ოქტომბრამდე, ხოლო 15 ოქტომბერს პროექტს დავასრულებთ. რეგიონებში გასვლებს მუნიციპალიტეტებთან ერთად ვგეგმავთ.

- "მზიური" ახსენე... ის ყოველთვის იყო ჩვენი ცხოვრების დიდი სიხარული, მაგრამ ბოლო დროს სულ პრობლემები ჩნდებოდა, ხან იქვე რაღაცის აშენებასთან დაკავშირებით, ხან ესტაკადაზე და ა.შ. "მზის ფესტივალის" შემდეგ მალევე, "მზიური" დაიტბორა და უმძიმესი სურათი წარმოგვიდგა. რაზე იოცნებებდი და რაზე იოცნებებდა მამა, რომ "მზიურში" ყოფილიყო?

- ძალიან დიდხანს ვიყავი "მზიურში". მაშინ მძიმე წლები იყო, წლიური ბიუჯეტი 43.000 ლარი გვქონდა. იმ ნაგავსაყრელიდან, რაც "მზიურში" იყო, საშუალო დონის პარკად მაინც ვაქციეთ, დავალაგეთ. მეტს ვერაფერს ვაკეთებდით. აღვნიშნავდით ბავშვთა დღესასწაულს პირველ ივნისს და ძალიან ცოტა სხვა თარიღს. მამა კი ისევ იმაზე იოცნებებდა "მზიურთან" დაკავშირებით - აიღონ მამას წერილი "ოცნებას კაცი არ მოუკლავს", წაიკითხონ და ზუსტად მას მიჰყვნენ. შეიძლება, სხვა სპეციალისტებმა იმუშაონ, მაგრამ იდეა საუცხოოდ სწორი და დახვეწილია. მაშინაც იყო ზოოპარკის ქალაქიდან გადატანაზე საუბარი, "მზიური" კი გმირთა მოედნიდან ბეთანიამდე გაგრძელდებოდა. 15 წელი ვიყავი "მზიურში", ეს მდინარე ყოველ გაზაფხულს გადმოდიოდა, მაგრამ ამოსატუმბი მანქანის მოყვანაც კი არ დამჭირვებია... დღესაც ავდივარ ხოლმე და ვუყვები მამას რაღაცებს, ხანდახან ვეკითხები. მე ხომ ნოდარ დუმბაძე არ მომიკვდა, მე მამა გარდამეცვალა. პირველად, როცა "მზიურთან" გავიარე და დავინახე ქვა, სადაც ეწერა, რომ ამ ადგილას ნოდარ დუმბაძის ძეგლი დაიდგმებოდა, მივხვდი, რომ გაორება მოხდა. ის მწერალი ნოდარ დუმბაძე იყო, ხოლო ქვემოთ, 50 მეტრში, მამაჩემი ესვენა. მერე ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ რაღაცებისთვის ბრძოლა დამეწყო, მამას სახელითაც და მამასთვისაც რაღაცები მეკეთებინა, თუნდაც "მზიურის" საქმეები. არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, რა გაგვიწყალა ამ მამამისით გულიო! მაგრამ დადგა პერიოდი, როცა ეს წაიშალა და ახლაც ასეა - მხოლოდ დადებითი და კეთილგანწყობა მოჰყვება ხოლმე მისი სახელის ხსენებას, რამაც ეს ბარიერი გააქრო. ალბათ რამდენ რამეს ჩავწერდით, აქტიურ ხმარებაში რომ გვქონოდა ვიდეოკამერა - ის დოსტოევსკის რუსულად, მეორე პირში ელაპარაკებოდა: "მინდა, შეგეკამათო, თითქოს სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს. რა თქმა უნდა, ჩემი აღმოჩენა შენზე დაყრდნობით გავაკეთე, მაგრამ ჩემი ფორმულა ასეთია: სამყაროს გადაარჩენს სილამაზე და სათნოება"...

ეკა აბაშიძე