4 წლის შვილისგან კომპლიმენტებით განებივრებული მსახიობი - გზაპრესი

4 წლის შვილისგან კომპლიმენტებით განებივრებული მსახიობი

სოფო გორელაშვილი ახლახან სერიალ "მზარეულებში", ლიკას როლით გამოჩნდა. მისი მკაცრი, უხეში იმიჯის მქონე პერსონაჟისგან განსხვავებით, სოფო გულღია და ტაქტიანი ადამიანი გახლავთ. "ფრანგული რესტორნის მკაცრ მენეჯერს" სერიალის პავილიონში ვესტუმრე.

- პროფესიით მსახიობი ვარ. როგორც კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, რუსეთის "პირველი არხის" დიდ პროექტში - სერიალ "ტრიუკაჩში" მოვხვდი. მალე რუსეთში ამ ფილმის პრემიერა გაიმართება. სერიალზე წელიწად-ნახევარი ვმუშაობდით. ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი. ძალიან გამიმართლა, რადგან დღესდღეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმატების მიღწევაზე ბევრი მსახიობი ოცნებობს... რუსეთიდან დაბრუნებული, სერიალ "მზარეულებში" კასტინგზე მიმიწვიეს.

- "მზარეულებში" შენი პერსონაჟი მოგწონს?

- არ შეიძლება, ლიკა მოგწონდეს, ის უნდა შეგიყვარდეს. მას მკაცრი, უხეში, სამსახურზე მოტივირებული ქალის იმიჯი აქვს. შენიშვნების მიცემა, წესრიგი უყვარს. ცოტათი ნერვიული და სასტიკია, სისუსტეს არ იჩენს, მაგრამ როგორც კი გაიცნობ, მიხვდები, რომ სინამდვილეში ყველაზე ზრუნავს, ყველას გულშემატკივარია, სამსახურზე გიჟდება და უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად, სწორად იყოს გაკეთებული. ოფიციანტებთან სულ "გონორიანია", მაგრამ სინამდვილეში, თითოეული მათგანი უყვარს. ჩემი პერსონაჟი ნელ-ნელა "გაიხსნება". რეალურად, ძალიან სუსტი ადამიანია, რადგან პირად ცხოვრებაში არ უმართლებს. მკაცრი, უკარება ქალის იმიჯი მისთვის ერთგვარი თავდაცვის საშუალება გახლავთ. მაყურებელი ნაკლებად იტყვის, - ლიკა საყვარელიაო. გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი პერსონაჟი ხალხს უნდა შეუყვარდეს - ამის დიდი იმედი მაქვს.

- შენ და ლიკას რა საერთო და განსხვავებელი თვისებები გაქვთ?

- ლიკა შებოჭილია. იცის, სად რა თქვას. მე უფრო თავისუფალი ვარ. საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ ლიკას მსგავსად, ამპარტავანი და უხეში არ გახლავართ (იცინის). ჩემი გმირისგან ჩაცმის სტილითაც განვსხვავდები: ის სულ გამოპრანჭულია, მე კი უპირატესობას თავისუფალი სტილის სამოსს ვანიჭებ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითაც კი ვერ დავდიოდი - ეს ჩემთვის წამება იყო! მერე მხატვარმა გოგონებმა ჩუსტები მომიტანეს, რადგან ფეხები ისე მტკიოდა, მეტირებოდა... ლიკას მსგავსი ბევრი ნაცნობი მყავს და პერსონაჟის შექმნისას, რაღაც თვისებები მათგან "ავიღე", რაღაც - საკუთარი თავისგან. მეც წესრიგის მოყვარული ვარ, მაგრამ ამ თვისებას ლიკა სხვაგვარად გამოხატავს...

- კერძების მომზადება გეხერხება თუ საკუთარ სამზარეულოშიც "მენეჯერის" ფუნქცია გაკისრია?

