”გიგიმ სიგარეტის მოწევისას წამასწრო და პანღური ისე ამომარტყა, ფეხი დაიზიანა” - გზაპრესი

”გიგიმ სიგარეტის მოწევისას წამასწრო და პანღური ისე ამომარტყა, ფეხი დაიზიანა”

განშორების მერე, საქართველოში დაბრუნებულმა რატიმ გიგი გააკვირვა: მის ოდესღაც გამხდარ ძმას ისეთი დიდი კუნთები ჰქონდა, მაისური ტანზე "ეხეოდა"... ბიჭებს თავგადასავლებით სავსე ცხოვრება აქვთ: წელს, ზაფხულის არდადეგებზე, რატი და გიგი ძმაკაცებთან ერთად, დასასვენებლად ზღვისპირეთში გაემგზავრნენ. გზად ფილმში - "ჰენგოვერი" აღწერილი ამბების მსგავსი თავგადასავლები გადახდათ და "დაბოლილების" პერსონაჟების მსგავს ადამიანებს (მაგალითად - მუწუკას ცოლს) შეხვდნენ...

ძმებს სტუდიაში ვესტუმრე. იქ მყოფმა ადამიანებმა მითხრეს, - რატი გამოცდაზეა შესული და დაელოდეთო...

რატი:

- ჩემს მეწყვილეს სადიპლომო გამოცდა ჰქონდა. საჩვენებელი ცეკვის დადგმაში დავეხმარე, რომელიც ჟიურის (ჩვენი სტუდიის ქორეოგრაფებს) ვუჩვენეთ.

- მეწყვილემ გამოცდა წარმატებით ჩააბარა?

- ცეკვა - კი, თეორია - ჯერ არ ვიცი.

- გიგი, ამ ეტაპზე, შენ რას საქმიანობ?

GzaPress- ქორეოგრაფი ვარ. ასევე, 6 თვის წინ, საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. უკვე ისეთი დონის ტურნირების ჩატარება მოვასწარით, როგორიც აქამდე საქართველოში, სპორტის არც ერთ სახეობაში არ ჩაუტარებიათ. მსაჯები და წყვილები 19 ქვეყნიდან მოვიწვიეთ...

რატი:

- სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტების არსებობის ისტორიაში, გიგი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია - მალე 27 წლის გახდება.

- გიგი, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" წელსაც არ მონაწილეობ. რატომ?

- უკვე მესამე სეზონია, მონაწილეობაზე უარს ვამბობ. მიუხედავად ამისა, პროექტში თავიდან ბოლომდე "ჩართული" ვარ: ჩემი სტუდიის, ფედერაციის მოცეკვავეები მონაწილეობენ... იმდენ საქმეს შევეჭიდე, რომ პროექტში ცეკვისთვის აღარ მცალია. თან, ფედერაციის პრეზიდენტის შოუში მონაწილეობა არასწორი იქნებოდა. ისე, გეტყვით, რომ მეხუთე სეზონის პრომომ "დამშოკა", ძალიან მომეწონა!

- ბიჭებო, რომელი უკეთ ცეკვავთ - ამაზე ოდესმე გიკამათიათ?

რატი:

- არასოდეს.

გიგი:

- რატი უკეთესი მოცეკვავეა, რადგან მე აღარ ვცეკვავ (იცინის). ერთმანეთს არასდროს შევჯიბრებივართ. მოგეხსენებათ, მე ამერიკაში ვიყავი, რატი საქართველოში იყო, შემდეგ რატი გაემგზავრა ამერიკაში, მე - თბილისში ჩამოვედი. მოკლედ, ერთმანეთს "ავცდით". მანამდეც, ჩემი ძმა სხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოდიოდა, რადგან ჩემზე დაახლოებით, 4 წლით უმცროსია.

რატი:

- მახსოვს, ერთხელ ცეკვაში ერთმანეთს შევეჯიბრეთ და გიგიმ მომიგო.

გიგი:

- ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს ის გამოცდილება გავუზიაროთ, რითიც წარმატების მიღწევა შეიძლება.

