მოუთმენელი, ტემპერამენტიანი და ფეთქებადი - გზაპრესი

მოუთმენელი, ტემპერამენტიანი და ფეთქებადი

სიყვარულის გამო ყველაფერზე წამსვლელია. მისი ვნება ძალზე ძლიერია, ამას ემატება ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს.

პაატა გულიაშვილი:

- წელს ჩემი წელია! რომ გითხრა, ასტროლოგიაში კარგად ვერკვევი-მეთქი, მოგატყუებ. ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს და როგორც ტყუპი, ხასიათის ცვალებადობით ნამდვილად გამოვირჩევი.

- "ცხენს ქათინაურები უყვარს. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მის გულს მოიგებთ".

- მართალია, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, როდის არის ადამიანი გულწრფელი და როდის - არა. შეიძლება, ეს უნარი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გამომიმუშავდა.

- მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკურ და დიპლომატიურ სარბიელზე.

- პოლიტიკოსობას არ ვაპირებ. ჩვენ იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ბოლოს ყველანი პოლიტიკოსები გავხდით. უბრალოდ, უპარტიოები ვართ, თორემ ვერავინ ვეღარ მოგვატყუებს.

- პოლიტიკოსი მეგობრები გყავს?

GzaPress- რა თქმა უნდა! მეგობრებს პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ვყოფ. რატომღაც, წინა ხელისუფლების მხარდამჭერად მოვიაზრებოდი. არადა, რაც არ მომწონდა, ჩემს აზრს ყოველთვის ვაფიქსირებდი. კობა სუბელიანის შვილის ნათლია ვარ და "ქართულ ოცნებაშიც" მყავს მეგობრები. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ხელოვანების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა უნდა დასრულდეს.

- "ტემპერამენტიანი და ფიცხი ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობიდან ადვილად გამოდის, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- ესეც სიმართლეა! ზოგჯერ ისეთი უმნიშვნელო რაღაცის გამო შეიძლება "ავფეთქდე", რომ მერე ვინანო კიდეც. საზოგადოებაში უფრო მხიარული ვარ, ვიდრე - სახლში. შინ ცუდი ხასიათი მაქვს.

- რას გულისხმობ?

- ხომ გაგიგონია, კახელი ერთი საათით ვირიაო, მე კი 1 საათი არ მყოფნის (იცინის).

- მეუღლე რას გეუბნება?

- როგორიც გარეთ ხარ, სახლშიც ისეთი იყავი, არ შეიძლებაო?

- "მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, მას სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- აპა, პა, პა... ეს არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცხვირი მაქვს. არც ის მომწონს, როცა ჩემს საქმეში სხვა ერევა.

- თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებ?

- შემთხვევას გააჩნია. უმეტესად, პროფესიულ რჩევებს ვითვალისწინებ. რობიკო სტურუა რომ გირჩევს, როგორ შეიძლება, არ მოუსმინო, მის სიტყვებზე არ დაფიქრდე, არ გაიაზრო?

- მისი ნათქვამიდან ახლა რა გახსენდება?

- ერთხელ მითხრა: ერთი რამ ვიცი, შენ თეატრი გიყვარს და მადლობა ამისთვისო. თეატრი მართლა მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ეს რობიკომ დაინახა. ჩემს თელავს თუ გამოვადგები, ამას რა აჯობებს? თეატრს ვერასდროს ვუღალატებ... და კიდევ, მინდა ვთქვა: არ შეიძლება, რობიკო სტურუა გაანაწყენო. არ შეიძლება, კაცმა მოინდომოს თანხა სპექტაკლის დასადგმელად და პრობლემა შეექმნას. რა, ბევრი სტურუა გვყავს? ვერც ერთი მთავრობა ვერ მეყვარება, რომელიც რობიკოს აწყენინებს. წინა მთავრობასაც თავს ლაფი დავასხი, როცა აწყენინა და მომავალშიც ასე მოვიქცევი.

- ბევრი იმასაც ამბობს, სტურუა ხელშეუხებელი რატომ უნდა იყოსო?

