შეყვარებული მყავს. ნუ, ფაქტობრივად, ის უკვე ჩემი ცოლია. - გზაპრესი

შეყვარებული მყავს. ნუ, ფაქტობრივად, ის უკვე ჩემი ცოლია.

ჟურნალისტებისადმი კეთილგანწყობილი და არაურჩი რესპონდენტი (როგორც ეს თავად აღნიშნა) სიახლეებზე, მომღერლების ტკბილ-"მწარე" ხვედრსა და პირად გეგმებზე გვესაუბრა.

- ახლა "ალილოს" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკონცერტო ტურნე აქვს, ყველა რეგიონსა და სოფელს მოვეფერებით. ახალ ალბომზეც ვმუშაობთ, 3-4 სიმღერა მზად გვაქვს და სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოვცემთ. შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს საზღვარგარეთაც წავიდეთ. რამდენიმე კვირის წინ მადრიდში ვიყავით, სადაც საქართველოს კულტურის დღეები იყო და ისე კარგად ჩაიარა, აღფრთოვანებულები დავრჩით. იქ მცხოვრები ქართველები ვნახეთ და ჩავეხუტეთ. მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ "რეალის" ფეხბურთელებთან ერთად ბანკეტი გვქონდა და მათთან კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანები არიან და ჩვენი სიმღერები ძალიან მოეწონათ. ბევრი დავლიეთ, ვიქეიფეთ! ჩვენს კონცერტებს არა მხოლოდ ესპანეთის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და ყველას დავანახვეთ, თუ რა მაგარია ქართული კულტურა! "ატლეტიკოს" უნივერსიტეტი ქართული "მრავალჟამიერით" გავხსენით, "სუხიშვილები" ცეკვავდნენ და კულტურის ნამდვილი ზეიმი იყო! ღონისძიებას ესპანეთის დედოფალი ესწრებოდა. მისმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, - ამდენ ხანს არც ერთ კონცერტზე არ გაჩერებულაო. ხუთ საათს გაგრძელდა კონცერტი და ეს სასწაული იყო!

- ვისი ინიციატივით მოეწყო საქართველოს კულტურის დღეები მადრიდში?

- საქართველოს საელჩოსი. ელჩი ზურა პოლოლიკაშვილი ჩვენი მეგობარია. ასევე, ჩვენი მეგობარია დიტო აბდუშელიშვილი - ადამიანი, რომელიც ესპანეთში ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ის ბიზნესმენია და ქართველ ემიგრანტებს ბევრ ქვეყანაში პატრონობს.

- წელს დასასვენებლად წასვლას სად აპირებ?

GzaPress- ჩემი პროფესიის წყალობით იმდენს დავდივარ, ხალხს ეგონება, - ყველაზე უკეთესად ეგ ისვენებსო, მაგრამ ასე არ არის (იცინის). ყოველდღე გვეპატიჟებიან საქეიფოდ მეგობრები და ხალხს თუ არ მოეფერე, არავინ შეგიყვარებს. დიახ, მომღერლობა რთული პროფესიაა. კვირაში ათ სუფრაზე რომ იქეიფო და მეთერთმეტესთან არ მიხვიდე, ისე გაგლანძღავენ, არაფერი გიშველის (იცინის). ყველას მაქსიმალურად უნდა მოეფერო, მაგრამ ქეიფსაც არ უნდა გადაყვე. ჩვენ გურამ თამაზაშვილის, ზაურ ბოლქვაძის, გოგი დოლიძის ხელში გავიზარდეთ და ვიცით, გადამეტებული ქეიფების გამო როგორც მთავრდება ადამიანის ცხოვრება. მეფეები იყვნენ, ყველას ძმაკაცები, ყველა ოჯახის კარი ღია იყო მათთვის, ყველა ბიზნესმენი ძმობას ეფიცებოდა და ბოლოს, ერთადერთი, ვინც მათ უპატრონა, ბიძინა ივანიშვილი გახლდათ. გურამ თამაზაშვილი პირადად მე ჩამაკვდა ხელში. მერწმუნეთ, ბოლო წლებში მას მხოლოდ ბატონი ბიძინა პატრონობდა და გურამის გადასარჩენად, ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე 1.800 ევროს იხდიდა ისრაელის საავადმყოფოში... ამით რისი თქმა მინდა, იცი? ტაშ-ფანდურში ყველას სჭირდები, ყველას "შენი ჭირიმე", "შენ გენაცვალე" აკერია პირზე, მაგრამ როცა მათი მხარში ამოდგომა თავად დაგჭირდება, მხოლოდ რამდენიმე თუ გაამართლებს შენს იმედებს.

- ამდენი ქეიფი ალკოჰოლის მიმართ შეჩვევას არ იწვევს?

- ჰოდა, ამიტომაც ვთქვი, ქეიფს არ უნდა გადაჰყვე-მეთქი. როცა ყოველდღე საქეიფოდ გეპატიჟება სამეგობრო, საახლობლო, რამენაირად თუ არ "გამოცხრილე" დღეები, ცუდად წაგივა საქმე.