- ტკბილეული მიყვარს. ამიტომ ნამცხვრების გამოცხობა მეხალისება. დიდი კულინარი არ ვარ. თან, ხორცი არ მიყვარს და ვერც ვეხები. როცა შინ მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართ, საბას რაღაცებს ვუმზადებ, ის კი კულინარიულ ნამუშევრებს მიფასებს.

- "მზარეულების" კადრს მიღმა რა ხდება?

- ჩვეულებრივი საგიჟეთია! კადრს მიღმა ყველანი ვმეგობრობთ. ფაქტობრივად, 24 საათი გადასაღებ მოედანზე გვიწევს ყოფნა. გინდა თუ არა, ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთისთვის ახლობლები ხდებიან. სულ ვამბობთ, - აქ პატარა ოჯახი გვაქვსო. საკვებიც არ გვაკლია. გადამღები ჯგუფის ნახევარმა უკვე კერძების მომზადება ისწავლა.

- ინტიმურ სცენებში მონაწილეობა დაბრკოლებებს არ გიქმნის?

- მეგონა, შემიქმნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიძლება, ეკრანზე სხვანაირად ჩანს, მაგრამ გადაღების პროცესი მხოლოდ სახალისო იყო - ამორალური აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. თავდაპირველად, მეც და ნიკაც ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ინტიმური სცენის გადაღებამ უმარტივესად ჩაიარა - ყველაფერი "წესიერად" ჩავატარეთ. ასეთ დროს, პარტნიორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - ნიკა არაჩვეულებრივი მსახიობია.

- საუბრის დასაწყისში რუსული პროექტი ახსენე. გვიამბე, სერიალი რის შესახებ არის, ვის როლს ასრულებ?

- რუსეთში მცხოვრებ ქართველ გოგოს ვასახიერებ. რუსული ენა ვიცი. ამიტომ, ჩემი გმირი თავად გავახმოვანე. სერიალში აღწერილია, თუ როგორ იღებდნენ კინოს საბჭოთა კავშირის პერიოდში და იმ ადამიანების ამბებია მოთხრობილი, რომლებიც "შავ" საქმეს აკეთებდნენ, ფართო საზოგადოების წინაშე კი არასოდეს ჩანდნენ. ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ქართველი გოგო (ჩემი გმირი) უყვარდება და შემდეგ ამბები იხლართება - სიყვარული, თავგადასავლები, დრამა ვითარდება... გადაღებები უკრაინაში, ბელორუსიასა და რუსეთში მიმდინარეობდა. სერიალი უკრაინულ ტელეარხზე უკვე უჩვენეს, ახლა პრემიერა რუსეთშიც გაიმართება. სერიალზე რეჟისორი - სერგეი შერბინი მუშაობდა. სავარაუდოდ, მასთან თანამშრომლობა ისევ მომიხდება.GzaPress

- წელიწად-ნახევარი რუსეთში ცხოვრობდი?

- კი, მაგრამ პერიოდულად საქართველოში ჩამოვდიოდი. რუსეთში ბინა მიქირავეს. ძალიან კულტურული ხალხია. მაგალითად, როგორც კი სამშობლოში დაბრუნება დამჭირდებოდა, თვითმფრინავის ბილეთს მიღებდნენ. თბილისში შვილს ვნახულობდი, რაღაც საქმეებს ვაგვარებდი და რუსეთში ვბრუნდებოდი.

- რუსულ სერიალში პარტნიორობას ვინ გიწევს?

- უკრაინელი მსახიობი - სერგეი სვერნიკოვი. ახლახან კაცის საუკეთესო როლისთვის უკრაინაში ჯილდო მიიღო. სერიალზე მუშაობისას ისეთ "ვარსკვლავებს" შორის მოვხვდი, რომ თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ ისინი მორიდებული, თავმდაბალი ადამიანები არიან და "ოჯახში" მიმიღეს. მათთან მუშაობა სასიამოვნო იყო, თან - დიდი გამოცდილება მივიღე. სერიალში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობდნენ: ია ნინიძის შვილი - ნინო, მალხაზ აბულაძე, გია ბურჯანაძე.

