დათო კენჭიაშვილი: ”ბოლოს და ბოლოს, მამა ხომ უნდა გავხდე!” - გზაპრესი

დათო კენჭიაშვილი: ”ბოლოს და ბოლოს, მამა ხომ უნდა გავხდე!”

მომღერალმა დავით კენჭიაშვილმა კლუბ "ქალაქურში" შემოქმედებითი საღამო გამართა, სადაც სხვა სიურპრიზებთან ერთად, მუსიკალური ტანდემიც წარმოგვიდგინა: იტალიაში მოღვაწე ქართველ სოპრანოსთან - თეონა დვალთან ერთად დუეტი შეასრულა. ლელა გაბურის პატრიოტულ ლექსს ფოლკლორისტმა საკუთარი მუსიკა "დაადო" და ფოლკლორისა და ოპერის სინთეზით მაყურებელი გააოცა.

- თეონა, კლასიკური ჟანრი ბავშვობიდანვე აირჩიე?

- როგორც დედა ამბობს, ჯერ ნორმალურად ვერ ვლაპარაკობდი, როცა გამართულად ვასრულებდი საბავშვო სიმღერებს. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ლუჩანო პავაროტიმ მოახდინა. ვთქვი, რომ მინდოდა, მის მსგავსად მემღერა (იღიმის). შემდეგ გავეცანი მარია კალასის შემოქმედებას და უფრო მეტად შემიყვარდა ეს ჟანრი. ისე კი, ჩემს ოჯახში ყველას კარგი სმენა აქვს, ყველა მღერის, მაგრამ ამ ჟანრში არც ერთს არ მოუსინჯავს საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ დავით თორაძისა და მისი არაჩვეულებრივი ოჯახის ნათესავები ვართ, რითიც ყოველთვის ვამაყობ.

- მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღე?

- კი, კონსერვატორია დავამთავრე. ორ ფაკულტეტზე ვისწავლე: მუსიკათმცოდნეობასა და ვოკალზე. სწავლის პერიოდში გავემგზავრე რომში, ჩემი საყვარელი მომღერლის, რენატოს კოტოს მასტერკლასზე. მაშინ იტალიურიც არ ვიცოდი. მიხარია, რომ ამ ადამიანისთვის გამორჩეული და საყვარელი სტუდენტი ვიყავი. თავიდან, რამდენიმე დღე დედაც ჩემთან ერთად, რომში ცხოვრობდა, მერე დავრჩი მარტო, სრულიად უცხო ქვეყანაში. ჯერ ყველას ინგლისურად ველაპარაკებოდი, მერე იტალიურიც ვისწავლე და შეიძლება ითქვას, რომში დავიდე ბინა. დღესაც, ჩემი ცხოვრების 80%-ს იტალიაში ვატარებ.

- შენს იტალიურ წარმატებებზეც მიამბე...

- პირველად ვითამაშე ვერდის "რიგოლეტოში". ჯილდას პარტია ვიმღერე. მალევე, ორ საერთაშორისო კონკურსში მივიღე მონაწილეობა. პირველ კონკურსზე ლაურეატად დამასახელეს და მომცეს პრიზი ბელკანტოს საუკეთესო შესრულებისთვის, მერე მეორე კონკურსშიც გავიმარჯვე. ასე ავიდგი ფეხი იტალიაში.

- მცირეწონიანი სოპრანო იშვიათად მინახავს. როგორ ახერხებ ფორმის შენარჩუნებას?

- ადრე დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას გარეგნობას, მთავარია იყო ლამაზი და ძლიერი ხმა გქონოდა. ახლა მხოლოდ სიმღერა არ გვევალება. არის ძალიან ბევრი თანამედროვე დადგმა, სადაც აკრობატული ილეთებიც უნდა შეასრულო. გამიმართლა, რომ ამაში აღნაგობაც მიწყობს ხელს. თან, ყოველ დილით ვვარჯიშობ. ჭამაც მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, ზომიერად მივირთვა.

- შენ და დათომ როგორ იპოვეთ ერთმანეთი?

- საერთო მეგობრის წყალობით გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. თუმცა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე დუეტს ჩავწერდით. წარმოუდგენლად მეჩვენებოდ ოპერისა და ფოლკლორის სინთეზი. ზოგადად, ფოლკლორის მოყვარული ვარ.

დათო:

- მუსიკის ჯადოსნურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არსებობს ორი ჟანრი, რომელიც ერთმანეთს არ მოუხდება და მე შევეცდები, ეს დავამტკიცო.

- დათო, ოპერაში ხშირად დადიხარ?