- როგორც აღნიშნე, დიდი მომღერლების გვერდით, მათ ხელში გაიზარდე. ბავშვობის პერიოდზე, მაშინდელ შთაბეჭდილებებზეც გვიამბე.

- ჩემი ოჯახი გურიის რეგიონში საკმაოდ ცნობილი, შეძლებული და პატივსაცემი იყო. ბაბუაჩემი - ბეგლარ ჩხაიძე გაზეთ "კომუნისტის" სპეც.კორესპონდენტი გახლდათ დასავლეთ საქართველოში. კარგი ადამიანი იყო. ოჯახის წევრებს დასასვენებლად ესენდუკში, ბორჯომში, საირმეში, მოსკოვში დავყავდი. კარგი იქნებოდა, ასეთი ყოფა სტუდენტობის დროსაც მქონოდა (იცინის). ჩემს ოჯახში ყოველთვის სტუმრიანობა იყო. მოდიოდნენ ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი და სხვა ცნობილი ადამიანები. გოგი დოლიძე და ბაბუაჩემი - დედას მამა გურამის შვილის, თამარ თამაზაშვილის ნათლიები არიან. როცა ოჯახი მატერიალურად ძლიერია, იქ ყოველთვის მეტი სტუმარია, ბეგლარ ჩხაიძის ოჯახი კი იმ დროს მართლა "პიკში" იყო. არა მარტო ოჯახის წევრებისგან, არამედ სტუმრებისგანაც ბევრი კარგი რამ ვისწავლე: სიმღერა, ურთიერთობები, იუმორი. ცუდად არავინ გამიგოს, მაგრამ ბიჭმა ქუჩაც თუ არ ნახე, იქაური ძმაკაცობა, გაჭირვებულის დახმარება და ა.შ. "შუშაბანდში გაზრდილი" ვერ ივარგებ. დღემდე მყავს ძმაკაცები, რომლებმაც ცხოვრების სხვა სტილი აირჩიეს. მართალია, ჩემთვის მათი არჩევანი მოსაწონი არ არის, მაგრამ ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან ერთად გავიზარდეთ. მე თუ მომღერლობას ავირჩევდი, არავის ეგონა და გურიაში ბევრს გაუკვირდა, ამ საქმეს რომ მივუძღვენი თავი...

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვი? დაოჯახებას ხომ არ გეგმავ?

- მოგეხსენებათ, ათი წლის შვილი მყავს - ბარბარე ჩხაიძე, რომელიც ძალიან ნიჭიერი გოგონაა. მოსკოვში ცხოვრობს და იქ სწავლობს. კარგად მღერის, უკრავს პიანინოზე და ხატავს კიდეც. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას: შეყვარებული მყავს. ნუ, ფაქტობრივად, ის უკვე ჩემი ცოლია. უბრალოდ, რაღაცები გვაქვს დასალაგებელი; ჯერ არ დავქორწინებულვართ, მაგრამ ვიცით, სიცოცხლის ბოლომდე ერთნი ვიქნებით.

- რას საქმიანობს?

- ხელოვნებას ემსახურება, მსახიობია. მეტს არაფერს ვიტყვი.

- თბილისი პატარა ქალაქია და ხომ იცი, სიმართლე მაინც გაირკვევა...

GzaPress- ასე, მაგრამ ამ ურთიერთობას ჯერჯერობით, მაინც ვასაიდუმლოებთ. ჩემზე უამრავი ჭორი მესმის და მეცინება, - ადამიანები რას აღარ მოიფიქრებენ და "ხლართავენ"...

- ზოგიერთი ამბობს, რომ ეკო ფანგანს შეურიგდი...

- შეიძლება, ბევრს მოსწონდა ჩვენი წყვილი, მაგრამ გულახდილად გეუბნები: ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა, თანაც - ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე; ქაჯებივით არ მოვქცეულვართ და ერთმანეთი არ დაგვიხოცავს. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. ეკო ღმერთმა კარგად ამყოფოს.

- საკურორტო რომანები თუ გქონია?

- ბავშვობისას მქონდა. ისე, კურორტებზე სულ რომანების საძებნელად დავდიოდი (იცინის). მერე, როცა შემიყვარდა, დასასვენებლად იქ მივდიოდი, სადაც ჩემი რჩეული მეგულებოდა. ხომ იცი, ყველაფერს რაღაცის ან ვიღაცის გამო აკეთებ... სიმართლე გითხრა, კლუბურ-გლამურული ცხოვრება ყელში ამოვიდა. ახლა მჭირდება პატარა ბუდე, ოჯახი და ვფიქრობ, მორჩა "გულაობა". 30 წლის ვარ და წლების განმავლობაში იმდენად მაგარი დრო გავატარე, რომ ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: შევქმნა მყარი და ერთგული ოჯახი, ხოლო სადღაც "გაძრომა-გამოძრომები", სუფრიდან სუფრაზე გადასვლები აღარ მხიბლავს. მით უმეტეს, რომ ოჯახის შესაქმნელად ნიადაგიც მომზადებულია: შემოსავალი და ფინანსური მდგომარეობა იმდენად დალაგებული მაქვს, რომ შემიძლია, ოჯახური ტვირთი ავიკიდო (იღიმის).

თამთა დადეშელი