ვის მიუძღვის ნუცა ბუზალაძის წარმატებაში დიდი წვლილი - გზაპრესი

ვის მიუძღვის ნუცა ბუზალაძის წარმატებაში დიდი წვლილი

შეგახსენებთ, რომ "იურმალას" წინასაკონკურსო შესარჩევ ტურებში, რუსმა და ქართველმა ჟიურის წევრებმა 15-მდე ცნობილ ქართველ მომღერალს შორის ნუცა ბუზალაძე და ნინი ცნობილაძე გამოარჩიეს, საბოლოოდ კი, როგორც ნუცა ამბობს, იგორ კრუტოის გადაყვეტილებით, უპირატესობა მას ერგო.

- როგორც დედა მეუბნება, წლი-ნახევრის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე. დედას დამსახურებაა, რომ ახლა სცენაზე ვდგავარ და როგორც მომღერალს, გარკვეული წარმატებებიც მაქვს.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 17-ის. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ იღბლიანი და წარმატებული მომღერალი ვარ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მსმენელის, ოჯახის წევრების, საკუთარი თავის წინაშე და ეს მიღვივებს ბრძოლის სურვილს. მინდა, გამუდმებით რაღაც სიახლე და მიღწევა მქონდეს იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ჩემი პირველი მიღწევა პროექტ "ნიჭიერში" მონაწილეობა იყო, სადაც 13 წლის გოგონამ ნახევარფინალამდე მივაღწიე. ამის შემდეგ, ჩემი პროფესიული წარმატება ბერას სტუდიაში სწავლამ განაპირობა. ერთ წელზე მეტხანს დავდიოდი ამ სტუდიაში და როგორც მომღერალი, იქ ჩამოვყალიბდი. სხვათა შორის, ბერას სტუდიაში კასტინგის გავლით მოვხვდი. დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ რამდენიმე რჩეულს შორის მოვხვდი... ბერას ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი.

- წარმატება და პოპულარობა მოგიტანა პროექტმა - "ერთი ერთში".

- ამ პროექტში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა და მათ წინადადებას დაუფიქრებლად, იმ წამსვე დავთანხმდი.

- ბერა ივანიშვილს პირადად იცნობ?

GzaPress- დიახ, პირადად ვიცნობ. ის საოცარი პიროვნებაა. შემიძლია, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ ნამდვილი ადამიანია. მიხარია, რომ გავიცანი. უსაყვარლესი, უთბილესი პიროვნებაა და რაც მთავარია, ძალიან სამართლიანი, გემოვნებიანი მუსიკოსია. ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე ხარისხიან მუსიკას ბერა "აკეთებს" და ამიტომაც ჰყავს ფანების დიდი არმია. როგორც ვიცი, ის ახლა ამერიკაშია და დარწმუნებული ვარ, იქ თავისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის (რაც ღმერთმა უბოძა) წყალობით დიდ წარმატებას მიაღწევს. მთელი მსოფლიო გაიგებს მის სახელს. მთელი გულით, წარმატებებს ვუსურვებ! მე ის ძალიან მიყვარს.

- თავად თუ გგულშემატკივრობს ბერა? იცის, "იურმალაზე" რომ მიდიხარ?

- არ ვიცი, ეს ამბავი იცის თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი წარმატება გაუხარდება.

- ნუცა, როგორ მოხდა შენი შერჩევა "იურმალას" კონკურსისთვის?

- ამ კონკურსზე გასამგზავრებლად, შიდა შესარჩევი ტური თბილისში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ბევრ ქართველ მომღერალს ჰქონდა. კასტინგი ტელეკომპანია "იმედში" ჩატარდა. იმდენად ძლიერი კონკურენტები მყავდა, რომ თავდაპირველად ძალიან შემეშინდა, მაგრამ მერე მივხვდი: თურმე ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარო... საბოლოოდ, ჩემი ბედი კრუტოიმ გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისის კასტინგის ჩანაწერები ნახა. ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ "იურმალაზე" საქართველო უნდა წარვადგინო.

- ვინ არის შენი პროდიუსერი?