რატი:

- ერთმანეთს პირად ცხოვრებაშიც ვეხმარებით, შეცდომებს ვუსწორებთ, ერთად ვერთობით...

- ერთმანეთის მიმართ მეტოქეობის გრძნობა გაგჩენიათ?

გიგი:

- კი, დიდი ხნის წინ: როცა რატი დაიბადა, ზედმეტად ეჭვიანი აღმოვჩნდი. როცა მითხრეს, - ძმა გეყოლებაო, პასუხად ავტირდი - მერე სათამაშოები აღარ შემხვდება-მეთქი (იცინის)... რა თქმა უნდა, შემდეგ გავიზარდე, ჩამოვყალიბდი და ვიფიქრე: მადლობა ღმერთს, რომ რატი დაიბადა, ძმა გვერდით მყავს-მეთქი... მერე ჩემი სათამაშო რატი იყო, მას კი სათამაშოები ჰქონდა (იცინის)...

- რატი, უფროსი ძმა ხომ არ გაწვალებდა?

- ჩემი აზრით, ყველა ძმა ასე იქცევა - ერთმანეთს აწვალებენ და ამით ერთობიან. არ დამავიწყდება ის დღე, როცა გიგიმ ფეხი მოიტეხა (იცინიან): მაშინ რამდენი წლის ვიყავი, აღარ მახსოვს. გიგიმ სიგარეტის მოწევისას წამასწრო და პანღური ისე ძლიერად ამომარტყა, რომ ფეხი დაიზიანა.

- ხუმრობ?

გიგი:

- არა, მართლა ასე იყო - ფეხი მუხლსა და წვივს შორის გადამიტყდა.

რატი:

- სამაგიეროდ, მე არაფერი მჭირდა. პანღური ძალიან მტკივნეულიც არ ყოფილა. გიგიმ ფეხის მოტეხვა როგორ მოახერხა, არ ვიცი.

გიგი:

- მოტეხილი ფეხი თაბაშირში დიდხანს მქონდა ჩასმული. მსგავსი ამბები ხშირად გადაგვხდენია, მაგრამ ყოველთვის გაცნობიერებული გვქონდა, რომ ერთი ოჯახის წევრები ვართ, ერთმანეთი გვიყვარს და ოჯახის წევრების წინსვლა საკუთარზე მეტად გვახარებს. სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ვცდილობთ, ერთმანეთი სრულყოფილებამდე მივიყვანოთ. მაგალითად, სიგარეტს მეც ვეწევი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მავნე ჩვევაა. ამიტომ მინდა, რატიმ არ მოწიოს.

- მაინტერესებს, შენი ფეხის მოტეხვის მიზეზი მშობლებმა თუ შეიტყვეს?

- არა, "შიდა" პრობლემებს ყოველთვის თავად ვაგვარებდით. სკოლაშიც ასე ვიქცეოდით. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა სკოლაში ვიღაც უცემიათ და ნაცემ ბიჭს მამა მოუყვანია. ასეთი პრობლემის გამო, მშობლებთან არასოდეს მივსულვარ: სკოლაში ხან მე მცემდნენ, ხან - თავად ვცემდი... 18 წლის ვიყავი, როცა მამას ვუთხარი, - სკოლაში "მიბაგუნებდნენ"-მეთქი. მკითხა, - რატომ არაფერს მეუბნებოდიო? ვცდილობ, ჩემი პრობლემებით სხვა არ შევაწუხო. რატიც ასეა. თუკი წავკამათდებოდით, ვიჩხუბებდით, ეს ამბავი დედიკომდე და მამიკომდე არასოდეს "მიდიოდა".

GzaPress- როგორი მოსწავლეები იყავით?

რატი:

- მეცხრე კლასამდე "ფრიადოსანი" ვიყავი, მერე "ავუშვი".

- რატომ?

- ასაკი "მომაწვა" და სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი: გოგონებით დავინტერესდი, ხან ვჩხუბობდი, ხან - ვცეკვავდი... ისე არ გამიგოთ, თითქოს სწავლას თავი საერთოდ დავანებე. "ოროსანი" არასოდეს ვყოფილვარ.