- ხელშეუხებელი როგორ არის? კარგად ვიცით, როცა ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ეს რურუას გადაწყვეტილება ანუ ერთი კაცის ხუშტური არ იყო. მიშა ბატონს არ დაევასა და გაათავისუფლა. მაშინ, როცა ხელმოწერები შეგროვდა და რატომღაც, მე "ნაციონალების" მხარდამჭერად მიმიჩნევდნენ, ზაზა პაპუაშვილმა დამირეკა და მითხრა: სტურუას დაბრუნებასა და ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელმოწერებს ვაგროვებთო. გადაღებაზე ვიყავი და ზაზას ვთხოვე, - ჩემს მაგივრად ხელი მოაწერე-მეთქი და ამის გამო პატარა პრობლემა შემექმნა, ერთი სამსახურიდან გამომიშვეს.

- რომელ სამსახურს გულისხმობ?

- გიორგი ღვინიაშვილს ჩემთვის ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. მამას ჯანმრთელობის პრობლემა რომ ჰქონდა, საავადმყოფოში თანხა გადაურიცხა, გადამირჩინა. დახმარების სათხოვნელად რომ შევედი, მითხრა: არ ვიცოდი, პრობლემები თუ გქონდა. თელავში კონცერტები რომ იმართება, შენ წაიყვანეო და ღონისძიებების მიმართულების ხელმძღვანელად დამნიშნა. სტაბილური ხელფასი მქონდა და არა - ჰონორარი, მაგრამ ამ ხელმოწერამ ჩემი სამსახური შეიწირა. მე და გიორგი დღესაც მეგობრები ვართ. ალბათ ისიც ვიღაცის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, რომ გავეთავისუფლებინე. "ნაციონალებისგან" დღესაც რომ მივიღო შემოთავაზება, კონცერტს სიამოვნებით წავიყვან, "ოცნებამ" რომ შემომთავაზოს, - მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც გავუძღვები, იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე და შესაბამისად, შემოსავლის წყაროა.

- "ლიდერული თვისებისა და კარგი ფინანსური ალღოს წყალობით, ცხენი შესანიშნავი მეუღლეა".

- ფინანსური ალღო რომ მქონდეს, საკუთარი სახლიც მექნებოდა. დღემდე რაც მაქვს და რასაც მივაღწიე, დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. როგორია ყოველ დილით 7 საათზე ადგომა? არადა, ასე გრძელდება უკვე 5 წელია... ფინანსურ ალღოზე რა გითხრა, მაგრამ ინტუიცია კარგი მაქვს. გზად მიმავალს მარჯვნივ რომ უნდა გადამეხვია, მარცხნივ გამიხვევია და ჩემს წინ მიმავალ მანქანას ავარია მოსვლია. ძნელი დასაჯერებელია, არა? შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, გაუფრენიო, მაგრამ ასეა! იგივე, "გააცინე და მოიგე"-ში 5.000 ლარის მოგების შემთხვევა გავიხსენოთ...

- მაშინ ბევრი ამბობდა, ეს მოგება ჩაწყობილი იყოო...

GzaPress- ამაზე მოკლედ გიპასუხებ, ნიკა გვარამიას იმ გადაცემაში მეორედ შევხვდი. პირველად მაშინ ვნახე, როცა დირექტორად დანიშნეს. მაშინ მივედი და ვკითხე, - ჩემი პროექტი რჩება თუ ქუდი დავიხურო და წავიდე-მეთქი? - რატომ უნდა წახვიდე? მომწონსო. მეორედ კი ამ გადაცემის ჩაწერისას შევხვდი. მანამდე ალეკო მალხაზიშვილმა დამირეკა, გადაცემის 2 წლისთავიაო და მიმიპატიჟა. უარი ვუთხარი, - იუმორს "ვაკეთებ", მთელი ქვეყანა მიცნობს, არადა, შეიძლება, ისე მოხდეს, ჟიურის არ გაეცინოს და თავი დამანებე-მეთქი. არ მინდოდა, ანეკდოტები მომეყოლა. ბოლოს მაინც დავთანხმდი და გავედი. 5.000 ლარი რომ მოვიგე, თანხა მოგებისთანავე მომცეს. საინფორმაციო ცენტრში გადავრეკე, წყნეთის ბავშვთა სახლში მისვლა მინდოდა. მითხრეს, - დაიხურაო. მერე გიორგი ვარდოსანიძემ გაიხსენა: ბერი ანდრიას სახელობის ფონდი არსებობს და მას დაეხმარეო. ვიცი, რომ ქველმოქმედება ჩუმად უნდა აკეთო, მაგრამ მე ეს იმიტომ ვთქვი ტელეეკრანიდან, რომ მერე კუდი არ გამოებათ, - თქვა და თანხა არ მიიტანაო. ბერის დედამ მითხრა, ფონდში მხოლოდ 80 ლარი იყო დარჩენილი და აღარ ვიცოდით, ხვალ დილით ბავშვებისთვის წამალი როგორ შეგვეძინაო. 2.500 ლარი დავტოვე. 500-500 ლარი "კომედი შოუს" 2 სცენარისტს ვაჩუქე (მერე ვიქეიფეთ) და სახლში 1000 ლარი მივიტანე. არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც "კბენისთვის" არის გაჩენილი. მე კი ერთი უარყოფითი კომენტარიც დიდხანს მყოფნის სანერვიულოდ. მეუბნებიან, - "გატარება" უნდა ისწავლოო. გულიაშვილი ვარ, ყველაფერი გულთან მიდის და სად გავატარო?