- პროდიუსინგს ლელა წურწუმია და მამულიჩა მიწევენ. ისინი ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან და კარგად იციან თავიანთი საქმე. მთლიანად მათზე ვარ მინდობილი.

- ვოკალში ვისთან ემზადები?

- ჩემი პედაგოგი ნუცა ჯანელიძეა. ის ძირითადად, გამებს მამღერებს... სიმღერის მომზადებაში კი მაია ყიფიანი და ლელა წურწუმია მეხმარებიან.

- უკვე იცი, რა სიმღერებით წარდგები კონკურსზე?

- სიმღერები უკვე შერჩეულია: ერთი უცხოური ჰიტია (ჯესი ჯეის ნამუშევარს ფონოგრამა ბესო შპეტიშვილმა გაუკეთა, მეორე - მაია კაჭკაჭიშვილის ინგლისურენოვანი ნამუშევარია, რომლის ფონოგრამაზეც კოტე ნონიკოვმა და ბორიკო შხიანმა იმუშავეს; რაც შეეხება ქართულ სიმღერას - "ყვავილების ქვეყანა" შემირჩიეს, რომელსაც არაჩვეულებრივ მომღერალთან - სოფო ხალვაშთან ერთად შევასრულებ.

- კონკურსზე საგულშემატკივროდ ვინ გაგყვება?

- ჩემს მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი მოდის, რაც ძალიან მიხარია. მაგრამ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დედა მომყვება. ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ასევე, ჩემთან ერთად მოდიან: ლელა წურწუმია, მამულიჩა და მაია ყიფიანი...

- შენს სასცენო იმიჯზე ვინ იზრუნებს?

- იქაური დიზაინერები. ისინი პროფესიონალები არიან და იმედია, ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა.

- როგორ ფიქრობ, ამ კონკურსში გამარჯვების შანსი გაქვს?

- როცა საქმის კეთებას ვიწყებ, ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ რასაც ვაკეთებ, აუცილებლად კარგად გამომივა. ოპტიმისტური განწყობა დიდ სტიმულს მაძლევს და წარმატების მიღწევაში მეხმარება. ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი მაქვს.

- ანუ მიზანდასახული ადამიანი ხარ?

- რა თქმა უნდა! თუ არ გაქვს სურვილი იმისა, რომ წარმატებული გახდე, ვერაფერს გააკეთებ. მთავარია, მიზანი გქონდეს და საკუთარი სურვილების ასასრულებლად შრომა არ დაგეზაროს.

- ოჯახში შენ გარდა კიდევ ვინ მღერის?

- ჩემს ოჯახში თითქმის ყველა მღერის, ყველას ასპროცენტიანი სმენა აქვს.

- ვინ არის შენი ნამღერის კრიტიკული შემფასებელი?

GzaPress- ჩემ მიმართ ყველაზე კრიტიკულები დედა და დეიდა არიან. ეს არ მწყინს, პირიქით - ჯანსაღი კრიტიკა მაძლევს სტიმულს, რომ უფრო ბევრი ვიმუშაო საკუთარ თავზე.

- ალბათ გადატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. როგორ ემზადები იურმალაზე გასამგზავრებლად?

- ოოო... დატვირთული დღის რეჟიმი და მუშაობა კი არ მღლის, არამედ მსიამოვნებს. ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებ. სტუდიაში უკვე აღარ დავდივარ, რადგან ყველა სიმღერა ჩაწერილია. მხოლოდ ვოკალის პედაგოგთან მიწევს მეცადინეობა. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა, ვვარჯიშობ, ყოველდღე აუზზე დავდივარ და ვცურავ. მინდა, კარგ ფორმაში ვიყო. დიეტაზეც ვარ. არ მინდა, ეკრანზე მსუქანი გამოვჩნდე. ჩემი დიდი სურვილია, "იურმალაზე" უნაკლოდ წარვდგე, რისთვისაც თავს არ ვზოგავ. მინდა, საქართველო და ყველა ჩემი გულშემატკივარი ვასახელო. ვნახოთ, რა გამომივა.

სოფო ჭონიშვილი