გიგი:

- ჩემს სწავლა-განათლებას რაც შეეხება, ჩემი ცხოვრებასავით არეულია: ბავშვობაში ძალიან "გიჟი" ვყოფილვარ. მე არ მახსოვს, მაგრამ როცა ბავშვობის დროინდელი მეგობრები მხვდებიან, მეუბნებიან, - ყველაზე მავნე შენ იყავიო. ერთხელ, ერთ-ერთ კონკურსზე, საიდანღაც საქართველოს დროშა ჩამომიხსნია და შუა კონკურსზე შევვარდნილვარ. სკოლაში, მეექვსე კლასამდე ძალიან მოწესრიგებული გახლდით: მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბისთავი ვიყავი და "შატალოს" ინიციატორიც ხშირად გახლდით, მაინც "ხუთოსანი" ვიყავი. შემდეგი 3 წელი "ჩავარდნა" მქონდა... სასწავლებლად ამერიკაში რომ წავედი, იქ უკვე ძალიან შევიცვალე. ერთხელ სკოლიდან "შატალოზე" 3 ათასი ბავშვი წავიყვანე, მაგრამ პოლიციამ დაგვიჭირა. თავს ბევრი რამ გადამხდენია... შტატში ერთადერთი ბავშვი ვიყავი, ვისაც სპეციალური მიკროავტობუსი აკითხავდა და მათემატიკის კურსების გასავლელად მიჰყავდა, რადგან სკოლის ყველა კურსი უკვე დამთავრებული მქონდა. არადა, საქართველოში მათემატიკაშიც და სხვა საგნებშიც მოვიკოჭლებდი. 3 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ხელმოწერით, 3 დიპლომი ავიღე, შემდეგ საქართველოში დიპლომატიური აკადემია დავამთავრე - 4-წლიანი პროგრამა 2 წელიწადში გავიარე და ე.წ. წითელი დიპლომი მაქვს.

- ერთმანეთის უარყოფით თვისებებზე რას მეტყვით?

რატი:

- "ტვინს ბურღავს", სხვა - არაფერი.

გიგი:

- ასე რატომ ვიქცევი, იცი? შეჩვეული ვარ, რომ ადამიანს ერთხელ ნათქვამის გაგონება უჭირს და ათასჯერ უნდა გაუმეორო. ჰოდა, ბარემ თავიდანვე ათასჯერ ვეტყვი. "ტვინის ბურღვა" მხოლოდ საქმის კეთებისას მჩვევია.

რატი:

- ეს მართალია!

გიგი:

- რატის უარყოფითი თვისება ის არის, რომ გულჩათხრობილია და ხშირად ნახავთ მოღუშულს...

რატი:

- ხანდახან ჩემს სამყაროში "ვიკეტები".

- ცოტათი დეპრესიული ხარ?

- კი.

გიგი:

- მაშინ ესეც საერთო გვქონია. "დეპრესიას" ვერ დავარქმევთ, მაგრამ მარტოობა მიყვარს. სტუდიაში სულ ხალხმრავლობაა. დილიდან ღამის 2 საათამდე ვმუშაობთ და განმარტოების სურვილი მიჩნდება. როცა მარტო ვარ, ვფიქრობ, - დღეს რა გავაკეთე? ხვალინდელ საქმეებს ვგეგმავ...

- როცა გოგონა მოგწონთ, თქვენი რჩეულის შესახებ ერთმანეთის აზრი მნიშვნელოვანია?

რატი:

- კი, რადგან ჯერ ერთი, გიგი ჩემი ოჯახის წევრია. თან, როცა შეყვარებული ვარ, ჩემი რჩეულის მინუსებს გიგი უკეთ ხედავს - ობიექტურად აფასებს.

გიგი:

- ჩემს შემთხვევაშიც ასეა და რატისთვის რჩევა მეც მიკითხავს. "მესამე თვალი" ყველაფერში გვჭირდება, რატი კი სანდო "მესამე თვალია". საკუთარ ძმაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერს პირდაპირ მეუბნება, რადგან სურს, ბედნიერი ვიყო.

ეთო ყორღანაშვილი