- "შეყვარებული ცხენი ყველაფერზე წამსვლელია. ამ ადამიანების ვნება ძლიერია, ამას ემატება ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი..."

- ბოჰემური ცხოვრებით არ ვცხოვრობ. წარსულში წარუმატებელი შემთხვევებიც მახსენდება და წარმატებულიც. ერთი თელაველი გოგო მიყვარდა. სიმპათია მისგანაც იგრძნობოდა, მაგრამ ის ტრაგიკულად გარდაიცვალა... მეტს ნურაფერს მკითხავ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

- ცინიკოსი ხარ?

- ცინიზმი საკუთარი თავის მიმართ უფრო მახასიათებს. ალბათ იუმორი ამიტომაც გამომდის. ამ ბოლოს დროს გული ადვილად მიჩუყდება, სენტიმეტალური გავხდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა გარდამეცვალა. ჩემს განცდებს გავრითმავ ხოლმე და ფურცელზე გადამაქვს, ლექსის წერა შვებაა.

- რომელიმეს წამიკითხავ?

- ეს ლექსი ჯერ არსად გამომიქვეყნებია: "ვითმენდი დიდხანს, ბევრი დაგროვდა,/ რითმა აგორდა, შანსი გამოჩნდა,/ ნებას თუ დამრთავთ, ჩემს აზრს გამოვთქვამ./ უნამუსობა კი არ ჩაჩმორდა,/ ზევით ავიდა, მთაზე წამოჯდა,/ ფული გაბონდა, ვიღაც გაბოზდა,/ თვალს თვალში მიყრის,/ ამბობს, - რა მოხდა?/კაცი მეგონა, ქალი აღმოჩნდა,/ დინჯი იყო და გიჟი გამოდგა./ სადღაც აყროლდა, მაგრად გამოძღა,/ სუნამოს ისხამს, ამბობს, რა მოხდა?/ ნაცარქექიამ დევს კი აჯობა,/ მაგრამ დევია, ისევ გაყოჩდა./ სულ ცოტა ხანში აღმოვაჩინე,/ მეზობლის რძალი სხვაზე გათხოვდა./ ვეღარ დალაგდა ჩვენი ქვეყანა/ და სხვა ქვეყანა შემოგვეპარა./ იმ ერთ თხილის გულს 9 ძმა ვერ იყოფს,/ ჩემო ქვეყანა, გამოგეპარა".

- შენთვის ბოღმაც უცხო რამაა?

- ბოღმა ცუდი ნეტარებაა.

- შური?

- სიმდიდრის, კარგი მანქანის გამო არასდროს შემშურებია. შური შურია, გასამართლებელ ფერებს არ ვაღიარებ. შური მაქვს, როგორც არტისტს. ასე მგონია, შური თუ არ გაქვს, არტისტი ვერც იქნები. მსახიობმა, რომელიც ამას წაიკითხავს და არ დამეთანხმება, საკუთარ გულში კარგად ჩაიხედოს და იპოვის. არ არსებობს არტისტმა ერთხელ მაინც არ გაიფიქროს, - ამ როლს მეც ხომ ვითამაშებდიო.

თამუნა კვინიკაძე