- (იღიმის) მე - არა, მაგრამ ჩემი დიდი ბაბუა, დავით კენჭიაშვილი იყო ამ ჟანრზე ფანატურად შეყვარებული. როგორც მიყვებიან, ჩემზე რამდენიმე წლით პატარა გახლდათ, როცა ბოთლებს აბარებდა და შეგროვებული ფულით ოპერის ბილეთებს ყიდულობდა, თეატრში მარტო მიდიოდა და მუსიკით ტკბებოდა. მას ვერ დავემსგავსე, მაგრამ თეონას ხმამ სხვა შეგრძნებები მომგვარა.

- გამოდის, თეონამ ოპერა შეგაყვარა...

- მთლად ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათ, ახლა მეტი ინტერესით მოვუსმენ ამ ჟანრს.

- სიმღერას რა დაარქვით?

- ჯერ სახელი არ აქვს. ჩემს საღამოზე კონკურსი გამოვაცხადეთ სიმღერის სახელწოდებაზე, მაგრამ საბოლოო ვერსიაზე ჯერ ვერ შევჯერდით.

- თეონა, პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

დათო:

- მინდვრის თაგვივით არის (იცინიან).

თეონა:

- გასათხოვარი ვარ, როგორც საოპერო მომღერლების უმრავლესობა. ეს ალბათ, პირველ რიგში, თავისუფალი დროის დეფიციტის გამო ხდება. სულ ვმოგზაურობთ. მეგობრები მეუბნებიან, - შენ თვითმფრინავში თუ გაიცნობ ვინმესო. ამ თვითმფრინავშიც რომ არავინ გამოჩნდა (იცინის)?..

- მოსალოდნელია, რომ ცხოვრება იტალიელს დაუკავშირო?

GzaPress- რატომაც არა! ძალიან ბევრი იტალიელი მეგობარი მყავს, რომლებსაც ვეუბნები: მატყუებთ, თქვენ ქართველები ხართ-მეთქი! ისინი გვგვანან ტრადიციებით, ტემპერამენტით. მე მაბრალებენ, ხმაურიანი ხარო და თვითონ ბევრად მეტს ხმაურობენ. იტალია ჩემი მეორე სახლია. ბოლოს და ბოლოს, 6 წელია, იქ ვცხოვრობ.

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ მისით მოიხიბლო?

- პრინცი არა, უფრო - დიმიტრი გელოვანი უნდა იყოს (იცინის). პირველ რიგში, ძალიან უნდა უყვარდეს ის საქმე, რასაც მე ვემსახურები. თუ თვითონ არ იმღერებს, მელომანი მაინც უნდა იყოს. უნდა ესმოდეს, რაოდენ რთულია ჩემი საქმე და უნდა შეეგუოს ჩემ გიჟურ დღის რეჟიმს, მოგზაურობებს.

- რომში როცა ხარ, ყველაზე მეტად, რა გენატრება?

- ჩემი ოჯახი, მშობლები, ძმა, ძმისშვილები, მეგობრები. მაგრამ აქ იმდენად ხშირად ჩამოვდივარ, რომ ეს მონატრება ძალიანაც არ მტანჯავს.

- როცა ჩამოდიხარ, ოჯახის წევრები არ გეკითხებიან: როდის თხოვდებიო?

- ოჯახში ეს კითხვა მართლა არასდროს დაუსვამთ ჩემთვის.

- დათო, არც შენ გეკითხებიან, ცოლი როდის მოგყავსო?

- ერთხელ დამისვეს ეს კითხვა და ერთი კვირა სახლში აღარ მივედი. მერე დამირეკეს: მოდი და ამ კითხვას აღარ დაგისვამთო (იცინის). მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მიწევს გასტროლებზე სიარული. სიმართლე გითხრა, დაბნეული ვარ და არ ვიცი, მინდა კი იმ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რასაც ოჯახი ჰქვია? თუმცა, ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმაც მომიწევს. ბოლოს და ბოლოს, მამა ხომ უნდა გავხდე!

თეონა:

- მე კი - დედა უნდა გავხდე. კარგია სიმღერა, კარიერა, მაგრამ ქალის მთავარი ფუნქცია მაინც დედობაა და ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაც ეს არის. ვერ ვიტყვი, რომ არავინ მყვარებია, არავის ვხვდები. ალბათ დადგება დრო, გათხოვებაც მნიშვნელოვანი საკითხი გახდება ჩემთვის.

- თეონა, ოპერის მოყვარულ ქართველებს როდის მიეცემათ სცენაზე შენი ხილვის საშუალება?

- დიდი სურვილი მაქვს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ორკესტრთან და ჩემ მეგობრებთან ერთად ჩავატარო სოლო კონცერტი, რაც ჩემს უახლოეს გეგმებში შედის. იმედია, ყველაფერი გამომივა.

ნინო მჭედლიშვილი