- სერიალისთვის როგორ შეგარჩიეს?

- კასტინგი 5 თვე გრძელდებოდა. სააგენტო "ჯი-არტთან" ვთანამშრომლობ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, ამ სერიალში რომ მოვხვდი... რუსეთიდან დაბრუნებულმა რამდენიმე თვე ტაიმ-აუტი ავიღე. მეგონა, სერიალი "მზარეულები" უკვე დაწყებული იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მთავარი როლის შემსრულებელი გოგო და ბიჭი შერჩეული არ ჰყავდათ. შემთხვევით, თბილისში მე და რეჟისორი ირაკლი ჩხიკვაძე ერთმანეთს გადავეყარეთ. ის გენიალური, ნიჭიერი ადამიანი გახლავთ, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს და საქმეს დიდი შემართებით აკეთებს. დამირეკა, - კასტინგზე მოდი, ლიკას როლი მოვსინჯოთო. მივედი, ვსინჯეთ და ამიყვანეს. მერე, ლევანის როლისთვის ბიჭიც მოვძებნეთ და სერიალის გადაღება დავიწყეთ. ნიკა ყიფშიძე ძალიან წესიერი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და კარგი ბიჭია. ერთმანეთს მალევე დავუმეგობრდით. მასთან თანამშრომლობა კომფორტულია.

- სოფო, შენს ოჯახზეც გვიამბე...

- შინ მე, დედა, ბებია და ჩემი 4 წლის შვილი - საბა ვცხოვრობთ. ოჯახის წევრების, ნათესავების მიერ საბა გაფეტიშებულია! ერთადერთი ვარ, ვინც მის მიმართ სიმკაცრეს იჩენს (იღიმის). საბა სერიალში ჩემს თამაშს უკვე აფასებს. გარდა ამისა, ყოველ დილით მეუბნება, - რა ლამაზი ხარო. ზოგჯერ შენიშვნასაც მაძლევს, - ეს რა გაცვიაო (იცინის)!

- ყოფილ მეუღლესთან - მსახიობ როლანდ ოქროპირიძესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- კარგი, ზომიერი, ჩვეულებრივი... მისი წარმატება გამიხარდება და ვიცი, რომ ჩემი კარგად ყოფნით ისიც ბედნიერი იქნება.

- ბავშვის გამო ხშირად კონტაქტობთ?

- კი, ბავშვს ნახულობს, კარგი მამა გახლავთ. საბას როლანდი ძალიან უყვარს. ჩემი ყოფილი მეუღლე ახლა კახეთშია, ბევრი საქმე აქვს. როცა ახერხებს, შვილს ნახულობს. ასეთ დროს საბაც ძალიან ბედნიერია.

- შეგიძლია, გაგვიმხილო, ერთმანეთს რატომ დაშორდით?

- ამის უამრავი მიზეზი იყო, ოღონდ - რაღაც დიდი და საშინელი არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ორი განსხვავებული ადამიანი ერთად აღმოვჩნდით. ბევრი საერთოც გვაქვს, მაგრამ გარკვეულ საკითხებში, ჩვენი ინტერესები, შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. მივხვდით, რომ ჯობდა, "დავშლილიყავით".

- ყოფილ მეუღლესთან თანამშრომლობას შეძლებ?

- თუ მსახიობი ხარ, უნდა შეგეძლოს, ყოფილ ქმართან ერთადაც ითამაშო და ისეთი ადამიანის გვერდითაც, ვინც გულზე დიდად არ გეხატება. ეს მსახიობის ვალდებულებად მიმაჩნია. ასე რომ, თუკი საჭირო იქნება, როლანდთან პარტნიორობა პრობლემას არ შემიქმნის.

ეთო ყორღანაშვილი